ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2008


ნაპოეტარი ლექსი

უკვე,
რა ხანია,
დღემ შვა შეღამება,
ალვის კენწეროსკენ
ლოცვა ნეტარია,
შენზე
ჩემებურად
ვეღარ მედარდება,
ძველი სურვილებიც
ნაპოეტარია.
ბებერ
ფანჯარასთან
ბალბის ყვავილებზე
მონატრებისფერი
ნამი გარინდულა,
და მე
ზუსტად ვხვდები,
რად ვერ გამიბედე
ფრთებლურჯ კესანეთა
შეკვრა თაიგულად.
ღამე ჰორიზონტზე
წვება მეტანიად,
სიო ქარიშხალურ
სუნთქვას ამარხულებს,
ბევრი ვიბჟუტურე
და
ნამეტანია,
აწი,
სჯობს, რომ
ლექსსაც
ქუდი დავახურო.
უხმოდ გავუყვებით
მერე
გზას და შარებს,
ახლა ტკივილებიც
უღვთოდ ხალვათია...
მაინც
მე ვიქნები
ალბათ
დამნაშავე,
რადგან
ქალის წასვლა
უფრო ღალატია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები