ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
1 სექტემბერი, 2016


ოქროს გულები

  ერთ დროს ვარსკვლავები ხშირად სტუმრობდნენ დედამიწას. ეს ყველამ კარგად იცოდა და არც არავის უკვირდა, თუ სადმე წააწყდებოდა ზეციურ მანათობელ სტუმარს, განთიადისას შემთხვევით შემორჩენილს.
არც მზეონას გაკვირვებია, როცა ერთ მშვენიერ დილას ვარსკვლავი იპოვა.
მერე სად იპოვა მზეონამ ვარსკვლავი, არ იკითხავთ?
  ობობას მიერ გაბმულ აბლაბუდაში!

  ობობების საფეიქრო ოსტატობა ხომ საყოველთაოდ ცნობილია. ამ ობობას კი ყველა თავის თანამოძმისთვის ეჯობნა: ორ მეზობელ ხეს შორის დაეჭიმა გრძელი, დრეკადი ძაფები და მართლაც იშვიათი სილამაზის ნაკეთობა მოექსოვა, რომელიც ცისკენ აზიულ კამაროვან თაღს ჰგავდა. ამას დაუმატე ისიც, რომ ცვარ-ნამით უხვად იყო მორწყული ყოველივე იმ დილით. ნამის გამჭვირვალე წვეთებით აკინძული და მზეზე ათასფრად აბრჭყვიალებული აბლაბუდის თაღი ნამდვილ ბროლის თაღს მოგაგონებდა.
სწორედ ამ ბროლის თაღში გახლართულიყო ვარსკვლავი თავისი რბილი, აბრეშუმის სხივებით და თავი ვეღარ დაეღწია. თავადაც ნამის წვეთს ჰგავდა, ოღონდ შედარებით მოზრდილ წვეთს. მის ბრწყინვაშიც ოქროსფერები ჭარბობდნენ. მზეონამ ვარსკვლავი აბლაბუდისგან გაათავისუფლა და ასეთი კითხვით მიმართა დახელოვნებულ ფეიქარს:
  - ეს შენ გესტუმრა ვარსკვლავი, ობობავ?
  ობობას ყურიც არ შეუბერტყავს შეკითხვაზე, აბლაბუდის ქსოვით იყო გართული. ვარსკვლავის გამოხსნისას აბლაბუდა ცოტათი დაზიანდა, თუმცა მზეონა ძალიან ფრთხილობდა. ჰოდა, ობობა მაშინვე მის აღდგენას შეუდგა, სხვას აღარაფერს აქცევდა ყურადღებას. შეიძლება ვერც კი მიხვდა, რომ მის ქსელში ჩვეულებრივზე დიდი ბუზი კი არა, ვარსკვლავი იყო გაბმული.
ცხადი გახდა, რომ ობობას სტუმარი არ ყოფილა ოქროსფერი სხივებით მოციმციმე ვარსკვლავი, ამიტომ მზეონა გულდამშვიდებით გაშორდა აბლაბუდის ჰაეროვან ციხე-კოშკებს. აუჩქარებლად მიაბიჯებდა ნამით უხვად მორწყულ მინდორზე, ვარსკვლავი ხელისგულზე ედო, ხშირ-ხშირად დახედავდა ხოლმე და სულ უფრო და უფრო იხიბლებოდა მისი სილამაზით. ,,ნეტავი ვის ეწვეოდა, აბლაბუდაში რომ არ გახლართულიყო~ - ეს ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა გოგონას.

  ამ სიარულში ნაკადულს მიადგა. როგორც კი თვალი მოჰკრა მზის სხივებზე აბრჭყვიალებულ გამჭირვალე ჭავლს, მაშინვე ასე დაასკვნა, ალბათ, სწორედ ნაკადულს ეწვეოდაო სტუმრად ვარსკვლავი.
- ნაკადულო, ვარსკვლავი გეწვია სტუმრად, მაგრამ ობობას აბლაბუდაში გაიხლართა და შენამდე მოღწევა დაუგვიანდა, - მიახარა ნაკადულს და ვარსკვლავიანი ხელისგული შეუშვირა მის გამჭირვალე ჭავლს.
მაგრამ რა დიდი იყო მისი გაოცება, როცა ნაკადულისგან ასეთი პასუხი გაიგონა, უკმაყოფილო ბუტბუტით ნათქვამი:
  - სად მცალია სტუმრებისთვის! ათასი საქმე მაქვს. ყველა მოუთმენლად მელოდება, ხე იქნება, ყვავილი თუ ცხოველი...
  მზეონამ სასწრაფოდ ამოარიდა ნაკადულს ვარსკვლავიანი ხელი. ნაკადული წამითაც არ შეყოვნებულა, ისევ ისე უკმაყოფილო ბუტბუტით გააგრძელა გზა.
მზეონასაც მეტი რაღა დარჩენოდა, თვითონაც გაუდგა გზას. ვარსკვლავიანი ხელი კვლავინდებურად წინ გაეწვდინა და გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, ნეტავი, ვისი სტუმარიაო.
ცოტა იარა თუ ბევრი, კოცონს გადაეყარა. მწყემსებს ცეცხლი ანთებული დაეტოვებინათ ღამისთევის შემდეგ, შეშას ბოლომდე ვერ მოესწრო დაწვა და ცეცხლის ენები მხიარულად ტკაცუნობდნენ.
  - ცეცხლის ალო, ვარსკვლავი გეწვია. ალბათ, გეცოდინება, თუ როგორ უნდა დაუხვდე ასეთ მშვენიერ სტუმარს, - მიმართა მზეონამ ცეცხლის ალს. ეჭვი აღარ ეპარებოდა, ნამდვილ მასპინძელს მივაგენიო. აკი ცეცხლის ალიც ისე ლამაზად ბრწყინავს, ნამდვილი ვარსკვლავი გეგონება. განსაკუთრებით მაშინ, როცა შორიდან შესცქერი.
პასუხად ცეცხლის ალი უფრო ხმამაღლა ატკაცუნდა:
  - ნეტავი რაში მჭირდება ვარსკვლავის სტუმრობა! მე თვითონ უფრო ლამაზად ვანათებ, ვიდრე ყველა ვარსკვლავი ერთად აღებული.
ცოტათი კიდევ შეიმაღლა ცეცხლის ალმა, ერთიც გაიტკაცუნა და იქვე ჩაინავლა. ერთი მუჭა ნაცარიღა დარჩა მისგან.

  კვლავ გზა განაგრძო მზეონამ, ამჯერად მისი ყურადღება ფრთახატულა ფრინველებმა მიიქციეს, მოუღლელად რომ დასრიალებდნენ ცასა და მიწას შუა.
  - ფრინველებო, მითხარით, იქნებ თქვენ გეწვიათ ვარსკვლავი?
  - როცა მოგვენატრება, ჩვენც თვითონ მივფრინავთ ხოლმე ვარსკვლავებთან, ოღონდ    ახლა ბარტყობის დრო გვაქვს და არ გვცალია, - აჭიკჭიკდნენ ფრინველები.
მალე შველს გადაეყარა მზეონა. ისეთი ლამაზი იყო, ისე უხდებოდა მწვანედ მობიბინე მინდორს. სწორედ ასეთ მშვენიერ ცხოველს თუ ეწვეოდა ეს უცხო სტუმარი.
  - ალბათ, შენ გეწვია ვარსკვლავი, შველო!..
  - ჩემთან ხშირად მოსულან სტუმრად ვარსკვლავები, ზურგით ვატარებდი ხოლმე მათ, ნახე, ნაკვალევი მატყვია, - ხალისით გამოეხმაურა შველი და დაწინწკლული ზურგი მოუბრუნა, - ო, რა მხიარულად ვატარებდით დროს. მაგრამ ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. ამ ბოლო დროს არც ერთი ვარსკვლავი აღარ მსტუმრებია.
ამ სიტყვების შემდეგ შველი კუნტრუშით მიეფარა თვალს, მზეონამ კი გზა განაგრძო.
მთელი ის დღე სიარულში გაატარა. ვისაც კი გადაეყარა, ყველას ჰკითხა, შენ ხომ არ გესტუმრაო ეს ოქროსფერი ვარსკლავი, თან ვარსკვლავთან ხელისგულს უწვდიდა.
ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც.

  ამ დროისთვის მზეონა მშვენიერ ყვავილოვან ველს მიადგა. იქაურობა ათასფრად იყო გადაჭრელებული.
  სულერთიანად სისხლისფერი მზე დასალიერთან იდგა, საცაა თვალს მიეფარებოდა კიდეც.
  - მზეო, იქნებ შენ მაინც მითხრა, ვის ეწვია სტუმრად ვარსკვლავი? - ჰკითხა მზეონამ მზეს და ჩვეულებისამებრ გაუწოდა ვარსკვლავიანი ხელი.
მაგრამ მზეს ლაპარაკის თავი აღარ ჰქონდა, ისე იყო დაქანცული. ბრიალა თვალები მილულა და უხმოდ ჩაეშვა ცისკიდურს მიღმა.
  მზეონამ ირგვლივ მიმოავლო თვალი. ო, როგორ ღაღანებდნენ ყვავილები... ათასფრად გაჰქონდათ ლივლივი. ჯერ ისევ მძლავრობდა დღის ნათელი და ყვავილები თითქოს ჩქარობდნენ რაც შეიძლება სრულად გამოეფინათ თავიანთი უნაზესი ელფერი. ოღონდ, აქ უნდა გითხრათ ერთი რამ: ამ დროისათვის ჯერ არც ერთ ყვავილს არ ჰქონდა გული... ის ოქროსფერი კოხტად ამობურცული გული, დღეს ასე რომ იწონებენ თავს. მხოლოდ ფერადი ფურცლები და მწვანე ღერო, ეს იყო სულ...
  - ყვავილებო, იქნებ თქვენ გეწვიათ ეს ლამაზი სტუმარი ზეციდან - ახლა ყვავილებს მიმართა მზეონამ თავისი ჩვეული შეკითხვით.
  მაგრამ ყვავილები დუმდნენ. სამწუხაროდ, ნიავი არ ქროდა, მის გარეშე კი ყვავილებს ლაპარაკი არ შეეძლოთ.

  ასე რომ, მზეონამ მათგან ვერაფერი გაიგო, მაგრამ ერთი რამე შეამჩნია და დაუკვირდა: ყვავილები ისე იწვდიდნენ მისკენ ფერად-ფერად ფურცლებს, თითქოს რაღაცის თქმა უნდათო.
  მზეონამ დაფიქრებული მზერა მოავლო გადაჭრელებულ მინდორს. ასე მოეჩვენა, უამრავი ფერადი ხელისგული იყო მისკენ გამოწვდილი და რაღაცას უხმოდ ევედრებოდნენ.
გოგონამ კვლავ დახედა ხელისგულზე დადებულ ვარსკვლავს, ცოტა ხანს კიდევ იფიქრა და მერე ერთ-ერთ უახლოეს ფერად ყვავილს დაანდო იგი.
  ყვავილის ნაზი ფურცლები მაშინვე მჭიდროდ შემოეხვივნენ ოქროსფერ ვარსკვლავს და კოკორივით გამოკრეს.
  - ხვალ დილამდე შემინახე, - სთხოვა მზეონამ და თვითონ დასაძინებლად წავიდა. იმედი ჰქონდა, დილის ნიავის დახმარებით მაინც გაარკვევდა, ამ ყვავილის სტუმარი იყო თუ არა ოქროსფერი ვარსკვლავი.
  მეორე დილით, დაპირებისამებრ, მიაკითხა იმ ყვავილს, რომელსაც ოქროსფერი ვარსკვლავი მიაბარა.
  მიაკითხა და თვალებს ძლივს დაუჯერა, ისეთი საოცრება იხილა; ეს საოცრება იყო ოქროსფერი ვარსკვლავი, ყვავილის ფერად ფურცლებში მჭიდროდ ჩამჯდარი და ჩაზრდილი. იგი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მუდამ აქ სახლობდა და არა ცის ლაჟვარდოვან თაღზე.
  ახლა სტუმარს ვეღარ უწოდებდი ოქროსფერ ვარსკვლავს, იგი მასპინძელს უფრო ჰგავდა.

  მზეონასაც აღარაფერი უკითხავს ყვავილისთვის, ისედაც ცხადი იყო ყოველივე.
და კიდევ ერთი საოცრებაც: იმ ღამით, სანამ მზეონას ეძინა, სხვა ყვავილებსაც სწვეოდათ ოქროსფერი ვარსკვლავები, და ახლა ყველა მათგანი ოქროსფერი გულით იწონებდა თავს.
მერედა, როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს... ათასჯერ უფრო გალამაზდნენ ყვავილები, რაც ოქროსფერმა ვარსკვლავებმა დაიდეს ბინა მათ გულებში. თვითონაც ზეციურ სტუმრებს დაემსგავსნენ.
და მზეონამაც შესანიშნავად გაატარა ის დღე, საოცრებებით ასე მდიდარი, მხიარულად თამაშობდა ოქროსფერგულიან ყვავილებთან და გული მაინც ვერ იჯერა.
  საღამოსთვის კი კიდევ ერთი საოცრება მოხდა: როგორც კი მზე დასალიერს მიუახლოვდა, ყვავილებმა მაშინვე, თითქოს ვინმემ უბრძანათო, ერთბაშად შეკუმშეს ფერად-ფერადი ფურცლები და კოკორივით გამოკრეს შუაში მომწყვდეული ოქროსფერი გული ანუ ვარსკვლავი.
  მზეონა მიუხვდა: ყვავილები შიშობდნენ, ღამით არ მიეტოვებინათ ისინი ზეციურ სტუმრებს.
  თუმცა მერე, მოგვიანებით, დარწმუნდნენ, რომ ეს ამაო შიში იყო, ვარსკვლავებმა სამუდამოდ მათთან დაიდეს ბინა და აღარ აპირებდნენ ზეცაში დაბრუნებას. ამიტომ აღარც ფრთხილობენ, ღამითაც თამამად შლიან ფერადოვან ფურცლებს. მაგრამ ყვავილები უმეტესწილად მაინც სიფრთხილეს ამჯობინებენ: როგორც კი დაღამდება, მაშინვე მჭიდროდ შეკუმშავენ ხოლმე ფერადოვან ფურცლებს, ვაითუ ძველ მეგობრებთან დაბრუნება მოისურვონ ჩვენმა ზეციურმა სტუმრებმაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები