ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
1 სექტემბერი, 2016


მელანოMANia

"ქვეყნად უამრავი ქალია, რომელთანაც შეიძლება დაიძინო და საკმაოდ ცოტა,
ვისთანაც შეიძლება ისაუბრო."
ერნესტ ჰემინგუეი
მელანო (თავი მეხუთე)
როგორც იქნა მოვიცალე, რათა ამ ნაწარმოების მთავარ გმირზე, მელანოზე დამეწყო წერა.
ადამიანზე, ვინც რადიკალურად შეცვალა ჩემი უღიმღამო და არაფრისმთქმელი ცხოვრება.
ერთმანეთს პირველად საბურთალოს ქუჩაზე შევხვდით, რომელიღაც პარკში, საკმაოდ გვიანი იყო.
პირველი, რაც ჩემი დანახვისას გაიფიქრა იყო, რომ დაბალი და მსუქანი გახლდით,
ამაში თვითონ გამომიტყდა ურთიერთობის რაღაც ეტაპზე, მე კი პირიქით ვფიქრობდი,
ასეთი მაღალი და მშვენიერი ქალი ჩემ გვერდით არასოდეს იქნება, მეთქი...
ასე იყო თუ ისე, პირველი შეხვედრა საკმაოდ ემოციური და ცხელი გამოდგა.
მახსოვს სადა, უბრალო კაბა ეცვა, მუხლის თავები უჩანდა, თეთრი, ქათქათა მუხლის თავები...
ვატყობდით ერთმანეთს, რომ სასაუბროდ არცერთი არ ვიყავით მოსული
და ერთი სული გვქონდა, როდის მივეკრობოდით ერთმანეთს.
გავბედე და მარცხენა ხელით თმაზე დავუწყე მოფერება. გული ისე გამალებით მიცემდა,
რომ მეგონა მთელ ქვეყანას შეძრავდა მისი ბაგა-ბუგი, არათანაბრად ვსუნთქავდი,
თუმცა მელანო მიხვდა, რომ ვმორცხვობდი და ლოყაზე ნაზად მაკოცა...
საოცარი სითბო ვიგრძენი მისგან, თხემით ტერფამდე დამიარა მისმა ამბორმა
და იმ მომენტში თავი ყველაზე ბედნიერ მამაკაცად ვიგრძენი.
სასიამოვნოდ ავნერვიულდი და კოცნის დაბრუნება გავბედე, ოღონდ ამჯერად ლოყაზე არა,
ქვედა ტუჩზე...
მელანო იმ დღეს მეგობრის დაბადების დღიდან მოვიდა პაემანზე,
სასმელისა და მენთოლიანი საღეჭი რეზინის არომატი საოცარ გემოს ჰმატებდა მის ტუჩებს,
ერთიანად გავიჟღინთე მისი სუნამოს და ტუჩების სურნელით,
სამი დღე არ მომშორდა მისი არომატი და გემო.
გულისცემაც ნელ-ნელა გათანაბრდა და სუნთქვის სიხშირემაც დაიწყო დარეგულირება...
ორს საათს რომ გადასცდა, მელანომ თქვა წავიდეთო,
მე მზად ვიყავი მთელი ღამე იმ ძელსკამზე გაგვეტარებინა,
მაგრამ აღარ შევეწინააღმდეგე და წამოვედით.
ძალიან ცოტა ვისაუბრეთ იმ დღეს, მაგრამ მივხვდი,
რომ საინტერესო და ცხოვრებისგან გამოწრთობილი, გამოცდილი ადამიანი გავიცანი,
ვისგანაც ბევრი რამის სწავლას შევძლებდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები