ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქ_ქ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 აპრილი, 2016


სიტყვები... აპოკალიფსი და შეგუებულობის ძალა.

სიტყვების ორი ტიპი გამოიყო: სიტყვები, რომლებიც საზღვრებს მიღმა ჩაიკარგნენ (მათ დღესაც ეძებს სიტყვის მესაზღვრე) და სხვები,რომლებმაც მნიშვნელობის საზღვრებს გადააბიჯეს... თუმცა, სიტყვების კონამ, რომელსაც ახლა მე შევკრავ, ზუსტად საზღვრის ზოლზე დასადგომად ფიზიკური ფორმა შეიცვალა და მინიმუმამდე დამოკლდა: ჩვენ დავიღუპეთ, მიუხედავად ამისა, ყოველდღე თავიდან ვიღუპებით და ეს მდგომარეობა დაუსრულებლად გრძელდება.
***
        17 სექტემბერია, დიდი იმედითა და მოლოდინით, რომ იქნებ ამ წელს მაინც შევცვალო საზოგადოების დამოკიდებულება ჩემსა და ჩემნაირების მიმართ, მივაბიჯებ სკოლისაკენ.
        ვინ ვარ მე და ვინ არიან ჩემნაირები? - არ ვიცი. 13 წლის არეული ბიჭი ვარ, არ მომწონს რომ ამ სიტყვის გამოყენებისას შევიწროვებას ვგრძნობ. მინდა ეს შეიცვალოს... მეშინია ჩემი მგრძნობიარე გულის შესახებ არ გაიგონ და ამ შიშისაც მეშინია. ისინი ფიქრობენ, რომ მგრძნობიარე მხოლოდ გოგო შეიძლება იყოს, გოგონებო, ასე რომ ნუ ფიქრობთ რომ მხოლოდ თქვენს უფლებებს ზღუდავს საზოგადოება, მე პირველ რიგში ადამიანს და შემდეგ ბიჭს მინდა მქონდეს უფლება ვიყო ემოციებით სავსე... თუ ჩემს აღშფოთებულ სიტყვებს ელით, რომ როგორმე ამ ნაწერით დაინტერესდეთ, სიტყვებს, რომლებიც საზღვარს სცდებიან, იმედი გაგიცრუვდებათ, თუმცა, შეგიძლიათ ელოდოთ სიტყვებსა და მათგან შემდგარ წინადადებებს, რომელთა მნიშვნელობაც აღშფოთებას გამოხატავს და ამის დასტური ჩემი მდგომარეობაა... მინდა ადამიანებს შეეძლოთ ერთმანეთის ადგილას თავის წარმოდგენა და ჩემი მერხის მეზობელი ზურა აღარ მეძახდეს ''ქალაჩუნა ხბო''ს, რადგან მე არ ვარ ქალი და არც ძროხაა დედაჩემი. ასევე დარწმუნებული ვარ არც მას მოეწონებოდა, რომ ეს მისთვის ეთქვათ. მითუმეტეს, რომ მე ვაპირებ მყავდეს გვერდით ადამიანი, გოგონა, ქალი, მოხუცი. ერთიდაიგივე პიროვნება სხვადასხვა ასაკში, რომელსაც დავიცავ და როცა საზოგადოება მას გულს ატკენს ჩემს მომავალ დიდ მკლავებში ჩავიკრავ და ვეტყვი, რომ ის არაჩვეულებრივია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ასეთი იქნება. (იმიტომ, რომ მე მას მოვრწყავ) ყველა ასეთი ხართ, თუმცა, არ აძლევთ თქვენში დარგულ ხეს აყვავების საშუალებას, თქვენ ხომ სუფთა წყალს, მოჩვენებით ფერადი, ანგარებიანი, ქიმიური ''მირანდა'' და ''კოკა'' ამჯობინეთ. მინდა პატივისცემა, კეთილგანწყობა და სიყვარული.
***
        ცხოვრება რომ თამაში იყოს, ეს იქნებოდა მისი ერთ-ერთი ბოლო დონე, რომელიც უსაშველოდ გართულებულია, იმდენად, რომ შემქმნელს გათვალისწინებული არ აქვს როგორ უნდა ვებრძოლოთ უკნიდან მოსულ მტერს მაშინ, როდესაც წინ უკვე ბრძოლა გაჩაღებული გვაქვს.
***
        მახსოვს ფილმიდან შემდეგი ფრაზა : ''ყოველი თაობა შთაგონებულია იმით, რომ აღსასრულის დროში ცხოვრობს''... და ალბათ ერთადერთი არ ვიქნები ვინც ინატრებს, რომ ეს ნამდვილად ის შემთხვევა იყოს... როცა ბუნება საბოლოოდ იტყვის თავის სიტყვას, მის სიტყვას კი ყველა ყოველთვის იგებს და გრძნობს. მშურს მისი.
***
          დღეს ტკივილი ტკივილი არ არის თუ ის ფიზიკურად არ გამოვლინდა. მე 13 წლის ვარ, ჩემში ვულკანი ბობოქრობს, ის ამოფრქვევას უცდის და სანამ ჩემს სხეულს არ დაფარავს მანამ ალბათ არავინ ეცდება იყოს კარგი.
***
მაოცებს შეგუებულობის ძალა, რომელიც სულიერ ტკივილზე თვალს ხუჭავს. და ისევ... მინდა პატვისცემა, კეთილგანწყობა და სიყვარული. მინდა ნათელი თქვენთან ერთად და არა მარტო.

***
        შენ მეძახი ქალაჩუნა ხბოს, შენ მიგეგმავ არასასურველ მომავალს, შენ მასწავლი მონდომების გარეშე, რადგან საუკეთესო მოსწავლე არ ვარ, შენ დამცინი, შენ კი მიყვირი, აი შენ არ მისმენ, შენ მატირებ, თუმცა ჩემს ცრემლებს ვერ ხედავ, შენ სუსტს მიწოდებ მაშინ როცა ყოველ ჩემს საპასუხო სიტყვას ცრემლები იჭერს, შენ კი სულელს მეძახი, რადგან ჩემი არ გესმის... შენ კი ჩემო მომავალო აყვავებულო ხევ, შენ არ იგრძნობ ამ ტკივილს, რადგან მე დაგიცავ, მე-ქალაჩუნა ხბო... გავზრდი შვილებს, რომლებიც ჩემგან მემკვიდრეობით მიიღებენ დაუსრულებელ სევდას და არამარტო... როგორც დოსტოევსკიმ თქვა:"ტკივილი და ტანჯვა გარდაუვალია მაღალი ინტელიგენტისა და ღრმა გულის ადამიანთათვის. ჭეშმარიტად დიადი ხალხი, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა განიცდიდნენ სევდას დედამიწაზე."

***
          ადამიანებო, (ოხვრით ვღაღადებ) ვიდრე ჩემს უთავო გვამს ცრემლებს დააყრით მაშინ, როდესაც ჩემი სული თქვენს ხელებსა და გონებაში შემოაღწევს, თქვენ ემოციებით სისავსე გაგაგიჟებთ და უემოციოდ დამტოვებთ გზის პირას მარტო. აი ეს არის შეგუებულობის ''დიადი'' ძალა... განათლდით და განათდით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები