ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
2 მაისი, 2017


ცისფერი სარკე




    ერთხელ ცა ნიავს გაესაუბრა:
    - ვინ მოსთვლის, რამდენი სარკეა დედამიწაზე ჩემთვის გამზადებული: მდინარეები, ტბები, ზღვები, ოკეანეზე თუ აღარაფერს ვიტყვით. დიდი სიამოვნებით ვიჭვრიტები ყოველ მათგანში, მაგრამ არსად ისე ლამაზი არ მეჩვენება საკუთარი თავი, როგორც იმ პაწია სარკეში, მწვანე კორდზე ამოსული ჭიოტა ყვავილი რომ გამომიწვდის ხოლმე დილდილობით.
    - ეს იმიტომ, რომ იმ ყვავილს შენ ძალიან უყვარხარ, - უხსნიდა ნიავი, მან დაწვრილებით იცოდა ყვავილთა ავან-ჩავანი და არც ამბების მიტან-მოტანა ეზარებოდა.
    - მეც მიყვარს ის პაწია ყვავილი, - კმაყოფილებით ამბობდა ცა და სახეს საგულდაგულოდ იწმენდდა ღრუბლის ფაფუკი ფთილით, რათა ყვავილისთვის თავი კიდევ უფრო მოეწონებინა. ბოლოს და ბოლოს, ცა ისე გაიკრიალებდა სახეს, ერთიანად ლურჯად იწყებდა კამკამს. ჭიოტა ყვავილი, რაც კი შეეძლო, ფართოდ შლიდა ფურცლებს, რათა ცის კამკამა ფერი რაც შეიძლება სრულად აესახა ნამის წვეთში. ო, როგორ უფრთხილდებოდა იმ წვეთს! იგი თავდახრილი არავის უნახავს. ღერო მუდამ სწორად ეჭირა, იმის შიშით, წვეთი არ დამეღვაროსო. ნიავს ცალკე ეხვეწებოდა, მაინცდამაინც ღონივრად ნუ ჩამომიქროლებ, ვაითუ ნამი ჩამომბერტყო ფურცლებიდანო.
    მწვანე კორდზე სხვა ყვავილებიც მრავლად ხარობდნენ. თავის მხრივ ისინიც ფართოდ შლიდნენ ნამიან ფურცლებს და ცას სარკესავით უმარჯვებდნენ, მაგრამ ისეთი თავგამოდებით და ლაზათით კი ვერა, როგორც ამას მათი, ცოტა არ იყოს, თავისებური ხასიათის დაიკო სჩადიოდა. ჰოდა, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
    - ო, რა ლამაზია ჩვენი ცისფერი დაიკო, - წამოიწყებდნენ უახლოესი მეზობელი ყვავილები.
    - მართლაც, სულ ერთიანად ცისფერია, - გამოეხმაურებოდა მთელი მწვანე კორდი.
    - ეს უკვე ცისფერი სარკეა და არა ყვავილი, - ჩაიშრიალებდა ნიავი. მართლაც, სულ ერთიანად ცისფერი ჩანდა პაწია ყვავილი, ნამის წვეთის წყალობით ცის სარკედ გარდაქმნილი. ვინმეს რომ ჩამოევლო მწვანე კორდის მახლობლად, ძალიანაც გაიოცებდა და ხმამაღლა იტყოდა: ნახეთ, ნაირფერ ყვავილებში ცისფერი ყვავილი გამორეულაო... დიახ, ნუ გიკვირთ. ძალიან გაიოცებდა, რადგან იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ არსებობდნენ ცისფერი ყვავილები, დანარჩენი სხვა ფერის ყვავილები კი, რამდენიც გნებავთ. აქ შეიძლება ვინმეს კითხვა დაებადოს, ცისფერზე უსაზღვროდ შეყვარებული ყვავილი რა ფერისა იყოო. უნდა ვაღიარო, მაგის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ეს ამბავი მე ნიავმა მიამბო, ჰოდა, ვერაფრით ვერ გაიხსენა იმ ყვავილის ფერი, ცის სარკედ რომ გარდაიქმნა. ვერც გაამტყუნებ, მას შემდეგ ხომ ძალზე ბევრი დრო გავიდა.
    ასე რომ, დილდილობით მწვანე კორდზე ერთი ჟრიამული იდგა. საერთოდ, ყვავილებს ძალიან ახარებთ ერთმანეთის სილამაზე, ეს სიხარული კი მათ ერთი-ორად ალამაზებთ: ჭიოტა ყვავილიც იფერებდა ქება-დიდებას, ფართოდ მკრედგაშლილი შეჰხაროდა ზეცას, მთელი არსებით ბედნიერი და კმაყოფილი. ოღონდ ესაა, ამ განცხრომა-სიხარულს დიდი დღე არ ეწერა. მზე თანდათან შეიმაღლებდა, მის სხივებს მცხუნვარება ემატებოდათ. ნამი ორთქლდებოდა და ჭიოტა ყვავილიც ვეღარ ირეკლავდა თავის ფურცლებზე ცის კამკამა ფერს. ამ დროისათვის იგი უკვე სხვა, ჩვეულებრივ ყვავილებს ემსგავსებოდა. ულამაზო არც ახლა ყოფილა, განა არსებობს ულამაზო ყვავილი? მაგრამ თვითონ ძალიან გულნაკლული იყო, ცის სარკედ რომ ვეღარ ვარგოდა. ყვავილები ამჩნევდნენ მის გულნაკლულობას და ცდილობდნენ როგორმე ენუგეშებინათ.
    - ჩვენი დაიკო ძალიან ლამაზი იყო, როდესაც ცისფერს ირეკლავდა თავის ფურცლებზე, მაგრამ ახლაც არანაკლებ ლამაზია, - განგებ ხმამაღლა ჩურჩულებდნენ ხოლმე ერთმანეთში. რა ამაოდ ირჯებოდნენ! ცისფერზე შეყვარებული ყვავილი უნუგეშებელი იყო. იგი თითქოსდა სიცოცხლეს წყვეტდა, როგორც კი ნამის წვეთი დატოვებდა მის ფურცლებს. ერთიანად მოიღვენთებოდა, თავს უღონოდ ჩაქინდრავდა. მისი მნახველი იფიქრებდი, ამქვეყნად აღარაფერი აინტერესებსო.
ბოლოს და ბოლოს, ყვავილებმა ვეღარ გაუძლეს მისი ტანჯვა-წამების ყურებას, ერთმანეთში მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, მზისთვის მიემართათ თხოვნით.
    - მზეო, ნუ წაართმევ ნამის წვეთს ჩვენს დაიკოს, ხომ ხედავ როგორ იტანჯება. საცაა ხელში ჩაგვაჭკნება და ეგაა.
  - ო, რა ლამაზი სიყვარულით გიყვართ ერთმანეთი, - თქვა ცისარტყელას შვიდფერა რკალით შუბლდამშვენებულმა მნათობმა. - ასეთ უბრალო რამეზე უარს როგორ გეტყვით.
  შეასრულა კიდეც დაპირება მზემ, თავის სხივებს უბრძანა, ახლოსაც არ გაკარებოდნენ ცისფერზე უსაზღვროდ შეყვარებული ყვავილის გულში ჩაგუბებულ ნამის წვეთს. იმ დღიდან მოყოლებული, ნამის წვეთს აღარ მიუტოვებია ჭიოტა ყვავილი. ისიც აღარავის უნახავს მოღვენთილი და თავჩაქინდრული. დილიდან საღამომდე ყელყელაობდა, ცას უმარჯვებდა ნამიან ფურცლებს, რომლებზეც ასე ლამაზად ირეკლებოდა ცის კამკამა ფერი. ყვავილებმაც კიდევ უფრო მეტი გულმხურვალებით შეასხეს ხოტბა ცისფერ სარკედ გარდაქმნილ ყვავილს.
    - ჩვენი დაიკო კიდევ უფრო გალამაზდა, რაც ნამის წვეთმა განუშორებლად მასთან დაიდო ბინა, - ჩურჩულებდნენ ყვავილები, - იგი ახლა თვით ცაზე უფრო ცისფერია.
  - მართლაც იგი ახლა თვით ცაზე უფრო ცისფერია, - ჩაიშრიალა ნიავმაც.
ეს ყველაფერი კარგად ესმოდა ცისფერზე შეყვარებულ ყვავილს. უსაზღვრო იყო მისი ბედნიერება. სიხარულით უღიმოდა ცას. თავის მხრივ, ცა დიდი სიამოვნებით იჭვრიტებოდა მის პაწია სარკეში.
  ერთ მშვენიერ დღეს საეჭვო სიჩუმემ დაისადგურა ჭიოტა ყვავილის ირგვლივ. აღარავინ ასხამდა ხოტბას მის სილამაზეს. აღარავინ ამბობდა, რომ იგი თვით ცაზე უფრო ცისფერი იყო. ეს უკანასკნელი ქათინაური განსაკუთრებით ესალბუნებოდა მის სულსა და გულს. ყვავილმა ნიავს მოუხმო საშველად.
    - ერთი გამაგებინე, რატომ გაჩუმებულან ჩემი მეზობლები. ხომ იცი, მე თვითონ თავს ვერ მოვაბრუნებ მათკენ. წვეთი დამეღვრება და ცის სარკედ ვეღარ ვივარგებ.
    - რა ხანია წვიმა არ მოსულა, - აუწყა ნიავმა, - ყვავილებს ძალიან უჭირთ. საცაა დაჭკნებიან და ეგაა. ხმას სწორედ ამიტომ ვერ იღებენ, ძალა აღარ მოსდევთ.
ნიავის სიტყვებმა ყვავილი ძალიან გააოცა. თვითონ არაფერი გაუგია, თუ ასეთი გვალვა იყო. განუშორებლად მასთან მყოფი ნამის წვეთი მაცოცხლებელი ტენითაც არწყულებდა ხოლმე. გაიგო თუ არა, რაშიც იყო საქმე, ბევრი აღარ უფიქრია.
  - ისევ შენ უნდა მიშველო, ნიავო. როგორმე აიტაცე ნამის წვეთი ჩემი ფურცლებიდან და ჩემს მეზობლებს მოასხურე.
  - ცის სარკედ ვეღარ ივარგებ, - შეახსენა ნიავმა.
  - ნამის წვეთი სწორედ მათ გამოსთხოვეს მზეს ჩემთვის, - სიტყვა მოუჭრა ყვავილმა, - ჩქარა, ნუღარ აყოვნებ...
    ნიავიც მაშინვე დაფაცურდა, მსუბუქი ფრთებით აიტაცა ნამის წვეთი და მეზობელ ყვავილებს მოასხურა. ისინიც მაშინვე გამოცოცხლდნენ. ნამის წვეთი მართალია, არც ისე ბევრი იყო, მაგრამ იმისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ გვალვისგან შეწუხებულ ყვავილებს თვალში გამოეხედათ.
    როგორც კი ცოტათი მოღონიერდნენ, ყვავილებმა ისევ შეასხეს ხოტბა ცისფერზე შეყვარებულ ყვავილს.
    - ო, რა ლამაზია ჩვენი ცისფერი დაიკო, - ერთხმად თქვეს მათ.
ჭიოტა ყვავილის გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა.
    - განა მე ისევ ცისფერი ვარ? - იკითხა მან.
    - ცისფერი ხარ, ცისფერი, - ერთხმად ახმაურდნენ ყვავილები.
    - თვით ცაზე უფრო ცისფერი, - კვერი დაუკრა ნიავმაც.
    - რანაირად. ნამის წვეთი ხომ ჩემთან აღარაა, - გაოცებით ამბობდა ჭიოტა ყვავილი.
    არადა, ის მართლაც ცისფერი იყო.
    თურმე ნუ იტყვით: ჭიოტა ყვავილი იმდენ ხანს და ისე მონდომებით ირეკლავდა ცის ლამაზ ფერს თავის ფურცლებზე, რომ ბოლოს და ბოლოს ცისფერმა სამუდამოდ მასთან დაიდო ბინა. ასე რომ, მას უკვე აღარ სჭირდებოდა ნამის წვეთი, რათა ცის სარკედ გამომდგარიყო. ამის შესახებ თვითონ არაფერი იცოდა და ალბათ ვერ ვერასოდეს გაიგებდა, ნამის წვეთი ასე დაუნანებლად რომ არ აჩუქებინა თავის მეზობელი ყვავილებისთვის.
    ასე დაიბადა ცისფერი ყვავილი. თავდაპირველად ვერაფრით ვერ დაეჯერებინა, თუ მართლა ცისფერი იყო. მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდა ამაში საბოლოოდ, როცა გაბედა თავის დახრა და წვიმის გუბეში ჩაიხედა. სხვათა შორის, წვიმაც სულ მალე მოვიდა...
    რაც შეეხება თვითონ ცას, თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერი გაუგიაო, არაფრით არ გამოუმჟღავნებია, შეიტყო თუ არა ცისფერი ყვავილის დაბადების ამბავი, აუღელვებლად იჭვრიტებოდა მის პაწია სარკეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები