ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2016


ელოდებიან

ელოდებიან ასე მხოლოდ მათ,
ვინც იციან
რომ არასოდეს არ იღება
კარი პირიქით.
ანუ გასული ვერ ბრუნდება,
ანუ ფიქცია.
ანუ ხეირი არაფერი,
და შენც ირიბად
მოძრაობ თითქოს
საკუთარი თავის გარშემო,
რომ შეკრა წრე და ხერხემალი
–შენი ტკივილი
იხრება როგორც ნედლი მშვილდი,
რომ დააშენო
ზედ ყველა დარდი,
და როგორც ცვილი,
ხელზე გადნება ანთებული შენი ოცნება.
და ელოდები ასე მხოლოდ მათ,
ვინც ღმერთივით,
მარტონი დგანან
და ითმენენ ცრემლის ოდენა
წუხილს
და ისევ საკუთარი თავის გარშემო,
ტრიალს არ წყვეტენ.

და მაინც,
იქნებ გამოიღოს კარი პირიქით,
და მსხვრების ხმაში
ისევ ვწერდე შენზე არაკებს
ელოდებიან ასე მხოლოდ მათ,
ვინც იციან,
ელოდებიან ასე მხოლოდ მათ,
ვინც დაკარგეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები