ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
7 ოქტომბერი, 2016


მელანოMANia

“საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ჰბადებს."
დემოკრიტე
თავი მეთვრამეტე
ადამიანთა უგუნურებას და უსაქმურობით გამოწვეულ მანკიერებას საზღვარი არასოდეს გააჩნდა და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თავად, როდესაც მელანოსთან შეხვედრის დღემ მოატანა.
დილით, წესისამებრ სოციალურ ქსელში შევედი, რათა განვლილი დღისთვის გადამევლო თვალი და არსებული ან მოახლოებული დაბადების დღეები მენახა მეგობრების.
"ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია"...
პირადი წერილების ფანჯარაში წითლად ანთებული 8-იანი დამხვდა, მექანიკურად ჩამოვშალე მონაწერთა არცთუ მცირედი დასტა და პირველივე წერილი, რომელიც თვალთ მომხვდა მელანოსი იყო, ბოლო სამი სიტყვა კი ძალინ ცუდად მენიშნა:
"ამაზე რაღას იტყვი?!"
სასწრაფოდ სიგარეტს მოვუკიდე და მთელი ჩვენი ურთიერთობა კადრებად დავილაგე გაცნობის მომენტიდან დღემდე, ჩემდა სასიკეთოდ აღმოვაჩინე, რომ მარის ამბავი ერთადერთი დანაშაული იყო, რომელიც მელანოს წინაშე მიმიძღვოდა.
ჩვენი მიმოწერის ფანჯარა სუნთქვაშეკრულმა გავხსენი და გულშეკუმშული ვუცდიდი დანარჩენი ტექსტის გახსნას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წერილის დანარჩენი ნაწილი ე.წ. "Screenshot"-ებით იყო სავსე, უახლოესი 2-3 თვის მანძილზე ყველა ფლირტი ან ფლირტის მცდელობა, რომელიც მქონდა სხვა გოგონებთან, მელანოს ხელთ იყო, თან უტყუარი ფოტომასალით, ნაცნობი ტექსტებით და მისთ.
აქ კი, ნამდვილად დავიბენი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, თავში ათასი აზრი დამიტრიალდა, როგორ, საიდან და რა მანქანებით მოხვდა ეს მიმოწერები მელანოსთან?!
"კეთილისმსურველ" ადამიანებს რა დალევს ამ ქვეყნად?
ამჯერად, მარი ვინმე "Anuki Ana"-მ ჩაანაცვლა, "დალოცვილმა" ჩემი სოციალური ქსელის მომხმარებლის პროფილში შეაღწია, ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ Facebook გამიტეხა, კარგად შემისწავლა და გადაწყვიტა, რომ ესოდენ ალტრუისტული და ჰუმანური საქციელი იქნებოდა მისი მხრიდან, რომ მელანოსთვის ჩემი ცხოვრების შიდა სამზარეულო კულისებს მიღმა დაენახებინა, რადგან იფიქრა, რომ ჩემი ამგვარი საქციელით გული ყველაზე მეტად სწორედ მელანოს ეტკინებოდა, თან არაა გამორიცხული, რომ წინა ამბავიც სცოდნოდა, ბუნებრივია ერთ დღეში ვერ მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ მელანოსაც სხვათა მსგავსად მხოლოდ ვირტუალურად ვეკონტაქტებოდი.
სიმართლე გითხრათ, ნაკლებად განვიცადე ეს ფაქტი, რადგან მსგავსი სახის მიმოწერები ჩემთვის მხოლოდ გართობით ხასიათს ატარებდა, თუმცა აქ საქმე მარტო მე არ მეხებოდა, თან მელანოსთან ისედაც ნაჩხუბარი ვიყავი და ცეცხლზე ნავთის დასხმა, თუნდაც მცირედით, ნამდვილად უადგილო და კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, ლოგიკური განვითარების ჯაჭვს წყვეტდა, არადა ყველაფერი შეხვედრისკენ და შემდეგ, დიდი ალბათობით შერიგებისკენ იყო მიმართული, მაგრამ...
თავის მართლება არ დამიწყია, რადგან მელანომ ჩემი ხასიათის შესახებ მეტ-ნაკლებად იცოდა და გულის სიღრმეში ალბათ იმაზეც უფიქრია, რომ პარალელურად ყოველთვის ვიღაცის ძებნაში ვიყავი, რადგან ჩვენი ურთიერთობა ადრე თუ გვიან სადღაც იმ ნიშნულთან მივიდოდა, რომ ერთმანეთს ძალიან ცივილურად, ზედმეტი აყალ-მაყალის გარეშე დავემშვიდობებოდით, უკეთ რომ ითქვას, დავშორდებოდით, აქ კი, რატომღაც ალექსანდრე დიუმას სიტყვები გამახსენდა:
“სიყვარულის დროს სიტყვა „ მშვიდობით ” უკანასკნელად არასდროს არ ითქმის ხოლმე".
ისე ძალიან დავიძაბე, რომ წამიერად თავში ყველაზე ცუდმა აზრმა გამიელვა, ვიფიქრე, რომ დაშორების მომენტთან გაცილებით უფრო ახლოს ვიყავი ახლა, შეხვედრამდე კი ვრცელი და გაუვალი გზები დამიდგა.
მელანო დიდად არც ჩამძიებია ტექსტების გამოკვლევაში, მისთვის ყველაზე გულდასაწყვეტი და მტკივნეული ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ სიტყვებს, რომელსაც მასთან ურთიერთობისას, მიმოწერისას, უბრალოდ საუბრისას ან მოფერებისას ვიყენებდი, სულაც არ იყო მხოლოდ მისთვის განკუთვნილი და ასეთივე საალერსო ტერმინებს და მიმართვის ფორმებს სხვებსაც უანგაროდ და ანგარიშმიუცემლად ვახარჯავდი.
მივხვდი, რომ ასე სახელდახელოდ ვეღარაფერს მივწერდი, რადან მარის ისტორიისგან განსხვავებით, ასეთი რამ პირველად შემემთხვა და ვამჯობინე შემეხსენებინა მისთვის, რომ შეხვედრაზე ვიყავით შეთანხმებულები, ავდექი და ასე ალალ ბედზე მივწერე:
"დღეს საღამოს სადმე შევხვდეთ და ყველაფერზე ერთხელ და საბოლოოდ დავილაპარაკოთ, აქ საუბარს აზრი არ აქვს, მელანო"...
"Seen" დაეწერა თუ არა ჩემ წერილს, მაშინვე უპასუხისმგებლო ბავშვივით პროფილიდან გამოვედი და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე, ხასიათ და ნირწამხდარი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები