ჭადრების გადაღმა არა ჩანს ქარების სათავე; ბურუსის დუმილი ჩადრივით აცვია მიწურებს. კადრები მკვდარია, არ გამოდგებიან სათოვად; იჩქარე ამაღამ, იმავე სხეულით მიცურე ნაპირთან. ოდესღაც გიცნობდა საერთოდ არავინ, უფრო კი არ გქონდა ფორმა და სახელი, იერი; დაგბადეს, მიჰყვები უდაბნოს დამხრჩვალი ქარავნით, ქრები თუ იწყები თავიდან სამყაროსმიერი. აბსურდის ფონია. ირხევა ამბები ხრიოკი; ხარობენ მრავალნი, ამაყად ნეტარნი არიან; ვიღაცა საფიქრალს საძილე აბებით იოკებს, ხანდახან მათხოვრობს სითბოს და სინათლეს დარიან ამინდში. ბავშვები, დიდები - მშიერი; ძაღლები; ერთმანეთს ასწრებენ არიდონ - თვალები, მიმიკა. ისინი ცოცხლები კოშმარულ სხეულზე სახლობენ, მიწა და პლანეტა რომ უწოდებიათ მამა კი არა ჩანს... დილიდან უბრალოდ ლოცულობს ყოველი შვილისთვის. იცის რომ გზა არის სალი და ფიქალო. გროვდება სიტყვები: რამდენი ხანია მოველით გვეშველოს ოდესმე. უფალო ოდითგან გიგალობთ...