 | ავტორი: დებორა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 დეკემბერი, 2008 |
დღე-დღეზე გამოიცემა შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებულის''ლიტერატურული ძიებანი'' ახალი ნომერი. ამ საინტერესო სტატიას, მოთავსებულს კრებულში, გთავაზობთ ავტორის ნებართვით.
ქეთევან ელაშვილი
ეროტიზმის დიაპაზონი ქართულ სიტყვაში
ქართული სიტყვის მასშტაბი და დიაპაზონი, მისი ფილოსოფიურ-ეზოთერიული პლასტი თუ ემოციურ-წარმოსახვითი ბუნება რატომღაც `დაჩრდილულია~, ანდა ეგებ საგანგებოდ ტაბუირებული მხოლოდ ერთი მიმართულებით _ ესაა სიტყვის ეროტიული ასპექტი... ბუნებრივია, ეს არაერთ თავსატეხს გვიჩენს. ფრიად საინტერესოა იმის დადგენა, თუ რამ განაპირობა ამ სახის `სემანტიკური ვაკუუმის~ წარმოშობა ქართულ ეთნოფსიქოლოგიაში და როგორ აისახა ეს ჩვენს მწერლობაში. გრძნობის ფენომენი, სიტყვაში გაცხადებული, საოცარ ექსპრესიას იძენს და სიტყვიერი ხატის მეშვეობით დისტანციური ტკბობისა თუ თრობის ემოციურ ეფექტს ბადებს. ამიტომაც განსაკუთრებული სისათუთე და სიფაქიზეა საჭირო სულიერი გაშიშვლების ჟამს, რომ ეს ამოთქმა არ იქცეს ბანალურ `სიტყვათა თამაშად~... მით უფრო სარისკოა, როცა მარტოოდენ ხორციელი სიშიშვლის ასახვის ტენდენციას მიიჩნევენ ეროტიზმის უმთავრეს წინარეხატად და ავიწყდებათ, რომ ეროტიზმი, უპირველეს ყოვლისა, გრძნობადი სპექტრის თავისუფალი გამომსახველობითა და მინიშნებებით უნდა იყოს მოწოდებული. ძალზედ რთულია ამ შეგრძნებათა ასოციაციური გაცხადება სიტყვაში ისე, რომ უხამსობის ნაკადი არ შემოიჭრას... ეს საცალფეხო ბილიკია და ყველა ეთნოკულტურაში განსხვავებული სახითაა წარმოდგენილი. საქართველოში, ერთი შეხედვით, ტაბუირებულია ეს თემატიკა (როგორც წინარე, ასევე ქრისტიანული ცნობიერების ჭრილში) და შესატყვისად არ ხდება ქართული სიტყვის დეფინიციაც ამ მიმართულებით. არადა, სწორედ ეროტიზმის სიღრმისეული გააზრება დაედო საფუძვლად რენესანსს _ ადამიანური ანუ მიწიერი ქმედებანის `მშვენიერი თვალით~ აღქმა... `კლასიკური ეპოქის ფილოსოფოსებთან ეროსი განასახიერებდა ადამიანურ სწრაფვას სიკეთის შეცნობისა და ღვთაებრივი მშვენიერებისადმი~ (კიკნაძე... 2003: 20) რენესანსული აზროვნება ჩვენში გაცილებით ადრე აღმოცენდა, ვიდრე მთელს ევროპაში, ოღონდ ქართული ბუნებიდან გამომდინარე, მიწიერი ვნებანი გაცილებით შეფარვით ამოითქმებოდა _ `სურვილით თმობითა~ თუ `სულისთქმის დაოკებით~, მაგრამ ემოციათა ამ ჭრილში მაინც გამოკრთება ხოლმე გარეშე თვალთაგან დაფარული ძალზედ ინტიმური განცდებით... ოღონდ ქართული სიტყვის შინაგანმა ბუნებამ ვერ იგუა ეროტიზმის შესატყვისი ლექსიკა _ ანუ არ შექმნა ამ ნაკადის მეტყველი სისტემა და, შესაბამისად, მკვეთრად აქცენტირებული ეროტიული მწერლობა. მიუხედავად ამისა, ქართული სიტყვის `გამსიტყველობითი ძალის მადლი და თვინიერ შინაგანი ბუნება~ (სულხან-საბასეული განმარტების პერიფრაზი) შეგრძნებათა ამ ემოციურ პიკსაც აფიქრებინებს და შესაბამისად ასახავს კიდეც. ეროტიზმის სიტყვიერი დიაპაზონი ქართულ მწერლობაშიცაა საძიებელი, ოღონდ ეს ნაკადი არაა იმგვარად თვალშისაცემი, როგორც ესაა განსხვავებულ ეთნოკულტურულ ტრადიციებში: `თავად რომაული კომედია, ისევე, როგორც საზოგადოდ ლიტერატურა და სახვითი ხელოვნება, ქმნის ეროტიული კულტურის იმ საწყის შრეს, რომელზედაც შემდგომ აღორძინების ხანის `გრძნობადი~ შედევრები შეიქმნება მინიშნებებითა და სიმბოლოთა მდიდარი მწკრივით. თავის მხრივ, ბოკაჩოს `დეკამერონის~ `ხალისიანი ეროტიზმის~ ტრადიციას აგრძელებს ფრანსუა რაბლეს `გარგანტიუა პანტაგრიუველი~ _ სიცოცხლის მძაფრი და ჯანსაღი აღქმით, რუსოს `აღსარება~... ყოვლივე ის, რაც საბოლოო ჯამში, განაპირობებს დახვეწილი ეროტიული პლასტის არსებობას. მსგავსი პლასტი ისლამურ კულტურაშიც არსებობს, ამას `ათას ერთი ღამის~ ზღაპრებიც მოწმობენ; ის მინიატურებიც, რომლებიც მოგოლთა ისლამური დინასტიის დროს იქმნებოდა ინდოეთში; ის გრძნობადი შრეც, რომელიც სუფიზმში არსებობს და რომელიც ესოდენ ხატოვნად აისახა შუასაუკუნოვან სპარსულ პოეზიაში. თავისი დახვეწილი ეროტიული კულტურა ჰქონდა იაპონიასაც; საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც გამორჩეული ლიტერატურული ნიჭით დაჯილოდებული სეფე-ქალების სეი-სენაგონისა ან მურასაკი სიკიბუს ინტიმური ლირიზმით გამსჭვალული დღიურები, სიკუბუსავე პროზაული შედევრი _ რომანის `ამბავი მეფისწულ გენძისა~ ჰარუნობისა თუ უტამაროს ნატიფი გრაფიკის გაბედული მიზანსცენები სწორედ იმიტომ არ გეხამუშებათ, რომ თავად იაპონურ მენტალობაში არ არის ევროპელთათვის ჩვეული `ტაბუ~... უხამსობას გამორიცხავს საუკუნოვანი იაპონური ტრადიცია `ეროტიზმის ესთეტიკისა~ (აბზიანიძე ზ., ელაშვილი ქ. 2007: 72). ქართული მწერლობის უძველესი ტრადიციის მიუხედავად, ნაყოფიერების საწესჩვეულებო რიტუალებმა არ აღმოაცენეს ის კულტურულ-ესთეტიკური პლასტი, რომელიც ფრიად მეტყველ და დახვეწილ ეროტიულ ნაკადს წარმოშობდა ქართული ლიტერატურის წიაღში. თუმცაღა, მთელი რიგი პარადოქსები შეიმჩრევა: საკმაოდ ძნელი წარმოსადგენია, რომ სწორედ სასულიერო მწერლობის ძეგლში ფიქსირდება გრძნობის საოცარი სიღრმე და იმავდროულად უდიდესი ტრაგიზმით... არ მეგულება ემოციურად იმაზე უფრო ტევადი და გამომსახველი საბედისწერო განცდა, როგორიცაა აშოტ კურაპალატის მიერ ამოთქმული _ `ნეტარ მას კაცსსა,- რომელიც ცოცხალ არღარ არს~ (ძეგლები 1963 237), ანდა უმშვენიერესი სეფექალის ე. წ. `სიძვის დიაცის~ აღსარება _ `ვერ თავისუფლება სიყვარულზე~... და გრძნობის საბედისწერო ზეობა თვით მეფე-მიჯნურზე... რენესანსული ცნობიერების არქეტიპი შეიმჩნევა სწორედ ამ ჰაგიოგრაფიულ ძეგლში (`გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება~), რომელიც უკვე დახვეწილი და სრულყოფილი სახით გვევლინება `ვეფხისტყაოსანში~, სადაც `გრძნობის ზნეობის~ პოეტურ-ფილოსოფიური ინტერპრეტიაციებია ზოგადადამიანური ტენდენციებით ნასაზრდოები. სრულიად განსხვავებული შტრიხები იკვეთება ქართული მთის პოეზიაში, რომელიც თამამ იმპულსებზეა აღმოცენებული _ თვითმყოფადია და თავისუფალი. მთის ჟღერადობაში ბუნებრივი და არაუხამსი, მაგრამ ბარის მკვიდრთათვის სრულიად გაუგებარი, წარმოუდგენელი და, რაც მთავარია, ამოუცნობია უძველესი წესჩვეულობანი _ `წაწლობა~ თუ `სწორფრობა~ (მიხეილ ჯავახიშვილთან და გრიგოლ რობაქიძესთან შესატყვისი მხატვრული მეტამორფიზით მოწოდებული...) `არც ის ყოფილა შემთხვევითი, რომ ორივე მწერალი თანაბრად იყო დაინტერესებული სწორფრობის ჩვეულებით. ორივეს უნდოდა ამოეცნო, თუ რა იყო ეს უცნაური ჩვეულება. `სასტიკი, საამური მავნე სწორფრობა-წაწლობა _ უზენაერი ძმური სიყვარულის მკაცრი ადათი _ დღესაც არ ვიცი, ველური თუ ზეკაცური, ღვთიური თუ სატანური (`თეთრი საყელო~). რასაც `თეთრი საყელოს~ ელიზბარი განიცდის ზუსტად იმასვე განიცდის გრიგოლ რობაქიძის `ენგადის~ გიორგი ვალუევი~ (ბაქრაძე 1999: 105). ამ უჩვეულო ქმედებას გარეშეთათვის _ `იქ დაბლა~ მარტოოდენ ეროტიული ელფერი დაჰკრავთ და დაკარგული აქვთ თავისი პირვანდელი _ სიღრმისეული გააზრება; მამაკაცური ზნის ერთგვარი გამოცდა თუ ტკბილი ტანჯვა _ `სურვილთ თმობის~ დაოკებით. ამ დაგმანულ იმპულსთა მეტყველი ამოსუნთქვაა სწორედ კაფიებში გაცხადებული, მაგრამ ისიც საგულისხმოა, რომ ამ შეგრძნების სწორი აღქმისათვის მთის მიზანსცენებია გასათვალისწინებელი (კოტეტიშვილი 2006). თუმცაღა ამგვარი ხედვა ერთგვარად ატროფირებული იყო საზოგადოდ ქართულ ეთნოფსიქოლოგიაში და ამიტომაც ქართული მწერლობის წიაღში არ განვითარდა `ეროტიზმის ესთეტიკა~. მაგრამ ერთგვარად შენიღბული, არაგამომწვევად თვალშისაცემი სახით, მაინც გამოკრთა სწორედ ძველ მწერლობაში – აღმოსავლური ბანგნარევი, მედიტაციურ პოეზიის ზეობის ჟამს და ქართულ მხატვრულ აზროვნებაში ევროპული იმპულსის მცირედ შემოჭრისას, _ და სავსებით ბუნებრივია, რომ ეს იყო XVIII საუკუნე და კერძოდ კი, დახვეწილი ხიბლის მქონე პოეტის _ ბესიკის პოეზია. ოღონდ, ამ ლიტერატურულ სივრცეში ეროტიული ასოციაციას და ძლიერ იმპულსს ქმნის თითოეული ბგერის საოცარი ხმოვანება და სიტყვათა იმგვარი თანაშეზრდა თუ პლასტიკა, რომ ჩნდება მეტყველი, ვიზუალური განცდა და გაქვს შეგრძნება, რომ თითქოს ჩვენს ეროვნულ სამოსში საგულდაგულოდ დაგმანული ქართველი ქალის ნატიფი სხეული აღმოსავლური როკვით უზადოდ ირწევა და ტყდება... და ამიტომაც ეს ცეცხლოვანი გზნება და აბსოლუტურად ზუსტი ემოციური აქცენტი საოცრად დახვეწილ ეროტიულ ელფერს სძენს ბესიკის მთელ პოეზიას და ერთგვარად აქარწყლებს ჩემს მიერ ზემოთქმულ მოსაზრებას _ ქართულ ცნობიერებაში `ეროტიზმის ესთეტიკის~ არარსებობის შესახებ. აქ უთუოდ გასათვლისწინებელია მისი ბობოქარი, მაგრამ იმავდროულად საოცრად რომანტიული პირადი პერიპეტიებიც...
`ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავები, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!~ (`ტანო ტატანო~, ბესიკი, თბ., 1948, გამომცემლობა `საბჭოთა მწერალი~, გვ. 12)
ანდა `მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი მალ ალო, ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელო დალალო... (`მე შენი მგონე~, ბესიკი, თბ., 1948, გამომცემლობა `საბჭოთა მწერალი~, გვ. 20)
`რა გული დავაგე შენად სარებლად, მუნითგან ვარდს მიფერ მითამ არებით~. (`რა გული დავაგე შენად სარებლად~, ბესიკი, თბ., 1948, გამომცემლობა `საბჭოთა მწერალი~, გვ. 28)
ბესიკს სულ სხვა ყაიდაზე, ერთი შეხედვით, არატრადიციულ ქართულ ლექსწყობაზე აქვს აწყობილი არამარტო თითოეული სიტყვა, არამედ ბგერაც კი და ამით აღწევს შეგრძნებათა სრულყოფას. ალბათ, ამიტომაც სწყალობდნენ აგრე რიგად ჩვენი `ცისფერყანწელები~ მას. ბესიკს ისინი თავის დიდწინაპრად მიიჩნევდნენ და თანამედროვე სიმბოლურ ჟღერადობასაც სწორედ მის ლექსებს მიაწერდნენ (ლიტერატურული გემოვნების თვალსაზრისით) საკმაოდ პრეტენზიული ჩვენი სიმბოლისტები _ `ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებსო~ _ წერდა ტიციანი... ამ მარადიულმა ტაბუირებამ თავისი დამღა დაამჩნია ქართული სიტყვის ბუნებრივ დიაპაზონს, ერთგვარად ჩაკეტა კიდეც. `ეს დაემჩნა შესაბამისი ლექსიკის სიმწირესაც, რაც ესოდენ ართულებს ხოლმე შესაბამისი სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურის თარგმანს, სადაც ან წმინდა სამედიცინო ტერმინოლოგიას მიმართავენ ან ჟარგონს. საუკუნოვანი ტაბუირება ეროტიული თემატიკისა, რაღა თქმა უნდა, დაემჩნა ჩვენს მწერლობასაც, სადაც მიხეილ ჯავახიშვილის გარდა, ჩვენი საუკუნის დასაწყისამდე ფაქტობრივად ვერავინ გაბედა შეხებოდა ამ ერთობ სარისკო საკითხს. თავის მხრივ, ეროტიული კულტურის სიმწირემ განაპირობა შინაგანი ატროფირებული ცენზურის ოფიციოზური ცენზურით შენაცვლება და როდესაც ეს `ოფიციოზი~ მოიშალა, ჩვენ სრულიად დეზორიენტირებულნი აღმოვჩნდით, რაც ესოდენ სავალალოდ დაემჩნა ქართულ `ეროტიულ პროზას~ (ორიოდე გამონაკლისი არ ცვლის საერთო სურათს)~. (აბზიანიძე ზ., ელაშვილი ქ. 2007: 72). და დასასრულ, კიდევ ერთი, _ თავად ეროტიული კულტურა არ წარმოშობს საჩოთირო და უხერხული სიტუაციებს, ამას განაპირობებს იმ შემოქმედთა დაინტერესება ამ თემატიკით, რომელთაც ღალატობთ ტაქტი ან საერთოდ არ გააჩნიათ შინაგანი კულტურა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იჭრება უხამსობის ნაკადი და ამიტომაც არაერთგვანოვანი აზრი ჩნდება საზოგადოებაშიც.
დამოწმებანი:
აბზიანიძე ზ., ელაშვილი ქ. 2007: აბზიანიძე ზ., ელაშვილი ქ. სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია. გამომცემლობა `ბაკმი~, II, თბ.: 2007. ბაქრაძე 1999: ბაქრაძე ა. კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი. თბ.: `ლომისი~, 1999. ბესიკი 1948: ბესიკი. გამომცემლობა `საბჭოთა მწერალი~, თბ.: 1948. კიკნაძე... 2003: კიკნაძე ზ., ნ. ტონია. საყმაწვილო მითოლოგიური ენციკლოპედია. I, ბონდო მაცაბერიძის გამომცემლობა, თბ.: 2003. კოტეტიშვილი 2006: კოტეტიშვილი ვ. მოუკრეაფვნი (ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები). თბ.: `დიოგენე~, 2006. ძეგლები 1963: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. I (V-X სს.), ილ აბულაძის (რედაქტორობით), `მეცნიერება~, თბ.: 1963.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ნინო, რა ძალიან კარგ საქმეებს აკეთებთ თქვენ იმ თქვენს ლიტერატურის ინსტიტუტში... საინტერესოს და აუცილებელს. აბა, როგორ დავიჯერო, ღომ ჩემი შექმნილი საბუთები აინტერესებს ვინმეს?!;) ნინო, რა ძალიან კარგ საქმეებს აკეთებთ თქვენ იმ თქვენს ლიტერატურის ინსტიტუტში... საინტერესოს და აუცილებელს. აბა, როგორ დავიჯერო, ღომ ჩემი შექმნილი საბუთები აინტერესებს ვინმეს?!;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|