ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
11 ოქტომბერი, 2016


არჩევნები არჩევანისთვის ანუ მე და ჩემი მეზობელი გერონტი


არ მჭირდება სავარძელი ბუხრთან ახლოს, რადგან აზრების მობილიზება შევძლო. სამფეხა ტაბურეტიც მყოფნის სახლის ზღურბლთან. ავხედავ მომავალს მაღლიდან და შემდეგ ორცრემლიანი თვალებით დავუწყებ საზოგადოებას ყურებას.
კრამიტით დახურულ ფაცხაში, რომელიც ჩემი პაპის ხელთუქმნელი საყოფადოა თაობებისთვის, ისევ მყარად დგას და ჩემთან ერთად ითვლის უკვე, აგერ მეოხმოცე წელს, რასაც ვერ ვიტყვი ჩემი ხელით გასტუმრებულ და ჩემი ხმით მოტანილ თუ გატანილ უფესვო ადამიანებზე, რომელთა წილი რამდენიმე აღზევებული წელიწადია და დანარჩენი კი ფეხი-ფეხზე გადადებული სიზარმაცე. გამონაკლისები გვყავდა. აბა რაა... მათ გარეშე, ხომ ვერც ერთი ჩვენთაგანი მოიტეხდა პურსა და მოაყრიდა მარილს, მით უფრო შესვამდა, კვლავ, სადიდებელს უფლისას ქვეყნის ერთობა-მშვიდობასთან ერთად. ვზივარ მე ერთი სამფეხა, სამფეხზე და ვაკვირდები განვლილსა და ვწუხვარ მომავლის გამო, რომელიც არც ილიას საოცნებო ქვეყანას დაემსგავსა, არც ჟორდანიას(ძაღლმა ჭამა მისი ხორცი), არც ზვიადი-მერაბის და, მით უფრო, ჩვენი მეფეებისას. რა ბედენა სჭირს ჩვენ ხალხს?! გამოლოცვა სჭირდება თუ ვარსკვლავთმრიცხველობის ზედმიწევნით ცოდნა? უახლესი წარსულიდან თვითგვემას მიჩვეულები, იმდენად დავჩიავდით, რომ გარდა საკუთარი მოძმის სისხლის ხვრეპისა არც არავინ გვახსოვს. მეზობლის ჭიშკრის წინ ჩავივლით და თუ მიწა მობიბინეა, სუფთა და კრიალა, აუცილებლად დავაფურთხებთ, რადგან სწორედ მაშინ მოგადგება კაცს თუ ქალს ჭარბად ნერწყვი! იგივეა, იქ, ერთ დიდ ოთახში, სადაც ჩვენივე ხელით ნაჭედ სავარძლებში ჩავსვამთ ხოლმე თბილად მძინარე „მზეჭაბუკებსა და მზეთუნახავებს“, ერთი პერიოდი აკვნებიც კი ჩავალაგეთ და ვზარდეთ, სხვადასხვა „კალორიებით“ გაჯერებული რძით, რომელთა მწარმოებელიც სხვადასხვა ქვეყანა იყო. არადა აკვნის სახლიდან გატანამ დააწერინა დიდ მწერალს „იავნანამ რა ჰქმნაო?..“. რაც ჰქმნა მაშინ, ვიცით და რა ჰქმნა დღეს, ვხედავთ... (გადაიტანეთ მნიშვნელობა).
ჩემი მეზობელიც გამოჩნდა. არჩევნებიდან მოდის. გვინია, მაგრამ უბანია ჩვენგან შორს. სოფლის მკვიდრები ხომ ყოველ არჩევნებზე ისე მიდიან, თითქოს პირველი პაემანი ჰქონდეთ - გამოწკებილნი და იმდენად სუფთანი, რომ ნეხვის სუნი მხოლოდ უბანში დგას, სადაც ხმას ვაძლვთ-ხოლმე. „არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება, რომ კარგი იყოს, მას ხალხს არ დაუთმობდნენ“. - ვინ თქვა ეს? - მე ბებერმა, გამოუცდელმა თუ უკვე ბრძენმა მოხუცმა , რომელიც აგერ მერამდენე წელია მიცვალებულების სიაში ვირიცხები. საოცრებაა, მაგრამ ასეა. ყოველთვის სხვაგვარად იყო, მიცვალებულებს წერდნენ ცოცხალთა სიაში (თუ გსურთ გადაიტანეთ ან გადმოიტანეთ მნიშვნელობა, მანც ჭურჭელია, რომელიც ადამიანებს მიაქვთ იქ სადაც თავისით არც ოდესმე ისურვებდა მისვლას). ჩემი შემთხვევა კი ალბათ ერთადერთია მსოფლიოში!
ლაკის ფეხსაცმელი მეტად უპრიალებს. ამინდმაც გაუმართლა. გამომშრალია მიწა და მზეც საკმაოდ ათბობს ბუნებას. ხშირად უყურებს მას, მაინც თბილად აცვია. ბებერი ძვლების ამბავია. მეც ქურთუკი მაქვს მოხურული. ნაჩეჩქვ ძვლებს მეტი ძალუძთ, მაგრამ მეტ სიმძიმეს ვერ ავკრეფ სხეულით. ისედაც ძლივს ჩამოვჯექი ამ სამფეხით, სამფეხაზე. თუთის ხეს მონაჭრელი კეტიც, სახლის ხის კედელზე მივაყუდე.
მოდის და მძიმედ ხვნეშის, არადა ნიავიც კი არ ჰქროდა მანამ სანამ გამოჩნდებოდა.
- კოსტას გაუმარჯოს, კოსტას! - შორიდანვე შემომაგება აწეული ხელი და გაშლილი ხუთი თითი. მეც არ დავაყოვნე და..
- გერონტი, ბიჭო, არჩევნებიდან მოდიხარ?
- ჰო, აბა რა. იცი შენ, რომ სხვანაირად არ შეიძლება.
- აბა, ჩემთან იყვნენ უკვე. ეს ღირსების ორდენიც მკერდზე მივიმაგრე სპეციალურად. იქნებ არჩევნების შემდეგ მაინც გავახსენდე ვინმეს-თქო, ამ მიზნით.
- ყოველ ჯერზე ეგრე იქცევი, შენ. ადრე სხვა მედლებს გამოფენდი, მაგალითად: აფხაზეთის ბრძოლაში აღებულს, ავღანეთისაც და სამაჩაბლოშიც მიღებულს, მაგრამ აბა ხეირი მითხარი? - არაფერი მითქვამს. მართალი იყო. შვილი, აფხაზეთში, ხელში ჩამაკლეს. ერთი ცრემლი მისი მაქვს! მეორე კი ყოველი არჩევნების წინ მომდის. ახლაც ასე იყო! იყო და მომავალშიც ასე იქნება, ვიდრე სხვის ჭაობში ჩაძირულებს საკუთარი ჭაობის სუნი ქვცემს!
- შენ ვინ შემოხაზე კოსტა?
- არ შემომიხაზავს, ყულფი გავუკეთე ნომრებს.
- არ შეგფერის, ძამია.
- არც შენ პრიალა, „ინსპექტორები“! - ვუპასუხე სრულიად ლაღად და გავიღიმე. - სადაა ბიჭო ყანის ჩექმები?
- ხომ იცი, არჩევნებზე, აბა ეგრე როგორ წავიდოდი?
- ჰო... - კვლავ გავიღიმე და ხელით, ეზოში შემოსვლისკენ მივანიშნე.
ჭიშკარი, შემოაღო. არ ჭრიალებდა. და ასეთი თითზე ჩამოსათვლელი იყო სოფელში. არც გერონტის ჭიშკარს უჭირდა რამე. მხოლოდ სტუმრებს ვუჩიოდით. ქალაქიდან არც არავინ ბრუნდებოდა და მით უფრო გვსტუმრობდა. ამ არჩევნებს ვმადლობთ დროდადრო. გვახალისებს! ჩვენც ვერთობით. ხან ვინ ჩამოივლის, ხან ვინ? ზოგი რუპორით, ზოგი კი ისე გაჰკივის რუპორიც არ სჭირდება. ხვალიდან კი კვლავ სიჩუმე და უკუნეთი ჩამოწვება და ასე ყოველ არჩევნებამდე რამდენიმე წლიანი დუმილია ხოლმე.
- ტაბურეტი გამოიტანე ოთახიდან, გერონტი. აი, იქ დევს ბუხართან კუთხეში. - ბუხარი კარგად ნალესი იყო. ოსტატი მყავდა დიდებული. ცხონებული მამაჩემის მეგობარი, ძმაკაცი. დიდებული ხელი ჰქონდა. არც ის ჰყავს დღეს სოფელს და ქალაქსაც. სრულიად უფასოდ გააკეთა ჩვენთან. მახსოვს მამაც ეხმარებოდა. მე ვუყურებდი მშენებლობის პროცესს. მსიამოვნებდა და მსურდა მალე დაესრულებინათ, რომ ცეცხლისთვის დიდხანს მემზირა. დაუღალავად ვუცქერ დღემდე. ცუდია, რომ ჯერ შემოდგომის მიწურული არ არის და მიწევს კვლავ მზეს ვეფიცხო. არაუშავს, მალე მოვა ზამთარი და ტკბილი მოგონებებიც. თვლემაც წიგნთან ერთად. დიდი ბიბლოთეკა მაქვს. ოსტატი და მარგარიტა მომწონს განსაკუთრებით, ბულგაკოვისა და დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ თავგადასავალი. ფილოსოფოსებსაც შეხვდებით აქ. პლატონსა და კანტს. დეკარტის „კვადრატსაც“ წააწყდებით მათ შორის ჩაჭედილს, მონტესკიესაც და სხვებს... ვეფხისტყაოსანს კი ყველა ოჯახი ინახავს, წაუკითხავად. მე მამამ წამიკითხა სრულად, განმარტებებით. მისი გარდაცვალების შემდეგ კი არა ერთხელ წავიკითხე, მის ტონალობაში, მისივე აქცენტით და ჟესტებით. განსაკუთრებით უყვარდა, როცა ზღაპრების ნაცვლად, ძილის წინ, სწორედ ვეფხისტყაოსანს, რომ მიკითხავდა. მე მუდამ ტარიელი ვიყავი.
- ტარიელ! - მომმართა გერონტიმ პასპორტის სახელით. - არადა ვეფხის ტყავის მატარებლისა რა გითხრათ, თუმცა გადატანით იგულისხმეთ. ეგეთი ვიყავი.
- გისმენ!
- გახსოვს ორი ათას თორმეტი წელი?
- რა დამავიწყებს, შე კაცო?! აპოკალიფსის მოლოდინში არ ვიყავით?! - ირონიას მივმართე.
- ჰოდა, ახლა უფრო ნაკლებ ხმას მიიღებენ.
- ვინა? ახლაც აპოკალიფსია, ნეტა?
- ორივე.
- რატომ ორივე?! იქნებ სხვებმაც გადაცურონ მტკვარიცა და რიონიც, ჩვენი დახმარებით?
- ჩვენ ორს ვეხმარებით, მხოლოდ. მე და შენ.
- მართალი ხარ! არადა ბავშვობის მეგობარი არ იყო, მე ვიცი რასაც გეტყოდი? - გავუცინე. მან ღიმილითვე მიპასუხა. მას, ოჯახით კვლავ პარტია პატრონობს. მე კიდევ ორივეს ვპატრონობ. და იმის ნაცვლად, რომ პასუხს ვითხოვდეთ, ჩვენ გვთხოვენ პასუხს! - დაგვცინიან გერონტი, დამიჯერე! არაფერი ისე არ ულამაზებს სიბერეს მოხუცს, როგორც პენსიიდან გაღებული მცირედი შესაწირი შვილიშვილებისთვის. ჰოდა ჩვენც რა დაგვრჩნია, დაჩიავებულ, მივიწყებულ ბებრებს?!
- არ მჯერა, რომ არ იცოდე ან არ ხვდებოდე თუ რა! - ცინიკურად გადამომხედა მოხუცმა, ეგრე იცოდა ხოლმე, როცა მეც იგივეს შემატყობდა.
- ჭურჭლის დასრულება. - წამოდგა გერონტი სამფეხიდან.
- დაიცა, მეც წამოვალ. მოგეხმარები!
- წამო, ჰო. გელოდები.
ასე ელოდება სოფელი გერონტის მიერ დადებულ შედეგებს, მუდამ სიკვდილის შემდეგ!
არჩევნები არჩევანისთვის!
ორი ცრემლი...


გიგო რიონელი
9 ოქტომბერი 2016 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები