 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 28 იანვარი, 2017 |
გათენდებოდაო მპირდებოდი. მიკვირდა როგორ ამოგვევსო დღეები სიცარიელით. არ ვიცოდი სად გადამემალა პირველი თოვლის სიყვარული, შენ რომ გაურბოდი,რომელმაც ისევ დაგასწრო ჩემამდე მოსვლა. ჩვეულებრივი მოძალადე ვარ ცხოვრებისთვის. ,,მოთმინებითა შენითა...'' მახსენდება. სხვა დასასრული აქვს - შეეჩვიე... შეეჩვიე... შეეჩვიე... როდის მოვახერხო ყავით შენი გამასპინძლება. ვიცი ეს ბანალურია, მაგრამ უფრო ნაკლებად ვიდრე სიცოცხლე. როდემდე შევძლებ ასე წერას ეს არ მაღელვებს. არც ბოლო ლექსი იქნება სინანულით გაფუებული., თუ რამდენი რამ შეიძლებოდა სხვაგვარად. რაც მოვახერხე, ისიც უხეიროდ. დავანებოთ თავი დედამიწას, ხელოვნური მოტივაციით გამოტენილ, ნესტიან ლაბორატორიას. რამდენი ექსპერიმენტი უნდა დასრულდეს გამამხნევებელი რიტუალით. რამდენი უნდა დავმარხოთ რომ დავიჯეროთ სიკვდილის არ არსებობა. რამდენი გადაწყობა უნდა გავასაღოთ არსებობის მიზეზად და მიზნების აღმატებით ხარისხზე როდემდე უნდა ვილაპარაკოთ. რამდენჯერ უნდა გადავნაწილდეთ. ხმას ვეღარავის ვაწვდენ. მოდი და ნუ გაგეცინება. მოდი და ნუ... მოდი და... მოდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|