ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა მელიქიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2016


სამაგიერო

მე შენზე შური უკვე ვიძიე!
შორს,  მთების შორის, მდინარიდან, სიპი ქვებიდან, გვერდზე სოფლიდან,
თავაწყვეტილი ცხენის ფლოქვების ხმა ისევ ისმის.
მოჰქრის, რომ სახლში მარტოდ დარჩენილი სიყვარული,
ქარმა, ქუხილმა ან ნადირმა არ შეუშინოს.
ნუ გეშინია!
მე მარტო არ ვარ,  სიყვარულო, არ მეშინია!
მინდორზე ვდგავარ, ფეხშიშველი, დედიშობილა.
რაც შენ დამტოვე, ამ მთებიდან, კლდიდან, ღელედან,
მოვეზიდები ლოდებს სახლში და  ასე ვიცავ.
ნადირი როგორ შემოაღწევს, ღმერთიც ვერ მხედავს.
ზევით არასდროს ვიხედები, მთას არ ავყურებ,
თვალები მაგრად დავხუჭე რომ არ დაგინახო.
ნუ გეშინია, მე მარტო არ ვარ.
მიყურე, მე და ქარი როგორ ვერწყმით, საით მივყავარ...
ხმა მთასთან წყდება,  შენ იდექი, მთიდან მიყურე.
ძუძუს ვაწოვებ ჩემს ჩვილ პირმშოს, ქმარს ცივ  წყალს ვასმევ,
მინდორზე ვდგავარ, ფეხშიშველი, დედიშობილა.
მთიდან დამყურებ, მაგ მთაზე ხომ მე აგიყვანე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები