ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2016


სამოთხეზე*

მოსაწყენია ალბათ სამოთხეც,
თუ კი არსებობს,მე მაპატიეთ...
თავისი ფეხაწყობილი
და სტატიკური იდილიებით,
მკაცრი,მაგრამ მშვიდი სახეებითა
და უბიწოებით.
მოსაწყენია ალბათ სამოთხეც,
მე მაპატიეთ რადგან აქაც,
თავიდანვე ცოდვილად გავჩნდი.
არ მერგო ოქროცურვილი გვირგვინი თავზე
და არც მექნება,
არც მხრებს შუა ამომივა
ნაზი,სპეტაკი ფრთები.
მე მერგო ყოფნა ქალად,ადამიანად.
და თუ კი მკითხავთ, დაკარგული დროის გარდა,
არც არაფერი დამნანებია...
მოსაწყენია ალბათ სამოთხეც,
იქ მტვერ ქვეშ არაფერი არ იმალება
და არც სევდიანი წვიმებით არ იწვიმებს,
არაფერია რომ გეშინოდეს,
ტვინს აწვებოდეს ადრენალინი.
მე მაპატიეთ თუკი ვცოდავ,
და ქვეცნობიერს წამოსცდა ესეც,
მოსაწყენია ალბათ სამოთხე,
მონოქრომულად და უდრტვინველად,
იქ ვერ გაიგებთ,რომ ვიღაც განიკურნა
ან სიკვდილს გადაურჩა ბეწვზე,
ისედაც ჯანმრთელია ყველა და უვნებელი.
იქ ალბათ პედანტურობის ზეიმია,
მაგრამ რა ვიცი,
რა გამეგება.
არ არის ალბათ აბსტრაქტული სურათები,
როგორც აქ,ჩვენთან.
და არც საგიჟეთის გახსნა დასჭირვებიათ.
არც ციხიდან განთავისუფლება უხარიათ,
არც შვებულება.
თავისუფლება იქ მუდმივია.
ალბათ არც ჯოჯოხეთიდან ამომავალი გოდება ესმით,
შეწუხდებოდნენ და
არც ნეტარება იქნებოდა
და არც სიმშვიდე,
ალბათ არც ღარები და ნახეთქები არ აქვს სამოთხეს,
აქ რომ არ ჩამოეხედათ,
სიშავეებს დაინახავდნენ მხოლოდ.
მოსაწყენია ალბათ სამოთხე,
თუკი არსებობს,
მე მაპატიეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები