ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფი მილაძე
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2016


თეთრი სერენადა

ქარია...
ღამეში ისე გაიფანტა მთვარის სინათლე,
როგორც ქალის თმები
საყვარელი ქმრის მკერდზე.
მომენატრა ოცნება,
როგორც თბილ ქვეყნებში გაფრენილ
მერცხლებს ენატრებათ
თავისი გრილი ნისკარტით
შეკოწიწებული ბუდეები.
მოვიწყინე,
როგორც ნაადრევად გაშლილი ვარდია მოწყენილი
ბულბულის მოლოდინში,
ის კი არა ჩანს...
და ყველაფერთან ერთად,
გაუაზრებლად მაწვიმს,
მაწვიმს შენზე ფიქრი...
მთაში, შენს სახლთან
მარტო მდგომი შეგნიშნე,
შემბრალდი
და მოღწევას ვლამობ,
თუმცა მიჭირს,
რადგან ვარ ქალი...
ნეტავ, სად დაქრის შენი ფიქრი, შენი ოცნება!
იქნებ, შენც მნახე მარტო მდგომი,
მიყურებ და შორიდან ტკბები,
უხილავად მიწნავ ყვავილების გვირგვინს,
მაგრამ უყვავილოდ მალე გეშლება
და მერე
სათითაოდ იწყებ
თმაში გვირილების ჩაბნევას...
ლამაზ დღესავით ხანმოკლე და
სევდასავით ხანგრძლივი ხარ!
სულში ტკბილ ტკივილად და
აუწერელ სიხარულად მეღვენთები,
ერთად დავბერდებით,
ღვთის შეწევნით...
გავყვებით დროს,
ხანდახან  მოთოვს
და დამერქმევა შენი სიზმარი.
აგიხდები,
მაშინ, როცა წვიმად მოსულ
ცის ცრემლებით გაგვათბობს ოცნება,
და იმ წვეთებივით
დაღლილ თვალებზე
დამედება შენი თბილი კოცნა...
ნახე,
გაზაფხულმა მერცხლები მოიყვანა
და ცარიელ ბუდეებსაც
აღარ უწევთ მოცდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები