ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
29 მაისი, 2016


ოქროს მხეცი (ვინ ამოვიდა ზღვიდან) გაგრძელება

უწინარეს ყოვლისა, მზის ნიღაბს შევეხმიანები. ჩემთვის მეტად მახლობელია მისი მიგნება, რომ მხეცს ერთი თავი აქვს, ოღონდ შვიდმაგი წიაღით. ასედაც უნდა ლიყოს, ზღვიდან ამომავალი მხეცი სხვა სახით ვეღარც წარმომიდგენია. მე იგი მეშვიდე პერიოდის მძიმე მეტალს მაგონებს, რომელმაც ელექტრონების შვიდი ორბიტა დაიტია თავის წიაღში.
    ,,...ერთი მისი თავთაგან თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა...~ ყველაზე დიდ უცნაურობად საიდუმლოებად სწორედ ეს სიტყვები მეჩვენება წმინდა წერილიდან. სასიკვდილო ჭრილობა უეჭველ სიკვდილს უნდა ნიშნავდეს, შემთხვევითი არც ეს სიტყვა იქნება... მკვდრები კი არ ცოცხლდებიან, ასეთია ჩვენი წუთისოფლის უცვლელი კანონი. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის სრულიად გარდაუვალი, ყრუ კედელია აღმართული, რომელსაც ვერავინ ვერაფერი დააკლო. სიკვდილი დღემდე რჩება ჩვენი საწუთროს ყველაზე შეუცნობელ, ყველაზე უდიდეს საიდუმლოდ. ო, როგორ უმძიმს, როგორ უმძიმს, ზღვიდან ამომავალ მხეცს (ადამიანს...), თვალი გაუსწოროს ამ უდიდეს საიდუმლოს. ის ამას ვერასდროს ახერხებს, ანდა თითქმის ვერასდროს. თუ ეს ვინმემ შეძლო, მაშინვე გმირად შეირაცხება... სწორიც იქნება, უფრო მეტიც, ღმერთს უტოლდება ასეთი ადამიანი. მხოლოდ ღმერთს არ ეშინია სიკვდილის. ღმერთი ხომ თვით უკვდავებაა.
რაც უფრო მეტს ვფიქრობთ, მით უფრო გვაოცებს ეს სიტყვები: ,,...სასიკვდილო ჭრილობა განეკურნა...~ ბურუსს ბურუსი ემატება. თუმცა ვფიქრობ, რაღაც კვალი უკვე მოვნიშნეთ; ამ სიტყვებმა როგორღაც ერთმანეთთან უნდა შეარიგონ სიკვდილი და სიცოცხლე, უნდა შეარღვიონ მათ შორის აღმართული ყრუ კედელი.
    მივყვეთ იმ გზას, რომელიც ზღვიდან ამომავალმა მხეცმა გაიარა ჩვენს თვალწინ; მან ჯერ თავი ამოჰყო ზღვიდან, მერე მთლიანად დაგვენახვა, ხასიათი და თვისებები გაგვიმხილა. ისიც ვნახეთ, რომ მხეცს შვიდი თავი კი არა, ერთი თავი აქვს, ოღონდ შვიდმაგი წიაღით, რომელშიც მოექცა სამყაროს შექმნის სრული სურათხატება, ადამიანის ჩათვლით. ცხადია, ადამიანი, როგორც მოაზროვნე არსება, უმაღლესი წერიტილი გახლავთ სამყაროს მთლიანი სურათისა, რომელიც ზღვიდან ამომავალ მხეცში განსხეულდა.
,,...სასიკვდილო ჭრილობა...~ ისევ მივუბრუნდეთ ამ სიტყვებს. ვიმეორებ; წმინდა წერილში არაფერია შემთხვევითი... აშკარაა, რომ რაღაცა მოკვდა ზღვიდან ამომავალ მხეცში, წმინდა წერილის სიტყვები აშკარად მიუთითებენ ამაზე.
ჰოდა, რა არის ეს ,,რაღაცა~, რომელმაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო?
    აი, აქ გვმართებს დაფიქრება.
    ჩემს აზრს მოგახსენებთ, მერე კი თვითონვე განსაჯეთ: ზღვიდან ამომავალ მხეცში სასიკვდილო ჭრილობა ადამიანმა მიიღო.
ეს რა გამოდისო, ალბათ იკითხავთ. ზღვიდან ამომავალი მხეცი ადამიანია (ზოგადი ბუნებით), ეს უკვე ვიცით. ესე იგი, ადამიანში კვდება ადამიანი, ეს რაღაც შეუსაბამობაა.
    პასუხად შეგახსენებთ (არც კი ვიცი, მერამდენედ); ზღვიდან ამომავალ მხეცს ერთი თავი აქვს შვიდმაგი წიაღით, სამყაროს შექმნის სრული სურათი რომ დაიტია. ღმერთმა ადამიანი სულ ბოლოს შექმნა, როგორც ბუნების გვირგვინი. ამ გვირგვინს ცოტათი განსხვავებული სახელი ვუწოდოთ: ,,ადამიანურობა~.
გამოდის, რომ დანარჩენი ექვსი ნაწილი შვიდმაგი წიაღისა, (გნებავთ, შვიდი თავისა), დაეთმო სტიქიურ, ცხოველურ საწყისს, რომელიც მხეცისთვის სიცოცხლის წყაროა, მხეცი მათი წყალობით ცხოველმყოფლობს.
რაც შეეხება ,,ადამიანურობის~ ცნებას (მეშვიდე თავს), იგი მხეცს ვერ მატებს ცხოველმყოფლობას. ადამიანურობა არსებობს ადამიანში, როგორც ღმერთის უძვირფასესი საჩუქარი, მაგრამ ამავე დროს, თითქოს სადღაც სხვაგანაა, ვერაფრით ვერ თავსდება იმ ზნეჩვეულებათა ჩარჩოებში, რომლებიც ზღვიდან ამომავალ მხეცს ახასიათებენ. მხეცისთვის ბუნებრივია და მახლობელი.
ჩვენი საწუთროს ორომტრიალს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ,,ადამიანურობა~ თითქოს მკვდარია მისთვის. წმინდა წერილის სიტყვები, რომ ერთერთი თავი მხეცისა ,,თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული~, სწორედ ამას ნიშნავს.
    თუ მოკლედ მოვჭრით, ადამიანში ადამიანურობამ მიიღო სასიკვდილო ჭრილობა.
    როგორც ხედავთ, აქ არანაირ შეუსაბამობას, არ აქვს ადგილი, ადამიანურობის ცნებამ სიცხადის ახალი ნიშანი შემოიტანა. ზღვიდან ამომავალი მხეცის იერსახე კიდევ ერთი შტრიხით შეივსო. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს შტრიხი დრო-სივრცის უფართოეს რეალზეა განფენილი, ეს თავისთავად იგულისხმება.
თუმცა აქვე ახალი კითხვებიც ჩნდება.
    გამოდის, რომ მეშვიდე თავი (ადამიანურობის ცნება) სრულიად უსარგებლოა. ასე ვთქვათ, ზედმეტი ბარგია, საიდანაც ვერანაირ ხეირს ვერ ნახავ. ჰოდა, რიღასთვის სჭირდება იგი ზღვიდან ამომავალ მხეცს, რატომ არ გადააგდებს, როგორც საერთოდ ზედმეტ ბარგს გადააგდებენ ხოლმე.
გადააგდებსო? არა, ზღვიდან ამომავალი მხეცი არასდიდებით არ გადააგდებს ამ, ერთი შეხედვით, სრულიად უსარგებლო, ზედმეტ ტვირთს, ადამიანურობის ცნებას. რატომ? იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის; თუ ადამიანურობა (მეშვიდე თავი) გადააგდო და გაწირა, ამით გაწირავს ყველაზე უძვირფასეს, ღირებულ საჩუქარს, რომელიც უფლის ხელიდან ებოძა; გაწირავს უაღრესად მაღალგანვითარებულ, დახვეწილ გონებას, რომელმაც თავის თავში მთელი სამყაროს სურათხატება დაიტია, იმ დასაბამიერი, უშორესი წერტილის ჩათვლით, უფალმა რომ ბრძანა; ,,იქმენინ ნათელი~. ადამიანურობის ცნება სწორედ იმ ნათელის ნაწილია, ზღვიდან ამომავალ მხეცში დავანებული, და იგი საპირწონეა მისი ზეაღმატებული გონებისა, რომლის წყალობით ზღვიდან ამომავალი მხეცი აგრერიგად აღემატება დედამიწის დანარჩენ ბინადრებს (ცხოველებს, ფრინველებს და ა.შ.), მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ერთნაირად არიან თიხისგან მოზელილები.
    აი რას ღაღადებს წმინდა წერილი ყოველივე ამასთან დაკავშირებით: ,,...და განცვიფრდა მთელი დედამიწა და უკან გაედევნა მხეცს...~ დედამიწის დანარჩენი ბინადრები (ცხოველები... და ა.შ.) გრძნობენ ზღვიდან ამომავალი მხეცის უპირატესობას. მათთან შედარებით, ეს უპირატესობა კი, როგორც უკვე ითქვა, სწორედ ზედმეტი ბარგის, ,,ადამიანურობის~ არსებობით არის განსაზღვრული. მასზე უარის თქმით (ადამიანურობას ვგულისხმობ) მაშინვე ცხოველთა რიგებში ამოჰყოფს თავს ზღვიდან ამომავალი მხეცი. ისინი ინადირებენ მასზე და არა პირიქით, როგორც ეს დღეისდღეობით ხდება.
    სწორედ ამიტომ, მიუხედავად ასეთი უსარგებლობისა, მეშვიდე თავს (ადამიანურობის ცნებას) სრულიად შეუვალი, გამორჩეული ადგილი უჭირავს ზღვიდან ამომავალი მხეცის არსებაში, ვაგლახად ვერავინ გაეკარება. ამავე დროს მბრძანებელიცაა ეს სიმაღლე... ისეთი მბრძანებელი, რომლის ნებაც მუდამ ურყევია. აჰა, ნახეთ ამ მბრძანებლობის შედეგი: ყველგან და ყოველთვის, რასაც არ უნდა აკეთებდეს ლომისხახიანი ავაზა (ზღვიდან ამომავალი მხეცის ცხოველური საწყისი), მუდამ მის მიმართ (ადამიანურობის მიმართ), ახდენს სწორებას. სამიზნეს ირჩევს?
    ცდილობს თავი აარიდოს მეშვიდე თავის (ადამიანურობის) მზერას. ნახტომს აკეთებს მსხვერპლისკენ? ყოველნაირად ცდილობს ზემოთ ხსენებულ სიმაღლეს აუქციოს გვერდი. თუ სხვა საშველი არაა, ნიღბად მოირგებს მეშვიდე თავის იერსახეს (უმწეობისა და სიმშვიდის გამომხატველს) და ისე მიიწევს ამორჩეული მიზნისკენ. მსგავსი ძალისხმევა კი ხანდახან მეტისმეტად შემაწუხებელია, ლომისხახიანი ავაზისთვის. არის შემთხვევები, რომ გაუსაძლისიც კი ხდება, ამდენად, საჭიროა ახალი გამოსავლის ძიება, თანაც გამუდმებით, დაუსრულებლად... ასე და ამგვარად, მეშვიდე თავის (ადამიანურობის) მზერას ვერანაირად ვერ ემალება ლომისხახიანი ავაზა, თუმცა კი ბევრს ეცადა (ვიყოთ გულახდილნი).
    ...და რაც მთავარია, ზღვიდან ამომავალი მხეცი ვერ გადააგდებს ამ უსარგებლო ტვირთს, ადამიანურობას, რადგან დრო მოკვდება მისთვის.
იკითხავთ, რომელ დროზეა ლაპარაკიო, ეს რაღაც გამოცანას ჰგავსო.
პასუხად შეგახსენებთ წმინდა წერილის სიტყვებს: მეშვიდე თავს ,,განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა~. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მკვდრეთით აღდგენის უნარი აქვს, ანუ მარადისობის მკვიდრია, ხოლო მარადისობა იგივე უსასრულო დროა, ასედაც შეიძლება ითქვას...
    რაც შეეხება ზღვიდან ამომავალ მხეცს, მისი სასიცოცხლო დრო მეტად ვიწროა, ანუ წუთისოფელია და სიკვდილის ყრუ კედლითაა დასაზღვრული. ლომისხახიან ავაზას კი (ადამიანის ცხოველურ საწყისს) ძალიან, ძალიან ეშინია სიკვდილის. მკვდრეთით აღდგენის უნარი სრულიად მიუწვდომელია მისთვის.
ხსენებული ამოცანის გასაღებიც აქაა; ზღვიდან ამომავალმა მხეცმა იცის, რომ მეშვიდე თავი (ადამიანურობა) ერთადერთი ბეწვის ხიდია, უსასრულო დროს (მარადისობას) რომ ესაზღვრება. ო, როგორ ცდილობს, როგორ ცდილობს ლომისხახიანი ავაზა, თუნდაც ერთი ბრჭყალით მოებღაუჭოს ამ ბეწვის ხიდს. თვითონ დღემოკლეს, მუდამ მარადისობის უფართოეს ბილიკებზე უჭირავს თვალი. ჰოდა, ვერ მოკლავს უსასულო დროს ზღვიდან ამომავალი მხეცი, ანუ გადასაგდებად ვერ გაიმეტებს თითქოსდა უსარგებლო, ზედმეტ ბარგს, მეშვიდე თავს (ადამიანურობას), არასოდეს არ ექნება საამისო ძალა, სიკვდილის შიშის გადამკიდეს...
    აი სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა სასიკვდილოდ დაჭრილი მეშვიდე თავის (ადამიანურობის) შესახებ. მე იგი მეშვიდე ინერტულ აირს მაგონებს... გემახსოვრებათ, მის შესახებ წინა შეხვედრისას ვილაპარაკე... ლოგიკური ჯაჭვი თითქოს ეჭვმიუტანლად მიუთითებს მეშვიდე ინერტული აირის არსებობის შესახებ, მაგრამ თვითონ ეს ვერაფრით ვერ აღმოაჩინეს. თითქოს არის, მაგრამ არც არის. უფრო სწორად, არის, ოღონდ სადღაც სხვაგან. მაგრამ სად?
    აქაც მსგავსი სურათი გვაქვს, არ გაიფანტა იდუმალების ბურუსი, რითაც მეშვიდე თავია გარემოსილი, ვერავინ შეძლო თვალებში ჩაეხედა მისთვის. ერთი ისღა ვიცით, რომ არასდროს კვდება, მიუხედავად სასიკვდილო ჭრილობისა, გამუდმებით რომ აყენებს ჩვენი წუთისოფელი... ანუ იგი უხანოა წუთისოფლისთვის, ამავე დროს კი უხნესია თვით დედამიწაზე, როგორც მარადისობის დასაბამიერი მკვიდრი. 
                     
                                                          *  *  *               

  ,,დაკლული კრავი~... ამ ორ სიტყვას შეგახსენებთ წმინდა წერილიდან. ცნობილია, კრავი სამსხვერპლოდ გამზადებულ არსებას ნიშნავს. ასედაც არის; მეტისმეტად უმწეო ბუნებისაა, თავდაცვის უნარს სრულიად მოკლებულია. მისი ყოფნა-არყოფნა მთლიანად დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიაც აღმოჩნდება-ხოლმე. თანაც რა თვინიერია... ვინმეს უნახავს გაჯიუტებული კრავი? არა, ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში, თვითონვე თვინიერად მისდევს ფეხდაფეხ ყველას... მათ შორის, იმასაც, ვინც დანა უნდა გამოუსვას ყელში.
ასეთი უმწეო, თვინიერი არსება დაკლული სახითაა წარმოდგენილი წმინდა წერილში. ეს იმას ნიშნავს, რომ სამსხვერპლოდ გამზადებული არსება უკვე იქცა მსხვერპლად, მსხვერპლი კი, როგორც ვიცით, საფუძველთა საფუძველია ჩვენი ყოფიერებისა. ისეთი არაფერი ხდება მზის ქვეშ, მსხვერპლს რომ არ მოითხოვდეს. თუ რაიმე არსებობს, ყოველთვის ამ უკანასკნელის ხარჯზე.
...და როგორც წესი, დაკლული კრავი (ანუ მსხვერპლი) ყოველთვის შეუმჩნეველია. სადღაც თვალმიუვალ ადგილას, მოვლენათა სიღრმეშია მიმალული. ზედაპირზე ვერ ამოვა, ვერც ხმას ამოიღებს, ის ხომ დაკლულია... თუ შადარებას მოვიშველიებთ, ამ თვალსაზრისით დაკლული კრავი (მსხვერპლი) ჰგავს იმ ძაფს, რომელზეც მძივის მარცვლებია ასხმული. ძაფი არ ჩანს, მისი არსებობა არც კი მიიღება მხედველობაში, მაგრამ მძივის ყოფნა-არყოფნა მთლიანად მასზეა დამოკიდებული. თუ ძაფს გამოვაცლით, მძივიც ჩაიშლება.
მერედა, როგორ აღიქვამს ყოველივე ამას ზღვიდან ამომავალი მხეცი... მან უკვე კარგად გაგვაცნო თავი, ამდენად, შეგვიძლია დასკვნებიც გავაკეთოთ: ზღვიდან ამომავალი მხეცი ხედავს მხოლოდ მზის სხივებზე მობრჭყვიალე მძივის მარცვლებს, სრულებით ვერ ამჩნევს, მათ მიღმა მიმალულ უჩინარ ძაფს, რომელიც საფუძვალია ყოველთა...
    ვერაფერს გააწყობ, მეტისმეტად ბეცია ზღვიდან ამომავალი მხეცი. აბა როგორ შეამჩნევს ამ ზომამდე უჩინარ ძაფს, როდესაც საერთოდ ვერაფერს ხედავს საკუთარი ცხვირის იქით. სწორედ ამის შედეგია ის გარემოება, რომ წუთისოფლის ტყვეა ზღვიდან ამომავალი მხეცი, არ შეუძლია თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას მისი ვიწრო საზღვრების მიღმა.
    ,,ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა. ვინც მახვილით ჰკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ამაშია წმინდათა მოთმინება და ძალა~... აი ასეთი სახით გადმოგვეცა ეს ცეცხლოვანი სიტყვები. ვარსკვლავები დაგვეხმარებიან, რათა მათ წიაღში ჩავიხედოთ.
    ყველას გვიყვარს ღამეული მიწიერი ცის ჭვრეტა. მართლაც დიდებული სანახაობაა, ირმის ნახტომის მარგალიტისებური ბილიკი, ცისკიდურიდან ცისკიდურამდე გადაჭიმული... ვარსკვლავთა მირიადები, მის ორივე მხარეს მიმოფანტული... ეს ყოველივე შეუმჩნევლად ინაცვლებს ადგილს, ნელნელა ბრუნავს პოლარული ვარსკვლავის ირგვლივ. მხოლოდ ეს ერთადერთი ვარსკვლავია უძრავი, სხვა ყველაფერი მოძრაობს; ვარსკვლავები, ცთომილები, მეტეორები თუ კომეტები... მათთვის მიცემულ გარკვეულ წრეებს აღწერენ ცარგვალზე... მათ შორის ჩვენც, ოღონდ ამას ვერ აღვიქვამთ. წინა შეხვედრაზე ბევრი ვისაუბრე ამის შესახებ. ეს, შეიძლება ითქვას, ზეციური კარუსელია, უფლის ხელით გამოძერწილი და მომართული.
    ახლა კი მიწაზე დავეშვათ, ქალაქის ბაღებს ვესტუმროთ, სადაც ნაირნაირი კარუსელები ტრიალებენ. მათ შორის ისეთი ამოვირჩიოთ, ჯაჭვებიანს რომ ეძახიან. ტრიალებს კარუსელი, ტრიალებენ ჯაჭვებზე ჩამობმული სავარძლები, ყველა მათგანი თავის რეალს აღწერს სივრცეში... თან განზე იწევიან... ცენტრიდანული ძალა მათ კარუსელის ღერძის საპირისპირო მხარეს უბიძგებს, ამის შედეგად სავარძლების მწკრივი რაღაც მანძილით შორდება კარუსელის წრიულ თაღს, რაც ძალიან მოსწონთ სავარძლებზე ჩამომსხდარ გოგო-ბიჭებს. მხიარულობენ, დროს მშვენივრად ატარებენ... რაც უფრო სწრაფად იტრიალებს კარუსელი, ხსენებული რეალიც მით უფრო გაფართოვდება, გოგო-ბიჭებიც სწორედ ამას ესწრაფვიან; რაც შეიძლება შორს, რაც შეიძლება სწრაფად...
მაგრამ (გოგო-ბიჭების სამწუხაროდ) კარუსელი უფრო სწრაფად ვერ დატრიალდება. ერთი გარკვეული სიჩქარე აქვს სულ თავიდან მინიჭებული და მას ვერაფრით ვერ გადაუხვევს. თითქოს ამაოა გოგო-ბიჭების სურვილი, რაც შეიძლება ფართო რკალზე იტრიალონ... ანუ, ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, ამოხტნენ იმ რკალიდან, რომელზეც ისინი საკუთარმა სავარძლებმა მიაჯაჭვეს. არადა, რა უსაზღვროა მათი სურვილი ამ ჩაკეტილი რკალიდან ამოხტომისა, ძნელია მისი გადმოცემა...
    ჰოდა, რა გგონიათ? გამოსავალსაც პოულობენ. ხომ ცნობილია, თუ რაიმეს გულით მოინდომებ, ეწევი კიდეც საწადელს... აი, ერთმა ბიჭუნამ ხელი ჩაავლო თავის წინა სავარძელს, რომელზეც ერთერთი მისი თანატოლი ბიჭუნა (ან გოგონა) ზის. დატრიალდა კარუსელი, ორი შეტყუპებული სავარძელი ერთად ტრიალებს, ბიჯუნა ხელს არ უშვებს თავის წინა სავარძელს. და სწორედ მაშინ, როდესაც კარუსელი დატრიალდება თავისი ზღვრული სიჩქარით, და როცა ჯაჭვებზე ჩამობმული სავარძლები გაფართოებულ რკალზე გამწკრივდებიან, ბიჭუნა ხელს უშვებს წინა სავარძელს, თან რაც შეიძლება ღონივრად უბიძგებს მას. ეს ბიძგნი, რა თქმა უნდა, იქითკენაა მიმართული, საითკენაც ჩამწკრივებელი სავარძლები მიჰქრიან გაფართოებული წრისკენ და რა ხდება ამ დროს? ხდება ის, რასაც ასე მონდომებით ესწრაფვიან გოგო-ბიჭები; სავარძელი, რომელმაც ბიძგი მიიღო, ამოხტება სავარძლების მწკრივიდან, განზე გაიწევს მათგან, ახალ რკალზე გადაინაცვლებს... და ეს ახალი რკალი უფრო ფართოა, ვიდრე ის, რომელზეც ტრიალებენ ჯარისკაცებივით ჩამწკრივებული სავარძლები... რომ აღარაფერი ვთქვათ კარუსელის თაღოვან წრეზე, რომელზეც სავარძლები ასხმულან თავთავიანთი ჯაჭვებით.
    აი ასე ერთობიან გოგო-ბიჭები. ყველა მხიარულობს, ყველაზე მეტად კი ის, რომელმაც ასეთი ღონიერი ბიძგი მიიღო მომდევნო სავარძლიდან. ნახეთ, როგორ ლაღობს, როგორ უხარია... ხუმრობა საქმე ხომ არ არის... იმ ჩაკეტილი წრიდან ამოხტა, რომელზეც აქამდე იყო მიჯაჭვული, უფრო სწრაფად დაჰქრის უფრო ფართო რკალზე, და ეს ძალიან, ძალიან საამური განცდაა მისთვის.
ჩვენთვისაც სასიამოვნოა ყოველივე ამის ცქერა. შევყურებთ ჰაერში მფრინავ სავარძლების მწკრივს, ერთიანად დახუნძლულს გოგო-ბიჭებით. მათი სიცილი და ჟრიამული ჩვენც გვახალისებს. რა თქმა უნდა, იმ სავარძელსაც ვადევნებთ თვალს, ჩაკეტილი წრიდან რომ ამოხტა. ო, ეს სავარძელი ძალიან საინტერესოდ იქცევა: მან ერთხანს იფრინა გაფართოებულ წრეზე, რომელზეც გატყორცნა მიღებულმა ბიძგმა, აღწერა ჰაერში ტალღისებური მრუდი და ისევ შეუერთდა სავარძლების მწკრივს, ანუ ისევ დაუბრუნდა იმ წრეს, საიდანაც სულ ახლახანს ამოხტა. ასედაც იყო მოსალოდნელი. სავარძელი ჯაჭვით მაგრადაა დაბმული, სადმე შორს ვერსად გაფრინდება, ისევ უნდა დაიკავოს თავისი პირვანდელი ადგილი.
    მაგრამ თუ კვლავ მივადევნებთ თვალს ჩვენთვის ნაცნობ ბიჭუნას, ერთ უცნაურ მოვლენას შევნიშნავთ. მისი სავარძელი აღარ ჩერდება თავის პირვანდელ ადგილას სავარძლების მწკრივში, ისევ ინაცვლებს სხვა რკალზე, ისევ შორდება ჩაკეტილ წრეს, სხვა რკალზე ინაცვლებს, ოღონდ პირუკუ, კარუსელის ღერძის მიმართულებით მიიწევს.
    და ეს სხვა რეალი ამჯერად აღარ არის კარუსელის ჩაკეტილ წრეზე უფრო ფართო, პირიქით, იგი უფრო დავიწროვდა, სავარძელი უშუალოდ ღერძის მახლობლად ტრიალებს, ჩაკეტილი წრის შიგნით. ბიჭუნაც, ეტყობა, უკმაყოფილია ამით, მაგრამ ხვედრს ურიგდება, სხვა გამოსავალი არაა; ერთხანს ტრიალებს სავარძელი დავიწროებულ რკალზე, აქაც აღწერს ტალღისებურ მრუდს და ისევ უბრუნდება თავის თავდაპირველ ადგილს სავარძლების მწკრივში. ახლა უკვე წესიერად ტრიალებს სხვა სავარძლებთან ერთად. აღარავინ უბიძგებს, რათა ჩაკეტილი წრიდან ამოაგდონ.
    მსგავს სურათს ყოველთვის იხილავთ, თუ ჯაჭვებიანი კარუსელის საყურებლად გაირჯებით. ყველას ძალიან მოსწონს უფრო გაფართოებულ რკალზე გადანაცვლება და ასე ვთქვათ, ჰაერში გაფრენა. იმასაც კი არ ერიდებიან, რამდენიმე, ვთქვათ, სამი სავარძელი შეატყუპონ ერთად, მერე კი ერთდროულად უბიძგონ წინა სავარძელს, რათა რაც შეიძლება ფართო რკალზე გატყორცნონ იგი. დასასრული კი ამას ყოველთვის ერთნაირი აქვს; გატყორცნილი სავარძელი კარგავს სიმაღლეს, სავარძლის ღერძისკენ მიიდრიკება, უფრო ვიწრო რკალზე გადაინაცვლებს, მით უფრო ვიწროა ეს რკალი, რაც უფრო ღონიერი ბიძგი მიიღო სავარძელმა ჩაკეტილი წრიდან ამოსახტომად.
და აი, ერთხელ ასეთ სანახაობას შევესწარი ჯაჭვებიანი კარუსელის ჭვრეტისას; ერთმა ბიჭუნამ არასწორად უბიძგა თავის წინა სავარძელს, უფრო ზუსტად, ღერძის მიმართულებით. სავარძელიც, რა თქმა უნდა, ამოხტა ჩაკეტილი წრიდან, მან ხომ ბიძგი მიიღო. ოღონდ... კარუსელის ღერძისკენ აიღო გეზი, უფრო ვიწრო რკალზე გადაინაცვლა, ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა მინიჭებული. სავარძელზე მჯდარი ბიჭუნა, მეტი რომ არ ვთქვათ, ძალიან გაბრაზდა, მაგრამ აბა, რას გააწყობდა. ბოლოს და ბოლოს, გაილია დავიწროებული რკალიც, სავარძელმა აღწერა ტალღისებური მრუდი, დაზარალებული ბიჭუნაც (სხვანაირად ვერ იტყვი) დაუბრუნდა თავის პირვანდელ ადგილს სავარძლების მწკრივში, მერე კი... აი ესაა ყველაზე საინტერესო, თუ რა მოხდა მერე; ბიჭუნა და მისი სავარძელი აღარ შეჩერებულა ხსენებულ მწკრივში, მასაც დასცილდა, განზე გაიწია, უფრო ფართო რკალზე გადაინაცვლა... ანუ, ამოხტა ჩაკეტილი წრიდან. ნამდვილად ასე იყო, საკუთარი თვალით ვიხილე. ბიჭუნა, ბოლოს და ბოლოს, ამოხტა ჩაკეტილი წრიდან სასურველი მიმართულებით, მიაღწია გაფართოებულ რკალს, ოღონდ... შემოვლითი გზით. ბიჭუნა ძალიან გახარებული და მგონი გაკვირვებულიც კი ჩანდა. ალბათ ამას აღარც კი ელოდა.
ერთი პატარა შენიშვნაც: მომდევნო ტალღისებური რკალი, რომლითაც სავარძელი თითქოს ბიძგის საპასუხო სვლას აკეთებს, ნაკლები განფენილობისაა პირვანდელთან შედარებით. აქ ჰაერის წინააღმდეგობა ამბობს თავის სიტყვას. თუ იმავე კარუსელს უჰაერო სივრცეში გადავიტანთ, ორივე რკალი უნაკლოდ დაემთხვევა ერთმანეთს.
    იქნებ იკითხოთ, ეს ბავშვური თამაშობანი რისთვის დაგჭირდაო, გიპასუხებთ: ბავშვური თამაშობანი, ერთი შეხედვით მეტად მარტივნი, სამყაროს სიღრმისეულ კანონზომიერებებს აირეკლავენ ხოლმე (ახალს არაფერს ვამბობ). სიბრძნე ხომ მუდამ ბავშვობაში გვაბრუნებს. იმ ჩაკეტილი წრიდან ამოხტომა, რომელსაც კარუსელი ქმნის, ფრიად ნიშანდობლივია ჩვენი ყოფიერებისთვის, აბა, გაიხსენეთ (ყველას გექნებათ საკუთარი თვალით ნანახი), რა დაუცხრომლად ცდილობენ ამსოფლის მკვიდრნი, როგორმე წინ წაიწიონ... ანუ დადგნენ იმ მდგომარეობაზე მაღლა, მათ რომ არგუნა განგებამ. ამ მიზნით არავითარ საშუალებას არ ერიდებიან. წმინდა წერილში ნახსენებია ტყვედ წაყვანა. ეს სიმბოლურად მიგვანიშნებს იმაზე, რომ მავანი და მავანი სარგებლობს სხვათა სასიცოცხლო ენერგიით, რათა თვითონ გალაღდეს, გაძლიერდეს, ანუ ამოხტეს თავის მსგავსთა წრიდან. უსაზღვროდ ბედნიერია, როდესაც ამას ახერხებს, პირდაპირ ფრთები გამოესხმება ხოლმე. მაგრამ აი, წმინდა წერილში წერია: ,,ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა, ვინც მახვილით ჰკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება~. ჩვენს მიერ შემჩნეული ტალღისებური რკალი (სინუსოიდის მსგავსი) სწორედ ამაზე მიგვანიშნებს: ჯერ ფართო რკალზე გადაინაცვლა ბედის ნებიერმა, როცა ღონიერი ბიძგი მიიღო, ჩაკეტილი წრის მიღმა... მერე კი პირიქით, უფრო ვიწრო რკალზე ამოჰყო თავი იმავე ჩაკეტილი წრის შიგნით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა გაიზიარებს იმ ხვედრს, რომელსაც სხვას უმზადებს; თვითონაც გამოცდის თავისი ტყვის, ანუ მსხვერპლის ტკივილს, ეს გარდაუვალია მისთვის.
ხოლო თუ ვინმეს თავიდანვე არ გაუმართლა, მძიმე ტვირთი არგუნა ცხოვრებამ, ანუ ჩაკეტილი წრის შიგნით მოექცა უფრო ვიწრო რკალზე, მას აქვს ნუგეში; თავისი წილი ფართო გზა ელოდება იმავე ჩაკეტილი წრის მიღმა, სადაც უფალი მოხსნის მძიმე ტვირთს. უფალი ყველას მიაგებს თავის წილს, არავის დატოვებს მისთვის მიჩენილი საზღვრების მიღმა. კარუსელის ბავშვური თამაშობანი ამის ცხადი სურათხატებაა. ღვთის წინაშე ყველა მიიღებს საზღაურს, წუთისოფელში დამდაბლებული უფლის წინაშე ამღლდება, ეს გარდაუვალია.
ახლა კი ნება მომეცით, კვლავ წმინდა წერილი შეგახსენოთ: ,,სიცოცხლის წიგნი, რომელიც აქვს წუთისოფლის დასაბამიდან დაკლულ კრავს~. მე ამ სიტყვებს საიდუმლოთა საიდუმლოს ვუწოდებდი. რა შეიძლება მას შეადარო? ყველაზე უშორესი კვაზარი მაგონდება, რომლითაც ჩვენი სამყაროა დასაზღვრული. იმას იქით აღარაფერია, ვერაფერს წვდება ადამიანის თვალი, ამ არაფერს ადამიანმა უსასრულობა უწოდა. მის გარეშე ვერ იარსებებდა ჩვენი სასრული სასიცოცხლო არეალი, ანუ წუთისოფელი, რომლის ბადეში ყველანი ერთნაირად ვართ გაბმულნი.
    მაინც, რა მანძილია ის მანძილი, რომელიც ხსენებულ კვაზარს გვაშორებს? ადამიანმა შეძლო მისი განსაზღვრა, სინათლის წელიწადებში გამოსახა იგი. ფრიად შთამბეჭდავი ციფრი მიიღო... ხორცშესხმული ადამიანი მას ვერასოდეს დაფარავს, ეს სრულიად წარმოუდგენელია.
    ასევე, ადამიანის სულიერებაშიც არსებობს მეტისმეტად შორეული, ანუ კვაზარივით მიუწვდომელი და გამოუცნობი რაღაც ,,ფანტომი~. და ეს ,,რაღაც ფანტომი~ დაკლული კრავია, ჩვენი ყოფიერების დასაბამიერი მსხვერპლი.
და ყველა, ვინც მსხვერპლად ეწირება წუთისოფლის ორომტრიალს (ანუ კარუსელს), დაკლული კრავის ხვედრის მოზიარე ხდება, ოღონდ გარკვეულწილად... ანუ იმის მიხედვით, საკუთარი არსების რა ნაწილი დათმო... თუ მთლიანად დაიხარჯა, ანუ სანთელივით აენთო მისთვის განკუთვნილ სამსხვერპლოზე, ეს უკვე შორს სცილდება წუთისოფლის ჩაკეტილ წრეს. ეს არის რკალი, სულ სხვა, უფართოეს სამყაროში აღწერილი. ამას ,,წმინდათა მოთმინება და რწმენა~ ჰქვია, როგორც წმინდა წერილში სწერია. ჩვენს ყოფიერებაში ეს შეიძლება შეადარო ისეთ მოვლენას, რომ ადამიანმა, ხორცშესხმულმა, რაღაც ერთ წამში დაფაროს მანძილი ყველაზე უშორეს კვაზარამდე, ზემოთ რომ მოვიხსენიეთ. ხორცშესხმული ადამიანისთვის ეს სრულიად წარმოუდგენელია, მაგრამ სულიერებისთვის ასე არ ითქმის. სულიერება ხომ თავისთავად იგივე სიცოცხლეა, სიცოცხლის წიგნიც ეს არის, სულიერება. სიცოცხლის წიგნი კი დაკლულ კრავს აქვს, ჩვენი ყოფიერების დასაბამიერ მსხვერპლს. ვცადოთ, თვალი გავუსწოროთ იმ მანძილს, რომელიც დაკლულ კრავს გვაშორებს... რა თქმა უნდა, მეტისმეტად მიუწვდომელია, ჩვენი განსჯა სრულიად უძლურია მისი განსაზღვრისთვის. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გზა დაკლული კრავისკენ (ანუ სიცოცხლის წიგნისკენ) ჩვენს სხეულზე გადის.
სულიერება ხომ თავისთავად იგივე სიცოცხლეა... სხეულის საზომით კვაზარი წარმოუდგენლად შორსაა, ადამიანის გონება ვერ იტევს მას, სულის მიხედვით ეს მანძილი თვით ჩვენშია. სიცოცხლის წიგნიც ეს არის, სულიერება, რომელიც დაკლულ კრავს აქვს. ჩვენი ყოფიერების დასაბამიერ მსხვერპლს. ვცადოთ, თვალი გავუსწოროთ იმ მანძილს, დაკლულ კრავს რომ გვაშორებს. რა თქმა უნდა, მიუწვდომელია... ჩვენი განსჯა სრულიად უძლურია მისი განსაზღვრისთვის. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გზა დაკლული კრავისკენ ჩვენი სხეულის პერიმეტრზე გადის. სიცოცხლის წიგნს რაიმე სხვა საშუალებით ვერავინ მიწვდება. მისი ფურცლების მიღმა დარჩებიან ყველანი, რომლებიც საკუთარი სხეულის მიღმა ეძიებენ მსხვერპლს... ანუ მხეცს სცემენ თაყვანს.
    გამაწბილა ოქროს ნიღაბმა, თანაც როგორ... ერთი სიტყვა რაა, ერთი სიტყვითაც არ უხსენებია ოქრო, არა და არა. ამაოდ გამოვბასრე ყურები, იქნებ რამე წამოცდეს თავისი საიდუმლოების შესახებ-მეთქი. ლაპარაკით საკმაოდ საინტერესოდ ილაპარაკა, სხვა ნიღბებს არაფერში ჩამორჩენია... რა კარგად გამოიხმო კვაზარი, ჩვენი ყოფიერების უშორესი წერტილიდან... მაგრამ ერთი მითხარით, რაზე მჭირდებოდა ეს ყველაფერი? მე ოქროს ჩავუსაფრდი, მშვენიერ, მზისფერ მეტალს, ოქროს შესახებ უნდა მელაპარაკოს ოქროს ნიღაბი...
ნიღბების ყიჟინამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. აჰა, მორჩნენ თავიანთ ბავშვურ ჟივილ-ხივილს, ახლა ჩემგან მოითხოვენ სიტყვის თქმას ამჯერად კიდევ უფრო უსიამოვნო მეჩვენა მათი მომთხოვნი ტონი, მეც ამომეღო ხმა, რაიმეთი შევხმიანებოდი ზღვიდან ამომავალ მხეცს. სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემთვის, თავს ლამის დამნაშავედ ვგრძნობდი მათ წინაშე... ვერაფერი რომ ვერ ვთქვი მთელი ამ ხნის მანძილზე... ცალკე იმასაც მეშინოდა, ვაითუ ოქროს ნიღაბმა საბაბად გამოიყენოს ჩემი მდუმარება და არც იმან მითხრას რაიმე-მეთქი. არ გამიმჟღავნოს თავისი საიდუმლო. ბოლოს და ბოლოს, იქნებ მართლა მეთქვა რაიმე, მაგრამ რა ვთქვათ რა? ჩემს თავში ნამდვილი ქაოსია. დრო-სივრცის უფართოესი რკალი... ვარსკვლავების სიმაღლე... ზღვიდან ამომავალი მხეცი... ეს ყველაფერი დომხალივით ირევა ერთმანეთში, და ამ დომხალში ვერაფერს ვხედავ ხელჩასაჭიდს, ანუ ისეთს, სათქმელად რომ ღირდეს.
    ერთი შემთხვევა ამოტივტივდა ამ ქაოსიდან (ალბათ მეტისმეტი შეჭირვების გამო); მთვარის დაბნელებას შევყურებდით მეზობლები, საერთო აივანზე მოვიყარეთ თავი... თუმცა, წინასწარ არ ვიცოდით, მთვარის დაბნელება თუ იყო მოსალოდნელი, შემთხვევით გავხდით ამ მოვლენის მოწმენი, იგი მოგვიანებით გაირკვა... (რა არეულ-დარეულად მახსენდება ყველაფერი... აკი ვთქვი, ჩემს თავში ნამდვილი ქაოსია). წყნარი ღამე იყო, უქარო. ცას თხელი ნისლი ეფინა. ეს ნისლი ალაგ-ალაგ შესქელდებოდა, ღრუბლის კოშტებს ქმნიდა, რომლებიც ზანტად ინაცვლებდნენ ადგილს. ხანდახან სულაც ჩერდებოდნენ, თითქოს ცას მიელურსმებოდნენ ხოლმე... სავსე მთვარე კაშკაშებდა. თხელი ნისლი მთვარის კაშკაშს ვერაფერს აკლებდა, ანდა თითქმის ვერაფერს. სულ ოდნავ ამქრქალებდა მხოლოდ. მთვარის მნათი დისკო სრულიად უნაკლოდ, მკაფიოდ ჩანდა, მისი გარშემოწერილობა ოდნავადაც არ იდღაბნებოდა ნისლში გახვევისას. მაგრამ აი, თუ ღრუბლის კოშტი წამოეწეოდა მთვარეს, ის უკვე ახერხებდა მუქი ჩრდილი გამოესახა მის გაბადრულ სახეზე, გარემოწერილობას ჩამოაჭრიდა ხოლმე... ზანტად, აუჩქარებლად ხდებოდა ეს ყველაფერი.
ვდგევართ აივანზე, ვმუსაიფობთ ათას წვრილმანზე... და უცბად ერთერთმა ჩვენთაგანმა (სტუმარი იყო ჩემი კარის მეზობლის) თქვა, მთვარის დაბნელება იწყებაო.
    ყველამ მთვარეს შევხედეთ, ისევ ისე კაშკაშებს, ოღონდ აი, ნაპირი თითქოს სულ ოდნავ ჩამოჭრილი აქვს... ჩრდილი აფენია პატარა, და ეს ჩრდილი სხვა არაფერია, თუ არა ღრუბლის კოშტი... ნამდვილად ასეა; მთვარე ერთიანად გახვეულა თხელ ნისლში, შედარებით შესქელებული კოშტები ირგვლივ დარიალებენ. ერთერთი კოშტი მის ნაპირს ოდნავ გაეკარა, ესაა სულ, რა შუაშია აქ მთვარის დაბნელება...
ამ აზრის ვიყავით ყველანი, იმ უცხო სტუმარმა კი (მახსოვს; თხელი აღნაგობისა იყო, მხრებზე გაცრეცილი ლაბადა მოეგდო) დაიჟინა, ნამდვილად მთვარის დაბნელებააო. ჩვენ ჩვენსაზე ვიდექით, მთელი სამეზობლო; ღრუბელი წამოეპარა მთვარეს, ნაპირი ოდნავ ჩამოაჭრა. გადაივლის ღრუბელი, ჩრდილიც გაქრება, მთვარის მთლიანობა აღდგება...
    ის უცხო სტუმარი კი, ნამდვილად მთვარის დაბნელებააო, გაიძახოდა. თანაც რა თავდაჯერებული იყო... ამან გამაკვირვა უწინარეს ყოვლისა, ოდნავი დაეჭვებაც კი არ ისმოდა მის ხმაში. თითქოს ხელისგულზე ედო მთვარის დისკო და ისე დაჰყურებდა. ის ღრუბლის კოშტიც რომ არ იძროდა ადგილიდან... თითქოს ცას მიელურსმაო. თუმცა ალბათ, ისიც დაიძვრებოდა ცოტა ხანში, ისიც გადაივლიდა სხვა კოშტებივით.
    ვდგევართ, შევყურებთ მთვარეს, იმ უცხო სტუმრის საოცარი თავდაჯერებით მონუსხულნი. მთვარე კაშკაშებს, თხელი ნისლით ოდნავ გამქრქალებული... ღრუბლის კოშტი კი... არა და არ იცვლის ადგილს. ისევ იქაა, პაწია ჩრდილს აფენს მთვარის მნათ დისკოს, და ეს ჩრდილი თითქოს იზრდება... ვითომ? რაღაც არ მგონია... ჰო, ნამდვილად იზრდება... თუმცა ღრუბლის კოშტიც ხომ შეიძლება გაიზარდოს, ნისლი იხვევა და სქელდება... არა, არ ჰგავს ეს მთვარის დაბნელებას.
    - მთვარის დაბნელებაა, - ისმის სრულიად შეუვალი, თავდაჯერებული ხმა.
ერთი სიტყვით, უცხო სტუმარი გამოდგა მართალი, ბევრი რომ არ გავაგრძელო. მართლა დაბნელდა მთვარე. ჯერ განახევრდა... მინდა გითხრათ, ჩვენ ამ დროს ჯერ კიდევ ეჭვი გვეპარებოდა; ღრუბლის ჩრდილშიც შეიძლება გაანახევროს მთვარე, მსგავსი სურათის მოწმენიც ვყოფილვართ... მაგრამ როდესაც ვიწრო მანათობელ რკალად იქცა მთვარე, მაშინ კი ხმა აღარ ამოგვეღებოდა. არც გვითქვამს რაიმე, ჩუმად შევყურებდით, თუ როგორ დაფარა დედამიწის ჩრდილმა ნამგლისებური ვიწრო რკალიც. გარკვეული ხნის მერე ჩრდილი ისევ დაიძრა ადგილიდან და ახლა უკვე საწინააღმდეგო მხარეს გამოჩნდა მანათობელი რკალი. ახლა კი საბოლოოდ ვირწმუნეთ ყველამ, რომ ნამდვილად მთვარის დაბნელებას შევყურებდით და არა ღრუბლის კოშტის ჩრდილს, ქარის სიზანტის წყალობით ცაზე მილურსმულს.
    არადა, როგორ ჰგავდნენ ერთმანეთს, როგორ ჰგავდნენ (ღრუბლის კოშტის და დედამიწის ჩრდილებზე გეუბნებით), ამ დროს კი სრულიად სხვადასხვანი იყვნენ... სად ღრუბლის კოშტის ჩრდილი და სად მთელი დედამიწის ჩრდილი. მათი შედარებაც კი არ შეიძლება. ისინი სხვადასხვანი არიან როგორც ზომებით და წარმომავლობით (ღრუბლის კოშტის ჩრდილს ლამის მუშტისხელა ღრუბელი ქმნის, დედამიწის ჩრილს თვით დედამიწა), ასევე სივრცეში განფენილობის მიმართულებით (ღრუბლის კოშტის ჩრდილი მთვარიდან დედამიწისკენაა მომართული, დედამიწის ჩრდილი კი პირიქით, დედამიწიდან მთვარისკენ). მიუხედავად ამ ყველაფრისა, სრულიად შეუძლებელი იყო მათი ერთმანეთისგან გამორჩევა, რაიმე განმასხვავებელი ნიშნის მოძებნა დროის გარკვეული მონაკვეთის მანძილზე. აკი ვერც შევძელით, სანამ მთვარემ თავისი სავიზიტო ბარათი, ვიწრო მნათი ნამგალი არ გადაგვიშალა თვალწინ.
მე ვკითხე იმ უცხო სტუმარს გაოცებულმა; როგორ გამოიცანი მთვარის დაბნელება, როდესაც ღრუბლის კოშტები ასე თავგამოდებით ცდილობდნენ ჩვენთვის კვალის დაბნევას. დაგვიბნიეს კიდეც კვალი, თავგზაც აგვიბნიეს, ყველას, შენს გარდა... მითხარი, ეს როგორ მოახერხე, როგორ შესძელი შეუძლებელი...
    არ ვიცით, მითხრა. როგორც კი შევხედე მთვარეს მაშინვე მივხვდი, რაღაც სხვა ჩრდილი რომ ეფინა. მასში დედამიწის ჩრდილი ამოვიცანი, მაგრამ როგორ და რანაირად, ვერაფერს გეტყვიო.
    და ახლა, როცა ნიღბები საყვედურებს სეტყვასავით მაყრიდნენ თავზე ჩემი შეუპოვარი მდუმარების გამო (ეს სიტყვა სწორედ ოქროს ნიღაბს ეკუთვნის, რაც ძალიან ცუდად მენიშნა...), გულით ვინატრე იმ უცხო სტუმრის ხედვის მსგავსი ნიჭი. აი მაშინ ნამდვილად მეშველებოდა, შევძლებდი რაიმე საინტერესო დამენახა. ისეთ უცნაურობებსაც გამოვამზეურებდი, რაღაცა რაღაცას რომ ჰგავს, ამ დროს კი სრულიად სხვადასხვანი არიან. სამწუხაროდ, ასეთი ნიჭი არ მოუმადლებია ჩემთვის განგებას, არც დრო-სივრცის უფართოეს რკალზე გადაბიჯება შემიძლია, ვარსკვლავებამდე ვერ ავმაღლდები. რა ვიღონო?
ხავსს მოვეჭიდე წყალწაღებულივით. ნიღბებს შევეხვეწე: მომეცით ნება, ჯერ ყველა თქვენგანს მოვუსმინო. როცა სათქმელი აღარაფერი გექნებათ ჩემს სიტყვას მაშინ მოგახსენებთ-მეთქი.
    მზის ნიღაბი მაშინვე გამომეხმაურა, მზის მომღიმარი სახე მომაპყრო და მითხრა: მოთმინება არ მყოფნის, ისე ვჩქარობ ჩემი ბოლო სიტყვა ვთქვა კარუსელის შესახებ. ალბათ, ნებას დამრთავ (ჰმ, ამას კითხვა უნდა?) ვფიქრობ, არც სხვებს აქვთ რაიმე საწინააღმდეგო.
    ნიღბებმა თავები დააკანტურეს, სხვა რაღა დარჩენოდათ. მეც გულზე მომეშვა. მზის ნიღაბი, ვიცი, რაიმეს საინტერესოს იტყვის. ამ ხნის მანძილზე იქნებ მეც მოვასწრო და რაიმე მოვიფიქრო... ძალიან მაშინებს ოქროს ნიღაბი, ვაითუ ხმაც არ გამცეს... მეც ვიტყვი რაიმეს. რაც ენაზე მომადგება, იმით დავიწყებ... რაც იქნება, იქნება.

                                                              *  *  *

    მიწყდა მზის ნიღბის ხმა... მან თავიც დაგვიკრა, გვანიშნა, დავასრულეო. მე მაშინვე თავი ჩავღუნე, მაღლა ახედვის მეშინოდა... ახლა ისევ დაიწყება: ,,რას იტყვის შემთხვევითობა? რატომ გვღალატობს შემთხვევითობა?~ ამის წარმოდგენისას წინდაწინვე მისკდებოდა გული, მეტად მიმზიდველი სიტყვა თქვა მზის ნიღაბმა, მაგრამ რა? ისიც ურგები აღმოჩნდა ჩემთვის. ვერც ახლა ვხედავდი რაიმეს ისეთს, სათქმელად ღირებული რომ ყოფილიყო. გაჩუმებაც აღარ შეიძლებოდა, უწინარეს ყოვლისა, ოქროს ნიღბის შიშით... ვაითუ ხმაც აღარ გაეცა ჩემთვის...
    იმ უცხო სტუმრის ლანდი დამიდგა თვალწინ, მთვარის დაბნელება რომ გამოიცნო. იგი დუმდა ამჯერად. თვითონვე უნდა მეშველა თავისთვის, მაგრამ რანაირად...
    რაც იქნება, იქნება; რაც ენაზე მომადგება, იმით დავიწყებ.
მივიღე ეს გადაწყვეტილება, დავაპირე კიდეც მისი სისრულეში მოყვანა (ამასობაში ნიღბებიც მორჩნენ აღტაცებულ ჟივილ-ხივილს, მზის ნიღბის სიტყვით გამოწვეულს), რომ უცებ დაიჭექა, მაგრამ რა დაიჭექა; რა თქმა უნდა ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო, აბა სხვა ვინ იქნებოდა ასეთი ომახიანი ხმის პატრონი.
    უცბად გამახსენდა, რომ კარგა ხანია, მისი როხროხი აღარ გამეგონა. ბოლოსთვის შემოინახა სათქმელი, ალბათ მეტი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, მაგრამ ეს რაა? სადღაც სხვაგან გაუტია... მე იმის თქმა მინდა, რომ ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ არ ლაპარაკობს. შვიდი ანგელოზი ახსენა შვიდი თასით. ნიღბები აშკარად გაოცებულები დარჩნენ, მათ შორის მეც...
თუმცა რომ ვთქვა, უკმაყოფილი დავრჩი-მეთქი არ ვიქნები მართალი. პირიქით, ძალიანაც მესიამოვნა მისი, ასე ვთქვათ, უბოდიშო საქციელი. ნიღბების თავდასხმას გადამარჩინა, ამას რა სჯობდა... მზად ვიყავი მისთვის მომესმინა, რაზედაც არ უნდა ელაპარაკა ნიღბები, როგორც აღმოჩნდა ასე არ ფიქრობდნენ.
    - ჩვენ ხომ ზღვიდან ამომავალი მხეცის შესახებ ვლაპარაკობთ, - შეახსენა ორსახა ნიღაბმა ჭექაქუხილის ღმერთს.
    - მე გაუწყეთ, როცა მხეცმა ზღვიდან ამოსვლა დაიწყო. მის შესახებ სხვა სათქმელი არ მაქვს. შვიდი ანგელოზის შესახებ უნდა ვილაპარაკო.
    - სხვა დროისთვის იყოს, - არ უთმობდა ორსახა ნიღაბი. მან იმთავითვე მკვეთრი პოზიცია დაიკავა (ასე ვთქვათ), ზედ აუზის კიდეზე აისვეტა, ვერცხლისფერ გამოცხადებას დაემსგავსა, სივრცეში ორმაგად გამჟღავნებულს... ჭექაქუხილის ღმერთი ზუსტად მის საპირისპირო მხარეს იდგა, აუზის მეორე კიდეში.
    დანარჩენი ნიღბებიც ახმაურდნენ, ყველა ორსახა ნიღაბს მიემხრო, შვიდი ანგელოზის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთო, ასეთი სურვილი ყველამ ერთხმად გამოთქვა.
    მაგრამ აბა, რას გააწყობდნენ ჭექა-ქუხილის ღმერთთან? მან ისე აუწია ხმას, ლამის მართლა ჭექა-ქუხილის ხორცშესხმულ განსახიერებად იქცა. ნიღბებსაც რაღა დარჩენოდათ, მიჩუმდნენ, დაუთმეს ასპარეზი ჭექა-ქუხილის ღმერთს, თავმომწონეობით ცნობილს საყოველთაოდ. ,,არაფერს ერიდება, ოღონდ როგორმე თავი გამოიჩინოს~, ბუტბუტებდნენ ნიღბები.
    ასე და ამგვარად, გააგრძელა ჭექა-ქუხილის ღმერთმა ლაპარაკი მრისხანების შვიდი თასის და შვიდი ანგელოზის შესახებ. ორსახა ნიღაბი გამუდმებით კრიჭაში ედგა, ყოველ წამს შეკითხვებს აძლევდა, ასე რომ მათმა საუბარმა დიალოგის სახე მიიღო. ასეთნაირად იძია შური ორსახა ნიღაბმა. თავისას რომ ვერ მიაღწია, უკან ვერაფრით ვერ დაახევინა ამ მეტად თავმომწონე ღმერთს.
ჰო, მართლა, ჭრელი ბურთი არ დამავიწყდეს... უნდა ითქვას, ის მეტისმეტად უცნაურად იქცეოდა... ჯერ იყო და ტალღისებურად იწყო რწევა, როცა ჭექა-ქუხილის ღმერთი ახორხოცდა. თუმცა რა გასაკვირია... აუზში წყალი დაიტალღა, პაწია წრიული ტალღები წარმოიქმნენ, რაც ჭექა-ქუხილის ღმერთის როხროხმა გამოიწვია. მაგრამ მერე, ბურთმა ტრიალი იწყო, და აღარც გაჩერებულა, სანამ ჭექა-ქუხილის ღმერთი ლაპარაკობდა. აუჩქარებლად ბრუნავდა, თანაბარზომიერად გვაჩვენებდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, ერთიმეორეზე მშვენიერს... ჭრელი ბურთი ხომ დედამიწას განასახიერებდა. უფრო მშვენიერი ცთომილი კი ძალზე ძნელი წარმოსადგენია.
    ...და რა თქმა უნდა, ვარსკვლავების, უცნაური საქციელიც უნდა აღვნიშნო. ჯერ თითქოს უთავბოლოდ იწყეს ხეტიალი. ერთმანეთში აირივნენ ფრინველების გუნდივით... მერე იმ გუნდიდან შვიდი ბრწყინვალე ვარსკვლავი გამოეყო, ჭექა-ქუხილის ღმერთისკენ გამოემართნენ, თავზე ბრწყინვალე ჯიღასავით დაადგნენ, პეწი და დიდება შემატეს ისედაც შთამბეჭდავი შესახედაობის მქონე ღმერთს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები