ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
20 თებერვალი, 2016


ჭირისუფალი

ზაირას მამამთილი გარდაეცვალა. მართალია მამამთილი მხოლოდ ოთხჯერ ჰყავდა ნანახი,  ერთხელ საკუთარ ქორწილზე
და სამჯერ  მეზობლის გასვენებაში, მაგრამ  იმერული წესის თანახმად, ჭირისუფალი პანაშვიდებზე მიცვალებულთან უნდა იჯდეს,  სახლიდანაც არ უნდა გადიოდეს, თმას და სახეს თუ არ დაიხოკავს, მიმსვლელ-მომსვლელს უნდა
დახვდეს და ცოტა ხანდახან  წაუტიროს კიდევაც. თუმცა  ზაირა დასაქმებული ქალია  და სად ცალია ,  ტრადიციების შესასრულებლად  და  უსაქმურად ჯდომისთვის, თანაც თვის ბოლო და კვარტლის ბოლო ერთად დაემთხვა და ბალანსი
აქვს გასაკეთებელი, ამიტომ გასვენებამდე ერთი დღით ადრე  სამსახურში წავიდა  და საქმეს შუდგა...
როცა მირანდა, მისი  თანამშრომელი ოთახში შემოვიდა, გაუკვირდა და
- ახლა აქ უნდა იჯდე,  გოგო შენო? - მწარედ წაკბინა
- მირანდა,  შენ თუ გცალია,  ჩემს მაგივრად  დაუჯექი ჩემს  მამამთილს ჭირისუფლად ,  მე იქ მაინც  არავინ მიცნობს  (ქმარი მასთან ყავდა ჩასიძებული ) ,  გარდაიცვლება შენი მამამთილი  და მე დავჯდები შენს მაგივრად, გადაგიხდი სამაგიეროსო  - ისე მოსწრებულად უპასუხა, მირანდა  დარჩა მარჯვენაწარბაწეული, მერე სიცილი აუტყდა და სიცილის ეს ტალღა  მანამდე ვერ შევიკავეთ,  სანამდე სამძიმარზე მისულს ზაირამ არ შემოგვტირა:

- უყვარდით  ყველა, მადლობაო...

ჩვენც ევკალიპტის სუნიანი  ჰოლანდიური გვირილები  მიცვალებულს ფეხებთან  დავუწყეთ და  სიცილისაგან სუნთქვაშეკავებულები გამოვცვივდით გარეთ.

    სხვა დროსაც, როცა რომელიმე  თანამშრომელს ახლობელი  გარდაეცვლება, ყოველთვის ერთნაირად  დავირაზმებით
ხოლმე და სამძიმარზე მივდივართ. ხურდა ფულებით ოთხ-ხუთ  ლარს  სპონტანურად ავაგროვებთ და ყვავილებზე ვინმეს გვგზავნით ...

  ერთხელაც, „ნაპრაზდნიკებს“, სამსახურში მივედით თუ არა,  თალიკოს  დედა გარდაეცვალა და აბა ყვავილების ფულიო... ყვავილების ყიდვა მე დამავალეს , როგორც თანამშრომელთა შორის ყველაზე უპასუხისმგებლო ადამიანს.
მე ბაზრისაკენ წასვლა დამეზარა. ვიცოდი,  წინა დღეს  დავით კლდიაშვილის ძეგლი ახალგაზრდებმა ყვავილებით შეამკეს და  ქორფა და ლამაზი თაიგულები შეთვალიერებული მქონდა.  როცა ამ ტერიტორიას ახლოს  გავუარე, ვიფიქრე, ერთი
გვირგვინი რომ ავიღო, რა მოხდება, მაინც არ დააკლდებათ არც დარისპანს და არც პლატონს, მე კი ბაზრამდე გზას
მოვიმოკლებ,  ფულიც დამრჩება და ყავასაც  ვიყიდი, შესვენებისთვის თქო.  მივიხედ-მოვიხედე, ახლოს  არავინ იყო, 
ყვავილები უჩუმრად ავიღე და  სამსახურში  დავბრუნდი. თურმე  დირექტორს ეს დაუნახია და ჯერ დამტუქსეს, მერე კი დამცინეს და  ისეთ  დღეში ჩამაგდეს, ცხოვრებაში პანაშვიდზე წასვლა სანანებელი გამიხადეს.

ნინომ კიდევაც დამიწუნა:
-რა არის ეს, რა ყვავილები გიყიდია, არაა ლამაზებიო.
-გპირდები ,  შენი დედამთილი რომ გარდაიცვლება, უკეთესს გიყიდი და მოგიტან  მეთქი.
- არ დაივიწყო,  იცოდეო - მომაძახა და ავტობუსშიც ავედით...


    ამ ამბის  შემდეგ რამდენჯერაც ვცადე, სამძიმარზე მისვლა, იმდენჯერ სიცილს ვერ ვიკავებ და მთელ ჭირისუფალს შესვლისთანავე  მხიარულ განწყობაზე ვაყენებ.ზაირას მამამთილიც ასე „მხიარულად“ დავიტირე და ზაირას წაპუტუნებაზე, რომელი მწერლის ყვავილებია ნეტავიო,  ისეთი ხითხითი ატყდა,  მიცვალებულსაც გაეღიმა, ნამეტანი  თავდაჭერილად...

  გარეთ გამოვედით და მასპინძელმა, ქალბატონებო, სუფრას წიხლი არ გვიკრათ, ქელეხზე აუცილებლად დარჩითო...
სუფრა უკვე გაშლილი იყო და მაგიდასთან მიგვიპატიჟეს.  ცხელი ხაჭაპური და ლობიო... მოშიებულიც ვიყავით და დავრჩით...დავრჩით  ,  მაგრამ ვინ გაცადა ჭამა...
სუფრაზე ჩვენს წინ ერთ ერთი  თანამშრომლის პირველი შეყვარებული განგებ დაგვიჯდა და დაიწყო თავის ქება, აქაოდა
რახან შენ არ გამომყევიო, ქი ავაწყვე ცხოვრება და ქი ვცხოვრობ ასეო. აბა, უშენოდ ხომ არ დავიკარგებოდი ცხოვრებაშიო, გვაგრძნობინებდა თვალებით და ჟესტიკულაციით, ხან ხაშლამას დაგვიდგამდა წინ და ხანაც შილაფლავს, პატივისცემა
კი არ დამვიწყებიაო...
ლუკმა ყელში გაგვეჩხირა, გადაყლაპვა გაჭირდა...
ყვავილების გამო აცრემლებულ თვალებს ახლა  სიცილისგან აცრემლებული თვალები დაემატა და ჩვენ იქ ცრემლი ვაღვარღვარეთ, შეშურდებოდა ჭირისუფალს.

მერე...მიცვალებულს "გზა" დავულოცეთ , ზაირას გამძლეობა და ამ ამბის გადატანა ვუსურვეთ  და მამაკაცები კარგადაც შეზარხოშდნენ.
როცა  მიკროავტობუსში ავედით, ბატონმა გიზომ, "აქედანა და შენამდეო" წაიღიღინა...

- მოგუდული, ბატონო გიზო, მოგუდულიო - შევძახეთ აქეთ იქედან
პირველად შედგა, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ მეორედ რომ წამოიწყო,  აქედანა და შენამდეო, რამდენიმემ ხმაც  აუწყო  და
პირველს მეორე და ბანი შეაშველა...

"აქედანა და შენამდე"  -  გადადო საჰაერო ხიდი ბატონმა გიზომ საიქიოსაკენ მიმავალ გზაზე და მიცვალებული საცალფეხო ბილიკით გადააცილა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები