ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მურად
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2015


მამლუქი და გურჯი სირინოზი.II ნაწილი

  ანას  ბავშვობა გაახსენდა, ღმერთო რა ბედნიერი იყო! შემდეგ ტყვეობის კოშმარი.
თავისი სასახლე,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            პატარა ანუკი დიდხანს ებრძოდა ფანჯარაში შემოჭრილ მზის სხივს, რომელიც თვალებში აჭყიტებდა და მოსვენებას არ აძლევდა, თითქოს დილის სხივებში საბანაოდ ეპატიჟებოდა. ბოლოს მაინც მხიარულად წამოხტა, ფანჯარა გამოაღო, გაიზმორა, მთებიდან მონაბერი დილის ჰაერი შეისუნთქა და წაიღიღინა. მისი ფანჯარა ვარდების ბაღში გადიოდა, სადაც სხვადასხვა ჯიშის ვარდი თანმიმდევრობით თითქმის მთელი წლის განმავლობაში ჰყვაოდა და გარემოს კეთილსურნელებით ავსებდა. თუმცა ანუკის გამორჩულად მინდვრის ყვავილები უყვარდა. თავისი გასეირნებიდან ისე არ მოვიდოდა, რომ ველ-მინდვრებიდან რომელიმე ველური ყვავილი თავისი ძირიანად არ მოეტანა და მებაღის დახმარებით ყვავილების კვალში არ ჩაერგო.
  ანამ კაბა სწრაფად გადაიცვა, ქვემო სართულზე სირბილით ჩაირბინა, სამზარეულოში შეფრთხიალდა, მათი მზარეული მართას მიერ გამომცხვარ ხაჭაპურის ნაჭერს ხელი წამოავლო,  ეზოში გაიჭრა და ჭიშკრისაკენ გაქანდა. თუმცა შეუმჩნევლად გაპარვა ვერ  მოასწრო.
-ანა! ამ დილაადრიან საით გაგიწევია? შეაჩერა ბებიას, ქალბატონი სალომეს მკაცრმა ხმამ,  რომელიც ანას ფეხის ხმაზე მიხვდა, რომ შვილიშვილმა გაიღვიძა და თვალს ფანჯრიდან ადევნებდა.                                                                                                    -ახლავე ზევით ამოდი! -ისევ მკაცრად გასძახა ბებიამ.
ანა მიხვდა, რომ შეუმჩნევლად გაძრომას ვეღარ მოახერხებდა და დიდი ქალბატონის ოთახისაკენ მიმავალ კიბეს მორჩილად აუყვა. იცოდა, რომ ეხლა ,,მოსაწყენი” რჩევა-დარიგებების მოსმენა მოუწევდა, რომლებსაც, როგორც კი შემთხვევა მიეცემოდა, ქალბატონი სალომე შინ და გარეთ უხვად არიგებდა. ოთახში შესული ანა მაშინვე ბებოსკენ გაეშურა, მომხიბლავად გაუღიმა და კისერზე მოეხვია. იცოდა, რომ ქალბატონ სალომეს, თავისი მოუსვენარი შვილიშვილი ძალიან უყვარდა და მისი მოჩვენებითი სიმკაცრეც ანას ალერსზე სწრაფადვე დადნებოდა.
მდიდრული ავეჯით მორთულ ოთახში, ქალბატონი დიდ ტახტზე, მუთაქებზე ნახევრად წამოწოლილიყო და შვილიშვილს გამომცდელად ათვალიერებდა. თხელი, ნაზი, ახლაც უზადოდ ჩამოქნილი ტანის მქონე ქალბატონი სალომე, მიუხედავად ასაკისა საკმაოდ მომხიბლავად გამოიყურებოდა. უყვარდა ფუფუნება, ლამაზი ნივთები და სამკაულები, ყოველთვის  მოხდენილად ეცვა, ხოლო ამ ზემო იმერეთის სასახლეში მჯდომი, როგორ გებულობდა მეფის კარზე შემოსულ ყოველ ახალ სტილს, შინაურებისათვის დღემდე მიუწვდომელი საიდუმლო იყო. ბევრი კითხვა არ უყვარდა, მაგრამ აქაც ყველაფერი, ყველა ახალი სიტყვა იცოდა. ქალიშვილის შვილი ანა, სულ ორი დღეა რაც საზაფხულოდ ესტუმრათ. ბავშვი შემოდგომის შემდეგ არ ენახა. თერთმეტი წლისAანას ტანი უკვე აეყარა, გაზრილიყო. სალომე გაკვირვებით უყურებდა ზემო იმერულისა და მეგრული სისხლის შერწყმის შედეგად შობილ ამ არაჩვეულებრივად მომხიბლავ არსებას, რომელსაც ეტყობოდა, რომ მალე გამორჩეული სილამაზის ქალად იქცეოდა.
  ანას დედისგან გამოჰყოლოდა მოგრძო სახე, პატარა სწორი ცხვირი, თხელი და ისეთი დახვეწილი სახის ნაკვთები თითქოს გამოცდილ მოქანდაკეს ანტიკური სახე მარმარილოში ისეთი სიზუსტით  გამოექანდაკებინა, რომ ერთი ზედმეტი შტრიხიც არ დაეშვა. ამ სახეს საოცარ ელფერს ანიჭებდა, ხშირი და გრძელი წამწამების ქვეშ შემალული, დიდრონი    იისფერი თვალები, თითქოს დედის თვალების სილურჯეს მელანი შეერიაო. თვალის ჭრილიც უცნაური ჰქონა, ნუშის ფორმის ბოლოში წაგრძელებული, თითქოს მითიური ქალთევზას თვალებიაო, რომელთა შემოხედვა მის მნახველს უკვე ეხლავე ატვევებდა. მთელი ამ პორტრეტის გვირგვინი მისი სპილენძისფერი ტალღოვანი თმა იყო, რომელიც ბეჭებზე მსხვილ კულულებად ეცემოდა. ამ მოწითურო თმას ოქროსფერი გადაჰკრავდა, რაც მას განუმეორებელ ბრწყინვალებას ანიჭებდა.
სალომემ შვილიშვილი გულში ჩაიხუტა და სიყვარულით მიუალერსა. ანამ გაიფიქრა გადავრჩიო, მაგრამ ნურას უკაცრავად,                                                                                                                                                                                - ამ დილაადრიან სად გარბიხარ?- კითხვა გაუმეორა ქალბატონმა სალომემ.                                                                                                                                                                                                                                                                        -დაბლა, სოფელში, ძიძასთან და ძიძიშვილებთან, რაც ჩამოვედი არ მინახავს.                                                                                                                                                                                                                                                        -მარიამის ნახვას მოესწრები, იმ ,,ყაჩაღების” ნახვას და მათზე აყოლას კი არ გირჩევ, კიდევ რაღაც ხათაბალაში გაგხვევენ. არ დამვიწყნია, შარშან ზაფხულს ადიდებულ ყვირილაში კინაღამ რომ არ დაგახრჩვეს.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      -რას ამბობ, ბებო თორნიკესა და დავითზე ტყუილად ბრაზობ. ჯერ ერთი ეს მე ვუბრძანე საძოვარიდან ცხენები წამოეყვანათ და შეჯიბრშიც მე გამოვიწვიე და არც მდინარე იყო ადიდებული.                                      -როდის აქეთ გახდი მბრძანებელი? თანაც დავითი კიდევ ჰო, უმცროსია, რაც შეეხება თორნიკეს  ის უკვე პატარა აღარაა, უნდა დაეშალა და არ უნდა აგყოლოდათ! სად გაგონილა უბელო ცხენებით ადიდებული მდინარის გადალახვა? რომელი ვაჟკაცები თქვენ მყავდით და რამე რომ მოგსვლოდა? შენი მშობლებისათვის რა პასუხი უნდა გამეცა?                                                                                                                                            -ყველაფერი მამაშენის ბრალია, არაფერს რომ არ გიშლის და ბიჭივით გზრდის. ეს ხმლის ქნევა კიდევ რა ქალის საქმეა? -უკმაყოფილოდ შეჰყარა წარბები ქალბატონმა სალომემ და სიძის აღზრდის მეთოდები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. შემდეგ ანას მოუბრუნდა და განაგერძო:
-ჩემო კარგო! შენ უკვე დიდი გოგო ხარ და არ შეგფერის, სოფლის ბავშვებთან თამაში და ტყეში ხეტიალი! განსაკუთრებით ბიჭების აყოლა. უნდა დადინჯდე, ხელსაქმესა და წიგნებს მეტი ყურადღება დაუთმო. მარტომ,  შენი მოახლის გარეშე, არ უნდა ისეირნო. აგერ გადადი და ჩვენი აზნაუშვილის ქალიშვილებთან, ან ჩვენი მღვდლის ქალიშვილთან  გაერთე.
-აუცილებლად, ბებო, როგორც შენ დამარიგებ ყველაფერს ისე შევასრულებ,- შეაწყევიტინა ანამ საუბარი, კიდევ ერთხელ მაგრად ჩაკოცნა და სირბილით გავარდა ეზოში.
პირველად თავის საყვარელ ყვავილებს მიეახლა, დაყნოსა, მიუალერსა, გამხმარი ნაწილები მოაცილა. ყვავილების Eეს პატარა ბაღი ანუკის სურვილითა და მონაწილეობით გაშენდა.  თავისი ხელით რგავდა, რწყავდა და ამრავალფეროვნებდა ბაღს. სადმე ან ვინმესთან, თუ მოსაწონ ან უცხო ყვავილს დაინახავდა მანამ არ მოისვენებდა, სანამ მის ძირს ან თესლს ხელში არ ჩაიგდებდა. გარშემო ყველამ იცოდა მისი ეს პატარა გატაცება და თავადის პატარა ასულს ხელს უწყობდნენ. მათი მებაღე კი, გახარებული პატარა ქალბატონის მებაღეობისადმი ინტერესით, ანუკის ყვავილნარს თან ჰყვებოდა.
  ანას სიამაყეს მის ბაღში ველური ყვავილების სიუხვე შეადგენდა. თუმცა მათ მოშენებაზე საკმაოდ გაწვალდა. ზოგიერთი მათგანი გადარგვას ვერ იტანდა, რაღაც არ მოსწონდათ, ზოგჯერ ხმებოდნენ, მაგრამ ანუკის სიჯიურტემ მათი ჭირვეულობა დასძლია და ახლა ანუკის თვალსა და გულს ახარებდნენ. რას არ ნახავდით აქ: შროშანს, იას, ენძელას ფურისულას, ველურ მიხაკსა და ტიტას და უამრავ სხვას.
ამ ყვავილთა უმრავლესობა სამკურნალო თვისებებისა იყო. ანუკი მათ კარგად იცობდა და კიდევ მრავალ სხვა სამკურნალო ბალახს. ეს ცოდნა მან ძიძისგან შეითვისა. ძიძა მარიამმა უამრავი სამკურნალო ბალახი იცოდა, ამზადებდა წამლებს, იცოდა შელოცვები და არამარტო თავისი სოფელში, არამედ მთელ იმ მხარეში სახელგანთქმული სახალხო მკურნალი იყო.
თავისი ყვავილნარის გალამაზებას რომ მორჩა, ჭიშკარში დინჯი ნაბიჯით გავიდა და ძიძის სახლისაკენ, რომელიც მთის ძირში, პატარა მდინარე ჩიხურის პირას იდგა, უკვე მთელი სისწრაფით დაეშვა.
                                                                                                                                          9
ანუკი დადიანების და წერეთლების შთამომავალი იყო. დედამისი ნათელა წერეთელი, საჩხერის ღარიბი, მაგრამ ამაყი თავადების შთამომავალი, უაღრესად განათლებული, მორწმუნე და ხელმარჯვე ადამიანი იყო, არაჩვეულებრივად ქარგავდა. მისი ნაქარგები მთელ ამ მხარეში იყო განთქმული და თავისი ოსტატობით და ნამუშევრის სინატიფით მნახველი აღტაცებაში მოჰყავდა. მისი ოქრომკედით ნაქარგი სამოსი ამშვენებდა საწერეთლოსა და სადადიანოს მღვდელმსახურებს, დაწყებული კარის მოძღვრიდან, დამთავრებული ეპისკოპოსით. ნათელაზე ვერ იტყოდით თვალისმომჭრელი სილამაზისააო, მაგრამ უდაოდ ლამაზი ქალი ეთქმოდა. სწორი ცხვირი, თხელი დახვეწილი სახის ნაკვთები, ღია წაბლისფერი ხშირი, ოდნავ ტალღოვანი თმა, თეთრი სახის კანი, ვარდისფერი ღაწვებით, მნახველს მაშინვე ხიბლავდა, მაგრამ მისი მთავარი მომხიბლაობა ეს მისი მუქი ლურჯი თვალები იყო, რომელიც ისეთ სითბოსა და სიკეთეს ასხივებდა, რომ ყველას თავიდანვე ატყვევებდა. მისი სიკეთე კი საყოველთაოდ იყო ცნობილი. Mმის სამფლობელოში ის დაუღალავად ზრუნავდა ავადმყოფებზე, დავრდომილებსა და გაჭირვებულებზე, ან თვითონ მოინახულებდა, ან თუ არ ეცალა ამბის გასაგებად და დახმარების გასაწევად ვინმეს აგზავნიდა. ასე რომ საწერეთლო-სადადიანოში, დიდი თუ პატარა, გლეხი თუ აზნაური, მის მზეს ფიცულობდა. თვითონ განათლებულს, განათლების ფასი კარგად ესმოდა და შეძლებისდაგვარად ცდილობდა სოფლის ხუცესებთან საკვირაო სკოლები გაეხსნა, სადაც გლეხის შვილებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ. თვითონ კი, თავის უამრავ ნათლულსა და სასახლის მომსახურეს წერა-კითხვაში ამეცადინებდა. შემოღებული ჰქონა კითხვის  საღამოები, რომელსაც კვირაში  ერთჯერ ატარებდა და სადაც ბიბლიურ ისტორიებს, ვეფხისტყაოსანს და ქართველი მარტვილების შესახებ კითხულობდა. მათზე დასწრება შეეძლო უბრალოსაც და აზნაურსაც.   
  მისი მეუღლე, სწორუპოვარი ვაჟკაცი  გიორგი დადიანი, შესანიშნავი მოფარიკავე, მოჯირითე  და მეომარი, მხარს უჭერდა მეუღლის საქველმოქმედო საქმიანობას, თუმცა მის კითხვის საღამოებს ირონიულად უყურებდა და უბოროტოდ დასცინოდა. თავგამოდებული მონადირე და უებრო მეომარი, თავის სპას და ახალგაზრდა ყმებს ყოველდღე ავარჯიშებდა. მიაჩდა, რომ საქართველოს ამ ძნელბედობის ჟამს, როცა თითოეული მეომარი ოქროდ ფასობდა, გართობის დრო არ იყო და ხმალსა და დამბაჩასაც კაციც და ქალიც თანაბრად უნდა დაუფლებოდა. 
თვითონ თავის ორივე ვაჟს დავითსა და მამუკას და ერთადერთ ასულს ანას ცხენოსნობასა და ფარიკაობაში გამუდმებით ავარჯიშებდა. ასე რომ ანა, თავისი ძმების მსგავსად, ასაკის შესაბამისად მშვენივრად ფლობდა ხმალს. ანას თხელი ხელის მტევანი ჰქონდა, თითები თლილი, ნაზი, და დახვეწილი, მაგრამ ძლიერი, რაც ვარჯიშის შედეგი იყო. მამას ზოგჯერ უკვირდა, ამ ნაზ ხელებს როგორ შეეძლოთ ვარჯიშისას მოქნეული ხმლის მოგერიება, მაგრამ ანა ახერხებდა მამაკაცურ ძალას მოხერხებითა და სისხარტით გამკლავებოდა.
  რაც შეეხება ცხენებს, ანას ისინი გამორჩეულად უყვარდა. ცხენებით მამასიც იყო გატაცებული და საუკეთესო ჯიშის ულაყები ჰყავდა. ყოველ ახალ შენაძენს ორივე მამა-შვილი დაკვირვებითა და აღფრთოვანებით ათვალიერებდა. ათი წლის რომ გახდა მამამ ანას შესანიშნავი მოთეთრო-ნაცრისფერი ბედაური აჩუქა. იგი ჭკვიანი და თვინირი ცხენი აღმოჩნდა. ანას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ცხენის სანახავად, შაქარყინულით ხელში, ყოველდღე მოდიოდა, ეფერებოდა და ანებივრებდა თავის ,,გვრიტოს”. ცხენს რატომღაც ეს სახელი შეურჩია, ძმები დასცინოდნენ ეს რა ცხენის სახელიაო, მაგრამ ანამ წარბიც არ შეიხარა, გვრიტივით რუხი და საყვარელიაო. ცხენით ჯირითზე გიჟდებოდა და ეს პატარა ალქაჯი ცხენს ისე ოსტატურად მოევლებოდა და გააჭენებდა ხოლმე, რომ ყველას გაოცებას იწვევდა. მამა ამაყობდა თავისი ქალიშვილის მხედრული უნარით, ზოგჯერ ვაჟურად გადაცმულს ახალწვეულ მოჯირითეებთან შესაჯიბრებლად გაიყვანდა და მისი სიჩაუქით ხალისობდა.
  მაგრამ ანას ყველაზე დიდი ღვთით მომადლებული ნიჭი მისი უნიკალური ხმა იყო. ხავერდოვანი ტემბრის, იშვიათი ჟღერადობის და გულში ჩამწვდომი. Mმის მსმენელს აღტაცებისაგან ცრემლი ადგებოდა, განსაკუთრებით როცა საგალობლებს, ანდა მეგრულ ტკბილხმოვან სიმღერებს მღეროდა. გიორგი დადიანი, მისი წინაპრების მსგავსად, გულკეთილი მაგრამ ფიცხი კაცი იყო. გაბრაზებულს ისე ერეოდა გონება, რომ შეიძლება კაციც შემოკვდომოდა და მხოლოდ ანას ტკბილ ხმას შეეძლო ამ სიბრაზის შეტევისაგან მისი გამოყვანა.
დედა, ქალბატონი ნათელა, ანას ეუბნებოდა:- შვილო, ღმერთმა დიდი ნიჭი მოგამადლა, რომელსაც დაფასება უნდაო. საუკეთესო მწვრთნელები მოუყვანა, რომლებიც ანას სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას, საგალობლებს და ხალხურ სიმღერებს ასწავლიდნენ. როცა ანა მღეროდა, გარშემო ყველა ჩერდებოდა და სმენად იქცეოდა. მათი კარის მოძღვარი, მამა ეგნატე, კი ამბობდა, რომ მისმა გალობამ ეკლესიაში მრევლი მომიმრავლაო.
ანას მათი კარის მოძღვარი ძალიან უყვარდა, მისი პირველი მასწავლებელი წერა-კითხვასა და სულიერ აღზრდაში. ის ქართული ლიტერატურისა და თქმულებების უბადლო მცოდნე იყო. ასევე კარგად იცოდა ელინური ფილოსოფია და მითოლოგია. ანას წიგნი მან შეაყვარა. ამბობდა:-წიგნი, ეს სარკმელია სამყაროში, ბრძენი ადამიანების მიერ ამოჭრილი, მასში ჩასახედად კი წერა-კითხვა უნდა იცოდე და არამარტო ქართულად. -ასწავლიდა ბერძნულს, ცოტაოდენ არაბულსაც. თვითონ მეტ ენას არ ფლობდა. ძალიან უნდოდა იტალიურის სწავლა. თუმცა როცა სამეგრელოში იტალიელი პასტორები გამოჩდნენ, სამეგრელოს მთავარს ისინი მისი სამფლობელოებიდან გააყრევინა, მაგ ერეტიკოსებისგან ხალხი კარგს ვერაფერს ისწავლისო.
საღამოობით,  მამა ეგნატე ეკლესიის ეზოში დიდ მერხზე ჩამოჯდებოდა, გარშემო ახალგაზრდებს შემოიკრებდა და ბიბლიურ, თუ სახარებისეულ იგავებს ისე მეტყველად უყვებოდა, რომ ისინი გატაცებით უსმენდნენ. შემდეგ ყველაფერს მათთვის გასაგებ ენაზე განუმარტავდა. ასე, ამ საუბრებში, ასწავლიდა მათ ღვთის სიყვარულს, ჭირთა დათმენას, სამშობლოსათვის თავდადებას, გაჭირვებულისადმი თანგრძნობას და თანადგომას. 
10
ერთი პერიოდი თევდორე, თავის ოჯახთან ერთად, დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მონღოლთა მიერ დანიშნული ქართველთა მეფის ამირსპარსალარი, მონღოლთა მოენე და დამსმენი, ხუტლუბუღა მანკაბერდელი მტრობდა და ეს მეფის ერთგული კარისკაცი, იძულებული იქნა დემეტრე მეფის კარს დროებით გარიდებოდა. ისინი, მისმა თანამებრძოლმა, გიორგი დადიანმა შეიფარა. დადიანის შვილები, განსაკუთრებით ანა და მამია, თევდორეს ვაჟს- იაკობს ყველაზე მეტადEშეეწყვნენ. მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ. კარის მოძღვარს უსმენდნენ, თევზაობდნენ, ხმალში ვარჯიშობდნენ და ჯირითობდნენ. ქალბატონ ნათელასთან მოწყობილ წიგნის საღამოებს უსმენდნენ. ამბების მოსმენა და კითხვა მეტადრე იაკობს უყვარდა. მთელ დროს ალბათ კითხვაში გაატარებდა, მაგრამ მასპინძლის ანგელოზივით ლამაზი და მოუსვენარი გოგონა არ აყენებდა. უყვარდა მბრძანებლობა, ბავშვებს აიყოლიებდა და სულ რაღაც პატარ-პატარა თავგადასავლებში იყო ჩაფლული. იაკობი მათზე უფროსი იყო, თანაც ბუნებით დინჯი და ეს ბავშვური გართობა ერიდებოდა, მაგრამ დადიანების თავნება ასულს მონუსხულივით უარს ვერ ეუბნებოდა. ანასაც გამორჩევით უყვარდა და გვერდიდან არ იშორებდა.
დადიანებთან შეხიზნულებმა, მათთან ასე რვა თვე გაატარეს. მალე დემეტრე მეფემ ხუტლუბუღას უფლებები შეუკვეცა და გაზაფხულზე თავისი ერთგული მსახური კვლავ თავისთან მოიხმო. თევდორეს მეუღლე მართა და ქალბატონი ნათელა ძლიერ შეეთვსნენ ერთმანეთს და ახლა ერთურთს გულდაწყვეტილები ემშვიდობებოდნენ. ანა ხომ ცრემლებად დაიღვარა და იაკობს ხმას აღარ სცემდა. ვერაფრით გაეგო, მისი ერთგული რაინდი რატომ უნდა დაშორებოდა, თუკი ანა მას წასვლის ნებას არ აძლევდა.
11
  დედულეთიდან ჩამოსული ანა, ცდილობდა ბებოს, ქალბატონი სალომეს, დარიგებისამებრ დინჯად მოქცეულიყო, მაგრამ ეს სიდინჯე დიდხანს არ მიჰყვებოდა და კვლავ ქარივით დაჰქროდა. იმ დილასაც, ხმაურზე ანა წამოხტა და მაშინვე გარეთ გამოვარდა. ეზოში შემოსულები რომ იცნო, გახარებული, ბავშვური უშუალობით, ჯერ ბატონ თევდორეს გადაეხვია და შემდეგ იაკობს ჩამოეკიდა კისერზე. იაკობი შეცბა და გაწითლდა. თვითონ  თხუთმეტი წლის ყმაწვილს თავი უკვე დიდად მოჰქონდა. მონასტერში ცხოვრებამ კი თავდაჭერილობა ასწავლა და ახლა დადიანების მშვენიერი ასული რომ მოეხვია, თუნდაც ბავშვური უშუალობით, გული გადაუქანდა. თორმეტი წლის ანა ჯერ კიდევ ბავშვი, მაგრამ უკვე საქალოდ შეღერებული, თავისი ტბასავით უძირო თვალებით და ტალღებად დაყრილი დალალებით, იმდენად თვალწარმტაცი იყო, რომ  თავს გამოცდილ ვაჟკაცსაც დააკარგვინებდა, არამთუ გამოუცდელ იაკობს. მთელი დღე, სანამ უფროსები საიდუმლოდ ბჭობდნენ, ანა თავის ბავშვობის მეგობარს ხელჩაკიდებული დაატარებდა და ხან თავის რაშს აცნობდა, მამამ რომ აჩუქა, ხან თავის გაშენებულ ყვავილნარს ათვალიერებინებდა, ხანაც ახლად მოხატულ კარის ეკლესიას. იაკობიც  საბელმობმულივით უკან დაჰყვებოდა, არ იცოდა რა ემართებოდა, თავის თავზე ბრაზობდა, მაგრამ ამ ნორჩ მტარვალს, რომელსაც ის საბოლოოდ დაეპყრო, მაინც ვერ შორდებოდა. ანამ თავის რაინდს ყვავილნარში იები დაუკრიფა და მისი საყვარელი ლამაზი ნიჟარაც აჩუქა.
სასახლიდან სისხამ დილით გავიდნენ, იაკობს გული დაწყდა ანას რომ ვერ გამოემშვიდობა, მაგრამ მისი ნაჩუქარი სურნელოვანი იები და დიდი ნიჟარა, ანას განძი, რომელიც მან მხოლოდ იაკობისთვის გაიმეტა, თან მიჰქონდა.
12
  და მაინც ყველაზე დიდი აღფრთოვანების საგანი და სიყვარული ანასთვის ზღვა იყო. პირველად ზღვა, ხუთი წლისამ, ანაკლიაში ოჯახთან ერთად ჩასულმა იხილა და ამ უსაზღვრო სტიქიონით მოიხიბლა. არ შეშინებია, წყალში შევიდა და ზღვის ტალღები ფეხზე ნაზად რომ მოელამუნა, აღფრთოვანებისაგან შესძახა. სულMმალე წყალში უკვე თევზივით ცურავდა, ძმებს არ ჩამოუვარდებოდა, ყვინთვით კი კიდევაც სჯობდა. საბრალო ძიძიშვილს, რომელიც სამეთვალყურეოდ მიუჩუნეს, რაიმე ხიფათს რომ არ გადაჰყროდა, გული მრავალჯერ გაუხეთქა. შეშინებული თორნიკე, თვალს რომ ვეღარ მოჰკრავდა, მის ამოსაყვანად რამდენჯერ გადაეშვა წყალში, პასუხად კი ანას კისკისი ისმოდა. 
ანას უყვარდა ზღვა ყველანაირი,  მშვიდიც და აბობოქრებულიც, უზარმაზარ ზვირთებს რომ მოაქანებდა და ყველაფერს შთანთქმით ემუქრებოდა. განსაკუთრებით ზღვაში მზის ჩასვლის ყურება უყვარდა, სულ უნდოდა რომ მზის წითელ ბილიკზე შემდგარიყო და მასზე გაერბინა. უყვარდა ზღვის ნობათი: სხვადასხვა სახის ნიჟარები და ნაირფერი კენჭები. აგროვებდა და მერე სასახლეში დაბრუნებული, მეგობრებს ურიგებდა.
  დედის მსგავსად, ისიც სასახლის ბინადართა და მახლობელი სოფლის გაჭირვებულთა, დავრდომილთა და ავადმყოფთა გულშემატკივარი იყო. თავის კალათას აიღებდა, რომელშიც მისი დახმარებით დამზადებული მალამოები და ნახარშები ჩაელაგებინა, დედას მიჰყვებოდა, ავადმყოფებს და მათ მკურნალობას აკვირდებოდა. კარგად ახსოვდა საჩხერელი ძიძის, მკურნალი მარიამის, დარიგება თუ რომელ სატკივარს რა მალამო მოერგებოდა და ისიც, რომ თუ რამე არ იცოდა არ გამოეყენებინა, ისედაც შეჭირვებულისთვის თავისი უცოდინრობით რომ არ ევნო. აინტერესებდა ჭრილობების და მოტეხილობების მკურნალობაც და სასახლის დასტაქარს ხშირად კუდში დასდევდა. მას, თორმეტი წლის ასულის ეს უცნაური გატაცება, დიდად არ ეჭაშნიკებოდა, მაგრამ ხათრით არას ეუბნებოდა, თუმცა დაჭრილის ოთახიდან ხშირად გამოუბრძანებია, აქ ქალიშვილს არაფერი ესაქმებაო.
იმ დღესაც ანას, სოფელში შეუძლოდ მყოფი ბავშობის მეგობარი, ელენიკო უნდა მოენახულებინა. დილით ადრე წამოდგა, ისაუზმა და კალათა ჩაალაგა. დედამ მისი ახალგაზრდა მოახლე მართა გააყოლა და ძიძიშვილ  თორნიკეს სთხოვა, რაიმე ხიფათს რომ არ გადაჰყროდნენ, ქალიშვილებს თან ხლებოდა. თხუთმეტი წლის  თორნიკე მთავრის ჯართან ერთად ვარჯიშობდა, თავი მეომრად მოჰქონდა, ამ ნდობით გახარებულმა სავარჯიშო ხმალს ხელი წამოავლო და რაინდივით მათ გვერდით ამოუდგა. საბრალო ელენე, სოფლის ბოლოში, ტყის პირას ცხოვრობდა და თორნიკეს უხაროდა, რომ ასე ამაყად შემართულს მთელი სოფელის გავლა მოუწევდა და თანატოლებს გულზე გახეთქავდა. 
  ავადმყოფის სახლიდან რომ გამოვიდნენ, ტყის პირას მაყვლის დიდი ბუჩქები შენიშნეს, რომელზედაც გოდორა ნაყოფი გიშერივით ბრწყინავდა და გიზიდავდა. მაყვალი! აღტაცებით ტაში შემოჰკრა ანამ და კალათით ხელში ბუჩქებისკენ გაქანდა. თორნიკემ გარემო ფრთხილად მოათვალიერა, სახიფათო ვერაფერი შენიშნა და თვითონაც დასახმარებლად ქალიშვილებს შეუერთდა. მას ბოლო ერთ წელიწადში ტანი საკმაოდ აეყარა, ახლა მაღალ ტოტებს თავისუფლად უწევდა და გოგონებს ძირს უხრიდა ნაყოფი რომ ადვილად მოეკრიფათ.
უცებ  ისარმა გაიშხუილა და თორნიკე უგონოდ დაეცა. ანა სასწრაფოდ ძიძიშვილს მივარდა, მაგრამ დაყვირებაც ვერ მოასწრო, რომ თავში რაღაც მოხვდა და გონი დაკარგა. 
გონს რომ მოვიდა, დაინახა, ხელ-ფეხ შეკრული, უნაგირზე ხურჯინივით გადაკიდებული, ცხენოსან რაზმან ერთად, სადღაც ტყეში მიექანებოდა. ანას გული კვლავ წაუვიდა.
ამჯერად გონს გამოქვაბულში მოეგო. დაღამებულიყო. შეკრული ანა მიწაზე იწვა, გარშემო კვნესა-გოდება ისმოდა. ქვაბული საკმაოდ მაღალი და განიერი იყო, რომელსაც კედელში ჩამაგრებული ერთადერთი მაშხალა ანათებდა. ანამ დაიკვნესა, ვიღაც თათრულად გამოწყობილი ქოსა მიუახლოვდა, პირიდან ალიკაპი ამოუღო და წყალი მიაწოდა. ანამ წყალი ხარბად დალია, პირი გაშრობოდა. გარშემო მიმოიხედა. მის ირგვლივ, ასე ოცდაათამდე ხელ-ფეხ შეკრული ადამიანი, უმეტესად ბავშვები, მიწაზე ისხდნენ და შეწუხებული კვნესოდნენ. სიბნელეს თვალი რომ შეაჩვია მოშორებით მოახლე მართა და თავშეხვეული თორნიკე გაარჩია, რატომღაც იმედი მიეცა და გამხნევდა.
გამოქვაბულის სიღრმეში ცეცხლი ენთო, გარშემო თათრულად ჩაცმული  ხუთიოდე მეკობრე იჯდა და მასლაათობდა,  ორიც ყარაულად იდგა. ანამ ყური მიუგდო, ცდილობდა სიტყვები გაერჩია. თათრულად საუბრობდნენ. ანამ მაინცდამაინც ვერაფერი გაიგო, გარდა იმისა, რომ ისინი ნავაჭრით კმაყოფილები იყვნენ და გამთენიისას აქაურობას ხომალდით გაეცლებოდნენ. 
ამასობაში, ახალგაზრდებს სასახლეში მოსვლა რომ შეაგვიანდათ, მოიკითხეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. ასე სამივე ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ ვერ გაიგეს. მცირედი იმედი ჰქონდათ, ტყეში ხომ არ გაისეირნეს და სადაცაა გამოჩნდებიანო. ფეხზე დადგა მთელი სასახლე, ყველა მიმართულებით ცხენოსანთა რაზმი აფრინეს, მაგრამ მათ კვალსაც კი ვერსად მიაგნეს. თავზარდაცემულ მთავარს შინ დაბრუნება აღარ უნდოდა. გულშეღონებული მეუღლისათვის, რომელმაც ასე მოულოდნელად, დღისით მზისით, მისი ანგელოზი დაკარგა, რა პასუხი უნდა გაეცა. ცალკე გადია მოთქვამდა, ანას და თორნიკეს ერთად დასტიროდა. მთელი სოფელი შეიყარა, იყო ერთი ზარი და ვაება.
ვიღაცამ  ახსენა ოსთა მარბიელი რაზმი დაუნახავთ ტყეშიო. მაშინვე მდევართა რაზმი ჩრდილოეთისკენ გაქანდა, მთელი კვირა იარეს, ლამის ოსეთამდე ჩავიდნენ ტყეთა ჩხრეკით, მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს.
დადუმდა სასახლე, ანას კისკისთან და სიმღერასთან ერთად გაქრა სიხარული, ყველა დაღვრემილი დადიოდა, დანა პირს არ უხსნიდათ. დიდმა და პატარამ ახლა იგრძნო, ამ პატარა ანგელოზს თუ რა დიდი ხალისი და სითბო შემოჰქონდა. გიორგი დადიანი იმედს არ კარგავდა, დიდი ჯილდო დააწესა, ვინც რაიმე ამბავს შეატყობინებდა. შემდეგ ვიღაცამ ამბავი მოიტანა, ანას დაკარგვის დღეს, ანაკლიის მახლობლად თათრების დიდმა ფელუკამ დიდძალი ტყვე წაასხაო და შესაძლებელია ისინიც მათ შორის იყვნენო.
13
  სახლში დაბრუნებულმა  იაკობმა ნიჟარა თავის მაგიდაზე მოათავსა, ხანდახან ყურზე იდებდა და მის შრიალში ანას ნაზი ტიტინი ეჩვენებოდა. იის პატარა კონა კი წიგნებს შორის ფურცლებში მოაქცია, როცა დაიღლებოდა წიგნს გადაშლიდა და ჩაფიქრებული, ღიმილით ყვავილს ნაზად ეფერებოდა. და ერთ მშვენიერ დღეს მისთვის ცა ჩამოინგრა. შეწუხებული თევდორე მოვიდა და ამბავი მოიტანა, დადიანების ასული ანა გაიტაცეს და ვერსად უპოვიათო. მართამ ხმით შეიცხადა მეგობრის უბედურება. იაკობი გარეთ გავარდა, ცხენს მოახტა და უაზროდ გააჭენა, უნდოდა გაქცეულიყო, ანა დაეხსნა. თავბრუ ესხმოდა, თვალთ დაუბნელდა და ცხენიდან ჩამოვარდა. არაფერი მოუტეხია, მხოლოდ დაიკაწრა და გამწარებულმა მიწას მუშტები დაუშინა, სახე სველი ჰქონდა ოფლისაგან, თუ ცრემლისაგან? მაგრამ ვაჟკაცები არ ტირიან! ახალაღა გაიაზრა, თუ რა ძვირფასი იყო მისთვის ანა, მისი პირველი ყმაწვილური სიყვარული, რომელიც ისე დაკარგა, რომ გამხელაც ვერ მოასწრო. მთელი თვე სევდიანი დადიოდა. შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა ბერ-მონაზვნობას შედგომოდა და მშობლებს სთხოვა  ბაძასთან წაეყვანათ, დედის ძმასთან, რომელიც ხახულის ლავრაში  მოღვაწეობდა.
14
    სისხამ დილით, ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა ტყვეები ფეხზე წამოყარეს და გზას გაუყენეს. გაწამებულები ძლივს მოძრაობდნენ, თუმცა დიდხანს არ უვლიათ, მალე ზღვის სანაპიროზე დაეშვნენ, აქ ნავებში ჩასვეს, ზღვაში მდგარ გემზე აიყვანეს და სანაპიროს სასწრაფოდ გააცალეს. გემზე ზოგიერთ ტყვეს, განსაკუთრებით ქალებს, მეტი თავისუფლება მისცეს, ფეხები შეუხსნეს და ხელები წინ, ოდნავ მოშვებულად შეუკრეს. ყველას თევზით, პურით და სასმელი წყლით გაუმასპინძლდნენ. რა თქმა უნდა გულმოწყალებით არ მოსვლიათ, ,,საქონელს” უფრთხილდებოდნენ, რომ არ გაფუჭებულიყო და კარგ ფასად გაეყიდათ.
ანას მეტი ყურადღებით ეპყრობოდნენ, ცალკე დასვეს, უფრო მყუდრო და მზისგან დაფარულ ადგილას. რაღაც ქსოვილიც მისცეს ღამის სიგრილეში საბნად რომ გამოეყენებინა. მართასაც ნება დართეს მის მახლობლად მოკალათებულიყო. ახლა ორივენი ჩახუტებული და საბანში გახვეულები, თავის ბედს უხოდ დასტიროდნენ. თუმცა ერთად ყოფნა მაინც ერთგვარად ამშვიდებდათ. ანამ მართას თორნიკეს შესახებ ჰკითხა. მართამ მხოლოდ ის იცოდა, რომ  თავგატეხილი თორნიკეც, თითქმის უგონო, გემზე ამოიყვანეს და სადღაც გემბანზე დააგდეს. ანამ გადაწყვიტა როგორმე თორნიკე მოეძებნა, ეგებ რამით დახმარებოდა.
მეორე დღეს, როცა მცველებმა შუადღის პაპანაქებაში ჩათვლიმეს, მეზღვაურები კი სადილზე ჩავიდნენ, ანამ დრო იხელთა და გემბანზე ფრთხილად ამოძრავდა. ზღვა მშვიდი იყო, გემი ტალღებზე მსუბუქად მიირწეოდა, ანამ დაჭრილი ტყვეებისკენ გასწია. ისინი კიჩოთან ეყარნენ, სამნი იყვნენ, ახალგაზრდა ყმაწვილები, ასე თოთხმეტი-თხუთმეტი წლისა, შედარებით მსუბუქი ჭრილობები ჰქონდათ, მათგან მხოლოდ თორნიკე იყო მძიმედ დაჭრილი. ისარი თავში მოხვედროდა, მაგრამ მხოლოდ ყური გაეგლიჯა და თავის ქალას ძვლები არ დაეზიანებინა. ჭრილობა დაბინძურებული ჰქონდა, ცხელებიანი, თითქმის უგონოდ, ანძას მიყრდნობოდა. ანა გაბედულად მიუახლოვდა, თავიდან ჭუჭყანი ძონძი მოაშორა, ჭრილობა სუფთა წლით მობანა და თავისი კაბის სარჩულის ნახევით გადაუხვია. შემდეგ ეცადა ჩრდილში გადაეთრია, მაგრამ ძალა არ ეყო, მოიხედა, უსიტყვოდ, თვალებით დანარჩენებს სთხოვა დახმარება. ბიჭები მაშინვე წამოდგნენ და შეეშველნენ. ანა მოტრიალდა, ახლა მათი ჭრილობებიც დაათვალიერა და გადაუხვია. თორნიკემ თვალები გაახილა, ანა შეიცნო და ცრემლი მოერია:                                                                                                                                                                        -ვერ დაგიცავი ბატონიშვილო, სიცოცხლის ღირსი არა ვარ.                                                                                                                                                                                                                                                                                            -მეორედ ასეთი სისულელე არა თქვა, შენ კი არა შენზე უფროსებიც ვერაფერს  გააწყობდნენ!                                                                                                                                                                                                                                  -არა! უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი,-თავი გააქნია თორნიკემ,-ნუ მიხვევთ ჭრილობებს, სჯობს მოვკდე.                                                                                                                                                                                                                                        -რას ამბობ! აუცილებლად უნდა იცოცხლო, თუნდაც ჩემი ხათრით,-დატუქსა ანამ,-წინ კიდევ მრავალი განსაცდელი გველის და ერთად უნდა ვიყოთ.
-ჩვენც შენად გვიგულვე, ბატონიშვილო, -თავი დაუკრეს დანარჩენებმა,-თქვენი გულისთვის თავს დავდებთ,- და ანას აღფრთოვანებით მიაჩერდნენ. რა შეეძლოთ დაბორკილებსა და გათანგულებს, მაგრამ სურდათ მისადმი პატივისცემა გამოეხატათ. ამ სცენას გემბანზე უჩუმრად ამოსული კაპიტნის თანაშემწე შეესწრო, გაცოფებული მივარდა დაჭრილებს და დასარტყმელად მათრახი აღმართა. ანა წელში გასწორდა და უშიშრად წინ გადაუდგა. თანაშემწემ გაოცებისაგან მათრახი დაუშვა, პირველად ხედავდა მსგავს სილამაზეს და თავდადებას. მის წინ უმშვენიერესი არსება იდგა, სხეული ჯერ ჩამოუყალიბებელი ჰქონდა, არც ქალისა და არც მთლად ბავშვისა, მაგრამ ჩამოქანდაკებული და გულისწამღები. დაბნეულობა რომ დაეფარა მათრახის წვერით უბიძგა და შეუღრინა, შენს ადგილას დაბრუნდიო. ანა თავისი ადგილისკენ გაემართა, თან მამაკაცის ბინძურ მზერას გრძნობდა და შიშმა აიტანა. 
შემდეგი ორი დღე წყნარად იჯდა, ცდილობდა ყურადღება არ მიეპყრო, მხოლოდ გემის კიდეს დაყრდნობილი ზღვას გაჰყურებდა და თავისი საკვების ნარჩენებს უცნაურ თევზებს უყრიდა, რომლებიც გემს მოჰყვებოდნენ, ჰაერში ხტოდნენ და სტვენდნენ. მათი თამაშით მეზღვაურებიც ხალისობდნენ, ანას დაჭერილ ჭიჭყინებს აწოდებდნენ თავის ახალ მეგობრებს რომ გამასპინძლებოდა. საღამოს ეს უცნაური არსებები აფორიაქდნენ, გემს წრეს ურტყამდნენ, წიოდნენ, თითქოს რაღაცას ანიშნებდნენ. ლოცმანმა ცას ახედა, რომელიც უცბად მოიქუფრა და მეზღვაურებს გასძახა, მოემზადეთ, ნამდვილად ქარიშხალი გვიახლოვდებაო.
შემდეგი სამი დღე გემს ნაფოტივით ისროდა. გემზე მყოფთ იმედი გადაეწურათ ნამდვილად ვიღუპებითო. მგაზვრები, მეპატრონეებიც და ტყვეებიც ზღვის ავადმყოფობით გათანგულები ეყარნენ. ამ მხრივ ანა თავს ცუდად არ გრძნობდა, ზღვის რყევას კარგად იტანდა. საფრთხე სხვა მხრიდან შეექმნა. გემბანზე გადაადგილებისას ზღვის ტალღამ ძლიერად დაარტყა და დაითრია, მაგრამ უეცრად იგრძნო, რომ ვიღაცის ხელი წელზე მარწუხივით შემოეჭდო და სამშვიდობოს გაიყვანა. კაპიტნის თანაშემწე ჩაშჭიდებოდა და თავისკენ იზიდავდა. გამწარებული ანა ხელებით მკერდზე ძლიერად მიაწვა, ცდილობდა დასხლტომოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. შიშისა და დაძაბულობისაგან გონებას კარგავდა, როცა უცბად იგრძნო, რომ მარწუხები მოეხსნა, ანა გაუსხლტა და თავის კუთხეს შეაფარა თავი. მხოლოდ ერთი გაელვებით თვალი მოჰკრა, რომ თანაშემწეს ზურგზე ვიღაც შეხტომოდა და ცდილობდა თავისი ბორკილებით დაეხრჩო. ახალმა ტალღამ მოჩხუბრები გაჰყარა.
დილით ქარიშხალი ჩაცხრა. კაპიტნის თანაშემწე ანას გარშემო გონებაარეული დაბორიალებდა, დროდადრო ახალგაზრდა ტყვე ბიჭებს მივარდებოდა და გაცოფებული მათრახს გადაუჭერდა. იმ ქარიშხალში თავს რომელი დაესხა ვერ გაარჩია და ახლა ჯავრს ყველაზე ერთად იყრიდა. ბოლოს ტყვეების მეპატრონემ ვეღარ მოითმინა და მივარდა, მგზავრობისაგან ისედაც შელახულები არიან და საქონელს ნუღარ მიფუჭებო. კაპიტნის თანაშემწემ კბილები გააღრჭიალა, მაგრამ  მოითმინა, შემდეგ ანას პატრონ თათართან მივიდა, ანაზე რაღაც ანიშნა და დიდხანს ედავებოდა. თათარმა თავი გააქნია. თანაშემწემ ანას ჩაუარა და მაინც ჩემი იქნებიო ჩაულაპარაკა. ანას თავზარი დაეცა. ამ საშინელ კაცთან ყოფნას, რომელიც ვინ იცის რას შეამთხვევდა, სიკვდილი ერჩია.
ამასობაში რაღაც სრუტე გაიარეს და როგორც ერთმა მეზღვაურმა თქვა, ხმელთაშუა ზღვაში შეცურეს. ანას მეგობარი დელფინები, კვლავ გამოჩნდნენ და გემის გარშემო მხიარულად დახტოდნენ, რითაც მეზღვაურები და განსაკუთრებით ტყვე ბავშვები ძალიან გაახალისეს. განსაკუთრებით მოსწონდათ, როცა ისინი თევზს პირდაპირ ანას ხელიდან იტაცებდნენ. 
       
  აქამდე ანას საშუალება არ ჰქონდა, რომ ბიჭებისათვის, ქარიშხლის დროს გაწეული დახმარებისათვის, მადლობა გადაეხადა. ახლა როგორღაც მოახერხა მიახლოება, თორნიკე მოიკითხა, რომელიც უძლურებისგან, გამწარებული ტუჩებს იკვნეტდა და ბიჭებს ისეთი მადლიერებით  გადახედა, რომ ისინი მზად იყვნენ მისი გულისთვის ურჩხულებს შებმოდნენ.  ვერც კი შენიშნეს, კაპიტნის თანაშემწე როგორ მიუახლოვდათ. მან ანას ხელი ჩაავლო და გახარებულმა  წამოიძახა:                                                                                                                                                                                                                                                  -ახლა ჩემი ხარ ლამაზო ჩიტო, როგორც იქნა გიყიდე,
ანამ ზიზღით შეხედა და გაიწია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  -ნუ გეშინია მშვენიერო, ოქროს გალიაში ჩაგსვამ და ცივ ნიავს არ მოგაკარებ, ოღონდ შემიყვარე.
მკვდარივით გაფითრებულმა ანამ შიშით უკან დაიხია, ვერ გაეგო რა სიყვარულს სთხოვდა ეს თითქმის მამისტოლა, ამაზრზენი კაცი.                                                                                                                                                  -შენ ჩემი ხარ! მე შენში დიდი ფული გადავიხადე და მე უნდა დამემორჩილო! გასაგებია?! -გაჰყვიროდა გონდაკარგული თანაშემწე და ცდილობდა ანა თავისი კაიუტისკენ წაეთრია.                        ხმაურზე ყველანი გემბანზე გამოცვივდნენ. მეზღვაურები ამ სცენას აღშფოთებით უყურებდნენ. ამ უხეშ ადამიანებს, რომლებიც სიკვდილს ხშირად თვალებში ჩასცქეროდნენ და დიდი მორალითაც არ გამოირჩეოდნენ, შეჰყვარებოდათ ეს ფაქიზი, გულკეთილი გოგონა, რომელიც სხვის დასახმარებლად ყოველთვის მზად იყო. მისი სიმშვიდე და უშიშრობა მათში პატივისცემას იწვევდა, მაგრამ ტყვეების ბედს მათ არავინ ეკითხებოდა.
ანამ თავგანწირვით გაიბრძოლა, სცადა თავი გაენთავისუფლებინა, მისი ,,რაინდებიც” ადგილს მოსწყდნენ, შებორკილები გაქანდნენ და თანაშემწეს მთელი სხეულით დაეჯახნენ. ის შეტორტმანდა და ანა ხელიდან გაუსხლტა. მან გემბანი ელვის უსწრაფესად გადაკვეთა, გემის კიჩოზე დადგა და ერთი წამით შეჩერდა. გაშლილი იალქნებით გემი ტალღებს სწრაფად მიაპობდა, კიჩოზე ამაყად იდგა ზღვის ანგელოზი, გაფითრებული და მშვენიერი. ყველა გაშეშდა, ერთი წამით მოძრაობის უნარიც დაკარგა. შემდეგ დაინახეს, გოგონამ ხელები როგორ გაშალა, ჯერ ზევით აღაპრო და შემდეგ ზღვაში გადაეშვა.
არააა!-გაისმა თორნიკეს შემზარავი ღრიალი, შემდეგ კაპიტნის თანაშემწის გამწარებული ღმუილი, რომელიც გემბანს თავს გამეტებით ურტყამდა. ყველა გემის კიდეს მისცვივდა, რამდენიმე მეზღვაური ზღვაში გადასახტომადაც მოემზადა, მაგრამ მის ზედაპირზე აღარავინ ჩანდა, თითქოს ზღვამ, მშვენიერი ფერია გულში სიხარულით ჩაიკარა, რომ სასწრაფოდ და სამუდამოდ დასაკუთრებოდა.
მომხდარით ყველა შეწუხებული იყო, კაპიტნის თანაშემწე სადღაც გაქრა, ტყვეები გლოვობდნენ, მართა ხმამაღლა მოთქვამდა, თორნიკე კი მაგრად დააბეს, რომ ისიც ზღვაში არ გადამხტარიყო. კმაყოფილი მარტო ტყვეების მეპატრონე თათარი იყო, რომელსაც ანას საზღაური უკვე აღებული ჰქონდა და თავისი წინდახედულობით  ამაყობდა.
        იხ.გაგრძელება(სასწაულებრივი გადარჩენა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს