ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
10 სექტემბერი, 2016


მელანოMANia

"სრულ ბედნიერებას ორი მუდმივი მტერი ჰყავს: ტკივილი და მოწყენილობა".
არტურ შოპენჰაუერი
მელანო (თავი მერვე)
სახეუცვლელად გადმოგცემთ მას, რაც მელანომ მიამბო.
ერთმანეთის ფერებით გადაღლილები, სიქაგაცლილები და გამოფიტულები ვიყავით, ორივე გულაღმა დავწექით, სიგარეტს გავუკიდე და მონაცვლეობით ვარტყამდით ნაფაზებს.
საფერფლე ჩემს გულ-მკერდზე იდო, მახსოვს იმ მომენტში შუშის საგანი იყო ერთადერთი რამ, რაც ჩემს ოფლიან სხეულს აგრილებდა. თამბაქოს კვამლში ძლივს ვარჩევდით ერთმანეთის მიბნედილ თვალებს, მელანომ ღრმად ამოისუნთქა და მითხრა:
-ბართლომე, რატომ არ დაინტერესდი აქამდე ჩემი წარსულით ან ოჯახური მდგომარეობით?
გავიკვირვე, თუმცა არ შევიმჩნიე და სიტყვის ბანზე აგდება დავუპირე. ეს ადრეც არაერთხელ მიქნია და ვფიქრობდი, ახლაც იოლად გავიდოდი ფონს, თუმცა ამჯერად მელანომ ხმაში მცირეოდენი სიმკაცრე გაურია და მთხოვა მომესმინა მისთვის, სხვა გზა არ მქონდა და ვუთხარი: გისმენ, მეთქი.
მანაც დაიწყო:
"19 წლის ვიყავი, როცა სიყვარულით გავთხოვდი, თავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მეგონა. ჩემმა ბედნიერებამ თაფლობის თვის შემდეგ სულ რამდენიმე ხანს გასტანა. დროდადრო გავაცნობიერე, რომ ჩემი მეუღლე იყო საშინლად ეჭვიანი, შესაძლოა ითქვას, რომ ავადმყოფურადაც კი, რაც ნორმალური ურთიერთობის ყველა საზღვარს სცდებოდა და ისედაც ახლად ჩაყრილ საძირკველს წყალს უყენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა გზით ცდილობდა სწავლისთვის თავი დამენებებინა, არ დავანებე, მაინც ჩემი გავიტანე და სწავლა არ შევწყვიტე, რათა დასახული მიზნისთვის მიმეღწია და იურისტის პროფესიას დავეუფლე".
"მიზანი ამართლებს საშუალებას".-ჩავერთე მეც.
"ნუ მაწყვეტინებ",-მითხრა მან, კიდევ უფრო ღრმად ამოისუნთქა, ახალ ღერს მოუკიდა, რამდენიმე ნაფაზი დაარტყა, მერე სიგარეტი მე მომაწოდა და თვითონ განაგრძო:
"კოჯორში ვცხოვრობდით. ის 4 წელი, რომელიც სწავლას დაჭირდა იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი ჩემთვის, რადგან იყო სკანდალები, უსაზღვრო ეჭვიანობა, ფიზიკური შეურაცხჰყოფაც კი, იმის გამო, რომ თბილისში მიწევდა სიარული. რამდენიმეჯერ მოვკარი თვალი, როგორ დაძრწოდა უნივერსიტეტის უკანა ეზოში, იმის იმედად, რომ რაიმეს მოჰკრავდა თვალს, მოკლედ, გავწამდი, მაგრამ არასოდეს მინანია, რომ სწავლა განვაგრძე.
ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი და ვიტანდი საშინელ ტკივილს, უფრო დამცირებასა და უნდობლობას, სხვა გზა არც მქონდა, რადგან უკვე პირველი შვილი გვყავდა და არ მსურდა სხვებივით უმამოდ გაზრდილიყო...
6 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გამიჩნდა მეორე შვილი (მელანოს შეეძლო ეთქვა, რომ შეგვეძინა მეორე შვილი, თუმცა ზუსტად ასე მითხრა, როგორც ზემოთ აღვნიშნე), ცოტა არ იყოს სიტუაცია გამოსწორდა, რაც ალექსანდრეს დაბადებასთან ერთად იმითაც იყო გამოწვეული, რომ სწავლას მოვრჩი და რაღაც პერიოდი სახლში მომიწია ყოფნა.
პირველი შვილი, ელენე, უკვე სასკოლო ასაკისა იყო და ერთგვარი არჩევანის ზღვარზე ვიყავი, ბუნებრივია, თანაბარწილ ყურადღებას ახალშობილსა და უკვე "დიდ გოგონას" ვერ დავუთმობდი, თუმცა ყველაფერში დამოუკიდებლად ვმოქმედებდი და ყველა გადაწყვეტილებას ცალსახად ვიღებდი".
ვგრძნობდი, რომ მელანოს საუბარი უფრო და უფრო უჭირდა, ვცდილობდი ყურადღება გამეფანტა მისთვის, ალბათ იმიტომ, რომ ამ ისტორიით საკმარისზე მეტად დავიძაბე და ერთი სული მქონდა, როდის მორჩებოდა საუბარს, თუმცა, როგორც ჩანს, მთავარი სათქმელი ბოლოსკენ მოიტოვა.
ბოლოს ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, თხრობა შეწყვიტა და მითხრა, დღეისთვის საკმარისია, დანარჩენს ხვალ დილით მოგიყვებიო.
ემოციებისგან სრულიად დაცლილ მელანოს რამდენიმე წუთში მიეძინა ჩემს მარჯვენა მკლავზე, მე კი გათენებამდე ვერ მოვხუჭე თვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები