 | ავტორი: რევი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 ოქტომბერი, 2016 |
ისე დაღამდა წუხელ, აუცილებლად რომ უნდა მოხდეს რაღაც. წუხელ, სასწრაფოს დავურეკეთ და ვუთხარით, რომ დედას ნევროზი სჭამს. მოვიდნენ და თქვეს, რომ მკერდიდან დაუწყია, რომ აქ ყველაზე გემრიელია და რომ მართლა სჭამს. ასე თუ გაგრძელდა, ძვლებამდე ჩავა, ძვლებსაც დახრავს და მერე რა ხდება? კვდომა იწყება. დედა ამბობს, რომ სცივა. მესამე პლედს ხელის კანკალით ვახურავ და ამ სიცივის საძებნელად ყველა ოთახში დავდივარ. ვერ ვპოულობ და სული მეხუთება. ჰაერი არ მყოფნის და მთელი ღამის ნახველებ, ჩამწვარ ყელში შიში მეჩხირება. გაყინული, თეთრი და დიდი. დიდზე დიდი. რაღაც ისეთი, სიკვდილის მსგავსი. მე ვიცი. კი, ზუსტად ვიცი რაში მიმიძღვის ბრალი და როცა დედა ცდილობს ეს დაფაროს, მინდება ოთხ ცარიელ კედელს შევატოვო მთელი უსასრულობა. გრძელი, შემაშინებლად, სუნთქვის შემკვრელად გრძელი. დედაჩემის ყველა ამოძახილ „ღმერთო“-ში ვხედავ ღმერთს, რომლისაც არ მჯერა. ვხედავ და ისტერიული სიცილი მეწყება. კივილში გადამდის, მერე ხმა მტოვებს და სულ ბოლოს ბუტბუტს ვიწყებ: ჯანდაბა, რა ცინიკოსი ხარ, ერთსულოვანი, დიადი და ნაგავი.
სულ თან დაჰყვება რაღაც. ან ვიღაც. ადამიანები მარტო ვერ ვიქნებით და არც ვართ, ცალკე კუთხეს ვერასდროს მოვიწყობთ.. ვერასდროს მოვიქსოვთ და ჩავიკეტებით საკუთარ ჭუპრებში. ყოველთვის გვიწევს იქედან გამოსვლა და წინ სულ სხვა რეალობა გვხვდება.. უკან სულ სხვას ვიტოვებთ და.. გვერდებზე სულ....
უნდა იზრუნო ვიღაცაზე. უაზრო ყველაფერსაც კი, ერთად, აზრი აქვს. ამაზე ახლა იმიტომ ვწერ, რომ ხშირად დამინახავს დედას თვალებში, გაშტერებულ, გადათეთრებულ თვალებში, ბევრზე ბევრჯერ დამინახავს როგორ ხარბად ცდილობს ბოლოჯერ ამოსუნთქვას. იყოს ბოლო, ოღონდ ამოსუნთქვა იყოს. დრო არ გადის ჩქარა. საერთოდ არ ვიცი რას ნიშნავს დრო. არც სიკვდილი. არც სიბნელე. არც სითეთრე. არც სიჩუმე. რატომაა სიბნელე- ბნელი. რატომაა სითეთრე- თეთრი. სიჩუმე ასეთი საზარელი და რა არის სიკვდილი, ან ვინ. თუ ისაა, კარს უკან ჩუმად ატუზულს რომ ვხედავ ხოლმე, არ მეშინია. ვგრძნობ, როგორ ცახცახებს როცა გვერდით ჩავუვლი და თვალებში ჩავხედავ. სარკეა. ჩემს თავს ვხედავ. კი, საკუთარ თავს ვხედავ მოცახცახეს და ჟრუანტელი მივლის. ჩვენი თავებია, კარს უკან რომ გვიცდიან და ჩვენივე თავებს გადავყვებით, ნაცვლად იმისა, სხვაზე ვზრუნავდეთ. ხომ სასიცოცხლოა ვიღაც გყავდეს, ან რაღაც მაინც, ვისზეც იფიქრებ.. მაგრამ, იცი რა? მთავარია ეშინიათ. მთავარია იქამდე იმალებიან, სანამ დავრდომილს არ დაგვინახავენ და მხოლოდ მაშინ ჩაგვავლებენ ხელს. ეშინიათ დედების, სუფთა დედების, შენიც, ჩემიც. ჩვენ უნდა მივაკითხოთ. თავად. დედებმაც, შენც და.. მეც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|