 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პროზა 22 იანვარი, 2017 |
„ბევრი რამ უნდა გადაიტანო, რომ ადამიანი გახდე“ ეგზიუპერი თავი ოცდამეცხრე ამაოდ ველოდი მელანოსგან, რომ ფილმის მსვლელობისას რაიმე ნიშანდობლივს და საყურადღებოს მეტყოდა. ერთი სული მქონდა, როდის მორჩებოდა ეს მასკარადი და მისგან ახსნას მოვისმენდი ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი მოლოდინი ფუჭი გამოდგა და ფილმის დასრულების შემდეგ, მელანომ ერთადერთი შეკითხვით მომმართა: "ახლაც ვერაფერს მიხვდი, ბართლომე?" სიმართლე გითხრათ, აზრადაც კი არაფერი მომსვლია, ამჯერად მე არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა მისთვის. ვერ ვხვდებოდი, რა კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო მომხდართან, ან ზოგადად ჩვენთან შეყვარებული წყვილის ისტორია, სადაც გოგონას, რომელსაც შარლიზ ტერონი ასახიერებს და სჭირს უკურნებელი სენი, თხოვს მის მეგობარ ბიჭს, რომლის როლსაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი, კიანუ რივზი თამაშობს, რომ უბრალოდ წავიდეს მისგან და მიატოვოს, რადგან არ უნდა რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯოს მის გამო და იყოს გაურკვევლობაში მასთან ერთად. "არ მაქვს გამოცანების და ქარაგმების დრო, მელანო, პირდაპირ მითხარი თუ რაიმის თქმა გსურს, ისედაც ვნანობ, რომ კიდევ ერთხელ გენდე და ამოვედი აქ".-გაბრაზებულმა მივუგე პასუხად. მელანოს თვალები გაუწყლიანდა და დარცხვენილი ბავშვივით წაილუღლუღა: " თუ მართლა ვერაფერს ხვდები, მაშინ ახლა არაფრის თქმას არა აქვს აზრი და გთხოვ, წადი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ". "ისედაც აღარ ვაპირებდი გაჩერებას და ამ სისულელის გაგრძელებას, საკმარისზე მეტი დრო გქონდა ყველაფრის ასახსნელად, შენ კი დამისვი და ეს ბანალური ფილმი მაყურებინე, გაცვეთილი და დრომოჭმული ისტორიით აღსავსე, წავედი, აქ აღარაფერი მესაქმება".-აღელვებულად მივახალე და გასასვლელისკენ გავეშურე. მისი სადარბაზოდან გამოსულს მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში, სახლში მივსულიყავი და დედაჩემისთვის ან ვინმე მეგობრისთვის გული გადამეშალა. მომხდარს მესამე პირში მოვყვებოდი, ცხადია, უბრალოდ რჩევას ვიკითხავდი ვინმესგან, სასურველი იქნებოდა, რომ ჩემზე გაცილებით უფროსი ასაკისა ყოფილიყო, შესაბამისად, მეტი ცხოვრებისეული გამოცდილებით. საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მალევე მოვედი, რადგან წარმოუდგენლად მეჩვენა მსგავსი ისტორიის ვინმესთვის მოყოლა და მისგან რაიმე სასარგებლოს მოსმენა, ან ვისთვის მეთქვა, ადამიანმა აბორტი გაიკეთა და შემდეგ ყველაფრის ახსნის მიზნით, ბავშვის მომავალ მამას ფილმი აყურებინა, მეთქი?! შესაძლოა, გულის სიღრმეში ვხვდებოდი კიდეც იმას, თუ რისი თქმა სურდა მელანოს, მაგრამ არ მინდოდა, რომ ფილმის მთავარ გმირს რაიმე საერთო ჰქონოდა მასთან, რადგან რეალურად მთელი მსვლელობა ფილმისა, იქითკენ იყო მიმართული, რომ დაავადებული გოგონას მეწყვილეს საშინელი ამბავი შეეტყო და ამის შემდეგ გადაეწყვიტა, რამდენად უღირდა ურთიერთობა, რომელიც არავინ იცის რამდენ ხანს გასტანდა. მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, მელანოსგან მაინც ვერაფერი შევიტყვე და მივხვდი, რომ ჩვენი შეხვედრა შესაძლოა უკანასკნელი ყოფილიყო. შინ მისულმა "ბორხესის" ფურცლვა დავიწყე, ეს ერთადერთი ნივთი იყო, რომელიც მელანოსგან დამრჩა და ვცდილობდი ყურადღება მასზე გადამეტანა. მალევე მიმეძინა, როგორც ბავშვობაში მჩვეოდა ხოლმე თუ რაიმეს უმიზნოდ და უშინაარსოდ ვათვალიერებდი. ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა და ისე, რომ არც დამიხედავს, ინსტიქტურად ვუპასუხე. მელანოს აკანკალებული და ტირილნარევი ხმა უცებ ვიცანი. "ბართლომე, კიდევ ვერაფერს მიხვდი?" წამიერად პაუზა გავაკეთე და ერთმა აზრმა გამიელვა თავში, ვიფიქრე, რომ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, მელანოს თავად წამოცდებოდა ყველაფერი, რის ახსნასაც ასე დაჟინებით ვთხოვდი. "კი, მივხვდი და რას ცვლის ეს გარემობა?" კითხვაზე კითხვითვე ვუპასუხე. აქ კი მოხდა ის, რაც ვივარაუდე და მელანომ უჩვეულოდ დამაჯერებელი და მშვიდი ტონით მითხრა: "ჩემი ონკოლოგიური დაავადების გამო, შვილის გაჩენა წარმოუდგენელი იყო, რადგან დაბადების შემთხვევაშიც კი, ნაყოფი სრული ანომალიით მოევლინებოდა ქვეყანას, ასე მითხრა პირადმა ექიმმა, რაკიღა იცის იმ წამლების ზემოქმედების შესახებ, რასაც ვიღებ მკურნალობისას". ენა ჩამივარდა და ტელეფონი გაუფრთხილებლად გამოვრთე. ჯერ არ დაბადებული შვილის მოცილებით მოგვრილი ტკივილი რამდენადმე შემიმსუბუქდა, ოდნავად მიმავიწყდა და გული მელანოს მიმართ სიბრალულით ამევსო.
მელანოMANia „ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი- ნაწილია ჩვენი სულის“ არისტოტელე თავი ოცდამეათე ხასიათწამხდარი და გაბრუებული წამოვდექი ლოგინიდან. ზედიზედ მოვწიე რამდენიმე ღერი სიგარეტი და ძლიერი, უშაქრო ყავა გავიკეთე. უღიმღამოდ დავლიე და მელანოსთან დარეკვა დავაპირე, მაგრამ რა უნდა მეთქვა, ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი, როცა ჩემთვის ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცუელიყავი, რანაირად მენუგეშებინა ის... რამდენჯერმე ავკრიფე მისი ნომერი, მაგრამ ვერ დავრეკე, შეტყობინების მიწერასაც ვერ მოვაბი თავი, ერთი წინადადებაც კი არ დამილაგდა გონებაში გამართულად ისე, რომ მელანოსთვის მიმემართა, არადა, ვინ იცის, როგორ ელოდა ჩემგან მხარდაჭერას და ასეთ მომენტში გვერდით დადგომას, თუმცა ვერაფერი მოვიქმოდე და პირველ ნაბიჯს ისევ მისგან დაველოდე. არავინ და არაფერი გამომიკეთებდა იმ დღეს გუნებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ბედმა ბოლომდე მაინც არ გამიმეტა, რადგან, შუადღეგადასულზე, რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი მესტუმრა შინ, ბავშვობის მეგობრები. სანაპიროს ლუდი და თევზი ამოიტანეს. იმდენად გამიხარდა მათი დანახვა, რომ მაქსიმალურად ვეცადე, თუნდაც რამდენიმე საათით ჩემი მაშინდელი მდგომარეობა კარგად შემენიღბა და საღამო სასიამოვნოდ გაგვეტარებინა. ფეხბურთს ჩავუსხედით და მაშინ მივხვდი, თუ როგორ მაკლდა და მონატრებული მქონდა მთელი ეს ორომტრიალი. თუმცა მელანოსთან ყოფნა და სიახლოვე ისე მავსებდა, რომ ამაზე საფიქრალი დრო არ მრჩებოდა. ის ჩემთვის ყველა და ყველაფერი იყო: ქალი, მუზა, მეგობარი, მესაიდუმლე, დედაც კი, საოცარი მზრუნველობით და სიყვარულით. ბავშვობის მეგობრებთან ერთად ყოფნაში რამდენიმე საათი ისე უცებ გავიდა, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. ლუდით ოდნავ შევთვერით, მაგრამ იმდენად არა, რომ გამბედაობა მომეკრიბა და მელანოსთან დამერეკა ან რაიმე მიმეწერა მისთვის. ამასობაში, ღამის ათი საათიც შესრულდა. იოანემ თქვა, რომ მიმდინარე საფეხბურთო ანგარიშები შეგვემოწმებინა. ირაკლიმაც დასტური მისცა, თან ნიშნისმოგებით შეახსენა, რომ ბოლოს "ვერდერის" თამაშზე მოგვიწევდა გულშემატკივრობა, რომელიც ამ დროს აგებდა, მაგრამ წინა თამაშების რეზულტატები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა და მთელი მონდომებით შევუდექით ბრემენული გუნდის ქომაგობას. მალე ლაშაც შემოგვიერთდა და იმ მომენტში, როცა ყველა იმედი გადაწურული გვქონდა, "ვერდერმა" თამაში შემოატრიალა და "ვოლფსბურგს" ჯერ ანგარიში გაუთანაბრა, ბოლოს კი კუთხურიდან გამარჯვების გოლი გაუტანა. "ამ ფულით შენი დაბადების დღე ავღნიშნოთ ხვალ, ბართლომე"-მითხრა იოანემ და ჩამეხუტა. "დღესვე ხომ არ დაგვეწყო აღნიშნვა?"-ირაკლიც ჩაერთო საუბარში. "დღეს დალევა აღარ გაგვისწორდება"-დასძინა ლაშამ და რა თქმა უნდა მეც დავეთახმე, რადგან უკვე ძილი მეკიდებოდა ვარჩიე, ცოტა დამესვენა. ემოციებისგან ზედმეტად დავიტვირთე. წარმოუდგენლად რთულია, როცა ერთბაშად, მოულოდნელად, დაუგეგმავად და გაუთვალისწინებლად უკიდურესად დაძაბული ვითარებისგან ოდნავად განიტვირთები, ეს "სასიამოვნო პროცესი" მთელ ენერგიას გაცლის და იფიტები, არაფრის თავი აღარ გაქვს. "პირობას გაძლევთ, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ხვალ"-ვუთხარი ბიჭებს, ლუდი ბოლომდე ამოვწრუპეთ და რამდენიმე ხანში გავაცილე კიდეც მეგობრები. დავხედე ტელეფონს და ვნახე, რომ რამდენიმე წუთში თორმეტი საათიც შესრულდებოდა. ბუნებრივია, ბიჭების წასვლასთან ერთად თანდათან გამიქრა მათ მიერ შექმნილი ხალისიანი განწყობა და მერამდენედ უკვე, ისევ ნაცად ხერხს მივამართე, გამოვრთე ორივე ტელეფონი, რათა ღამით მაინც ამერიდებინა თავი ბანალური და გაცვეთილი მისალოცი ტექსტების კითხვისთვის. დავწექი. ტელევიზორიც გამოვრთე და რამდენიმე წუთში მკვდარივით მიმეძინა. დედაჩემის კოცნამ და ჩურჩულმა გამაღვიძა: "ბართლომე, გილოცავ შვილო, ჩემო ერთადერთო და ძვირფასო, მიყვარხარ, დედი!" "კარგი რა, დე, მეც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ დილით მომილოცე"-წავიბუზღუნე და გამეღიმა... "იმ ადამიანმაც დილამდე მოგიცადოს, კართან რომ დგას?"-მითხრა დედამ. წამიერად გამოვფხიზლდი და გაკვირვებულმა ვკითხე: "ვინ არის?" "არ ვიცნობ, ბართლომე, ადექი და თვითონ ნახე. ფაქტია, რომ დაბადების დღის მოსალოცოად მოვიდა ამ ღამით, მე უკვე მომილოცა შვილის დაბადების დღე, როცა კარი გავუღე, არ მინდოდა კაკუნის და ზარის ხმას გაეღვიძებინე, შვილო"-ეს თქვა და სამზარეულოში გავიდა... "მოცლია რა, ვიღაცაა!"-ჩავილაპარაკე, ხალათი მოვიცვი და კარისკენ ნაძალადევად წავედი. ოდნავად შეღებული კარი ჩემკენ გამოვწიე და იქ მელანო დამხვდა, ტორტით ხელში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|