ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 აპრილი, 2016


დიდი დავიწყების ქარაფი

იყო და არც რა იყო რა.
მზის უკეთესი რა იქნებოდა?!
...
დიდი ხანია მინდა დიდი დავიწყების ქარაფზე გიამბოთ,
მაგრამ სულ მავიწყდებოდა.
ეს არის ხრამი, სადაც მზის სხივები ვერ ეცემიან, მხოლოდ ყვინთავენ და იხრჩობიან კიდეც. უფსკრული, სადაც არწივის მზერა კოჭლდება, სადაც ბულბულის გულსაკლავი სტვენაც არ ესმის იქ ისედაც ვერამოსულ ვარდს. ორმო, რომელიც შენს ჩაძახებულსაც კი ვერ ამოგაწვდენს.
ეს ორმო, რაღა თქმა უნდა, შავია. შავი ხვრელი, მეტასტაზი, რომელიც გყლაპავს ან თვითონ გეყლაპინება და შიგნიდან გჭამს.
რა არის და საიდან ჩნდება, ყველამ იცის, მაგრამ ავიწყდებათ ხოლმე. აიტომაც ვერ აქრობენ. არა და, მთავარია გაიხსენო.
დიდი ხანია მინდა დიდი დავიწყების ქარაფზე გიამბოთ,
მაგრამ..ჰო,სულ მავიწყდება. ახლაც დამავიწყდა.
მაგრამ ის მახსოვს, რომ ერთხელ ასე ჩავძახე: მთავარია არ დაგავიწყდეს, რომ გახსოვდეს-მეთქი.
_______
- ხსოვნა არ იყოს და დავიწყებაო - იმანაც. ვიცი, მომეჩვენა. დიდი დავიწყების ქარაფში ხომ სიტყვები ფსკერამდე კარგავენ მნიშვნელობას, ამიტომ პასუხსაც ვერასდროს მიიღებ. გინდ ცერცვი ჩაგცვენია და გინდ სიტყვები ჩაგიყრია.
________
ნეტავ ერთხელაც ვინმე დამასწრებდეს გახსენებას და მომიყვებოდეს დიდი დავიწყების დიდ ქარაფზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები