ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
1 სექტემბერი, 2016


დედა

სულიერად ავადმყოფმა დედამ, სულიერად ავადმყოფი შვილი შვა, იმისთვის რომ, სულიერი ავადმყოფობის სამყაროში მარტო არ ყოფილიყო...
მანამდე კი იყო ასე...
დედამ მეზობელ ქალებს შესჩივლა, მე რომ მოვკვდები ჩემს ავადმყოფ შვილს რა ეშველება ვინ მიხედავსო. კეთილის მსურველმა ქალებმა მისი წუხილი გულთან ახლოს მიიტანეს, რჩევაც უცებ მოიფიქრეს. -რომ გაათხოვოო?! დედა გაოცდა, იუარა, ხელები გაასავსავა ვინ წაიყვანსო. ვინმეო, პასუხიც არ დააყოვნეს. დედა დაფიქრდა, ასე არ ივარგებსო, შვილი რომ ეყოლოსო?! მაგას რა სჯობია მიმხედავი პატრონი ეყოლებაო. დედას გონება გაუნათდა, ისიც რომ მისნაირი იყოსო?! რატომ უნდა იყოსო, ღმერთი მოწყალეაო. დედამ ხელი ჩაიქნია, იყოს რაც არის არის, სანამ ვიქნები მეც ვეყოფი და მერე ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდებაო. მეზობლის ქალებმა დაიჟინეს, რჩევა რჩევაზე არ დაინანეს, იმდენი უხსნეს და ელაპარაკეს საბრალო ქალს ტვინი გადაუტრიალეს. შესაფერის კაცს ჩვენ ვიპოვითო დაპირდნენ ენთუზიაზმით ავსებულები. დედა წავიდა დაფიქრებული, ბედს მინდობილი, იქნებ ასე უკეთესი იყოსო - ფიქრობდა გულში. რაც მოსახდენია მაინც მოხდება და ახლა ამაზე რად უნდა ვიჯავროო.
კეთილის მსურველმა მეზობლის ქალებმა საძიებო სისტემა აამუშავეს, უბანი უბანს გადაწვდა, მეზობელი - მეზობელს, დედაკაცი - დედაკაცს, კეთილისმყოფელ ადამიანებს რა „დალევს“ ამ ქვეყანაზე, სხვის ბედს რომ უკეთ მართავენ და მათი ცხოვრებით რომ სულდგმულობენ... ასე იპოვეს „შესაფერისი კაცი“. ყველამ იცოდა რომ ის კაციც „ცოტა ვერ იყო“, ტიპიურ მამრს ყველა ქალზე დორბლი ჩამოსდიოდა, ასეთი რომ არ ყოფილიყო „შესაფერისიც“ ხომ არ იქნებოდა. იფიქრეს მეზობლის ქალებმა ორმაგ სიკეთეს გავაკეთებთ ღმერთი დაგვინახავსო. თავი ბედნიერად იგრძნეს რა კარგები ვართ ასე რომ ვიქცევითო. ბევრი მიზეზი გამონახეს რის გამოც ეს საქმე ასე კარგად გამოჩარხეს.
და ეს დღეც დადგა, კაცი ქალს წარუდგინეს. დედას რცხვენოდა, იმალებოდა, თან ეშინოდა... მაგრამ მაინც ღმერთის და ბედის ამბავს მიაწერდა და ხმას არ იღებდა. მეზობლებმა ახალი ოჯახის აღსანიშნავი სუფრის გაშლა მოინდომეს... საბრალო დედამ  უმასპინძლა ახალ ნათესავებს და ახლად შეძენილ „შვილზე“ დიდი იმედები დაამყარა.
და როცა ყველა წავიდა და ცოლ-ქმარი მარტო დარჩა... მოსახდენი რა თქმა უნდა მაშენვე მოხდა... ქალმა იწვალა, გაუძლო და იფიქრა, ერთი იყო და დამთავრდაო... მაგრამ საბრალოს წინ რა ელოდა ამას ვერასდროს წარმოიდგენდა. კაცს საღერღელი უფრო და უფრო აეშალა, სურვილები არა და არ დაელია. დედა ცდილობდა სახლიდან გასვლას, უმძიმდა და ნანობდა. მეზობლის ქალები სიხარულს ვერ მალავდნენ და შვილის ამბავს მალი-მალ ეკითხებოდნენ. დედა ვერ ამხელდა, ან როგორ ეთქვა...
დედა იმედით შეჰყურებდა ზეცას და რაღაცას უცდიდა...
ქალი წვალობდა... უფრო  და უფრო. ბოლოს მოახერხა და გამოერკვა თავისი სამყაროდან და დედას შესჩივლა, მეტი აღარ შემიძლიაო. ცრემლები გადმოსცვივდა.  ამის დანახვაზე დედაც გამოერკვა დარეკა მძახლებთან და სთხოვა კაცი უკან წაეყვანათ...
ქალი დამშვიდდა...
დედა კი ისევ ელოდა, რას ელოდა თავადაც არ იცოდა, მაგრამ გულში რაღაცის დიდი მოლოდინი ჰქონდა. გარეთ აღარ გამოდიოდა და მეზობელ ქალებს ერიდებოდა. ერთი კი უთხრა ეს რა მიყავით რატომ დამღუპეთო. არც უჩხუბია, არც უყვირია. კეთილის მსურველმა ქალებმაც უმალ მიივიწყეს და სხვა საზრუნავი გაიჩინეს.
თვე თვეს მისდევდა...
დედა იცდიდა...
ქალს კი მუცელი ებერებოდა...
9 თვის თავზე ბიჭი გაჩნდა. იმედი და შვება ჩადგა დედის გულში. დამშვიდდა და პატარაზე გადაერთო. ქალიც შეიცვალა, იმ სამყაროში სადაც მარტო ის და დედა იყვნენ ახლა პატარა ანგელოზიც შეემატათ. მეზობლის ქალები ხარობდნენ როცა სამივეს ერთად ხედავდნენ და გული მოსდიოდათ, უმადურებმა გარჯა არ დაგვიფასესო.
დედა, შვილი და შვილიშვილი იღებდნენ დახმარებას სახელმწიფოსგან და ცხოვრობდნენ თავისთვის განმარტოებით.
დრო გადიოდა...
ბიჭი იზრდებოდა და რაც უფრო ასაკი ემატებოდა მით უფრო უჭირდა სამყაროს აღქმა. სწავლით ვერ სწავლობდა, სულ იცინოდა, ისიც თავის სამყაროში ცხოვრობდა და იყო ბედნიერი.
ასე გრძელდებოდა...
დედას უხაროდა, ბიჭია და ისე ვერ დაიტანჯება როგორც ჩემი შვილიო, ღმერთ მადლობას სწირავდა რომ გოგო არ უბოძა მათ.
და, ერთ დღესაც დედა ლოგინში, ღამით, ჩუმი ტირილის შემდეგ მიიცვალა...
და, სულიერი ავადმყოფობის სამყაროში დედა - შვილი მარტო დარჩა კეთილისმყოფელი მეზობლების ანაბარა...

12.04.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები