ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2017


მოხუცებს

მოხუცებზე ვწერ,
რომლებიც ქუჩის კუთხეში ყვავილებს ყიდიან,
და ჯიბეეში ნუგბარს ინახავენ პატარებისთვის,
თვალებიდან მოუჩანთ ცხოვრების გრძელი ლაბირინთები
და მათზე, ვისაც
სახლის კუთხეში, ძველ სავარძელში
ან თუნდაც ღუმელთან, სამფეხა სკამზე
ნავსაყუდელი მოუძებნია.
ძველ წიგნებს ჰგვანან,
მტვრიან თაროზე შემოდებულებს,
კანიც ყდასავით გახუნებიათ, გამოშრობიათ.
ათას ამბავ-ისტორიას ინახავენ.
სიხარულით აშრიალდებიან ხოლმე,
როცა გადაშლი.
ბედნიერდებიან, მარტოობას რომ გაურღვევ
და ეზოს კარს შეაღებ.
მოხუცებზე ვწერ,
რომლებსაც ძველი მარნის,
აგურის სარდაფების ასდით სურნელი,
ახლადგარეცხილი ზეწრების,
გამშრალი მიწის...
რომლებიც დააბნია წელიწადთა კორიანტელმა
და მეგობარსაც,უფრო ხშირად, სამუდამოდ ეთხოვებიან.
მოხუცებზე ვწერ,
რომლებიც რიგში ჩამდგარნან,
რომლებსაც ლოდინიღა დარჩენიათ
და მთელი ცხოვრების მოგონებები,
ერთ დიდ სკივრში საგზლად ჩაულაგებიათ, ჩაუწყვიათ.
მოხუცებზე ვწერ,
კეკლუცად რომ დადიან  პარკებში,
ტაატით ცეკვავენ ვალსს
და სარკეში საკუთარ ახალგაზრდობას ხედავენ.
რომლებიც ფოტოებს სქელ ალბომებში ინახავენ,
ძველ წერილებს ათას მეერთედ კითხულობენ
და საფლავის ქვებს ეფერებიან.
მოხუცებზე ვწერ,
თაკარა მზეს რომ შუბლზე ხელის აფარებით გაუღიმებენ,
შემოდგომას გამოეთხოვებიან და
ზამთარის პირზე კარს გაიხურავენ,
გადაიფარებენ შავ, მძიმე საბანს,
ვარიაციით ჩამდგარან რიგში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები