ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტკბილი ნო-ემ-ბე-რი
ჟანრი: პროზა
5 დეკემბერი, 2015


ძლიერ გოგონებს.

აი იმ გოგონებს, რომლებიც საქმით დაქანცულნი ცრემლებით იძინებდნენ, ახალგაღვიძებულებს კი კვლავ შესწევთ ცხოვრებისა და დასაქანცად წასვლის ძალა, ლექსი უნდა დავუწერო.
აი, იმ გოგონებს, მუხლჩახრილნი და წელშიმოხრილნი, მარტოდ რომ იბრძვიან თავის გადასარჩენად, შრომაში ღამეებს რომ ათევენ, გულში კი ურყევი რწმენა აქვთ განმტკიცებული გაზაფხულების, პრინცების და მონდომებით ირჩევენ არქონილ სამოსს, ლექსი უნდა დავუწერო.
ყველა იმ გოგოს, რომელმაც მარჯვენა ლოყაში გარტყმულ სილას მარცხენა არ დაუხვედრა და არ შეუშინდა ფაშისტთა გეტოებივით მბორგავ, ჩასაფრებულ ქარიშხლებს, ყველა იმ გოგოს, რომლებიც გაურბოდნენ ღალატს, ძალადობას და მაინც სჯეროდათ სიკეთის, ლექსი უნდა დავუწერო.
და ყველა გოგოს
ნაგვემს
თვალებჩასისხლიანებულს
კიდურებდაობებულს
სახეჩამოწელილს
დაღლილს
გათელილს
ღირსებაშელახულს
მართალს
ნადავლს
ნამოსახლარს
ნაარსებალს
ნაცოლარს
ნაადამიანარს
ნატყვიარს
ნაიარევს და მაინც იმედის მქონეს, როგორ არ დავუწერო ლექსი !
ჰო, ყველა გოგოს, რომელმაც მთელ სარკეში ჩაიხედა და დამსხვრეული საკუთარი თავი დაინახა, გაცრეცილი თითები და მიმკრთალი ტუჩები, ძვლებზე უსისხლოდ მიჭედებული უხორცო ტყავი და მაინც თავდაჯერებული ღიმილით გაიარა ხალხით გამოჭედილი დერეფანი, ლექსი უნდა დავუწერო.
ლექსი უნდა დავუწერო ქალებს, შვილმკვდარებს, ქმარმკვდარებს, ცოცხალ-მკვდარებს, ტკივილისგან სულმოშიშვლებულებსა და შავით შემოსილებს, ნაომრებსა და ნაშიმშილარებს, იმედის მეძებრებს...
ყველას, ყველას ლექსი უნდა დავუწერო, ვინც დაჭრილა და არ დაცემულა, ვისაც შესწევნია ძალა, საკუთარი განცდები ვენებში გამოუმწყვდევია და ყელთან მობჯენილი ცრემლები თავისივე ყალიბში. ვისაც დაუკარგავს საკუთარი თავი და კვლავ უპოვნია და ვისაც სარკეში ჩახედილს სხვისი ჩრდილი არ დაუნახავს, ყველა იმ გოგოს, სულ, სულ ყველას ლექსი უნდა დავუწერო.
ჰო, ლექსი იმ ბიჭსაც უნდა დავუწერო, ვისაც ძალა და გამბედაობა შესწევს-უყვარდეს ძლიერი გოგო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები