ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაშა ბიბიჩაძე
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2015


მამაჩემს

ჩრდილებიც ბერდებიან თურმე.
მამაჩემის ჩრდილი დგას და კედელს ეყრდნობა.
ისეთია, ლანდიც კი გადის.
იმედის იმედი აქვს,
სცივა,
ვერ გააღწია მზის შუქზე.
თურმე,
სუფთა წყალში იძირებოდა,
მღვრიეზე ტივტივებდა.
(ალბათ მეც ასე ვიქნები)
მერე დაპატარავდა მოცულობით
და დაემატა აღჭურვილობა:
ხელჯოხი,
სათვალე,
ვაშლის გასათლელი ჯაყვა.
გულში ჩაყვა დახლიდარის სიცრუე და
საკუთარი სასწორით დადის ბაზარში.
თმები შეუთხელდა,
წვერს აღარ იპარსავს,
სამართებელი აშინებს,
ვაითუ გამეჭრას და სისხლი წასკდეს ჩრდილსო..
თუთუნმა გაუყვითლდა პირჯვრისთვის განკუთვნილი სამი
თითი და ტუჩები.
და თუ ჩემი ძმა ხარ,
არასდროს არაფერზე უთხრა უარი,
როცა მოსმენას გთხოვს-მოუსმინე,
თუნდაც წაყრუებით,
როცა წყურვილს ახსენებს,,
წვიმაში გაყევი.
როცა ლოცვას დააპირებს -ღმერთი დაანახე.
როცა ღმერთი მოენატრება -სარკეში ჩაახედე.
ცოდოა.
წოდებით პენსიონერი და
მოწოდებით ბავშვი.
დაელექა მეხსიერება,
Merci à la vie ახსოვს ფრანგულის გაკვეთილიდან,
კიდევ აღდგომა დღეს ხელების დამალვას ვერ გადაეჩვია.
მხრებზე მფარველი ანგელოზიც კი ამძიმებს და წელში მოხარა...
თურმე ჩრდილებიც ბერდებიან,
ეს მე არ მითქვამს პირველს,
უბრალოდ,
პირველად მამაჩემში შევამჩნიე სიბერე.
ახლა ის დგას და ვერ უბედავს თავის ჩრდილს,
დაძვრას,
წაექცევა...
ძვლებსაც ეზარებათ მოძრაობა,
კედლის ბზარებში ყავს მოტნეული
და გარედან ჭიანჭველები ავსებენ ნაოჭებს.
ასევე,
თვალების ადგილას ლეღვია ამოსული.
თვალებით დააბეს თითქოს.
სტუმარსაც ვეღარ აცილებს კარამდე,
ხმას თუ გააყოლებს გზადაგზა.
ბგერები ეპნევა იატაკზე.
Merci à la vie,
merci,

ა დ ლ ო ბ ა,
ნ ა ხ ვ ამ დ ი ს.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები