 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 23 ივნისი, 2017 |
ნინო დარბაისელი
გამოცანა - - -
სამნაცოლევი იარებოდა კენტი და უძილო თვალებს - ქუთუთოები ეკიდა, გამოდიოდა ექიმის კაბინეტიდან, ხელის ჩაქნევით გზას ჩაჰყვებოდა ცერს.
მოხეტიალეს აღმართ-დაღმართზე, დროდადრო შემოხვდებოდა ვიღაც მოხუცი სამხედრო, გულში იკრავდა ... (ის სიტყვა როგორ ვაკადრო ყოფილ გვაროვანს, გვარდიის ოფიცერს).
თვალსაც სტაცებდა ქალთა ტაკუნა-ცურები. როგორც ჰყვებიან, ტუჩების აცმაცუნებით უქირქილია სიტყვები უწმაწურები, ზოგი - მართლა და ზოგს - ხალხი მიაწერს.
გზაზე ,,პიიტებს" თუ შეხვდებოდა, დაცინვით გააცილებდა, მზერით ამაყით და ცივით; გულში იკრავდა უცნობს, მთლად სახლიკაცივით სასმელს უდგამდა, გულით უსმენდა - მჭევრს.
კავშირს მწერალთას ,,მწერთა კავშირი" უწოდა, რას ერჩოდაო?! - პური ნაღველში უწო და დახმარებისთვის ხელიც კი არ გაუწოდა, როცა უჭირდა, დაარსებიდან წევრს.
ვინ გაპატიებს, ყველას თუ გაერიყები და გარიყული კენტად შენს სავალს მიჰყვები! უპასუხებდა, ლექსს თუ ეტყოდნენ ბრიყვები: ,,წერეთ, ძამიკო, ახლა სუყველა წერს' მეტს ჰკითხავდნენ და, სიტყვას გადაკვრით იტყოდა. ვერც გაამტყუნებ, დაშინებული იყო და ახსოვდა , სიტყვამ ლამის რომ გადაიყოლა. შავფრჩხილა ცერით მოიქექავდა წვერს.
,,მეფევ, პოეტო, შენ ერთადერთი ხარ და ხარ!"- ეტყოდა ვინმე, ადევნებული მხარდამხარ. ,,პრიმის' კოლოფზეც ლექსებს იწერდა, ხანდახან შიგ ჩატოვებდა ,,ბიჩოკს" თუ მონაწევს.
,,ყარდაო, ახლოს ვერ დაუდგაო ვერავინ"- ამბობდა მასზე მრავალი მტერი-მზვერავი, მისი არმგვანი, მისი გულგადამსერავი. ცოდვა იმისი - ვიღაცას მიაწევს!
სოფელო, კაცი ასე ვით უნდა გარიყო: იქ ეგდო, სადაც ამაყად უნდა მდგარიყო! მეფე-პოეტი მართლა იყო თუ არ იყო? ის - ვინ-ღა არის, ვინც მთაწმინდაზე წევს?
მოკვდავად ყოფნა ლექსების გამო სცადა და თავისი თასი ბოლომდე გამოცალა და შემოგვატოვა ტომობით გამოცანა და გამოცანად-ვე შერჩა თავადაც ერს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გენიოსების გენიოსი!!!++ გენიოსების გენიოსი!!!++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|