ჩიტები სახლს ყოველთვის აგნებენ, იცოდი? ალბათ ციდან ყვლაფერი უკეთესად ჩანს... აქ. მიწაზეა ძნელი შინ დაბრუნება ხეები, ქვები, აკაციები, მდინარეები, მთები გეფარებიან. გკარგავენ. გიმალავენ გზას... აქ, მიწაზეა ყველაფერი უფრო ძნელი... მითუმეტეს თუ კაცი ხარ. მითუმეტეს თუ წასვლა გინდა. როდესაც ის, ვინც ერთხელ, ღრმა ბავშვობაში დაისიზმრე და მისი მზერა გამხმარი ყვავილივით შეინახე წიგნის გვერდებს შორის, წავიდა, მაშინ დამარხე ყველა ოცნებაც... გიყვარდა მანდარინის სურნელი ძველ დროს გახსენებდა... ერთხელ მითხარი, რომ მარტოობა კარგია, რომ მან არ იცის ღალატი, რომ ის არასდროს გტოვებს და ყველაზე ბნელ, ცივ, ქარიან, ღამეშიც კი შენს გვერდით წევს და არსად მიდის... მაგრამ მარტოობა ხომ ვერ გაგათბობს... საერთოდაც ის ადამიანიც არაა მგონი. და რომც ყოფილიყო ქალი იქნებოდა, ჩემი აზრით, ისევე როგორც სიკვდილი... მიკვირს, დილაობით რატომ გალობენ ჩიტები და შემდეგ რატომ ჩუმდებიან. იქნებ, უბრალოდ, ხმა არ გვესმის ამდენ ხმაურში, ან ერთმანეთს ვერ აგონებენ... თუმცა ვიცი, რომ ჩიტები ყოველთვის აგნებენ სახლს. მაშინაც კი, როდესაც შორს მიფრინავენ. მაშნაც კი, როდესაც გზას ასცდებიან. მზეს ახედავენ და ხვდებიან საით წავიდნენ... მეც ხომ კაცი ვარ, მეც გამომყვა გაქცევის ჟინი, და როცა ღიაა კარი როცა ფანჯრიდან ჰორიზონტს ვუმზერ, ეს ჩემი სულიც ისე ბორგავს როგორც წყლიან ჭიქაში ჩავარდნილი მსუქანი ბუზი. ვიცი, რომ წუხხარ, რომ კაცებიც არ ვგავართ ჩიტებს და ვერ ვაგნებთ სახლს, მაშინაც კი როცა გველოდებიან... აქ. მიწაზე. ყველაფერი უფრო ძნელია. ფრენას რა უნდა, მყარად დგომა თქვი შენ. როდესაც ის, ვინც ერთხელ, ღრმა ბავშვობაში დაისიზმრე და მისი მზერა გამხმარი ყვავილივით შეინახე წიგნის გვერდებს შორის, წავიდა, მაშინ დამარხე ქალობა და იქეცი ჩიტების მწყემსად. აი, დღეს სხვა თუ არა, მე მაინც აქ ვარ, თავდახრილი, და ბოდიშს გიხდი, ვღუღუნებ როგორც მტრედი. მაპატიე, რომ ვერ ვისწავლე აქამდე ფრენა. მაპატიე, რომ ვერ დავბრუნდი აქამდე სახლში, დედი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მომეწონა.აქტუალური თემა. მომეწონა.აქტუალური თემა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|