ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მურად
ჟანრი: პროზა
4 იანვარი, 2016


მამლუქი და გურჯი სირინოზი VI ნაწილი (ანა კაიროში)

                                                                                                        VI.(ანა კაიროში) 23
და აი კაიროსაც მიადგნენ, ბრწყინვალე ქალაქს და უდაბნოს მშვენებას. ქალაქი გამარჯვებულებს ზარ-ზეიმით შეხვდა. ყველგან სადღესასწაულო ალმები ფრიალებდა, ბრძოლაში გამარჯვებულ გმირებს ხალხი ყიჟინით ეგებებოდა. სულთანმა ხალხის გულის მოსაგებად საბოძვარი უხვად გასცა. მთელი ერთი კვირა ზეიმობდნენ. ყველა ხარობდა, მხოლოდ ერთი კაცი იყო დაღვრემილი და გული შურისაგან უსკდებოდა, არც სულთანის გამარჯვება ახარებდა და განსაკუთრებით, არც ალ ჰალაბის წარმატება. ეს, პირველი ვაზირი, საიფ იბნ-ჰალდუნი იყო. სულთანისთვის ყოველთვის პირველი კაცი და შეუცვლელი მრჩეველი, ახლა დაბოღმილი დადიოდა, რადგან ეს ახალგამოცხვარი სარდალი პირველობას ართმევდა, მისი  მეგობრები კი სულთანის დაახლოებული პირები ხდებოდნენ. მსტოვრებისაგან გაიგო, რომ მურადს ლაშქრობაში ვიღაც ქალი უგონოდ შეჰყვარებია და მასზე დაქორწინებასაც აპირებსო. გაცოფებული იყო, არ იცოდა ეს ამბავი ასიასთვის როგორ გაემხილა, ამით ხომ გულს ძალიან ატკენდა. გულღრძო და შურიანი სხვის ბედნიერებას და წარმატებას ვერ იტანდა. გადაწყვიტა ყველა ღონე ეხმარა, რომ ალ ჰალაბი და მისი მეგობრები სულთანისთვის ჩამოეშორებინა და რაც მთავარია ეცადა, რომ მურადს ის ქალი სახლიდან გაეგდო.
მეორე დღეს სულთანს ეწვია, გამარჯვება მიულოცა, მისი მხედრული ნიჭი აქო და ბოლოს შხამიანი სიტყვა ალ ჰალაბზეც გადაუკრა, -რაღაც ისე ირჯება, რომ უფრო ზევით ახტომას ხომ არ აპირებსო, თანაც რა დაუშლის, ჯარი პრაქტიკულად მის ხელშიაო.- შენიშნა, რომ ამით ისედაც ეჭვიანი სულთანის გულში ეჭვი დათესა და შინ კმაყოფილი დაბრუნდა. მაგრამ როცა სახლში დაბრუნებულმა ასიას ნამტირალები თვალები დაინახა, ამჯერად ხასიათი მასაც გაუფუჭდა, მიხვდა რომ მას ყველაფერი გაეგო. ქალიშვილი გულში ჩაიკრა და დაამშვიდა:                                                                                                                                                                        -მეომრები ხშირად ერთობიან ნაალაფარი ქალებით და მერე ნახმარი ნივთივით მოისროლებენხოლმე.                                                                                                                                                                                              ასია, მას შემდეგ რაც გაიგო რომ მურადმა ლაშქრობიდან ქალი ჩამოიყვანა და უნდა ცოლადაც შეირთოსო, ადგილს ვერ პოულობდა. ცალკე სიყვარული სტანჯავდა, ცალკე შელახული თავმოყვარეობა. ,,როგორ! მას, ლამაზ, მდიდარ, დიდგვაროვან ასულს, ვიღაც ტყვე ქალი ამჯობინეს!”- ფიქრობდა გაცოფებული და შურის საძიებლად ათასგვარ გეგმას აწყობდა. თუმცა სურდა ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა, რომ მხოლოდ ,,ის ქალი” გაექრო და მურადს არაფერი დაშავებოდა.
გავლენიაინი და დიდი სიმდიდრის პატრონი საიფ იბნ-ჰალდუნის, ბევრს ეშინოდა. იცოდნენ მისი დაუნდობელი ხასიათი და დიდოსტატობა კარის ინტრიგებში. სიცოცხლე ბევრს გაუმწარა და სულთანის კარსაც ჩამოაშორა. მეგობრები მას გვერდს შორიდან უვლიდნენ, ცდილობდნენ არ დაპირისპირებოდნენ და არ შეჯახებოდნენ. აქამდე ისიც მათ და განსაკუთებით მურადს, გასაგები მიზეზების გამო, ლიქნით ეფერებოდა. მაგრამ მურადის უარის შემდეგ, ასლანი მის აფეთქებას  შიშით ელოდა და მეგობრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.
24
ბედნიერი მურადი ანასთან ერთად თავის სასახლეში განმარტოვდა. ნასირის ნიღაბი საბოლოოდ ჩამოაშორა და გვერდიდან აღარ იშორებდა. სასახლე ანას გემოვნებით გაანახლა და მოაწყო, ანასვე მიანდო მსახურების შეძენა და შერჩევა. მეგობრებს სიურპრიზს დაჰპირდა, უნდოდა ისინი განახლებულ სასახლეში, მთელი ბრწინვალებით მიეღო და ანა გაეცნო. გალამაზდა და ახმაურდა სასახლე, მოირთო და მოიკაზმა, დარბაზსა თუ საძინებელში მრავალი ნატიფი ნივთი გაჩნდა. საქალებო კი ფუფუნებითა და სინატიფით ბრწყინავდა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ანამ სასახლეზე მიკრულ ბაღს დაუთმო. გაამშვენიერა, ახალი ნარგავები დარგო, შადრევნის მახლობლად ვარდების ფანჩატური გაანახლა, გაალამაზა, შიგ რბილი ტახტრევნები და მარმარილოს მაგიდა დადგა და მშვენიერო მოსასვენებელი კუთხე მოაწყო. მებაღესთან ერთად მუხლჩაუხრელად შრომობდა და შექმნა კიდეც პატარა ედემი.
მურადი ქორწილისთვის ემზადებოდა. ანამ კაიროში ბაქრი ბეი ჩამოაყვანინა. თან მურადს ეხუმრებოდა, რომ ცოლობაზე უარს ეტყოდა, თუ ბაქრი ბეი სასიძოს დაიწუნებდა. საღამოები მათი იყო და მთელი ღამეც. საჭირო არ იყო დაშორება, დამალვა, ერთად იყვნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ. ერთ საღამოს, ანამ მურადის თავი მკერდზე მიიკრა, მიუალერსა, შემდეგ თვალებში ფიქრიანად ჩახედა და მისი პირობები კიდევ ერთხელ შეახსენა:
-გახსოვდეს ძვირფასო, რომ მხოლოდ ჩემი ხარ, ისევე როგორც მე შენი და თუკი შენს სახლში ჩემს ნაცვლად ფეხს სხვა ქალი შემოადგამს, მე იქედან გავქრები.                                                                                                  –არასოდეს! შენ ჩემი ხარ! სამუდამოდ,-სიყვარულით ამოხედა მურადმა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  -ასევე იცოდე, რომ რწმენას არასოდეს შევიცვლი,  ქრისტიანობა ჩემი სულის ნაწილია და მის გარეშე მე, მე აღარ ვიქნები.                                                                                                                                                                      -მე შენ ისეთი მჭირდები, როგორიც ხარ,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            -არ გეგონოს, რომ რაიმე საყვედურს გეტყვი, ან მუდარას დაგიწყებ, -განაგრძო ანამ,- თუკი შენს სიყვარულს დავკარგავ, თავს არ მოგაბეზრებ და ჩემგან უსიტყვოდ გაგანთავისუფლებ.
-კარგად იცი, რომ გაგიჟებით მიყვარხარ და შენთან განშორებას ვერასოდეს! ვერასოდეს შევეგუები,-მისი სიტყვებით აღელვებულმა მურადმა ანა მკერდზე მაგრად მიიკრა. იმის გაფიქრებაც კი არ უნდოდა, რომ მას დაკარგავდა. იგრძნო, რომ მხოლოდ ანა სურდა და ეს სურვილი ისეთი ძლიერი იყო, რომ გულ-ღვიძლი ტკივილამდე ეკუმშებოდა. სასიყვარულო თავგადასავლები მოყირჭებული ჰქონდა და არაფერს ახალს, ან რაიმე აღმოჩენას არ მოელოდა. Mმაგრამ როცა ანა პირველად იხილა, განცვიფრდა მისი სილამაზით, ჰაეროვნებით. შემდეგ მისმა ხავერდოვანმა ხმამ მოხიბლა, შემდეგ გონიერებამ, ხოლო მისმა სხეულმა კი, ასეთმა უბიწომ, უზადომ და ვნებიანმა, საბოლოოდ დატყვევა. თავიდან მურადი დიდხანს ებრძოდა ამ დამპყრობელ გრძნობას, რომელმაც მთელი მისი არსება მოიცვა. ადრე ყოველთვის ახერხებდა გრძნობების  მოთოკვას, მათგან თავის დაღწევას. თვლიდა, რომ მათი აყოლა და მის ცხოვრებაში სიყვარულისთვის წამყვანი ადგილის მინიჭება, მისი მხრივ სისუსტის გამოხატულება იყო, რომელიც მის თავისუფლებას ზღუდავდა. ახლა კი,..
-ნუთუ მოუწევს იმის აღიარება, რომ ანამ თავისი უძირო თვალებით, წარმტაცი ღიმილით და ნათელი გონებით, მოაჯადოვა და მისთვის ერთადერთ შეუცვლელ ქალად იქცა?-ამის აღიარება, მუსულმანურ სამყაროში და მამლუქების გარემოცვაში აღზრდილი ვაჟკაცისათვის, ადვილი არ იყო. 
როცა სასახლე მზად იყო, საღამოსთვის ვახშამი გამართა და მხოლოდ მეგობრები დაპატიჟა. უნდოდა ანა პირველად მათთვის გაეცნო. მისი ერთადერთი სიყვარული და მეუღლე.  ფიქრობდა, გაუგებდნენ თუ არა ისინი. მუსულმანურ სამყაროში ხომ ერთადერთი ქალისადმი სიყვარული იშვიათი გამონაკლისია. ისინი ქალს სიტკბოებისა და გართობის წყაროდ განიხილავენ, მხოლოდ ფიზიკურ ლტოლვას აღიარებენ და მიაჩნიათ, რომ დაკარგავს რა ერთ ქალს, მამაკაცს თავისუფლად შეუძლია მისი მეორეთი შეცვლა. აი, საყვარელი ცხენი და რა თქმა უნდა ერთგული მეგობარი, სულ სხვა საქმეა. ისინი შეუცვლელნი არიან და მათი დაკარგვა გლოვის ღირსი. ასე რომ მურადისა და ანას სიყვარულს, მეგობრების სახით, წინ დიდი გამოცდა ელოდა. 
საღამოს მურადმა მათ იშიათი ხელოვნებით დამზადებული კერძებითა და ნატიფი ჭურჭლით გაწყობილი სუფრა დაახვედრა. სასახლის მისაღები დიდი დარბაზი,  ნახევრადგამჭვირვალე ფარდით, რომლის იქედან მხოლოდ სილუეტები მოჩანდა, ორად იყო გაყოფილი. იბრაჰიმ ბეი მაშინვე სუფრას მიუჯდა და როგორც დიდმა გურმანმა კერძები ხარბად შეათვალიერა.
-როდის აქეთ დაიწყე ასეთი ნატიფი სუფრების გაშლა ხელოვნების ნიმუშს რომ დამსგავსებია? -შენიშნა ასლანმა.
შიჰაბ ად დინმა ბროლის ჭიქაში წითელი ღვინო ჩამოასხა, დაყნოსა, მოსვა და მეგობრებს მიმართა –შესანიშნავია, როგორც ყოველთვის, მურადმა იცის ღვინის ფასი.
ალ ჰალაბმა ამჯერადაც დაიგვიანა, სუფრას უსიტყვოდ მიუჯდა და მურადს საყვედურით გადახედა. მისი საეჭვო ქცევის გამო, ჯერ კიდევ ბრაზობდა და მისაგან დაპირებულ განმარტებას ითხოვდა.
მურადმა არაფერი შეიმჩნია და როგორც გულითადი მასპინძელი მეგობრებს  კერძებს სთავაზობდა:                                                                                                                                                                                                                                                                          -გთხოვთ მიირთვით, ყველაფერი დააგემოვნეთ, კერძების უმრავლესობა, ჩემი მომავალი მეუღლის ხელითაა დამზადებული. მეგობრებმა ერთმანეთს გადახედეს. მურადი კი განაგრძობდა:
-თან მინდა რომ სასიამოვნო ჰანგებით დაგატკბოთ, -შემდეგ ფარდისაკენ მიტრიალდა და მიმართა, -გთხოვ ძვირფასო, დაუკარი.
   
გაისმა ბარბითის ხმა, უკრავდა მუსიკოსი და იღვრებოდა სევდანარევი ტკბილი ჰანგები. შემდეგ სიმღერა გაისმა, მეგობრებს ლუკმა ხელში გაეყინათ. ქალის ხმა იყო, ანდა შეიძლება ევნუხის. მაგრამ ეს იყო ხავერდოვანი, უჩვეულო ტემბრის, ჟრუანტელის მომგვრელი ხმა. მღეროდა ქალი იმ დროს სასახლეში პოპულარული ,,კასიდების” სტილში, მღეროდა ვაჟკაცების გმირულ ბრძოლებზე, ცხენთა რემის სრბოლაზე, დაკარგულ სიყვარულზე, ღვინოში ჩამხრჩვალ დარდზე და გაზაფხულზე, იმედს რომ ბადებს გულში. მეგობრები სულგანაბულები უსმენდანენ და როცა სიმღერა შეწყდა, არავინ შერხეულა. ცოტა ხანში გამოერკვნენ, ერთდროულად ამოიოხრეს და ერთმანეთს გადახედეს. გონს პირველად ასლანი მოვიდა, მურადისკენ მიტრიალდა და როგორც ჩვეოდა ხოლმე, კითხვები დააყარა:
-არა, მაინც სად იპოვე ეს ბულბული? ან რამდენი დაგიჯდა? და ამიტომაც აღარ გვეკარებოდი?                                                                                                                                                                                                                                                                          -ყოველდღე ამ ჰანგების მოსმენის შემდეგ კიდევ კარგ ჭკუაზეა-შენიშნა შიჰაბმა.                                                                                                                                                                                                                                                                      -ალ ჰალაბს თვალებში ცრემლი ედგა. მისი ხელოვნებისადმი მგრძნობიარე გული, ამ გულში ჩამწვდომმა, სევდითა და სიყვარულით სავსე მშვენიერმა ხმამ ერთიანად შეძრა.
მურადი კმაყოფილი იღიმებოდა, მეგობრების გაოცებითა და აღტაცებით ტკბებოდა. შემდეგ საზეიმოდ განაცხადა:
- აი ჩემი სიურპრიზიც. მეგობრებო, მინდა ჩემი მეუღლე და ჩემი დიდი სიყვარული გაგაცნოთ, -ფეხზე წამოდგა, ფარდას მიუახლოვდა, გადასწია, ანას ხელი ჩაჰკიდა და მეგობრებს წარუდგინა. მამაკაცები მაშინვე ფეხზე წამოდგნენ, თავი მდაბლად დაუკრეს და შემდეგ მორიდებით შეათვალიერეს.
ანას მთლიანად, თავიდან ფეხებამდე, ფარავდა იასამნისფერი აბრეშუმის მოსასხამი, რომელიც ისე ჰქონდა თავზე შემოხვეული, რომ მთლიანად მალავდა შუბლს, მშვენიერ თმას, სახის ნაწილს და ნიკაპთან იკვრებოდა. ასე რომ მაყურებელი ხედავდა მხოლოდ მის თვალებს და ნატიფ ცხვირ-ტუჩს. მოსასხამიდან ასევე ჩანდა მისი თლილი ხელები და ვერცხლისფერი ქოშებით შემკული პატარა ტერფები. მის ჩაცმულობასა და თავის დაჭერაში, შერწყმული იყო აღმოსავლელი ქალებისთვის დამახასიათებელი დაფარულობა და ქრისტიანული თავისუფალი სისადავე. ანამ მისალმების ნიშნად თავი ღირსებით დახარა.
მურადმა განაგრძო:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              -კიდევ ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ. თქვენ მას კარგად იცნობთ,-და გაოცებული მეგობრების შემხედვარემ განაგრძო,
- ჩემი მკურნალის, ნასირის სახით და იმედია აღარ დამადანაშაულებთ, განსაკუთრებით შენ ალ ჰალაბ, ნასირით რომ ვიყავი გატაცებული. კიდევ ერთი, ამ საიდუმლოს მხოლოდ თქვენ განდობთ და ძალიან გთხოვთ კარგად შეინახოთ.
  მურადის სიტყვებზე ანამ მორცხვად გაიღიმა და გაწითლდა, ღაწვები ვარდისფრად შეეფაკლა და კიდევ უფრო წარმტაცი გახდა. მამაკაცები უსიტყვო აღფრთოვანებით შესცქეროდნენ. მათ წინაშე იდგა გულისწამღები სილამაზე, იასამნისფერ აბრეშუმში გახვეული ჰაეროვანი ფერია და როდესაც მან მათ თავისი იისფერ თვალთა ბრწყინვალება შეანათა, საერთოდ მოაჯადოვა.
ანამ მათ თბილად გაუღიმა და მშვიდი, მელოდიური ხმით მიმართა:
-მოგესალმებით ბატონებო, ჩემი მურადის მეგობრები ძმებად მეგულვით და იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი ხშირი სტუმრობით პატივს დაგვდებთ,-შემდეგ მურადის გადახედა და განაგრძო:
-ახლა კი თავს აღარ შეგაწყენთ, კარგად გართობას გისურვებთ,- და დარბაზი ისე ნარნარად დატოვა, თითქოს ფეხს კი არ ადგამს, არამედ იატაკის ზედაპირზე  მიცურავსო. გავიდა და დატოვა გაოგნებული ვაჟკაცები, რომლებიც ფეხმოკვეთილივით თავიანთ ტახტებზე დაცვივდნენ.
ხმა ისევ ასლან ბეიმ ამოიღო:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      -მდაა.. არც კი ვიცი რა ვთქვა, მართლაც დიდი სიურპრიზი მოგვიწყვე.                                                                                                                                                                                                                                                                                                            -არაჩვეულებრივია, მაგრამ ცოლად მოყვანას ხომ არ ჩქარობ? ოჯახური უღელი მაინც შეგზღუდავს და საერთოდ ქალებს არ უნდა დაემონო-მტრულად განაცხადა იბრაჰიმ ბეიმ, -ფიქრობდა, რომ მათ მეგობრობას ღირსეული მეტოქე გამოუჩნდა და ეჭვიანობდა.
-ცხოვრების გზაზე შენ რომ შეგხვედროდა ასეთი არაჩვეულებრივი ქალი, მშვენიერი და გონებამახვილი, ხელიდან გაუშვებდი? –მოუბრუნდა შიჰაბ ად დინი იბრაჰიმს.                                                                                                                  - კი მაგრამ, ეს ჭკუა სადღა დაინახე!-შეიჭმუხნა იბრაჰიმი,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      -მის ნათელ შუბლს ეტყობოდა,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      -რომელ შუბლს, საერთოდ რომ არ უჩანდა? -წაიბუზღუნა ისევ.                                                                                                                                                                                                                                                                                                              -შენ რა, ხომ არ დაყრუვდი? არ გესმოდა აღმოსავლური პოეზიის მთელი შედევრები რომ  გიმღერა?  ან როგორ მეტყველებს, ანდა თვალებში როგორი ნათელი გონი უკრთის?                                                                                                    -ჰოო, თვალები მართლაც დამატყვევებელია!                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              - მეც რას გიხსნი! ჭამა-სმაში იხრჩობი და ქალები შენთვის  მხოლოდ გასართობი საშუალებაა,-ხელი ჩაიქნია შიჰაბმა.                                                                                                                                                                                                                      -ჰოდა მათგან მეტი არც არის საჭირო,-შეუბრუნა სიტყვა იბრაჰიმმა.
-ალ ჰალაბი, გაფითრებული დუმდა. ეს გულისწამღები თვალები, თვალები მისი სიზმრიდან, რომელიც ვერაფრით დაევიწყებინა, რომელიც მისი წარმოსახვა ეგონა და რომელთა სიღრმეშიდაც დღეს ისევ უნუგეშოდ ჩაიძირა.- მურადს გახედა,- ღმერთო! ნეტავ თუ იცის რისი პატრონია! მეგობრის მეუღლე? არა, უნდა შეებრძოლოს ამ ხიბლს, სანამ გვიან არ არის! თუკი გვიან არის? მაშინ რა? -ალ ჰალაბმა თავი გააქნია და აბეზარი ფიქრები მოიშორა.
მთელი შემდეგი კვირა საქორწილო მზადებამ და ცერემონიალმა დაიკავა. სულთან ნასირ ად დინ მუჰამადმა მურადს პირადად მიულოცა და ძვირფასი საჩუქრები გადასცა. არ დავიწყებია მისი სიცოცხლე მურადის მსახურებმა რომ  გადაარჩინეს. ანა დაიღალა ამდენი ცერემონიალით. ბოლოს როგორც იქნა შეუღლებულებმა ერთმანეთისთვის მოიცალეს, განმარტოვდნენ და უკვე აღარავინ ახსოვდათ.
25. კაირო
საწოლ ოთახში დილის მზის სხივი შემოიჭრა. მურადს თავი ხელზე დაეყრდნო და მძინარე ანას დასცქეროდა. მის მშვიდ სუნთქვას უსმენდა. ქალს მარჯნის ტუჩები ოდნავ გაპობოდა, საიდანაც მარგალიტებივით კბილები მოუჩანდა. უყვარდა მისი ვარდისფერი მარმარილოსგან ქანდაკი სხეულის თვალიერება, რომელიც ახლა დილის მკრთალ სხივებში ბანაობდა. უყვარდა დილა, როცა ქალი ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე იშმუშნებოდა, ავაზასავით მომხიბლავად იზმორებოდა და ძილისაგან თავდაუღწეველი, როცა მორიდების გრძნობა მოდუნებული ჰქონდა, მისკენ მიიწევდა და მთელი სხეულით ეკვროდა. ფრთხილად მოეფერა აბრეშუმივით ნაზ თმებზე, რომლებიც ბალიშზე გაშლილიყო და მისი თეთრი სახე ,,ცეცხლის ალში” გაეხვია. ფრთხილად დაუკოცნა შუბლი, თვალები, ქალმა, ისე რომ თვალი არ გაუხელია, გამშრალი ტუჩები ენით მოილოკა. მურადი ამ უბრალო მოძრაობამ უნებურად აღაგზნო და ტუჩებს დააკვდა, ანამ ღრმად ამოისუნთქა, ისე რომ მკერდის ბორცვები მშვიდ ტალღასავით ამოიწია და ჩავიდა, კაცი ახლა ამ ბორცვებს დაეკონა, იგრძნო რომ ანაც აჰყვა და ორივენი ნეტარების მორევში ჩაიძირნენ. შემდეგ კმაყოფილები და ბედნიერები ბალიშებზე გადაწვნენ.
-შენ თავისუფლებას მოითხოვ, მე კი შენს ყურმოჭრილ მონად მაქცევ. ჩემი თავისუფლება სადღაა?- ღიმილით გადახედა მურადმა.                                                                                                                                                                  -ანა შემოტრიალდა, ნიკაპით მკერდზე დაეყრდნო, კოპები შეჰყარა, მბრძანებლური სახე მიიღო და მიმართა:                                                                                                                                                                                                                  -ჰოდა ჩემო მონავ და ჩემო მბრძანებელო! როდის ინებებთ და კაიროს როდის დამათვალიერებინებთ?
მურადმა თავი გაურკვევლად გაიქნია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              -მაშინ ნება მომეცით, რომ ნასირი, ცოდნის გასაღრმავებლად, ბაქრი ბეის კაიროს მარისტანში  გაჰყვეს.                                                                                                                                                                                                                                                -შენ კიდევ არ იშლი ნასირად ყოფნას? -უკმაყოფილოდ წამოჯდა მურადი.                                                                                                                                                                                                                                                                                                -ძვირფასო, ნასირი, ამ მუსულმანურ სამყაროში, ერთგვარ თავისუფლებას მანიჭებს,- ჩაეკრა ანა მეუღლის ზურგს და ლოყა მიადო. -თანაც ხომ იცი, ის ჩემი სულის ნაწილია.
-კარგი, კარგი! კარგად იცი, რომ მით უმეტეს ამ წუთს, უარს ვერ გეტყვი,- მურადი სწრაფად მოტრიალდა, ცოლი მუხლებზე გადაიწვინა და ეამბორა.                                                                                                                                                                          -მხოლოდ  იცოდე, რომ მარტო ნაბიჯსაც არ გადადგამ და ბაქრი ბეის ტკიპასავით არ მოშორდები.
ცოტა ხანში ორივენი წამოდგნენ. მურადი სულთანის სასახლისკენ გაემართა. ანამ ნასირის ფორმა მოირგო, ბაქრი ბეისთან შესრიალდა, უკანა მხრიდან ჩუმად მიეპარა და მხრებზე  მოეხვია. მოხუცი თავის ხელნაწერებს ჩაჰკირკიტებდა და ასწორებდა.
-მურადმა ნება დამრთო და ჩვენ მარისტანის დასათვალიერებლად მივდივართ.-სწავლულმა ანას უაზრო თვალებით ამოხედა, ის თავის ნაშრომში იყო მთლიანად ჩაძირული.- ჩემო საყვარელო მამილო,- მოფერებით მიმართა ანამ, -ხომ გამაცნობ იქაურ დასტაქრებს, ამბობენ შენი მეგობარი რაშიდ ბეი ბრწყინვალე მეანიაო.
საბრალო მოხუცმა ამდენ მოფერებას ვერ გაუძლო, აღარ გაუძალიანდა და ჩაიბუზღუნა:                                      -ჰო კარგი, წავიდეთ, გასეირნება მეც არ მაწყენს, რამდენი ხანია კაიროში ვარ და ჯერ წესიერად არც გამივლია, -ხელნაწერები წინ მისწია, ისე რომ არ აულაგებია და განაგრძო,- იბნ-თულუნის მეჩეთი რომ არ მოვილოცე არ მეპატიება. ეს მეჩეთი მექასა და ბაღდადში მიმავალ მომლოცველთათვის შუალედური პუნქტია, სადაც ისინი ისვენებენ და ხანგრძლივი გზის წინ ლოცულობენ ხოლმე, ამიტომაც იქ უამრავი ადამანი ირევა და შეიძლება ვინმე ჩემს ნაცნობს, ან სწავლულ დევრიშსაც გადავეყაროო.
მოხუცი სწრაფად მოემზადა და ორივემ მარისტანისკენ გასწია. თან, რა თქმა უნდა, მცველად ალი გაიყოლეს.
მარისტანი, ქალაქის ცენტრში სულთან კალოუნის მიერ აშენებული დიდი კომპლექსის ნაწილი იყო. კალოუნმა, ძველი დინასტიის ფატიმიდების სასახლის ადგილას, აღმართა ახალი, ბრწყინვალე სასახლე, კაიროს სიამაყე და მშვენება, რომელსაც ხაზი უნდა გაესვა ახალი დინასტიის სიმიდირის, დიდებულებისა და ძლიერებისთვის. ამ კომპლექსში, რომელსაც მთელი კვარტალი ეკავა, შედიოდა სასახლე, მეჩეთი, მავზოლეუმი, რომელშიც თვით სულთან კალოუნისა და მისი ვაჟის ნეშტი იყო დასვენებული, მედრესე(სასულიერო სემინარია) და მარისტანი(ჰოსპიტალი). მთელი ეს შენობები, გარედან შემოვლებული იყო მაღალი ქვის გალავნით, რომლის ზემოდანაც მოსჩანდა მეჩეთის სამ იარუსიანი მინარეთი და მავზოლეუმის სფერული, ზევით ოდნავ წამახვილებული გუმბათი. ფასადის მოპირკეთებისათვის გამოყენებული იყო ჭადრაკულად განლაგებული აგურისფერი, თეთრი და რუხი ქვა, რაც  მშვენიერ რადიალურ ნახაზს ქმნიდა. მაგრამ ანა ყველაზე მეტად მდიდრული, დიდი ოსტატობით გაკეთებული ჩუქურთმებით მოიხიბლა, რომლებიც, როგორც ფაქიზი მაქმანი მარისტანის თაღებს ევლებოდა და კედლებს ამშვენებდა. ანა აკვირდებოდა ამ უმშვენიერეს ჩუქურთმათა ხვეულებს, ცდილობდა დაეხსომებინა და ნაქარგში გამოეყენებინა.
მარისტანში მოღვაწეობდნენ მთელ აღმოსავლეთში განთქმული მკურნალები, განსაკუთრებით დიდად წარმატებულები ქირურგიაში, ოფთალმოლოგიასა და გინეკოლოგიაში. ალ ბაქარი ალ ნუვაირს და მის შრომებს მედრესეშიც და მარისტანშიც კარგად იცნობდნენ. მის ცოდნას დიდად აფასებდნენ, სამუშაოდაც იწვევდნენ, მაგრამ ბაქრი ბეი, თავის ნაშრომზე მუშაობის გამო, უარს აცხადებდა. მარისტანის მმართველი, მისი დიდი ხნის ნაცნობი და სწავლული რაშიდ ბეი იყო. ის სტუმრებს სიხარულით მიეგება და თავისი სამუშაო ოთახისკენ გაუძღვა. ბაქრი ბეიმ ნასირი გააცნო, როგორც თავისი მოწაფე და მისი სურვილიც გაანდო. ნასირი ზრდილობიანად მიესალმა სწავლულს, მოწიწებით თაყვანი სცა და ხელზე ეამბორა სიტყვებით, -მიხარია, რომ გავიცანი ჩვენი დროის უდიდესი სწავლულიო. მმართველს ქება ესიამოვნა, შემდეგ ნასირს გაესაუბრა, მისი განსწავლულობა მოეწონა და დაწესებულებაში მოღვაწეობის ნება დართო. მიუხედავად ბაქრი ბეის პროტესტისა, წინ თვითონვე გაუძღვა და ჰოსპიტალი დაათვალიერებინა. შემდეგ მსახურს დაუძახა და სტუმრები მედრესემდე მიაცილებინა. მოხუცმა სასახლის მეჩეთი მოილოცა, იბნ-თულუნის მეჩეთის მოლოცვა შემდეგისთვის გადადო. იქედან სახლში დაბრუნდნენ. მართალია, ანას ტყვეთა ბაზარში გავლაც უნდოდა, მაგრამ მოხუცი დაიღალა და ეს საქმეც სახვალიოდ გადადეს.
მეორე დღეს პირდაპირ იბნ-თულუნის მეჩეთისკენ გაემართნენ, რომელიც ქალაქის ცენტრში, სულთანის სასახლის წინ იყო აღმართული. მის უკან, სასახლის შემდეგ, კაიროს დიდებულთა სასახლეები, ბაღები და მოედნები განლაგებულიყო. შიჰაბ ად დინისა და რა თქმა უნდა ასლან ბეის სასახლეებიც ამ კვარტალში იდგა. ალ ჰალაბის სასახლე კვარტლის განაპირას, მყუდრო ბაღნარში იყო ჩადგმული.
თვით მეჩეთი, მუსულმანთა სიამაყე, კაიროს ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა იყო. ის, დაახლოებით IXსაუკუნეში, ეგვიპტის პირველ მბრძანებელს, თულუნიდების დინასტიის დამფუძნებელს აუგია და მისი სახელიც ეწოდა. გამომწვარი აგურისაგან ნაგები მეჩეთი, ალ-მალვიას სპირალური ფორმის მეჩეთის წაბაძვით იყო აშენებული და ქალაქ სამარას არქიტექტურულ ტრადიციებს აგრძელებდა. თუმცა მას მაინც ეგვიპტური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იერი ჰქონა: სისადავე, სიმკაცრე და სივრცის  გამოკვეთილი ორგანიზაცია. ნასირი, რომელიც პატივს სცემდა სხვის სიწმინდეებს,  ძალიან აინტერესებდა, მაგრამ მეჩეთში აღარ შევიდა, და ალისთან ერთად ტყვეთა ბაზრისკენ გასწია.
ახლო აღმოსავლეთში, კაიროს ტყვეთა ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და იაფი იყო. საიდან მოყვანილ და რა ჯურის ტყვეებს არ ნახავდით აქ. ანა შეზარა ამ საშინელებამ, სადაც ადამიანურობა წაშლილიყო და გამყიდველიცა და მყიდველიც, თანამოძმეს როგორც ცოცხალ საქონელს ისე უყურებდა. გამყიდველთა უმრავლესობა სხვადასხვა ჯურის მეკობრეები, მევახშე გადამყიდველები იყვნენ, თვითონ ადამიანის სახედაკარგულები, სხვის გაჭირვებას როგორღა აღიქვამდნენ და ტყვეებს მართლაც არაადამიანურ პირობებში ამყოფებდნენ. ანა საერთოდ დაიკარგებოდა, ალი რომ არ ჰყოლოდა. გამოცდილი ალი ერთი შეხედვით არკვევდა გამყიდველის საქმიანობასაც, თუ ვინ რომელი  ქვეყნის ტყვეებით ვაჭრობდა და დაახლოებით ტყვეთა წარმომავლობასაც.
უცებ გამოძებნა თურქი მეკობრეების გადამყიდველი, ევნუხი მუსტაფა, რომელიც ძირითადად შავიზღვისპირეთის ტყვეებით ვაჭრობდა. ანა ათვალიერებდა ტყვეებს და გული ეკუმშებოდა, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა ყველას იყიდდა და გაანთავისუფლებდა, გალიაში დამწყვდეულ ჩიტსაც ვერ იტანდა და მით უმეტეს ადამიანს!                                                                                                                                                                                                        ალიმ მუსტაფას ჰკითხა,-ქართველი ტყვეები თუ გყავთო,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  - თითქმის ყველა გავყიდე, მარტო ეს გაძვალტყავებულებიღა დამრჩა-უპასუხა მან და ანას, კუთხეში მიკრუნჩხული, ძონძებში გახვეული ქერა გოგონა დაანახა, ასე თექვსმეტი წლისა, რომელსაც გულში  მასზე უმცროსი,  დაახლოებით ცხრა წლის ბიჭუნა ჩაეკრა და დაფეთებული იყურებოდა. პატარას და გალეულს, მამაკაცებისთვის მოსახიბლი ფორმები საერთოდ არ ჰქონდა და არც არავინ იყიდდა.
-ქართველები ხართ?- ჩაეკითხა ანა. გოგონამ დაბნელობისაგან ხმა ვერ ამოიღო.                                                                                                                                                                                                                                                                        -გურიიდან არიან, და-ძმა, საცოდავები, მადლი მოისხი და თუ შეგიძლია შეიძინე,-მშვიდი, მუდარანარევი ხმით უპასუხა ვიღაცამ ქართულად.                                                                                                                                          ანამ მოიხედა და დაინახა ასე 18-19წლის დაკუნთული ჭაბუკი, თავზე ჭრილობით, რომელზეც ქერა თმა მიწებებოდა, სხეულიც რამდენიმე ადგილას დასერილი ჰქონდა და მარჯვენა ხელზე სამი თითი აკლდა.                                                                                                                                                                                                                    -შენ საიდან ხარ? და ამათ ხელში როგორ მოხვდი?-ახლა მას მიუბრუნდა ანა,
-ჩემი ბიძაშვილები არიან, ამათ ვახლდი და ცოცხალი არც დავნებდებოდი, რომ ეს არა,- ღირსებით უპასუხა ახალგაზრდამ და თავზე ხელი დაიდო, -ამათ სხვის ხელში სიცოცხლე არ უწერიათ და ეგებ დაიხსნათ? ამ სიტყვების გაგონებაზე გოგონა უცებ წამოდგა და ანას მუხლებზე მუდარით მოეხვია. ანას თვალზე ცრემლი მოადგა, თავისი ტყვეობა გაახსენდა. ეს ჭაბუკიც მის ძიძიშვილ თორნიკეს აგონებდა, რომელიც ვინ იცის ბედმა სად მოისროლა. ალის უბრძანა სამივე ტყვე შეესყიდა და სასახლეში წამოეყვანა.
ტყვეები დაბანეს, მოაწესრიგეს, ჩააცვეს, დააპურეს და მოასვენეს. უთხრეს, რომ ისინი ბატონმა შეისყიდა, თავის დას აჩუქა და ამიერიდან ქალბატონს მოემსახურებიან. მას კი ხვალ შეხვდებითო.
  ანამ ყოფილი ტყვეები ბაღის ფანჩატურში მოაყვანინა. ახლა დასვენებულები და მოვლილები უფრო კარგად გამოიყურებოდნენ. სამივენი, ქერა და ცისფერთვალება იყვნენ და ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ. ბიჭს ცოცხალი, გონიერი თვალები ჰქონდა. გოგონა მართალია მაღალი არ იყო, მაგრამ მისგან მშვენიერი, ნაზი და მინიატურული პატარა ქალი დადგებოდა, რომლის ხშირი წამწამებით შემორკალული ღია ცისფერი თვალები, არაერთ მამაკაცს აუჩქროლებდა გულს. სახელიც მშვენიერი ჰქონდა-თამარი. ანა მოეფერა პატარა ლაშას, მათი მწარე თავგადასავალი თანაგრძნობით მოისმინა  და უთხრა:                                                                                                                                                                                                -მე მონები არ მყავს და არც თქვენ გთვლით მონებად. ამიერიდან ჩემი მფარველობის ქვეშ იქნებით და ყველა ჩვენთაგანივით იშრომებთ. ლაშას სასწავლებლად გავამწესებ, ვეცდები იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მივაბარო, თამარ შენ კი მე დამეხმარები, პირისფარეში არ მყავს. შემდეგ ახალგაზრდას მიუბრუნდა:                                                                                                                                                                                                                                                          -მებაღე მჭირდება და შენც ეს საქმე ჩვენი მოხუცი მებაღისაგან შეისწავლე. ერეკლე უხერხულად შეიშმუშნა,- მე მეომარი ვარ, ჩემი საქმე მამლუქობაა,-მორიდებულად ჩაილაპარაკა.                                                                                                          - მებაღეობა საკმაოდ მძიმე, საინტერესო და საპატიო საქმეა-გაუღიმა  ანამ, -თან ჭრილობებიც მოსაშუშებელი გაქვს, -აღარ უთხრა თითები რომ აკლდა, -მერე ვნახოთ. ვეცდები, მომლოცველი ბერების საშუალებით, თქვენს ახლობლებს ხმა მივაწვდინო. თუმცა აქამდე ეს ვერაფრით მომიხერხებია.                                                                                                                                                                                                                                                                                                        -დიდი მადლობელი ვართ, თქვენი მუხლების ჭირიმე, გვიმსახურეთ, -დაიჩოქა მადლიერების გრძნობით აღსავსე ერეკლემ,- თქვენთვის თავს გავწირავ, თქვენ რომ არა.. და მღელვარებისაგან ხმა ჩაუწყდა.
ლაშა, მოწაფედ და დამხმარედ, ბაქრი ბეის მიაბარეს. ისიც ღრუბელივით ისრუტავდა ყველაფერს და ბაქრი ბეი მისით ძალიან კმაყოფილი იყო. მღვდლის შვილები იყვნენ და ქართულ-ბერძნული წერა-კითხვა სამივემ იცოდა. რამდენიმე თვეში თამარი შეივსო, დამშვენდა, სევდიან თვალებში სიმშვიდე ჩაუდგა, უხდებოდა მწიფე თავთავისფერი სქელი ნაწნავები. თავდახრილი დადიოდა, გეგონებოდა მისი მაღალი ნაზი კისერი მათ სიმძიმეს ვერ უძლებდა. სასახლეში უხმოდ, მსუბუქად დასრიალებდა და თავის საქმეს სწრაფად ასრულებდა. ანა ძალიან შეუყვარდა, აღმერთებდა, მადლიერი იყო ძმას რომ არ დააშორა და აღარ იცოდა რით მომსახურებოდა. ანაც შეეთვისა ამ ჩუმ და ნაზ არსებას. ერეკლეც გაიტაცა მებაღეობამ, მოხუცს ყურადღებით უსმენდა, ბაღში ანასთან ერთად დაფუსფუსებდა, ორივენი გატაცებით არჩევდნენ ყვავილებს და გარმოს ამშვენიერებდნენ. ბაღში სარწყავი სისტემა ააწყო და ბაქრი ბეის სთხოვა მცენარეთა შესახებ რაიმე წიგნი ხომ არ გექნებათო.
26
ერთ საღამოს მურადი უგუნებოდ დაბრუნდა. საფიქრალი მართლაც ჰქონდა. შიჰაბ ად დინმა საიდუმლოდ აცნობათ, რომ სულთანი შეთქმულების საქმეს არკვევს და ავი ენები ცილს ალ ჰალაბს სწამებენო. თუკი ეს დადასტურდა და სულთანმა ალ ჰალაბის უდანაშაულობა არ იწამა, კარგად არც მისი მეგობრების საქმე იქნებოდა. არავინ დაიწყებდა გარკვევას დამნაშავე ხარ თუ არა, ეჭვიანი და განრისხებული სულთანისთვის, მხოლოდ მეგობრობაც საკმარისი იქნებოდა. ბუნებით გულმართალ მურადს სასახლის ინტრიგები, აღმოსავლური ცბიერება და დასმენა ჭირივით ეჯავრეოდა. მტერთან პირისპირ შებმა ერჩივნა და არა რაინდობისთვის დამამცირებელი მუხანათური ხანჯალი და საწამლავი, რაც სულთანის სასახლის კარზეც და არამარტო აქ, არამედ ევროპელი მონარქების კარზედაც, ასე  ხშირად გამოიყენებოდა.
ანა მეუღლეს გვერდით მიუჯდა, მოეფერა, შეჭმუხნულ შუბლზე ხელი ნაზად გადაუსვა. მურადმა ხელი მოხვია და ჩაფიქრებულმა გულში ჩაიკრა. საჭიროებამ თუ მოითხოვა მისიანების გახიზვნა მოუწევდა, თუმცა ანას ჯიუტი ხასიათი და განსაცდელისადმი შეუპოვრობა რომ იცოდა, ეს საძნელო საქმედ ეჩვენებოდა.                                                                                                                                                                                                                                                          -დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. დამშვიდდი, -ჩასჩურჩულა ანამ,                                                                                                                                                                                                                                                                                                                -არც ისე ადრე, თუ პირველი ვაზირი შეუჩნდა,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    -ვაზირი რომ მოვისყიდოთ? საჩუქრებით?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      -არაფერი გამოვა, ჩვენზე განაწყენებულია. თუმცა სულთანთან მისაგზავნად სხვებს გამოვიყენებთ.                                                                                                                                                                                                                                                              - ჰოდა ნუ დარდობ, ყველაფერი მოგვარდება,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            -გვეყოფა ამაზე საუბარი, ჩემო სიცოცხლევ-გაუღიმა მურადმა,                                                                                                                                                                                                                                                                                                                          -მე, ვიცი როგორ გაგამხიარულო, წამოხტა ანა და დარბაზიდან სწრაფად გავიდა.
ცოტა ხანში მურადს დაირის ხმა შემოესმა, გაიხედა და ანა დაინახა, აღმოსავლელი მოცეკვავის, ფირუზისფერი კაბა ჩაეცვა, მხრები, მკლავები და წელი მოშიშვლებული ჰქონდა, ნახევრადგამჭვირვალე ქსოვილში, მისი ნატიფი სხეული მთლიანად ილანდებოდა. დაირას ბროლის თითები მკვეთრად შემოჰკრა, ააჟღრიალა, მხრის ზევიდან მაცდურად გაუღიმა და დაბზრიალდა. უკრავდა ანა და თან დაირის რიტმზე ცეკვავდა. ცეკვავდა დიდი ხელოვნებით, ცეცხლოვანად, გამომწვევად, ისე რომ მაყურებელს აჯადოებდა, აღაგზნებდა და ითრევდა. მოხიბლულ მურადს ყველაფერი დაავიწყდა და მისი ფერიის ცქერით ტკბებოდა. შემდეგ წამოდგა, მკლავები გაშალა, მათში მობზრიალე ანა მოიმწყვდია, ჰაერში აიტაცა და მასთან ერთად  შემობზრიალდა.
   
- ოდესმე შეწყვეტ ჩემს გაგიჟებას ჩემო სულდგმავ? და არის რამე რაც შენ არ შეგიძლია? -ვნებამორეული აღტკინებით ეჩურჩულებოდა და ეხვეოდა მურადი. ხელში ატაცებული ანა დაბლა ჩამოცურდა, თვითონ მოძებნა მისი ტუჩები და ზედ დაადნა. შემდეგ ორივენი ზღვაში ჩაიძირნენ და იყო ცხელი ქვიშა, მოლივლივე ტალღები, ვარსკვლავები.. როცა გამოფხიზლდნენ ზღვა და ქვიშა სადღაც გამქრალიყო. იწვა მხოლოდ ორი გათანგული სხეული.   
27
  ანა ფანჩატურში ტახტზე წამოწოლილიყო და ალის მონათხრობს ჩაფქრებული უსმენდა, ცდილობდა სულთანის კარის ინტრიგებში გარკვეულიყო, თან თავის ნებიერ ეგვიპტურ კატას-კლეოპატრას ეფერებოდა. ალი მურადს სასახლეში ყოველთვის თან ახლდა და სანამ ბატონი ზევით იყო, ის ქვევით დაძვრებოდა, თითქმის ყველა დიდგვაროვანის და მოხელის მსახურს იცნობდა, ემეგობრებოდა, პატარა საჩუქრებს ჩუქნიდა. გასართობ დაწესებულებებშიც ერთად დადიოდნენ. ქუჩაში მოძრაობისას თავისი გოლიათური ძალით გზას უკვალავდა, მაწანწალებს აფრთხობდა და მათ გულს ამითაც ინადირებდა. ასე რომ ის სასახლის კარის ინტრიგებისა და ყველა საქმის კურსში იყო და თავისი გათვითცნობიერებულობით ასლან ბეისაც კი აოცებდა, რომელიც მურადს საყვედურობდა: - ამ კაცს სათანადოდ ვერ აფასებ და ვერ იყენებო. ალი განსაკუთრებით ვაზირ საიფის სასახლის ბინადართა გაცნობას ცდილობდა, იქ არსებული საქმეების კურსში რომ ყოფილიყო. ვაზირს შურიანი ხასიათის გამო ვერ იტანდა და საშიშ კაცად მიაჩნდა.                                                                                                                            ახლაც, ანას სასახლის ახალ ჭორებს რომ უყვებოდა, გააფრთხილა:                                                                                                                                                                                                                                                                                                                    -იცოდეთ, საფრთხე ყველაზე მეტად, ვაზირ საიფისა და მისი ამპარტავანი ქალიშვილისაგან არის მოსალოდნელი.                                                                                                                                                                                          -ეს ვაზირი რას გადაგვეკიდა, ასეთი რა დავუშავეთ?-ფიქრიანად ჩაილაპარაკა ანამ,                                                                                                                                                                                                                                                                        -მურადმა აწყენინა ერთხელ და გულღრძომ ვეღარ დაივიწყა. თანაც ალ ჰალაბის წარმატება შურს.
-გუშინ ყური მოვკარი, რომ სულთანის მამლუქებს თქვენი თანამემამულეები შეუპყრიათ და დილეგში ჩაუგდიათ,-გახედა ალიმ ანას,                                                                                                                                                                                                          -მართალი ამბავია? მაინც ვინ არიანო?-ყურადღება დაძაბა ანამ,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          -ამბობენ იერუსალიმში მოსალოცად მიმავალი ქართველი ბერები არიანო, სახელგანთქმული ქართველი მეფის, გიორგი V-ს მსტოვრებას აბრალებენ და მათ დასჯას აპირებენ.                                                                                                              -ღმერთო! ასე ხელაღებით რას ერჩიან,- წამოდგა აფორიაქებული ანა და კატა ხალიჩაზე ჩამოაგდო, ცხოველი უკმაყოფილოდ აიმრიზა, არ ესიამოვნა უდიერი მოპყრობა.                                                                                                                                          - გაიგე ვის ხელში არიან და ვისზეა დამოკიდებული მათი განთავისუფლება. როგორმე უნდა დავეხმაროთ, უნდა დავიხსნათ!- ბოლთას სცემდა აღელვებული ანა.                                                                                                                      -ვეცდები ყველაფერი გავიგო- თავი დაუკრა ალიმ და ბაღიდან გავიდა. 
ანა ვერ ისვენებდა. სახლში დაბრუნებულ მურადს გამოცვლაც კი არ აცალა, ისე მიაყარა:                                                                                                                                                                                                                                                    -მურად! ქართველი ბერები შეუპყრიათ და როგორმე უნდა დავეხმაროთ!                                                                                                                                                                                                                                                                                          -ხომ არ გაგიჟდი, ისედაც საფრთხის წინაშე ვდგევართ!- უხეშად მოუტრიალდა მურადი.                                                                                                                                                                                                                                                                                      -ჩვენ, ყველანაირად შევეცდებით რომ დავეხმაროთ!-არ შეეპუა ანა და განაგრძო,                                                                                                                                                                                                                                                                                  -ნუ გავიწყდება რომ მე ქართველი ვარ და ქრისტიანი. და შენთვის ეს არც დამიმალია!                                                                                                                                                                                                                                                                -ეს შენ დაგავიწყდა რომ ეჭქვეშ ვართ! გინდა თავს სულთანის რისხვა დავიტეხოთ?- თვალები მრისხანედ დააკვესა მურადმა და გაიფიქრა,-მაინც რამდენს ბედავს ეს გურჯი ქალი.
აღშფოთებული ანა ფეხზე წამოდგა და მურადს მკაცრად მიმართა:                                                                                                                                                                                                                                                                                                                              - მართალია, თავს პირველ რიგში მამლუქად თვლი, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ შენი ისტორიული სამშობლო საქართველოა და მისი დახმარება ჩვენი მოვალეობა.
მურადის წინაშე, ამჯერად სულ სხვა ანა იდგა. იდგა მრისხანე დედოფალი, ამაყი და შეუპოვარი. რისხვისაგან სახე გაფითრებოდა და ნესტოები უთრთოდა, იისფერი თვალები ჩამუქებოდა და გაფართოებოდა, იდგა თავის მრისხანებაშიც მშვენიერი და მომხიბლავი, მურადის ერთადერთი სისუსტე და სიყვარული.             
-განა შეიძლება ქალს უფლება მისცე მამაკაცურ საქმეში ჩაერიოს?-ჯანყდებოდა მურადის მბრძანებლური, დამოუკიდებლობის მოყვარე გონება, -მაგრამ კარგად იცოდა, რომ ანა იყო სწორედ ის ერთადერთი ქალი, რომელიც არანაირ კანონებს არ ემორჩილებოდა და თავის სინდისს მიჰყვებოდა. იცოდა ისიც, რომ მის გარეშე, მისი ამაყი, თავისუფლებისმოყვარე სულის გარეშე, ცხოვრება არ უღირდა. სწორედ იმ ხასიათის გარეშე, მედგრად რომ ხვდება ყველა გასაჭირს, რაც მას არაერთხელ კიდეც დაუმტკიცა.  ანა მიხვდა, რომ მურადი მოლბა, მიუახლოვდა და მოეხვია: -მაპატიე, მაპატიე თუ უნებურად გაწყენინე, შენი გულისტკენა არ მინდოდა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          ჩაფიქრებული მურადი უსიტყვოდ მოეხვია.
28
  მართალია მურადს მოხელეების მოსყიდვა დიდი ფული დაუჯდა, მაგრამ შიჰაბ ად დინის დახმარებით მაინც მოახერხა ტყვეთა განთავისუფლება და ახლა სტუმრად თავის სახლში მიჰყავდა. ესეც დიდი გაუფრთხილებლობა იყო, მაგრამ ანას თხოვნაზე უარი ვეღარ უთხრა. მოსულთ ანა დარბაზში შეეგება, ქრისტიანულად მუხლი მოიყარა და დალოცვა ითხოვა. გაკვირვებული დარჩნენ ბერები, არ მოელოდნენ ამ შუაგულ კაიროში, მამლუქის ოჯახში სახედაუბურავი დიასახლისი თუ დახვდებოდათ და ქრისტიანული წესით დალოცვას ითხოვდა. ანა წელში გაიმართა და ერთ-ერთი ბერის დაკვირვებულ მზერას შეეფეთა, გაუკვირდა, თვალები დახარა, შემდეგ კვლავ ასწია, ბერს თვალებში შეხედა და გონება ელვასავით გაუნათდა.
-იაკობ!- იკივლა, ყელზე მოეხვია და ატირდა.                                                                                                        იაკობმა თავზე ხელი მამაშვილურად დაადო და ცრემლმორეული ამშვიდებდა. მან, როგორც კი დაინახა და მისი მზერა დაიჭირა, ანა მაშინვე იცნო. ანდა, მის ტბასავით უძირო მშვენიერ თვალებს, რა დაავიწყებდა. ანა ცოტათი შეცვლილიყო, დასრულებულიყო და წარმტაც ასულად გადაქცეულიყო. და ახლა ტიროდა ბერის მკერდზე მიყრდნობილი მისი პირველი სიყვარული, დაკარგული და ხელახლა ნაპოვნი. ბერიც ეფერებოდა და გული სევდანარევი სიხარულით ევსებოდა. კარგა ხანს ტიროდა ანა, დასტიროდა მის წარსულს, აქამდე გამოვლილ ყველა ტანჯვას. იაკობსაც, მისი გატანჯული სულის საცოდაობით, გული ეთუთქებოდა და ფიქრობდა ,,ვინ იცის ახლაც, ამ დიდებული მამლუქის ჰარამხანაში, საიდანაც თავს ვერასოდეს დაიხსნის, როგორ იტანჯება”. ბოლოს ანა დამშვიდდა, მასპინძლის მოვალეობა გაახსენდა და ბრძანა სუფრა გაეწყოთ. ტრაპეზის დროს ბერებს თანდათან თავისი ოდისეა მოუყვა. ბერები გაოცებულები ისმენდნენ, ზღვაში მისი გადარჩენაც სასწაულს მიაწერეს, სად გაგონილა თევზს კაცი გადაერჩინა! ნამდვილად ღვთის სასწაულიაო. გვიანობამდე ისაუბრეს. ანამ მათგან გაიგო, რომ მამა გარდაცვლილიყო და დადიანების საერისთავოს მისი ძმა მამია მართავდა, რომ საქართველოს ახლა ბრწყინვალე მეფე-გიორგიV ჰყავდა, დემეტრე თავდადებულის ვაჟი, რომელმაც ქვეყნის გაერთიანება და ქვეყანაში სიმშვიდის დამყარება მოახერხა და რომ დადიანებიც, შერვაშიძეებიც, გურიელებიც, ამჟამად მის სამსახურში  იყვნენ და გვერდში ედგნენ. გაიგო იაკობის ბერად შედგომისა და წმინდა მთაზე მოგზაურობის ამბავი და რომ ის ახლა იერუსალიმის სიწმინდეების მოლოცვას აპირებდა. მოსასვენებლად გვიან დაიშალნენ, ლამის თავზე დაათენდათ.
ღამით ანა მადლიერებით ეხეოდა თავის მეუღლეს, მურადი კი დუმდა, ეჭვის ჭია ახრჩობდა. როგორ უნდოდა ყველაფერი სცოდნოდა მის შესახებ! რადგან თვალის დახუჭვას, ყოველთვის ჭეშმარიტების გაგებას ამჯობინებდა. მაგრამ ანა, როცა საქმე წარსულს ეხებოდა, გულს ისე ძუნწად უხსნიდა და ისეთი გულჩათხრობილი იყო რომ.. .. არ უყვარდა გახსენება.                                                                                                                                                -მაინც რა იცოდა ამ ქალზე? ვინ არის ის? რა მოუშუშებელ ჭრილობებს ფარავს მისი სახის ნათელი? ან რა იფარება მისი ქალური მომხიბლაობის ქვეშ? გულუბრყვილობა თუ ვერაგობა? –ფიქრობდა განაწყენებული მურადი. მისი წარსული მას არ ეკუთვნოდა და აი წარსულის აჩრდილები წამოიმართნენ და სურთ საყვარელი არსება წაართვან.
ან თუნდაც ვინ იყო ის ბერი, ანა რომ მის თვალწინ კისერზე ისე ჩამოეკიდა, რომ არც კი მორიდებია?- ანას მისი არსებობა თითქოს დავიწყებოდა და მურადს ეჭვიანობისგან გული ეფლითებოდა. ისიც შენიშნა, როგორი სიყვარულით უყურებდა ბერი ანას. ძალიან თავშეკავებული იყო, მოწიწებული, თავი არაფრით გაუმჟღავნებია, მაგრამ მურადმა, შეყვარებული კაცის ალღოთი, იგრძნო მისი გულისტკივილი და ეჭვით გული დაესერა. ვაითუ ანასაც უყვარდა. ანა მისი იყო, მისი საკუთრება, მაგრამ მას მისი უსაზღვრო სიყვარულიც სჭირდებოდა. მისი გული კი ვის ეკუთვნოდა? ან ვინ შეეცილებოდა მის ფლობაში?- იტანჯებოდა ვაჟკაცი, ბრაზი მოსდიოდა თავის თავზეც და ანაზეც. წყევლიდა ყველაფერ იმას, რაც ანას გონებაში წარსულიდან ამოტივტივდებოდა და მასთან აშორებდა. არასოდეს შეუგრძვნია ასე იჭვნეულად და გაშმაგებით, რომ ეს ქალი მისი იყო და სხვას ვერავის დაუთმობდა. არა, არავითარ შემთხვევაში თავს არ დაანებებს და არც მის მოგონებებთან მარტო არ დატოვებს.. ეჭვით გათანგული მურადი ანას მიუბრუნდა და თითქმის ძალით, მთელი თავისი მძვინვარებით და სიყვარულით დაეუფლა. იცოდა, რომ მისი ეჭვებისა და ტკივილის და ასევე ანას მწარე ფიქრებისა და მოგონებების გასაქარვებლად, ერთადერთი ხსნა მასთან შერწყმა და სიყვარულის მორევში შთანთქმა იყო. როცა თავისას მიაღწია, სიშმაგე და მძვინვარებაც დაუცხრა და ახლა მეუღლეს უკვე ნაზად ეფერებოდა, ცდილობდა მისი აფორიაქებული სული დაემშვიდებინა და მისი ჭრილობები თავისი მხურვალე სიყვარულით მოეშუშებინა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    ბერები სამ დღეს სტუმრობდნენ, მოსალოცად იჩქაროდნენ და მეტ ხანს ვერ დარჩებოდნენ. თვალცრემლიანმა ანამ სთხოვა დაელოცათ, იაკობს ახლობლებთან მოკითხვა დააბარა და უთხრა, რომ სანამ ის ცოცხალია, ქართველ პილიგრიმებს და მეფე გიორგის, ეგვიპტის სასულთნოში, მისი ოჯახის სახით, მხარდამჭერი და დამხმარე ყოველთვის ეყოლებოდა. იაკობს, ჯვრის მონასტრისთვის, დიდი შესაწირი გაატანა. სთხოვა ტყვედყოფილი პატარა ლაშა თან გაეყოლებინათ და აღსაზრდელად ჯვრის მონასტრის მამებისთვის მიებარებინათ. აზრი თამარსაც ჰკითხა. თამარს მართალია ძმასთან განშორება ეძნელებოდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ბიჭისთვის ასე აჯობებდა. გულში ჩაიკრა პატარა ვაჟკაცი და დაჰპირდა თუ საშუალება მიეცემოდა მოინახულებდა. სასურველი სტუმრები გულდაწყეტილებმა გააცილეს.
29
    იაკობის მამა თევდორე, დემეტრე მეორის კარზე დაბრუნების შემდეგ, მას აღარ მოშორებია და როცა დემეტრემ, მონღოლებთან გამგზავრების წინ, დედოფალი და უფლისწული ტაოს გახიზნა, ისიც თან გააყოლა. ერთგული თევდორე ოჯახიანად ტაოში გადაბარგდა და ბექა ჯაყელთან ერთად მომავალი მეფის აღზრდაში მონაწილეობდა. მისი შვილი იაკობი, გიორგის კბილა იყო და ბიჭები დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებდნენ.
როცა სამეგრელოდან მობრუნებულმა იაკობმა, ანას გაუჩინარების შემდეგ, სამოღვაწეოდ მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, ის ხახულის სავანეში ბიძასთან წაიყვანეს. ბიძამ, დისშვილი ლავრის წინამძღვარ მაკარის წარუდგინა, რომელსაც მოეწონა თავმდაბალი, ნიჭიერი ყმაწვილი და წმინდა კურთხევით აკურთხა. განსანათლად იაკობი ანტონ ბერს მიაბარეს. ანტონი იყო დიდი მეცნიერი, ღვთისმეტყველ-ფილოსოფოსი, სხვადასხვა ენებიდან მთარგმნელი, მჭერმეტყველი, მშვენიერი მთხზველი და მქადაგებელი. იაკობი საკვირველი სისწრაფით ითვისებდა ენებს. იცოდა ბერძნული, სპარსული, არაბული, სომხური, მონღოლური, იუღურული. არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა და ერთი წაკითხვით იმახსოვრებდა ტექსტებს. და მისი ბადალი ,,არც ნიჭიერებით, არც განსწავლულობით, არც გულის სისრულით, არც სულის სიმძლავრით და ზნეკეთილობით, არავინ იყო”.
  ამასობაში  მამამისი თევდორე გარდაიცვალა და ბექა ჯაყელმა იაკობს სთხოვა, უფლისწულის მეგობრად და მასწავლებლად, კვლავ სასახლეში დაბრუნებულიყო. იაკობმა ჯაყელის კარზე რამენიმე ხანი დაჰყო და როცა გიორგი მეფედ აკურთხეს, იგი ისევ ხახულს დაბრუნდა, სადაც მისმა მასწავლებელმა ღირსმა ანტონმა ის ბერად აკურთხა. ამის შემდეგ  მან მარტვილობა გადაწყვიტა. სურდა იერუსალიმი და იქაური წმინდა ადგილები მოელოცა. მართლაც ერთ უკუნ ღამეს სავანიდან უჩუმრად გაიპარა. ხახულის სავანის მთელი საწმყსო ძალიან შეწუხდა, გიორგი მეფემ მდევარი დაადევნა. მაგრამ იაკობმა ხერხი იხმარა. გზაზე მიმავალ მაწანწალას სამოსი გაუცვალა, მისი ძონძები გადაიცვა და გზას გაუდგა. დიდი შრომითა და ჯაფით იარა და სირიის უდაბნოში შავ მთას-,,მთა წმინდა”-ს მიადგა. აქ მან ყველა მონასტერი და სალოცავ-სავედრებელი მოიარა, მოილოცა, იქაურ მამათა ლოცვა-კურთხევა მიიღო. შავი მთის სამონასტრო ცხოვრების წინამძღვარმა ის დაიმოწაფა. სამი წლის შემდეგ მან ეს ბრძენი და გონიერი ჭაბუკი სქემით აკურთხა და იერუსალიმში, წმინდა ადგილთა მოსახილველად და მოსალოცავად გაუშვა. იაკობმა მოიხილა და მოილოცა იერუსალიმი. იქედან ათონის მთას მიაშურა, სადაც ის დიდი სიხარულით მიიღეს.
  ამ პერიოდში ბერძნებს, ათონის მთის ქართული სალოცავები, ძალმომრეობით ჰქონდათ  ხელში ჩაგდებული და ქართველ ბერებს საშინლად ავიწრიებდნენ. იყო ცემა, გვემა, ქურდობა, წაგლეჯა, მზაკვრობა, ცილისწამება, ღამით, ქურდულად ფხეკდნენ ქართულ წარწერებს და ბერძნულად აწერდნენ.  ამსხვრევდნენ ქართულ წარწერიან ქვებს. ქართველი ბერები  მაინც მხნედ და თავგანწირვით იბრძოდნენ.  მაგრამ ცოტანი იყვნენ. როცა იაკობი ათონის მთაზე სამოღვაწეოდ მოვიდა, ქართველებმა ბერძნებს კონსტანტინეპოლის კეისართან უჩივლეს. კეისარმა მათი თხოვნა შეწყნარა და დასხდნენ ,,ბჭობად” ბერძნები და ქართველები. ამ შეკრებაზე იაკობი ბრწყინვალე სიტყვით გამოვიდა და დამსწრეები თავისი განსწავლულობითა და მჭერმეტყველებით გააოცა. ბერძნები იძულებული იყვნენ ქართველთა სიმართლე ეცნოთ.
  გიორგი  მეფის თხოვნით იაკობი ისევ საქართველოში დაბრუნდა. მას, მთელი სამეფო კარი, დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდა, დედოფალმა მარიამმა კი იქვე, მთაწმინდის ლავრის შესაწირავად, ერთი ლიტერა ოქრო გადასცა. გიორგი მეფემ სიყრმის მეგობარს სთხოვა გარდაცვლილი ჭყონდიდელის ნაცვლად, ჭყონდიდელობა ეტვირთა, მაგრამ მან უარი უთხრა და ისევ ათონის მთას დაუბრუნდა. იქედან კი კვლავ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მოსალოცად გაეშურა. სწორედ მაშინ აიყვანეს ტყვედ ეგვიპტელებმა და მსტოვრობა დასწამეს. ესეც უფლის ნება იყო ალბათ, ანას რომ შეხვედროდა და თავისთვის არა, მაგრამ თუნდაც სამშობლოსათვის მისი ერთი ბედკრული შვილი დაებრუნებინა. ანას რომ გამოემშვიდობა ჯვრის მონასტრისაკენ გასწია. მაშინ ჯვრის მონასტერი ახალი აღმშენებლობით შენდებოდა და განძის დიდი ნაწილი იაკობმა ამ საქმეს შესწირა.Nდანარჩენი ნაწილი შავი მთის სავანეს. აქაც ბერძნები ქართველებს ისევ მტრობდნენ და ექიშპებოდნენ. ისინი ანტიოქიის ახალ პატრიარქს თევდოსი სამეუფოელს ეახლნენ და შეევედრნენ:
- მოგვაშორეთ ეს უცხოთესლთაგანნი, რომლებიც თავს ქართველებს უწოდებენ, საერთოდ კი არავინ იცის ვინ არიან, ან რა სარწმუნოებისო.- პატრიარქს გაუკვირდა,- კი მაგრამ ისინი ხომ ჩვენსავით მართლმადიდებლები არიანო?- და ამ საკითხის დასაზუსტებლად მან საღმრთო წიგნების მცოდნე რომელიმე ქართველი ბერი დაიბარა.
ქართველებმა მასთან იაკობი გაგზავნეს. ის ანტიოქიის წინამძღვრის  წინაშე გამოცხადდა, მადლი მიუგო და საპაექროდ გაემზადა. წინამძღვარმა იაკობი პირისპირ დაისვა, გაესაუბრა და მისი განსწავლულობით განცვიფრებულმა უთხრა: ,,კურთხეულ არს ღმერთი რომელმაც მახილვინა მე სიწმინდე შენი”. მაგრამ ბერძნები თავისას არ იშლიდნენ და გაიძახოდნენ:                                                                                                                                                                    -რა უფლება აქვთ ქართველებს, რომ მათი ეკლესია და მღვდელთმთავრები არცერთ პატრიარქის ხელმწიფებას არ ექვემდებარებიანო და რატომ განაგებენ დამოუკიდებლად საეკლესიო წესს, როცა მათი ქვეყნის მიწაზე ათორმეტ მოციქულთაგან არცერთს ფეხი არ დაუდგამსო. ქართველები ვალდებულნი არიან ანტიოქიას, ამ მოციქულთა საყდარს, დაემორჩილონ. -ეს საყვედური პატრიარქს სამართლიანად მოეჩვენა და კითხვით მზერა იაკობს მიაპყრო. მან წარბიც არ შეიხარა და სთხოვა მოეტანათ წიგნი ,,მიმოსვლაი ანდრია მოციქულისაი”. Mმოიტანეს ნაშრომი, გადაუშალა წიგნი და პატრიარქს  საკუთარი თვალით წააკითხა, ორი დიდი მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის მოგზაურობა საქართველოში, ქრისტეს სჯულის ქადაგება და დასძინა:                                                                                                                                                                      - მინდა გითხრათ, რომ სვიმონ კანანელმა თავისი წუთისოფელიც საქართველოში დაასრულა და ქართულ მიწაშივე დაეფლა.                                                                                                                                                                                                          შემდეგ პატრიარქს მიუბრუნდა და  ჰკითხა:                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      - მითხარით ანტიოქიის საყდარი ვის განეკუთვნება?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  -პეტრე მოციქულს!-ამაყად  უპასუხა პატრიაქმა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  -პეტრეს ადრე რა ერქვა?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  -სიმონი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  -მერე სიმონს პეტრე ვინ უწოდა?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          -მისმა ძმამ ანდრიამ.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                -მაშ ანდრია მწოდებელია, ხოლო პეტრე წოდებული, ასეა?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  -ჰო,ასეა, მერე?                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    -ე.ი. მწოდებელს საქართველო გაუნათლებია, ხოლო წოდებულს-ანტიოქია?                                                                                                                                                                                                                                                                                                                          -ჭეშმარიტად,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  -და თუ საქართველოსა და ანტიოქიის საწმყსოთა შეერთება აუცილებელია, ვინ ვის უნდა დაემორჩილოს მწოდებელი წოდებულს, თუ პირიქით წოდებული მწოდებელს?                                                                                                                                                                                                                                                      -ჰოო, მართალია,- ბუტბუტებდა დაბნეული ანტიოქიის პატრიარქი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                -თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ქართველებს მას შემდეგ რაც ქრისტეს ეზიარნენ, ქრისტეს სჯულისთვის არასოდეს უღალატიათ, თქვენ კი ბერძნები ღალატად რამდენჯერ მიიდრიკეთ? იყო დრო და ჟამი, როცა მართლმადიდებლობა მთელს საბერძნეთში აღარ იპოვებოდა და სწორედ ამის გამო იყო, რომ იოანე გუთელი მცხეთას ჩავიდა და საბერძნეთის კათალიკოსად ქართლის კათალიკოსის ხელით ეკურთხა. -დაასრულა იაკობმა და დადუმდა. ანტიოქიის პატრიარქი იაკობს გადაეხვია და ბერძნები დატუქსა.
საქართველოდან იაკობს, გიორგი მეფისა და დედოფლისაგან გამუდმებით მოსდიოდა წერილები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას და საგანმანათლებლო მოღვაწეობას სთხოვდნენ. იაკობსაც სამშობლო უსაშველოდ მონატრებოდა და გადაწყვიტა დაბრუნებულიყო. ანტიოქიიდან რამდენიმე მოწაფის, მათ შორის ანასაგან წამოყვანილი პატარა ლაშას თანხლებით წამოვიდა. ევფრატამდე უსაფრთხოდ იარეს, შემდეგ საქართველოში მიმავალ ხომალდზე ჩასხდნენ და მის ნაპირებს მშვიდობით მიაღწიეს. მეფემ ძალიან გაიხარა, იაკობს გვერდიდან აღარ იშორებდა და როცა გამოსაზამთრებლად აფხაზეთს გაემგზავრა, მოძღვარიც თან წაიყოლა. იაკობმა  მთელი საქართველო მოიარა, ასწავლიდა, ზრდიდა, მოძღვრავდა, კურნავდა და იყო შუამდგომელი ღმერთსა და კაცს შორის. მდიდრებს გლახაკთა წყალობას ასწავლიდა, გლახაკთ მოთმონებას და გარჯილობას, დაცემულთ რწმენაში განამტკიცებდა.              (იხ. გაგრძელება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს