ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გივიშვილი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2015


გამჭვირვალე

შებინდებისას, მე ვარ გამჭვირვალე,
და ბლანტი - სიცივესავით.
ჩემში ჩამქრალი ცეცხლისგან დარჩენილ
ფერფლს დაუდევრად ანიავებს ორპირი ქარი.

ვედები ქუჩებს.
ქვაფენილს.
მიწაზე მოწყვეტით დაშვებულ ფოთლებს.

მთელი ჩემი სიმძიმითა
და გამიზეზებული იარებით

გავდივარ კედლებს.
ხეებს.
სხეულებს.

ვაგროვებ მათზე შერჩენილ სევდასა
და გუშინდელ წვიმას.

მე ვდგავარ,
ამ ბოლო დროს როგორც დამჩემდა,
ზუსტად შენ უკან და
შეხებისას მემსხვრევიან
გაყინული ხელის თითები.

--

მაპატიე.

მაპატიე,
რომ ვეღარაფერს გაგრძნობინებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები