ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2016


როცა ამინდიც მიატოვე

მზე ყოველთვის აღმოსავლეთიდან ამოდიოდა
გაეთამაშებოდა დასავლეთის მთების ჰორიზონტს
და უფლის ადამიანებისადმი სიყვარულით
სითბოთი ჩამოაბიჯებდა მათი გულებისაკენ.
საღამოს კი ისევ ფეხაკრეფით აივლიდა ზეცამდე აღმართს
რათა დილით...
ყოველთვის მჯეროდა:
ყოველი დილა - ახალი სამყაროს შექმნაა,
ყოველი გაღვიძება - ხელახლა დაბადება,
ყოველი მზის ამოსვლა - რწმენის გამტკიცება,
მზე ღვთის გულია...
სადაც ყოველთვის მეგულებოდი
და სადაც ახლა წვიმს...

წვიმს...
დღეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე
და უფრო მეტად ვიდრე მოძრაობს სისხლი,
რადგან ირგვლივ მხოლოდ ღრუბელთა ცათამბჯენებია (რუხი ლაჯვარდები)
და ჩამოქცეული ცის ოკეანე.
უფერულია ამინდი
სიტყვა - დამშრალი გრძნობებისაგან
და არასოდეს ყოფილა ჩასუნთქვაც ასეთი უსიცოცხლო.
წამი?
წამი დროსთან ერთად ჩაკვდა, როცა წახვედი.
მე ჰო, მაგრამ უფალი?
მისი გულიდან როგორ წახვედი?


აღარც ამოსვლა
და აღარც ჩასვლაა...
უკვე თვეებია რაც მზე აღარ უნახავს ზეცას,
არცერთ ჰორიზონტს.
წვიმს...
და ეს წვიმა უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ წვიმა.
ეს შენი წარღვნაა უფლის გულიდან
მით უფრო ჩემი,
თორემ ის ვერც გაგიმეტებს.

ოდესმე მზე ისევ ამოვა
ოღონდ სხვა აღმოსავლეთიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები