ავტორი: თემურ მაკარაძე ჟანრი: პოეზია 12 სექტემბერი, 2016
(ლინდას)
სევდა ჩამოწვა მოგონების მღვრიე ნისლებად იმ გულში სადაც წლების წინათ შედედდა სისხლი, სადაც ტკივილი ღამღამობით ისე ივსება, რომ სიცოცხლეს გამოთხოვებაც ვერაფრით მიხსნის,
იმ წამებისგან ნაფლეთებად მე რომ მაქცია შენი სიკვდილით უეცარმა მეხის გავარდნამ , ახლა ყველა გზას და ბილიკებს ერთი ფასი აქვთ და ალბათ დროა ცხოვრებასთან ფერხთით დავვარდე.
ცხოვრების მერე ქანცგაწყვეტილ თავთან საკუთარ, იქნებ ტკივილთან შეგუებით მოვიხსნა ლოდი გულის არეში, რომ შემორჩა სევდის საბუთად და ვერ ვღალატობ გარდასული დროების ლოდინს.
მე დღეს უშენოდ ფერმიხდილი სიცოცხლე მქვია ამ შემოდგომით დაცვენილი ფოთლების მსგავსად, ისე უმწეო, უსულგულო ქარები ქრიან ფრთებდალეწილი ოცნებაც კი ბინადრობს არსად.
მაგრამ ცხადია რომ სიკვდილის იქნება მარცხი ვერ შეძლებს წლები გადათელოს შენი სახელი, ვიდრე უფალი ამოსუნთქვას ისევ დამაცლის მუდამ მიზეზი შენ იქნები თვალის გახელის.
ზის უკვდავება ჩემი გულის ყველა კუთხეში და წლების წინათ გარდაცვლილი სიცოცხლით ცოცხლობს.