ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პროზა
19 იანვარი, 2017


მელანოMANia

„იპოვეთ ის, რაც გიყვართ და მიეცით ნება მოგკლათ“
ჩარლზ ბუკოვსკი
თავი ოცდამეშვიდე
შორს არსად წავსულვარ, ან სად უნდა წავსულიყავი, სახლში დედის ბუზღუნისთვის უნდა მომესმინა, კაზინოთი და ბორდელებითაც რომ ვერ შევიმსუბუქებდი დარდს, ამასაც კარგად ვაცნობიერებდი და საუკეთესო გამოსავალს, სასმელის შეძენასა და გონის დაკარგვამდე დათრობაში მივაკვლიე.
მაღაზიებიც დაცარიელებული იყო უკვე მომხმარებელთა ჭარბი რაოდენობისგან, რადგან საღამომ მოატანა, ვინძლო, ისინი უკვე სადღესასწაულო სუფრას შემოსხდომოდნენ ოჯახის წევრების, ახლობლების და მეგობრების გარემოცვაში, მე კი, ნირწამხდარი და ნახევრად მძინარე, ვიდექი სრულიად მარტო, ასობით ადამიანის გარემოცვაში, საბურთალოს ქუჩაზე, არყის ბოთლით ხელში და ნელ-ნელა იმ პარკისაკენ მივდიოდი მძიმე ნაბიჯებით, სადაც მელანოს შევხვდი პირველად.
ყოველი შემთხვევისათვის რამდენიმე ერთჯერადი ჭიქა ვიყიდე, იქნებ პარკში ვინმე ლოთი ან უსახლკარო შემხვედროდა, რომელსაც სასმელს შევთავაზებდი და გულსაც გადავუშლიდი, ცოტა რომ შემსუბუქებულიყო ლოდი, რომელიც არაერთგზის მედო აქამდე გულზე, მაგრამ, ამჯერად ყველაზე მძიმე და ვეებერთელა ლოდი.
მხოლოდ ერთადერთი წყვილი იყო იმ დღეს პარკში, შეყვარებულები იყვნენ ალბათ.
ერთმანეთს ხელისგულებზე აწერდნენ რაღაცას, თან ისე ლაღად იცინოდნენ და მაშინ მივხვდი, რომ მათ სიყვარულს მილიარდი ფურცელიც კი ვერ დაიტევდა.
უფრო მეტად მომეკიდა დარდი და შემშურდა კიდეც ამ წყვილის, მოხუცი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად სხვანაირად ვიფიქრებდი, აი, ზუსტად ისე, როგორც ეუხენა ბალბოა, ამავე სახელწოდების სპექტაკლიდან, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში ვნახე მელანოსთან ერთად, მთავარი გმირის სიტყვები უბის წიგნაკშიც კი ჩავიწერე:
"ჩემს ასაკში ერთადერთი ბედნიერება სხვისი ბედნიერების ყურებაა"...
მოკლედ, როგორც იქნა წავიდა წყვილი, შეყვარებულთათვის ნიშანდობლივი და დამახასიათებელი ხელკავით, დავრჩი მარტო და ჩამოვჯექი იმ ძელსკამზე, სადაც მელანოს ვეფერებოდი და თმაზე ვეთამაშებოდი, უხერხულად ცივი და უსიამოვნო მეჩვენა ეს ადგილი, არასდროს მიფიქრია ასე, ეს ხომ უბრალო ძელსკამი იყო, მაგრამ ყველაფერი მაღიზიანებდა, რაც მელანოს მახსენებდა, თან ამ შემთხვევაში, მის გარეშე...
ვხვდებოდი, რომ მელანოს საქციელის შემდეგ ადამიანების მიმართ რწმენა გამიქრა, თან ვერაფრით ვუძებნიდი ახსნას მის ასეთ მოქმედებას, გაუფრთხილებელ და უზნეო საქციელად მიმაჩნდა ეს ყველაფერი, განა, ისეთი რა გავლენა უნდა ჰქონოდა ამ მეხსიერების აღმდგენ აბებს ნაყოფზე, რომ მისი მოშორება გადაწყვიტა, სხვა საქმეა ოჯახი, მეუღლე და შვილები, ეს ფაქტი უფრო დამაჯერებელი იქნებოდა მისი მხრიდან, თუმცა ორივე შემთხვევაში ერთი ტკივილის მომმგვრელი იქნებოდა ჩემთვის, მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ თავად მეთქვა უარი ბავშვის მეურვეობაზე, რადგან შესაძლოა მზად არ ვიყავი ამისთვის, არც მორალურად და არც ფინანსურად, მაგრამ ეს წინასწარ არავინ იცის...
გამუდმებით ჩამესმოდა მელანოს სიტყვები, რომელიც გამოსვლისას მომაძახა, როცა უკანმოუხედავად გამოვრბოდი მისი სახლიდან:
"წამლების გამო ვერ შეინარჩუნებდა ნაყოფს შენი მეგობარი, მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ, თუმცა შემდეგ გვიანი იქნება სინანული"...
ერთადერთხელ ვნახე ეს აბები, როცა მელანომ მითხრა, მეგობარმა გამომიგზავნა გერმანიიდანო და მეხსიერების აღმდგენიაო, ცალ ყურშიც არ შემიშვია მაშინ ის სიტყვები, რადგან ერთი სული მქონდა მოვფერებოდი მელანოს, მას შემდეგ კი თვალით არ მინახავს ეს აბები და არც თავად დაცდენია რაიმე მათზე...
სანამ გავილეშებოდი და მეტ-ნაკლებად გონზე ვიყავი, მახსოვს, რომ საკუთარ თავთან პირობა დავდე, ერთხელ კიდევ მენახა მელანო და მისთვის ყველაფრის ახსნის საშუალება მიმეცა, ბოთლი ბოლომდე გამოვცალე წრუპვა-წრუპვით, მხოლოდ მიწის თხილს და რაღაც ხილის წვენს ვაყოლებდი...
დილის სიცივემ და ახლადგაღვიძებული ქალაქის ხმაურმა გამომაფხიზლა, ეტყობა აქვე ჩამეძინა, გავითიშე, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ჭლექიანივით ვახველებდი, მგონი, გავცივდი კიდეც, რადგან ერთი პერანგისა და თხელი პულოვერის ამარა ვიყავი წინა დღეს სახლიდან გამოსული...
ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი. კიდევ კარგი, დედაჩემი სახლში არ დამხვდა და მის ბუზღუნს გადავურჩი, ტანსაცმელ გაუხდელად შევწექი ლოგინში და კანკალი დავიწყე საბანქვეშ, მგონი, სიცხეც მიწევდა მაღლა...










მელანოMANia
„Sweet November“
თავი ოცდამერვე
თითქმის 24 საათი მეძინა. ბუნებრივია, ორივე ტელეფონი გამოვრთე, რომ არავის დაეფრთხო ასე ნანატრი ძილი და სამსახურშიც გავაფრთხილე კოორდინატორი, რომ შეუძლოდ ვიყავი და რამდენიმე დღე ვერ მოვახერხებდი მისვლას. ჩემდა გასაკვირად, ბევრი თხოვნა-მუდარა არ დამჭირდა, რადგან პარასკევი და უქმეები უწევდა, ამის შესახებ თვითონ შემახსენა, ნამდვილად არ მიფიქრია, რომ სამსახურში მხოლოდ ერთი სამუშაო დღის გაცდენა მომიწევდა.
მეორე დღეს შიმშილისა და წყურვილის გრძნობამ გამომაღვიძა. პირადი ტელეფონი ჩავრთე. რამდენიმე გამოტოვებული ზარის რეპორტი და შეტყობინება მომივიდა. ზარებისთვის დიდი ყურადღება არც მიმიქცევია, მხოლოდ შეტყობინებების კითხვას შევყევი.
ბანკებისა და მისთანების მოსაბეზრებელი შეტყობინებების გადაკითხვის შემდეგ, სადაც საინტერესო და საჩემო არაფერი ეწერა, დამხვდა მელანოს ორი წერილი.
ამათგან ერთი, უბრალო, მოკითხვით ხასიათს ატარებდა, მეორე კი-უფრო მძაფრი და კატეგორიული შინაარსისა იყო.
"ბართლომე, პატარა ბავშვივით მოიქეცი, დაუფიქრებლად და გაუაზრებლად მიყვირე, ძლივს დავაწყნარე ალექსანდრე, საკუთარ თავზე რომ არაფერი ვთქვა, ერთი საათი ვუხსნიდი შეშინებულ ბავშვს, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი და საუბარი საერთო მეგობარზე გვქონდა, რომლის საქციელმაც შენში ასეთი აღშფოთება გამოიწვია.
ვფიქრობ, აუცილებლად უნდა მომისმინო, თან პირობა მომცე, რომ საუბრისას ადეკვატურად იმოქმედებ და მაშინდელივით არ გაიქცევი.
ბოლომდე მოისმენ ჩემ სათქმელს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს გაიგებ სიმართლეს და მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნა შეგაწუხებს, რადგან ვერ გაიგებ, რის ფასად და რატომ მომიწია ამ ნაბიჯის გადადგმა.
ასე რომ, გადაწყვიტე. გაძლევ უფლებას და ნებას გრთავ, ერთხელაც ამოხვიდე ჩემთან, ალექსანდრეს ბოდიში მოუხადო, მომხდარი გაუგებრობის გამო, თუ ამას საჭიროდ თვლი და შემდეგ ბოლომდე მომისმინო".
ისევ დავიწყე თავის მტვრევა იმაზე ფიქრით, თუ რატომ მოიქცა მელანო ასე. ბუნებრივია, ვერც ახლა მივედი ისეთ ვერსიამდე, რომელიც საფუძვლიანი და გამართლებული იქნებოდა მისი მხრიდან და ჩემთვისაც მისაღები იქნებოდა ამ ტკივილის ოდნავ მაინც შესამსუბუქებლად.
თავს ძალა დავატანე, წამოვდექი. დედას დავუძახე, მაგრამ ეძინა და ვიფიქრე, აღარ გავაღვიძებ, მეთქი.
სიცხე გავიზომე და ოდნავ მაღალი მქონდა, თუმცა თავს უკეთ ვგრძნობდი და სააბაზანოში შევედი თავის მოსაწესრიგებლად.
წყალი გადავივლე. ოდნავ უკეთეს განწყობაზე დავდექი. გადაღლილობამაც ცოტათი გამიარა.
არც თუ მსუბუქად წავიხემსე. ცხელ ჩაის და კარაქიან პურს ვეახელი, დავნაყრდი და წასასვლელად მოვემზადე.
წვიმდა. სადარბაზოსთან მეგობარი შემხვდა და მითხრა, ბართლომე, სად მიდიხარ, ამოდი ჩემთან, თითო ჭიქა დავლიოთო, მაგრამ ვუთხარი სხვა დროს იყოს, მეთქი.
თავისუფალ დროს რამდენიმეჯერ მასთან ერთად დავლიე და იფიქრა, ახლაც შესაბამისი დრო იყო ამისთვის, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ ერთი რამ მაღელვებდა.
სულერთი იყო ვინ შემხვდებოდა გზად, ყველას უარს ვეტყოდი, რაც არ უნდა ეთხოვა და შემოეთავაზებინა.
ტაქსი გავაჩერე და მელანოს მისამართი ცოტათი აღელვებულმა ვუთხარი, ტაქსის მძღოლმაც დაუფიქრებლად ჩამისვა და მელანოსკენ გავეშურეთ.
გზა ადრინდელზე მოკლე მეჩვენა და რამდენიმე წუთში მის სადარბაზოსთან ვიყავით.
მობილურზე მივწერე, რომ უკვე ლიფტში ვიმყოფებოდი და რამდენიმე წამში მასთან ვიქნებოდი. ვფიქრობდი, რომ ჩემი მასთან ასვლით არაფერი აღარ შეიცვლებოდა, მაგრამ უკვე აქ ვიყავი და უკან დასახევი გზაც არ მქონდა, თან მინდოდა ალექსანდრესთვის ბოდიში მომეხადა. ის ნამდვილად არ იმსახურებდა ჩემგან ამ საქციელის ხილვას და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში არაფერ შუაში იყო.
ლიფტიდან გამოსულს კარი ოდნავ შეღებული დამხვდა. ზუსტად ისე, როგორც სხვა დროს, როცა მელანოსთან ჩასახუტებლად ამოვდიოდი და სხვა საფიქრალი არ გვქონდა, გარდა ერთმანეთთან ალერსისა და მოფერებისა.
ჯეროვნად დაკაკუნებაც ვერ მოვასწარი, რომ მელანომ კარი თავისკენ შეაღო და ძალიან მშვიდი, აუღელვებელი მზერით მანიშნა შევსულიყავი სახლში და პირდაპირ სასტუმრო ოთახისკენ მიმითითა გზა.
ალექსანდრე ისევ კომპიუტერს უკირკიტებდა და არც გაუგია ჩემი შესვლა, მაგრამ მორიდებული ხმით ვუთხარი, კიდევ გესტუმრეთ და იმედია ჩემზე ნაწყენი აღარ ხარ, მეთქი.
ბავშვმა თბილად გამიღიმა და ცოტათი მომეშვა გულზე, რადგან არ მინდოდა მასზე ცუდი შთაბეჭდილება დამეტოვებინა მომხდარის მერე და ვიფიქრე, რომ გულწრფელი მობოდიშებით ოდნავ მაინც გამოვასწორებდი იმას, რაც მოხდა.
"დედა, ძილის დროა."-უთხრა მელანომ და ალექსანდრეც უსიტყვოდ წამოდგა, "ძილინებისა" გვისურვა და თავისი ოთახისკენ გაემართა.
"ელენე სად არის?"-ვიკითხე მე.
"მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად არის წასული და დღეს მასთან დარჩება."-მიპასუხა მელანომ.
რამდენიმე წუთიანი დუმილი ისევ მან დაარღვია და სრულიად მოულოდნელი შეკითხვით მომმართა:
"ბართლომე, "ტკბილი ნოემბერი" გინახავს?"
გამოვშტერდი, ვიფიქრე, მეხუმრება, მეთქი, რადგან ახლა არც ფილმის, არც მუსიკის, არც პოეზიის, მოკლედ ხელოვნების დრო ნამდვილად არ იყო.
"Sweet November?"-ჩავეკითხე და ირონიულად გამეცინა.
"ჰო, სწორედ ეგ, ბართლომე, რა გაცინებს?"
"მეგონა სხვა თემაზე სასაუბროდ ამომიყვანე აქ, შენ კი, რაღაცა ფილმზე მეკითხები. ვფიქრობ, ყოვლად უადგილო და უაზრო შეკითხვა დამისვი".
"ვინ იცის, ვინ იცის?"-ჩაილაპარაკა მან და ფილმების საიტზე შევიდა.
ვერც მოვატყუე, რომ ნანახი მქონდა ეს ფილმი, შინაარსი მახსოვდა დაახლოებით, მაგრამ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა ტყუილის თქმას და აი, ასე, შეიძლება ითქვას, ძალდატანებითაც კი, გავჩუმდი და ფილმის ყურებას შევუდექი მელანოსთან ერთად.












კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები