ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაშა ბიბიჩაძე
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2015


ვოტ ტაკ!

ღმერთო, გააცოცხლე ბაბუაჩემი,
ლაზარეზე ნაკლები რითია?
ალბათ ლაზარეც მითია,
თორემ გააცოცხლებდი ბაბუაჩემს.
მე ვინ ვარ, იფიქრებს ზოგიერთი,
დამაყრიან წყევლას და ქოქოლას,
ავდგები, კარებს ამოვქოლავ,
სანამ შპიონაჟი მომიერთეს.
ღმერთო, კატა მაინც გამიცოცხლე,
უწყინარი, უიღბლო არსება,
რომელიც მეზობლის მოსაზრებით,
მეცხრე სართულიდან გადმოვარდა,
მე ხომ დავინახე სინამდვილეში,
საცოდავი მის კატებს ერჩოდა,
-თუ დანა თავისით შეერჭო და
დრამა ითამაშა სუიციდის?!
არა, რა, ნამდვილი დეტექტივია,
გამარკვიე, რა რჯულთან ვუჩივლო,
მაგ ფუყე და მჩატეტვინიანს,
რომ დამტოვა ასე უკატოდ, უჩვილოდ.
მარტოს ყველაფერი გამჭირვებია,
პოეზიაც გროვაა ტალახის,
ალბათ ახლა შენ და ალაჰი,
ზიხართ და ერთად დამჩერებიხართ,
როგორ მძულს პოეტთა შეფერილობა,
ქინძისთავით დაბმული აწმყოთი,
ნუ ფიქრობ ეს ცხოვრება მაწყობდა,
შეპირებით
შექსპირებით და
მეფე ლირებით.
ღმერთო, გააცოცხლე ბაბუაჩემი,
კატას მაინც შთაბერე სული,
რომ თავის გატანა გროტესკული,
არსებობიდან გადავაშენო.
ვინმე მაინც გამიცოცხლე ღმერთო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები