ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ თორია
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2015


სარკე

ვზივარ სარკის წინ,მაგიდაზე ორიოდ წიგნი,
ერთი ფინჯანი და ლექსებით სავსე რვეული,
იცი,ამ ბოლოს ვრწმუნდები და უკვე წლებია,
რომ ჩემს სხეულში ლექსებია გამომწყვდეული.
ვუყურებ ჩემს თავს,ყველა დეტალს,მწვანე თვალებში
შენ იკითხები მთელი დარდით,მთელი ტრაგიზმით,
შენ ამ საღამოს ყველა ლექსის ადრესატი ხარ,
რაც დაწერილა.დამიჯერე,ისიც არ ვიცი,
გათენებისას სად ვიქნები,გარდა სიცივის,
გარდა უშენო ამინდების მძიმე პროგნოზის
და მომავალი ახლა მხოლოდ შავი სივრცეა,
ვაკუუმია და გზებია,რომლის მოზომილ
პერიმეტრზე ვარ - გზასაცდენილ სტრიქონებს ვეძებ,
რომ ერთი სიტყვა შევაწიო დღეებს დარდიანს,
ვერ წარმოვიდგენ,რა იქნება ჩემთან შენს მერე,
როცა უბრალოდ ვარსებობ და არ მიხარია
არც რომანტიკა,მით უმეტეს,არც ეს ქალაქი,
რომლის ქუჩებმა გადამკარგა თავში საკუთარ
და რომ ჰაერის შეცოტავდა ფილტვში მარაგი,
რომ უშენობას მხოლოდ ლექსის წერა განკურნავს.
არ დაიჯერებ,მაგრამ ახლა ვზივარ სარკის წინ,
თითქოს სხვა გოგოს თვალები მაქვს,დღეებს ვიგონებ,
როცა მიყვარდი,როცა გერქვა ჩემი ნაწილი,
და ეს ქალაქიც - დედამიწის მცირე მიკრობი
ისე მაწუხებს,ისე მახრჩობს და მისახიჩრებს
დღეებს სევდიანს,ძველებურად ვარ არეული,
ვზივარ სარკის წინ,მაგიდაზე ორიოდ წიგნი,
ერთი ფინჯანი და ლექსებით სავსე რვეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები