მახსოვს მოყევი შორს გაფრენილ ჭიამაიებს * * * თოვდა აპრილი აყვავებულ ტყემლის კვირტებით, უკრავდა ქარი ხის ტოტებში გაბმულ არიებს და მარტოობას უსასრულოდ როცა ვითმენდი მახსოვს მოყევი შორს გაფრენილ ჭიამაიებს.
ყვავილებივით აღმოცენდა მერე ღიმილიც, როგორც მინდვრებში პირველ წვიმას მოჰყვა იები. ხარ გაზაფხულის იდუმალი განცდა რომელიც ჩემს გულისცემას სიყვარულად გაერითმები.
შენ ანთებული სანთელი ხარ, გრძნობის ლამპარი და ღამღამობით წასაკითხი ფიქრთა კრებული. განთიადი ხარ, ცის თაღებზე ზეცის ხანძარი ზოგჯერ კი წვიმა, ჩანჩქერივით გადარეული.
მომაგონებენ წამიერად ხოლმე ტირიფებს შენივე თმებში ჩაძირული შენი თვალები, ნაცნობ ტკივილზე უცაბედად როცა იტირებ და შენს "ღიმილებს" ცამდე სულით გამოაკლდები.
მომნატრებია ის პირველი ნაქურდი მზერა, როცა ქვაფენილს ალად ენთო შენი სიმორცხვე, დღეს კი ჩემს დილას აფერადებ სიცოცხლის ფერად და ღვთის ხატის წინ ცრემლებითაც შენზე ვილოცებ.
ხარ შთაგონების არეული რითმის სათავე და ლექსებივით დაგიჩემე როგორც პოეტმა, ახლა ამ გრძნობას სიგიჟისკენ მივცეთ სადავე, სხვა პოეტებიც მოგვიძღვნიან მერე პოემას.