ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: დრამატურგია
23 ივნისი, 2017


კაცი გამოძახებით

        კაცი გამოძახებით
ერთაქტიანი პიესა


პერსონაჟები:

დავუშვათ გია- ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი
დავუშვათ ქეთი- ორმოცი წლის ქალი
მოქმედება მიმდინარეობს რეალურ დროში

სცენა წარმოადგენს ტიპიური ოროთახიანი ბინის ზალას. Qშუაში დაბალი მაგიდითა და სკამებით. კედელზე უგემოვნო პეიზაჟი ჰკიდია. კუთხეში მაგიდა კომპიუტერით. უკან ძველი დივანი. დეკორაცია უცვლელია. იგრძნობა სიღარიბე და სისადავე. საშინაო ხალათში გამოწყობილი შუახნის ქალი ნერვიულად მოძრაობს, თითქოს ალაგებსო. ჩანს ვიღაცას ელის, მალიმალ საათს უყურებს. ნერვიულობს.
ქალი- ორი წუთი დარჩა რვამდე. წესით, მალე უნდა გამოჩნდეს. იქნებ არც მოდის. ღმერთო! ძალიანაც კარგი. თუ გადააცილა, არც გავუღებ.ღმერთო, რისთვის ავიტეხე ეს ყველაფერი? ვყოფილიყავი ჩემთვის, როგორც აქამდე...!
ზარი კარზე. შეკრთება. სამზერში იჭვრიტება. გაშეშდება. მერე მობილიზებას ახდენს.

ქალი- (მღელვარებით) ვინ არის?
კაცი- (როყიოდ) მე ვარ.
ქალი- ვინ თქვენ?
კაცი- აი ფეისბუკზე რომ შეგითანხმდით ორი დღის წინ.
ქალი- (ნერვიულად) გასაგებია. ახლავე, ახლავე!
ქალი სწრაფად იხდის ხალათს. შიგნით გამომწვევად აცვია, თუმცა მისი ჩაცმულობა არ შეესაბამება მის მფრთხალ გარეგნობას. კარს აღებს.
ქალი: მობრძანდით!
შემოდის AAათლეტური აღნაგობის  ახალგაზრდა კაცი. თავი ლაღად, გამომწვევად უჭირავს. იქაურობას ეჭვით ათვალიერებს.
კაცი- გამარჯობა! აი, მეც მოვედი, როგორც შევთანხმდით. თქვენ რა, არ მელოდით? (ქალს გულგრილად ახედდახედავს).
ქალი- როგორ არა, როგორ არა. მაგრამ ხომ იცით, რა დროა. ათასი ოხერი დაეხეტება.
კაცი- გასაგებია. დასაწყისისთვის ნორმალური შეფასებაა- ესე იგი, ვიღაც ოხრად არ აღმიქვამთ.
ქალი- რას ბრძანებთ!
კაცი- თუ სწორად მახსოვს, ქეთი, არა? უფრო სწორად- ნიკით „ქეთი”. (ხელს უწვდის, ქალი მოკრძალებით ართმევს, კაცი ორივე ხელში მოიქცევს მის მტევანს და არ უშვებს).
ქალი- რატომ მაინცდამაინც ნიკით?
კაცი- დარწმუნებული ვარ, სახელი შეცვლილი გექნებათ.
ქალი- რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
კაცი- გამოცდილება მკარნახობს. ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი ასე იქცევა. ჩემი კლიენტები, ჩვეულებრივ, კონსპირაციის მიმართ მგრძნობიარენი არიან.
ქალი- (ხელს უხეშად გაითავისუფლებს) თქვენ ყველაფერში ასე ხართ დარწმუნებული?
კაცი- დაახლოებით.
ქალი- დაბრძანდით! (დივანზე მიუთითებს) და იქნებ თქვენი სახელიც მითხრათ.
კაცი- (ჯდება) დავუშვათ- გია.
ქალი- არც თქვენ უნდა იყოთ გულგრილი კონსპირაციის მიმართ.
კაცი- განსხვავება ისაა, რომ კონსპირაცია ჩემი პროფესიის აუცილებელი პირობაა. მაშ ასე, ეს თქვენი სახლია. იმედია , როგორც შევთანხმდით, საჭირო პირობები უზრუნველყოფილი იქნება.
ქალი- ბატონო?
კაცი- იმედია უდროო დროს ვიღაც გაურკვეველი ტიპები არ წამომადგებიან თავზე.
ქალი- შეგიძლიათ ამაზე არ ინერვიულოთ.
კაცი- ძალიან კარგი! (იქაურობას ათვალიერებს)  საწოლი ალბათ ის იქნება. (ხელს იშვერს).
ქალი- რა საწოლი?
კაცი- რა უადგილო კითხვაა. რისთვის გამომიძახეთ. თუ გრძნობების გამძაფრებისთვის ხიფათის ილუზია გჭირდებათ?
ქალი- რა ბრძანეთ?
კაცი არაფერი. მზადა ხართ?
ქალი- ბატონო?
კაცი- ხომ არ დაგვეწყო-მეთქი.
ქალი-- (დაბნეული) ხო მაგრამ, ვიფიქრე იქნებ ჯერ ცოტა გვესაუბრა-მეთქი.
კაცი- როგორ, ვერ გავიგე!
ქალი- არაფერი- მანამდე ყავას ხომ არ მიირთმევდით?
კაცი- არა, გმადლობთ! სტიმულირებას არ ვსაჭიროებ. თანაც, მინდა გითხრათ, რომ მე აქ სენტიმენტების მოსასმენად არ მოვსულვარ.
ქალი- რა გინდათ მაგითი, რომ თქვათ?
კაცი- თუ თქვენ კაზანოვას ელოდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ. ახლა სხვა დროა, ყველა დროს კი თავისი კაპრიზი აქვს. მოდი, ვიყოთ ხელმომჭირნენი დროსთან მიმართებაში! (ხელის მოხვევას ცდილობს, ქალი უკან იხევს). მოკლედ ვატყობ,, ჩვეულ კომპლექსებთან გვექნება საქმე.
ქალი- (მორცხვად) იცით, ცოტა მომზადება მჭირდება. ჩვენ ხომ ფაქტიურად არც ვიცნობთ ერთმანეთს.
კაცი- და თქვენ გგონიათ, რომ ეს საჭიროა?
ქალი- (საყვედურით) რატომ ასე ირონიით, არ შეგიძლიათ ცოტა ფაქიზად!
კაცი- ყველაფერი გასაგებია, ჯერ სექსი არ გქონიათ. ახლა დაიწყება პირობების წამოყენება.
ქალი- რა პირობების?
კაცი- პირველ შეხვედრაზე ქალი ჩვეულებრივ წარმოთქვამს სამ არას: ასე უცებ არა, ის არა, ისე,აქ არა.... და ასე შემდეგ. თითქოს წაწალი ვიყო და ხანჯალი გვედოს შუაში. შინაბერები, უკაცრავად, ქალწულები პრობლემატური ხალხია, როგორც წესი. ისინი საკუთარი სიქალწულის ტყვეობაში იმყოფებიან, როგორც აბრეშუმის ჭია თავისავე მოქსოვილი პარკისა. 
ქალი- (ცრემლი ერევა) იცით, რა, მე არავითარ პირობებს არ ვაყენებ. მერე, თუ გინდათ იცოდეთ, ქმარიც მყავდა და ყველაფერიც იყო... ამის თქმა რა, აუცილებელია? უბრალოდ დრო მინდა შეგუებისთვის. რა არის ამაში უცნაური?
კაცი- კეთილი, დაგელოდებით, მაგრამ ჩვენი სერვისი მკაცრად რეგლამენტირებულია, მინდა გითხრათ. 30 + 7 წუთი. (დივანზე მოშვებულად ჯდება, ფეხს ფეხზე გადაიდებს , გამომწვევად იხსნის მაისურის ღილებს).
ქალი- (გაბრაზებული) კი მაგრამ, პროფესიონალები ასე არ ირჯებიან, რაღაც პრელუდია ხომ არის საჭირო? არც ეგრეა საქმე. სპეციალური ლიტერატურაც არსებობს ბოლოსდაბოლოს.
კაცი- აჰა, გასაგებია! თეორიულადაც მომზადებულხართ. მერე და რას გვირჩევს ლიტერატურა ასეთ დროს,, ლექსების კითხვას. თუ სერენადებს?
ქალი- ღმერთო ჩემო, რა ცინიზმია!
კაცი- თქვენ გავიწყდებათ, რომ ეს ჩემი სამსახურია, რომ ამით პურსა ვჭამ და სხვა კლიენტებიც მყავს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ყველას კაპრიზს რომ ვასრულებდეთ.
ქალი- ჯერ ერთი, მე „კლიენტი” არა ვარ და მეორეც, იქნება მე ადამიანური ურთიერთობა მჭირდება და არა ნატურალური ვიბრატორი.
კაცი- იცით რა, მე მგონი თქვენ უბრალოდ საიტის მისამართი შეგეშალათ. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური სამსახურისთვის უნდა მიგემართათ.
ქალი- (გულმოსული) მართლა? რას მელაპარაკებით! დიდი მადლობა რჩევისთვის. როგორმე თვითონ გავერკვევი ჩემს პრობლემებში.ხშირად გიწვევენ ასეთი დარიგების მოსასმენად?
კაცი- როგორ გითხრათ, საკმაოდ. უფრო შინაბერები, რომლებიც ბოლომდე ვერ ელევიან უმანკოებას. იცით, რას ნიშნავს სექსი ქალწულობის შენარჩუნებით?
ქალი- არ მაინტერესებს!
კაცი- თუმცა ვერც გაამტყუნებ- ცდილობენ რაც შეიძლება ძვირად გაჰყიდონ ის, რაც ჩვენს ბაზარზე ფასობს.
ქალი- თქვენზე?
კაცი- რატომ ჩემზე, ჩემი „სტავკა” წინასწარ იციან. შესაძლო ქმარზე. არიან ქმრიანებიც, რომლებიც აუცილებლად თვლიან წინასწარ მომიყვნენ ქმრის უნიათობაზე. მოტივაცია უფრო დამაჯერებელი რომ იყოს.გესმით? და ამას აკეYთებენ ჩემთან, სრულიად უცხო კაცთან კონკრეტული მისიით. ქმართან გაყრილი ცოლებიც არიან, ფარისევლური იმიჯით. თინეიჯერები ნაკლებად, ისინი თავად იგვარებენ პრობლემებს. და თქვენ რაში გაინტერესებთ ეს ყველაფერი?
ქალი- (ირონიულად) მინდოდა დავრწმუნებულიყავი თქვენს კვალიფიკაციაში.
კაცი- ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, არ ინერვიულოთ!
ქალი- ეს სიუჟეტები ამიტომ მიამბეთ?
კაცი- (დაეჭვებული) რისთვის მალაპარაკეთ ამდენი. თქვენ რა, სენსაციური მასალის მომზადება ხომ არა გაქვთ დავალებული?
ქალი- რაა?
კაცი- მეტისმეტად გაცვეთილი ვარ საამისოდ, ეს გაითვალისწინეთ!
ქალი- არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ!
კაცი- საკმაოდ კარგად ვიცნობ თქვენ კასტას.
ქალი- რატომ მაბნევთ, რა გინდათ! (ცრემლი ერევა).
კაცი- მაპატიეთ, სიუჟეტიო და ჟურნალისტი მეგონეთ!ახლა ვხვდები, რომ შევცდი, ჟურნალისტები ასე გულჩვილები არ არიან.
ქალი- რა შუაშია ჟურნალისტი?
კაცი- მწარე გამოცდილება მაქვს მაგ ხალხთან ურთიერთობის. იყო ასეთი შემთხვევა. ვიღაც ტიპშა მირეკავს, შევხვდეთო. პირობებიც ნორმალურია. ვაკითხავ მის ბინაში. ვხედავ, საიმისოდ არ არის განწყობილი, თვალებზე ვატყობ. თუმცა გამომწვევად კი აცვია. რაღაც განსაკუთრებულად შერჩეულ სკამზე მსვამს, მაინცდამაინც წინ მიჯდება- ჯერ ვისაუბროთო. კითხვებს მისვამს. მაშინვე ვიყიდე. ვითომ არაფერი, მეც მოკლე, ბუნდოვან პასუხებს ვაძლევ, დრო მინდა მოვიგო. გადამწყვეტ მომენტში კი იცით რა ვქენი? პირდაპირ იატაკზე მოვადინე ზღართანი.
ქალი- იატაკზე? რატომ?!
კაცი- მკერდზე ჩამონტაჟებული ვიდეოკამერა რომ არ მომწვდომოდა და ვეუბნები: აბა ეხლავე გამორთე შენი კამერა! მაგ საკენკს არ ვკენკავ-მეთქი. მიხვდა, არიფი რომ არ ვიყავი და მოთაფლვაზე გადავიდა.  ერთი სიტყვით- სენსაციური სიუჟეტი არ შედგა.
ქალი- ძალიან კი შეუშინებიხართ.
კაცი- სიფრთხილე და შიში სხვადასხვა რამეა. მოკლედ, მაძლევთ თუ არა?
ქალი- რაა?
კაცი- შეთანხმების შესრულების საშუალებას. თქვენ რა იფიქრეთ? აბა, რომელ პოზას ვირჩევთ- მისიონერული, დოგსტაილი თუ კამასუტრა, მუსიკა არ გჭირდებათ? (ისევ წაეტანება, ქალი ისევ გაუსხლტება).
ქალი- (გულმოსული) ბოლოსდაბოლოს, ხომ შემიძლია, საერთოდაც გავაუქმო შეთანხმება?!
კაცი- (იცინის) რა არასერიოზულობაა, ტყუილად მომიყვანეთ? მე, ჩემო კარგო, დასაკარგი დრო არა მაქვს.
ქალი- ნუ ნერვიულობთ, თქვენს გასამრჯელოს მიიღებთ. წარმოდგენაც არ გქონიათ ქალის გრძნობებზე. კაცმა რომ გკითხოთ, თავი ქალების დიდ მცოდნედ მოგაქვთ.
კაცი- ისე, რომ იცოდეთ, გრძნობები ჩემი სფერო არ არის. სექსი ქალისთვის რიტუალია, კაცისთვის- თამაში. და მეორეც, სულაც არ ვაპირებ არაფერში ავიღო ფული. სხვას რომ თავი დავანებოთ, პროფესიული თავმოყვარეობა არ მომცემს ამის ნებას.
ქალი- თქვენც აგირჩევიათ რა პროფესია. მარტოხელა ქალების გაჭირვებით სარგებლობთ და ამით ფულს აკეთებთ.
კაცი- როგორ, ვერ გავიგე!
ქალი- ძალიან კარგადაც გაიგეთ.
კაცი- ჯერ ერთი ხელობას ბაზარი კარნახობს. თუ არსებობენ სექსუალური პრობლემების მქონე ქალები, რომლებიც ფარისეველი საზოგადოების გამო პრობლემას ვერ უმკლავდებიან,  რატომ არ უნდა არსებობდეს ამ პრობლემების მომგვარებელი სამსახური? ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მეორეც- მე მგონი, აქ არ შემოვჭრილვარ.
ქალი- ფულს და სიამოვნებას ხომ ერთნაირი კმაყოფილებით იღებთ.
კაცი- იცით, სტერეოტიპების ტყვეობაში იმყოფებით, მინდა გითხრათ. თქვენ გგონიათ, რომ კომპლექსიანი ან ეროტიული ფანტაზიის მქონე ქალებთან ურთიერთობა  სიამოვნების მომტანია? მართლა ფიქრობთ, რომ რომელიმე მეძავ ქალს, დღეში ოცი პარტნიორის გამოცვლა და ოცი მოჩვენებითი ორგაზმი ნეტარებას ანიჭებს? მე ვხარჯავ დროს, ენერგიას, ნერვებს. თავი რომ დავანებოთ უსაფრთხოების ატრიბუტებს და თავის მოვლას, ეპილაცია, ვარჯიში და ა.შ. კონკურენცია ძლიერია, უკვე ფირმებიც არსდება ათასი შენიღბული ფუნქციით. ეს მასაჟიო, ეს ფსიქოლოგიური მომსახურებაო და არ ვიცი. აბა გაუძელით ამ სტრესებს. ერთი ფუფუნება მქონდა- სიგარეტი და იმასაც გამოვემშვიდობე. ამას დაუმატეთ სოციალური პრობლემები- . ორი თვეა ქირა არ გადამიხდია, სადაცაა სახლიდან გამომაბუნძულებს ჩემი დიასახლისი.
ქალი- თქვენც აგერჩიათ რამე ადამიანური.
კაცი- და თქვენ გგონიათ, რომ ეს ჩემი არჩევანია? ორი გზა მქონდა, ან უცხოეთში არალეგალური ემიგრაცია, რაც საბოლოოდ სუპერმარკეტებში ქურდობით მთავრდება და ეს, რასაც ხედავთ.
ქალი- (გამხიარულდება) ოჰ. როგორ მეცოდებით! რაღაც არ გევხართ ასე დაჩაგრულს. ისე, ფოტოზე უფრო დაკუნთული გამოიყურებით.
კაცი- აჰა, სხეულზე აკეთებთ კონცენტრაციას, ეს უკვე პროგრესია. ტრუსებში ბევრად ეფექტური ვარ, გინდათ დარწმუნდეთ? ( მუსიკა ირთვება, კაცი იწყებს გახდას, მაისურს დივანზე აგდებს, შარვალს იხდის და ტრუსის ამარა რჩება).
ქალი- (თვალებზე ხელს იფარებს) ახლავე შეწყვიტეთ, გესმით! სადაცაა შეიძლება მამაჩემიც დაბრუნდეს, წარმოგიდგენიათ, ასე რომ გნახოთ, რა მოხდება!
კაცი- ვატყობ, რთულადაა საქმე! გემორჩილებით, სხვა რა გზა მაქვს. ჩვენი უზენაესი პრინციპია: კლიენტი ყოველთვის მართალია! (იცმევს. მუსიკა წყდება).
ქალი- მე მგონი უკვე გითხარით, მე კლიენტი არა ვარ-მეთქი!
კაცი- კი ბატონო, დამქირავებელი. სხვათა შორის, ეს სიტყვები ამერიკის პრეზიდენტს ეკუთვნის, თუ არ ვცდები.
ქალი- არანაკლებ დიდი ადამიანის ნათქვამია, ყველაზე დიდი ფუფუნება ურთიერთობით მოგვრილი ფუფუნებააო.
კაცი- ეგ უსარგებლო ფუფუნებაა.
ქალი- რა საშინელებაა!
კაცი- რა არის საშინელება?
ქალი- სარგებელი ეძებო ყველაფერში.
კაცი- საერთოდაც ფუფუნება მავნე რამეა, მითუმეტეს- ურთიერთობრივი, თუ როგორ ბრძანეთ? იმიტომ, რომ ილუზიებს აჩენს, ილუზია კი ნარკოტიკია. რა საჭიროა თავის მოტყუება, როცა იცი, ადრე თუ გვიან გამოფხიზლება გიწერია?!
ქალი- ღმერთო ჩემო, ასე როგორ ცხოვრობთ?
კაცი- ჩემო კარგო, თვითონ ცხოვრება გაიძულებს ფხიზლად იყო.
ქალი- რაღაც ვერ გავიგე.
კაცი- მქონია შემთხვევები, როცა ჩემი გაცურებაც უცდიათ.
ქალი- რაღაც მეტისმეტად შეუშინებიხართ თქვენს კლიენტებს.
კაცი- ჩემს პრაქტიკაში ასეთი რამეებიც მოსულა. ეტყობა ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ჩემი პროფესია კარგ შემოსავალს იძლევა.  მიძახებს ვიღაც სიმპატიური გოგჩო. (სიმპატიურები ყოველთვის არასაიმედო ხალხია ჩვენს საქმეში), ხოდა, შუა პროცესში როა საქმე, მოულოდნელად ვიღაც ბიძა წამოგადგება თავზე. უცებ გაირკვევა, რომ კარი ღია დაუტოვებიათ. იწყება საქმის გარჩევა: შენ ვინა ხარ, აქ რა გინდა? გაუპატიურებას უპირებდი ჩემს ძმიშვილს?  ის მილენკი გოგჩოც უცებ იცვლის სახეს და ტონს: -ჩემი ბრალი არ არის, ბიძია. თვითონ შემომივარდა მოტყუებით, არც კი ვიცნობ... და ასე შემდეგ. ეს ბიძა მუქარაზე გადადის, ძაღლობას ახსენებს, მერე კი საქმის გაუბაზრებლობასა და მოლაპარაკებაზე იწყებს საუბარს. მოკლედ, ფულის გამოძალვის პონტია.
ქალი- (შეწუხებული) მერე?
კაცი- მაგრამ მეც კაი ჩიტი ვარ. ასეთ დროს ბაზარს აზრი არა აქვს. თავი ისე უნდა მოაჩვენო, ვითომ შეგეშინდა და მოლაპარაკებაზე მიდიხარ. სიფრთხილე უნდა მოუდუნო და დაითესო.
ქალი- შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, ეს ის შემთხვევა არ არის.
კაცი- დამშვიდდით, არ ვნერვიულობ.  ქალებთან ემოციური დამოკიდებულება არ მჩვევია.
ქალი- რა საინტერესოა!
კაცი- ზუსტად ერთი წლის წინ ცოლი მივატოვე და იცით, რატომ?არ ვეკარებოდი. ქალის სუნს ვეღარ ვიტანდი. არადა, მეხუთე კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი. ამის შედეგი კი ის არის, რომ ჩემს ერთადერთ ქალიშვილს მხოლოდ საბავშვო ბაღში ვნახულობ ფარულად. სიდედრმა გადაწყვიტა, რომ ჩემისთანა მამა საფრთხეს შეიცავს შვილისათვის.
ქალი- (აღშფოთებით) დეგენერატი!
კაცი- აქამდე კიდევ ვახერხებდი რაღაცას, ეხლა აღმზრდელებიც გაუფრთხილებიათ, რომ არ გამომატანონ. მოკლედ, ლოთად გამომაცხადეს. ღვინის პატივისცემა და ლოთობა ვერ გაურჩევიათ.
ქალი- ჩემი ყოფილი ქმარიც ასე ამბობდა, როცა დათვრებოდა. -ღვინო კი არ მიყვარს, იმას ვუყვარვარო. ო, რა აუტანელი იყო. ღვინის სუნით რომ ყარდა. გამოფხიზლებული სულ ბოდიშებს იხდიდა. საწოლს თავისმართლების საშუალებად იყენებდა. (ცდილობს ვულგარულად გამოუვიდეს) რაც მართალია, მართალია. მაგაში ვერ დაიწუნებდი. ამიტომაც ვპატიობდი ყველაფერს. ბავშვივით მიჩუყებდა გულს. ხოდა , ამით სარგებლობდა. თურმე არ უნდა მეპატიებინა.
კაცი- ნანობთ?
ქალი: რას, პატიებას თუ დაკარგვას?
კაცი: მარტო რომ დარჩით.
ქალი- როგორ გითხრათ... ეხლა უკვე აღარ. მამაჩემი მეუბნებოდა: შეცდომის გამო უაზრო წუხილი მეორე შეცდომააო.
კაცი- და გარდაიცვალა?
ქალი- ვინ, მამაჩემი?
კაცი- (ირონიულად) არა, თქვენი ქმარი.
ქალი- არა, სხვაზე გამცვალა. თანაც არ გაინტერესებთ, ვისზე- ჩემს უახლოეს დაქალზე. ისიც კაი ნაგლი იყო. წარმოგიდგენიათ, ეგრევე  ცხვირწინ ამახია. მეც კაი ბოთე ვარ, ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს თურმე და ვერაფერს ვამჩნევდი. თავიდან ძალიან  განვიცადე. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიანაც კარგი- ახია ორივეზე.მეტს მაინც არ იმსახურებს არცერთი.
კაცი- მ-მ-მ. მძიმე სურათია!
ქალი- ისა, სიგარეტი ხომ არ გექნებათ? ცოტა ავნერვიულდი.
კაცი- არა, შევეშვი-მეთქი, ხომ გითხარით.
ქალი- მეც კაი ხანია არ მომიწევია, ლამის ორი თვეა.
კაცი- საინტერესო ოჯახური ისტორიები გქონიათ. ოჯახი გულუბრყვილოებს თავშესაფარი ჰგონიათ, სინამდვილეში კი იმედების გაცრუებაა.
ქალი- და რატომ?
კაცი- იმიტომ, რომ მარტოობისგან ვერ გვიცავს. შენც თუ მარტოობას გინდა გაექცე. არაფერი გამოგივა. რადგან მარტოობა ჩვენი სახლია.ისე მივეწებეთ, რომ ლოკოკინებივით თან დაგვაქვს.
ქალი- ლოკოკინაც ხომ ტოვებს თავის სახლს ხანდახან.
კაცი- ყოველ შემთხვევაში, მე ეს არ შემიძლია. ვერც კლიენტ ლოკოკინებს ვაძლევ ამის გარანტიას.
ქალი- ისე,  არა მგონია, ლოკოკინებს ეგ პრობლემა ედგათ.ისინი თვითგანაყოფიერებას ეწევიან, როგორც ვიცი.
კაცი- მართლა? ესე იგი, სიდედრებიც არ ეყოლებათ. სიმართლე თუ გინდა, ყველა მარტოობას გაურბის, ოღონდ ვერ ხვდება. უბრალოდ ადამიანებს სახელების დარქმევა სჭირდება ყველაფრისთვის და ამას სექსი დაარქვა. ეს საქმე ხომ ადამიანს მარტოს არაფრით გამოუდის.
ქალი- აი, ჩვენ კი , ორსაც არ გამოგვივიდა.
კაცი- ეტყობა სხვადასხვა განზომილებაში ვიმყოფებით. რა გაეწყობა. ნება თქვენია. (საათს დახედავს) ჩემი დროც ამოიწურა, უნდა წავიდე მორიგი კაპრიზების მოსათმენად. ზუსტად თორმეტ საათზე, მეათე სართულზე, ლიფტიდან მარცხნივ. თანაც აუცილებელი პირობით.
ქალი- მაინც რა პირობაა ასეთი, თუ საიდუმლო არ არის?
კაცი- ლიფტიდან არ უნდა გამოვიდე, თუ ვინმე საეჭვო შევამჩნიე ბაქანზე, ან კიბეზე ამომავალი. ასე, რომ ცოტა ხანში ლანდო გოგრად გადაიქცევა.
ქალი- ჯერ კიდევ გაქვთ დრო.
კაცი- თქვენ არა თქვით, მამაჩემს ველოდებიო?
ქალი- ვიცრუე, მამა დიდიხანია არა მყავს.
კაცი- ვატყობ თქვენი ქმარიც გამოგონილი პერსონაჟთაგანია.
ქალი- საიდან მიხვდით?
კაცი- ქალები ყოფილ ქმრებზე ასე არ ლაპარაკობენ. ისინი, ჩვეულებრივ, მორიგ მამაკაცთან იმაზე ჰყვებიან, თუ როგორ პატივს სცემდა ქმარი. ხო აზრზე ხარ, სტავკები რომ აიწიონ. ან ლანძღავენ ყოველგვარი ნოსტალგიის გარეშე. ახალ მოლოდინებს რომ გაუსვან ხაზი. ეგ შენი სტერეოტიპული წარმოდგენები იყო ზოგადად მამაკაცზე, თანაც მცდარი, მინდა გითხრათ.
ქალი- ამას ამბობთ, როგორც ექსპერტი ქალების დარგში?
კაცი- შენ რა, მეკაიფები?კარგია, კარგი! როგორც იტყვიან- „ირონიით იწყება თავისუფლება”. (დივნიდან წამოდგება, ამთქნარებს) მოიცა, მგონი რაღაცას მთავაზობდი ალტერნატივად, თუ სწორად მახსოვს.
ქალი- მეე?
კაცი- ასე ადვილად ივიწყებთ შეთავაზებებს?
ქალი- მგონი გეშლებათ.
კაცი- არაფერიც არ მეშლება, პირველი, რაც შემომთავაზეთ, ეს იყო.
ქალი- (იცინის) ა, ყავას ხომ არ დალევდით-მეთქი.
კაცი- შეიძლებოდა, თუ ჯერ კიდევ არ გადაგიფიქრებია.
ქალი- მამაკაცის დაპურების სურვილი ქალის თანდაყოლილი ინსტინქტია. (გამოცოცხლდება) რამდენი შაქარი?
კაცი- უშაქროდ მირჩევნია, დაშაქრული არაფერი მიყვარს.
ქალი სამზარეულოში გადის.
კაცი- (სურათთან მიდის და ათვალიერებს. თავისთვის) ნავი ტალღებს, იალქანი ღრუბლებს მიაპობს!
ქალი- (სამზარეულოდან ხალისით) ნალექიანი თუ უნალექო?
კაცი- უნალექო, უფრო სწორად, სულერთია.
ქალს ლამაზი ლანგრით შემოაქვს ორი ფინჯანი და თეფშით ნამცხვარი., მაგიდაზე სუფრას აფარებს. ხალისობს, იგრძნობა, რომ ეს საქმე სიამოვნებას ანიჭებს.
ქალი- ბოდიში, ოდნავ ჩაიწიეთ! ესეც ასე... ეს დამიჭირეთ, გმადლობთ!
  მაგიდას შემოუსხდებიან.
ქალი- მიირთვით, არ მოგერიდოთ! სულ მგონია, მამაკაცი ყოველთვის დამშეულია-მეთქი.
კაცი- და მზადა ხართ, დააპუროთ, არა. ესეც თქვენი  სტერეოტიპების სფეროდანაა.
ქალი- ნუთუ! ეს ვაშლის ნამცხვარიც, გასინჯეთ! თქვენთვის მოვამზადე. ქალისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ვისთვის ამზადებს.
კაცი- როგორთუ ჩემთვის?
ქალი- ანუ, სტუმრისათვის.
კაცი- აჰა, თუ სწორად გავიგე, ზოგადად სტუმრისთვის, რომელიც ბედის წყალობით, კონკრეტულად მე აღმოვჩნდი.
ქალი- ბედის წყალობითო, თქვით. ეს ირონიაა?
კაცი- ბედისწერის უფრო სწორი იქნებოდა.
ქალი- ფატალისტი ხართ?
კაცი- რა სისულელეა, ადამიანებმა ბედისწერა იმიტომ გამოიგონეს, საკუთარი წარუმატებლობის გადაბრალება რომ შეძლონ.
ქალი- ოჰო, მომწონს!
კაცი- ძალიან გემრიელია, მინდა გითხრათ. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ვაშლის?
ქალი- რა მნიშვნელობა აქვს? არ გიყვართ?
კაცი- მამაკაცებს  ვაშლის გასინჯვის მწარე გამოცდილება გვაქვს. (იცინის) დღესაც ყელზე გვადგას ის ვაშლი.
ქალი- ახია თქვენზე. აბა რა გეგონათ, როგორმე ხომ უნდა მიგვეპყრო თქვენი ყურადღება. ერთი ის ვაშლი არ გაესინჯებინა ევას, წარმოგიდგენიათ, რა მოწყენილობა იქნებოდა ქვეყანაზე.
კაცი- ნუთუ!
ქალი- თქვენ რა, გიკვირთ?
კაცი- თქვენგან მიკვირს.
ქალი- არც ეგრეა საქმე, ჩემო კარგო! სხვათა შორის, ბიბლიაში არავითარ ვაშლზე არ არის ლაპარაკი. მთარგმნელების თუ გადამწერების ლაფსუსია.
კაცი- მართლა? ჩვენდაჭირად, ღმერთმა ეს სამყარო ორსქესოვანი არსებებით დაასახლა. ცხოველებს რომ დავანებოთ თავი, მცენარეებიც კი ვერ ახერხებენ ნაყოფის მოცემას დამტვერვის გარეშე. ნახე ევას ვერაგობა, თვითონ ხომ გასინჯა, მარტო ესეც არ იკმარა და ადამიც ჩაითრია.
ქალი- ცოდვაშიც ერთად უნდა ყოფილიყვნენ, ალბათ.თქვენ არა თქვით, სამყარო ორსქესოვანიაო.
კაცი- ხო. მაგრამ ის მეორეც ხომ ადამის ნაწილისგან შეიქმნა.ამაშია ჩვენი უბედურება. სულ იმ დაკარგულ ნეკნს მივტირით. გაუცხოებული შენიანი ბევრად რთული ამბავია, როგორც ჩანს.
  ყავას სვამენ.
კაცი- ეს შენ დახატე?(სურათისკენ იყურება).
ქალი- არა, მამაჩემი ხატავდა თავისთვის. როგორც ოჯახურ რელიქვიას ისე ვინახავ, მოგწონთ?
კაცი- მშვენიერია არაპროფესიონალის პირობაზე. მსუყე რომანტიზმია.
ქალი- თქვენ არ  მოგწონთ რომანტიზმი?
Kკაცი- როგორ გითხრათ, რომანტიზმი დღეს მარშუტკის საფეხურზე ჩამომჯდარი მგზავრივითაა, რომლის ადგილი სალონში აღარ დარჩა.
ქალი- ჰმ, მარშუტკის საფეხურზე ჩამომჯდარი- უკვე რომანტიულია!
კაცი- ხანდახან, ამ ბითური ყოფით დაღლილი თვალს რომ ვხუჭავ, მოლბერტი, საღებავები და სახელოსნო მაგონდება, რომელიც არასოდეს მქონია.
ქალი- თქვენ რა, მხატვარი ხართ?
კაცი- არშემდგარი. მშრალი ხიდიდან გამოძევებული. ვერც იქ დავიმკვიდრე თავი. რაღაც ლამაზი და ხორციანი ქალები არ გამომდის.
ქალი- აბა, ჩემი დახატვა არ გაგიჭირდებათ. კლასში ყველაზე უშნო და გაჩხიკული მე ვიყავი. ზეიმებზე სულ უკანა რიგში მაყენებდნენ. ბიჭები ზედ არ მიყურებდნენ. ხომ იცით, რას ნიშნავს ეს მომწიფების ასაკში. ხოდა, ერთხელ კონკიას ვდგამდით.მოწვეული რეჟისორი გვყავდა, ვიღაც თეატრალურის სტუდენტი ბიჭი, რომელსაც ყველა გოგო ვეპრანჭებოდით. იმ პერიოდში სულ ცნობილი რეჟისორების ცხოვრების შესახებ ვკითხულობდი წიგნებს, მსახიობების ფოტოებს ვაგროვებდი.  მე კონკიას გერი დის უსიტყვო როლი მომცეს. მოულოდნელად კონკიას როლის შემსრულებელი, ჩვენი ხუთოსანი მოსწავლე სადღაც კონფერენციაზე გაგზავნეს. მე ისე მინდოდა კონკიას როლი შემესრულებინა. სხვა ჩართეს. - შენ ფაქტურა არ გიწყობს ხელსო.- ასე მითხრა იმ რეჟისორმა. მე, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, „ფაქტურა” რას ნიშნავდა. საღამოს მამას ვკითხე. როცა გავიგე, ისე შემძულდა ის ახლადგამომცხვარი რეჟისორი. მსახიობების ფოტოები სულ დავხიე. უფრო სწორად, დავწვი. მსახიობობაზე ოცნებასაც ასევე სადისტურად დავწვავდი, რომ შემძლებოდა.
ასე რატომ მიყურებთ?
კაცი- სხვათა შორის, მე ასე არ ვიტყოდი, , ძალიან საინტერესო ფაქტურა გქონიათ, არც კი შემინიშნავს აქამდე. რაღაც აღორძინების ხანის მადონების სანდომიანი იერი გაქვთ!
ქალი- ოი, ნუ მაცინებთ.
კაცი- სიამოვნებით დაგხატავდით.
ქალი- რა სასაცილო იქნებოდა- არშემდგარი მხატვარი არშემდგარ კონკიას, არა!
კაცი- ქალი უკაცრიელი კუნძულივითაა- თავისი აღმომჩენი სჭირდება. მე ცუდი ზღვაოსანი ვარ, ეტყობა. ისე, როგორ გამომლანძღე წეღან!
ქალი- (შეცბება) მაპატიეთ, ხანდახან ვიცი ხოლმე გაფრენები.
ირთვება მუსიკა
კაცი- რომ იცოდე, რამდენჯერ მიფიქრია, თავს დავანებებ-მეთქი ამ ბინძურ წანწალს. მაგრამ ჩვენ ყველანი ხომ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ, ერთნაირად ცოდვილები და ერთნაირად ფარისევლები. რანაირად შეიძლება მე უკეთესი ვიყო. რა გულუბრყვილოა ადამიანი, სხვას რომ აქილიკებს, თავი იმაზე უკეთესი ჰგონია. ამიტომაა ჭორაობა ყველაზე სახალისო საქმიანობა. ხანდახან ასეც ვფიქრობ ამით შურს ვიძიებ ჩემი აუხდენელი სურვილების გამო-მეთქი.
ქალი- ძალიან მკაცრად ხომ არ სჯით?
კაცი- იცი რა მითხრა ამასწინათ ჩემმა თათუკამ- მამიკო, შენ როდესაც გინდა, მაშინ მოდი. NN ნუ გეშინია, მე მაინც არავის უთხრამო. და იცი სად მეუბნებოდა ამას? საბავშვო ბაღის დერეფნის ბოლოს შეთქმულივით კუთხეში ატუზულები რომ ვიყავით.
ქალი- (შეწუხებული) წარმომიდგენია, ალბათ ძალიან ძნელი იქნება.
კაცი შევეშვათ, არ ღირს ამაზე.
ქალი- ისე ფეისბუქში რომ გაგიცანით, სულ სხვანაირი წარმომედგინეთ.
კაცი- მაინც როგორი?
ქალი- რა ვიცი... ალბათ, უფრო გაწონასწორებული, ძლიერი, აი მუხასავით, მის ჩრდილში შეყუჟვა რომ მოგინდება.
კაცი- სინამდვილეში კი, ძალიან ტლანქად გამოვიყურები, არა?
ქალი- როგორ გითხრათ, ცოტა თავხედურად.
კაცი- ეს ჩემი იმიჯია, უფრო სწორად თავდაცვა, რომელიც პროფესიამ მასწავლა.  ქალებს მოსწონთ თავხედი მამაკაცები.ქალი- ეგ ასაკი დიდიხანია გავიარე.
კაცი: რომ იცოდე, როგორ მიჭირს ამ ნიღბის მორგება.
ქალი- მართალი გითხრათ, ეჭვი მქონდა, რომ ასე იყო. მაგრამ ამ ნიღბებს ხომ ჩვენ თავად ვირჩევთ.
კაცი- სულაც არა, გარშემომყოფთა მოლოდინი გვაიძულებს. ეს მოლოდინები კი ისე დამთრგუნველია, ვერ გაექცევი. ანუ ისა ვართ, რასაც ჩვენგან ელიან.
ქალი- რაღაც ვერ გავიგე.
კაცი- ვიდრე შემხვდებოდი, ხომ გეშინოდა წინასწარ ჩემი?
ქალი- მე მგონი, კი.
კაცი- ხოდა,სწორედ შენ მიკარნახე.
ქალი- ვითომ ამდენი მოვახერხე? (ირთვება მუსიკა) ხანდახან მგონია, რომ ამ უსასრულო სამყაროში ვარ ჩაკარგული, როგორც ოკეანეში პატარა ლიფსიტა, ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული. წარმოგიდგენიათ, შვიდი მილიარდი ადამიანიდან ერთსაც კი არ სჭირდები.
კაცი- დავიჯერო, დაქალები არა გყავს? ტუსოვკები, რამე.
ქალი- ყველას თავისი საქმე აქვს. ეტყობა, არც ასატანად ვარ ადვილი ჩემი პრობლემებით. არ შეგიმჩნევია, რომ ბევრ ხალხში უფრო მძაფრად იგრძნობა სიმარტოვე. იცი, რას მეუბნება ამასწინათ ერთი ჩემი დაქალი, მაგდა, ასე მგონია, მარტო უფრო კომფორტულად გრძნობ თავსო. არ ვიცი, ასე რატომ მოეჩვენა.
კაცი- მაშ, მაგდა გრქმევია.
ქალი- საშინლად არ მომწონს ჩემი სახელი.
კაცი- რატომ?
ქალი- არ ვიცი, ეტყობა, ესეც კომპლექსია. და შენ?
კაცი- ნამდვილი სახელი აღარც მახსოვს, ახლობლები ბაჩის მეძახიან.
ქალი- კიდევ ხომ არ გაიმეორებდი?
კაცი- რას, სახელს?
ქალი- არა, ყავას.
კაცი- არა, გმადლობთ!
ქალი- ოო, როგორ არ მაძლევთ საშუალებას ჩემი დიასახლისური პოტენციის გამომჟღავნებისა!
კაცი- აქაც ჩავიჭერი?
ქალი- მამაკაცი ვერასოდეს მიხვდება, რა ნეტარებაა ქალისთვის საყვარელი ადამიანის ჭურჭლის რეცხვაში.
კაცი- როგორ თქვი, საყვარელი ადამიანისო?
ქალი- არაფერი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
კაცი- ახლა ვხვდები, როგორ მომნატრებია ოჯახური სიმყუდროვე.
ქალი- როგორ?
კაცი- არაფერი, ნუ მიაქცევ ყურადღებას.
ქალი- დედაჩემი იტყოდა ხოლმე- კაცები ბავშვებისგან დიდად არ განსხვავდებიან, მაგათაც უნდა შეაფერებინოო.
კაცი- მართლა? რა საინტერესოა!
ქალი- ვიდრე ის მყავდა, ასეთუისე, ასატანი იყო ეს ყველაფერი. რაღაც გამართლება მაინც ჰქონდა ჩემს ყოფნას. შვიდი წელი ვუვლიდი მწოლიარეს. ხანდახან სიგიჟემდე მივდიოდი იმისი კაპრიზების შემყურე.და მაინც... დამლაპარაკებელი მაინც მყავდა. დღე კიდევ არაუშავს. ღამე იწყება კოშმარები, მეჩვენება, რომ ჩვილი მიწევს გვერდით და სულ მეშინია, არ გავსრისო. ხანაც შიმშილისგან ტირის. მე კი რძე გამშრალი მაქვს.
კაცი- არშემდგარი ქალი ბუნების საწინააღმდეგო რამაა. რატომ არ სცადე ოჯახის შექმნა, ბორკილებს ხომ არ გაურბიხარ? თუ იდიალის ძებნაში შემოგაღამდა? (ხედავ, რა კარგად ვთქვი).
ქალი- აკი ოჯახი იმედების გაცრუებააო.
კაცი- ქალისთვის ოჯახი ბუდეა, სადაც კვერცხი უნდა ჩადოს, თავისი უმთავრესი მისიის- დედობის რეალიზაციისთვის. ამიტომაც ბუდესთანაა მიბმული. მამაკაცი გადამფრენი ფრინველივითაა.
ქალი- ახალგაზრდობაში დედის  ავადმყოფობის პრობლემა მქონდა, თუმცა არც მაშინ მიმტვრევდა კარს ვინმე. მაშინაც კაი მუდო ვიყავი. ეტყობა, ვერავინ მოაგნო ჩემი კუნძულის ნაპირებს. საქართველოში გათხოვება სოციალური პრობლემაა, ჩემო კარგო ათადან და ბაბადან დაწყებული, უფრო სწორად დარისპანიდან.
კაცი- მაინც რატომ ჩათვალე, რომ ეს გზა ჯობდა, თუ საიდუმლო არ არის?
ქალი- რა ვიცი. მეგობარმა მირჩია, ვისთანაც კონსულტაციებზე დავდიოდი. იქნებ დეპრესიიდან გამოგიყვანოსო. მერე თქვენთან ჩათაობამ იმედი გამიჩინა.
კაცი- შენი მეგობარი სექსოლოგია?
ქალი- არა, ფსიქოთერაპევტი.
კაცი- მერე თვითონაც ამ მეთოდით მკურნალობს?
ქალი- თვითონ არ სჭირდება, ქმარი ჰყავს.კაცი-ქმარი გარანტი გგონია? თუ თავისუფალი სექსის მომხრე გახდი, რატომ ბოიფრენდის შოვნაზე არ იზრუნე?
ქალი- ჩემი მცირე პრაქტიკით დავრწმუნდი, რომ ბოიფრენდის პოვნა ქმარზე იოლი არ არის.
კაცი- და მოკლე გზა აირჩიე, არა?
ქალი- კაი რა, ნუ მაშაყირებ!
კაცი- და რა გარანტია გქონდა, რომ დაგინდობდი?
ქალი- ამაზე არც მიფიქრია, უბრალოდ სხვანაირად წარმომედგინა ყველაფერი.
კაცი- ალბათ, მაგარი იდილიური ღამე, ალერსი, ვნება, ცრემლები და რამე, არა?
ქალი- კარგი, რა, ნუ დამცინით! უბრალოდ ვიფიქრე, ვისაუბრებთ-თქო.
კაცი- გამოდის, რომ ვერც შენ  გაგიმართლე, ჩემო კარგო! ვერ ჩავჯექი შენი წარმოდგენის ჩარჩოებში. სხვათა შორის, ვერც შენ. ჯერ გამოვეძახეთ და მერე უარი ეთქვათ, ნამდვილად არ მახსენდება ჩემს პრაქტიკაში. თუმცა მიძალებული ლუკმა ყოველთვის გულისამრევია.

ქალი- ყავა ხომ არ მომედუღებინა?
კაცი- არა, გმადლობ. მეჩქარება.
ქალი- რა ტყუილად გაგსარჯეთ, არა. ვინ იცის, როგორ წარმატებულად გამოგეყენებინათ ეს დრო. ძალიან გაგვიანდებათ? (ირონიულად)
კაცი- მაშაყირებ?
ქალი- სულაც არა, რა იცი, იქნებ სარფიან ქვრივსაც გამოჰკრათ ხელი.
კაცი- (ღიმილით) ეჭვიანობ?
ქალი- (წამოწითლდება) ვიზე, თქვენს მორიგ კლიენტზე? ეგღა მაკლია.
კაცი იცინის.
ქალი- დამცინით?
კაცი- არა. უბრალოდ ერთი ამბავი გამახსენდა- ადრე წაკითხული. მგონი სამოცდაათიან წლებში წერდნენ ამაზე. ვიღაც ციხიდან გამოქცეული ორი ტიპი სტოკჰოლმის ბანკში შეიჭრა და ორი თანამშრომელი გოგო მძევლად აიყვანა. ექვსი დღე მიდიოდა პოლიციასთან ბაზარი. ამ ხნის განმავლობაში მოძალადეები და მძევლები ერთად იყვნენ ჩაკეტილები ბანკის დაჯავშნულ საცავში. მძარცველები ფულს და მანქანას მოითხოვდნენ. ტყვეები საშინელ დღეში იმყოფებოდნენ: ორი დღე საჭმელს არ აძლევდნენ, ყელზე თოკმომბულს ამყოფებდნენ.
ქალი- რა საშინელებაა!
კაცი- მაგრამ რა მოხდა, იცი? ნელ-ნელა გამტაცებლებსა და მსხვერპლებს შორის უჩვეულო კავშირი გაჩნდა. ეხლა კარგად აღარ მახსოვს, ერთერთ მძევალს გაქცევა შეეძლო მაგრამ ამ შანსზე უარი თქვა. მეორემ პოლიციისთვის ინფორმაციის გადაცემა მოახერხა, მაგრამ შემდეგ მოძალადეებს გამოუტყდა და ყველაფერი აღიარა. მოკლედ, ოპერაციის დასრულების შემდეგ ყოფილი მძევლები მოითხოვდნენ, დამნაშავეებთან ერთად გაეშვათ და პოლიციისადმი აგრესიულები იყვნენ. ცოტა ხნის შემდეგ, შეყვარებულები ციხეში მოინახულეს და შეუღლდნენ კიდეც.. ამ კომპლექს მგონი სტოკჰოლმის სინდრომს ეძახიან, როცა ძალადობის მსხვერპლს მოძალადის მიმართ პროტესტის მაგივრად სიმპატია უჩნდება.
ქალი- რა უცნაურია!მაგრამ რა მაინტერესებს, იცი? მერედა მოძალადე ვინ არის აქ, თქვენ ხომ არა? (ნერვიულად იცინის) რა თვითგვემაა!
კაცი- ესე იგი „მძევლობას” არ აპროტესტებ?
ქალი- მე მგონი, ორივე მძევლები ვართ, ოღონდ საკუთარი თავისა. ჯობია დროზე დაადგეთ გზას, ვიდრე გული აგჩუყებიათ.
კაცი- სამაგისოს რას მატყობ? ეჰ, კაცმა რომ თქვას, წასასვლელიც არა მაქვს. გული მიგრძნობს, სწორედ დღეს დამადგება თავზე ქალბატონი გენრიეტა.
ქალი- ეგეც თქვენი ეგრეთ წოდებული კლიენტია?
კაცი- არა, სახლის პატრონი. კლიენტებს ბოდიში ქალბატონებს  ბინაზე ვემსახურები.
ქალი- თქვენ რა, აქ დარჩენას ხომ არ ფიქრობთ?
კაცი- სად, ამ აქვარიუმში? ეგღა მაკლია!
ქალი- ა, თუმცა თქვენ ხომ ოკეანის ბინადარი ზვიგენი ბრძანდებით!
კაცი- სხვათა შორის, ამ ზვიგენს ერთი კვირა ეჩათავებოდი ფეისბუქში.
ქალი- მხოლოდ სამი დღე. რა გინდათ, ხომ კარგად ისარგებლეთ ჩემი ნდობით!
კაცი- ნდობას რას ეძახი, ძალიან მაინტერესებს? მთელი თქვენი არსება უნდობლობითაა გამსჭვალული. რაღაც საფრთხობელის შიში გზარავთ და ვერ ხვდებით, რომ იგი თითონვე შექმენით. გგონიათ მამაკაცთა მთელი მოდგმა თქვენს საცდუნებლადაა მომზადებული. სინამდვილეში ისინიც ისევე უმწეოები არიან, როგორც თქვენ, ისევე საჭიროებენ გვერდში დგომას. თავად ვერ გაგირკვევია, რა გინდა.
ქალი- მაპატიეთ (იცრემლება) არ ვიცი, თქვენ რას გერჩით. რატომ გაიძულებთ ჩემი პრობლემები მოისმინოთ! რა ვალდებული ხართ, დაკომპლექსებული შინაბერას კაპრიზებს ითმენდეთ?!
ნელა იჭრება მელოდია
კაცი- სულაც არ მგონია, რომ თანაგრძნობა რაიმე ვალდებულება იყოს. ადამიანს ცოტა სჭირდება- მეორე თავისნაირი, რომელიც  უბრალოდ მოუსმენდა. ესაა და ეს. მე რომ შემეძლოს ყველას მივაწვდინო ხმა, ვეტყოდი: ადამიანებო მოუსმინეთ ერთმანეთს! მოუსმინეთ უხმოდ, შეკითხვებისა და შეწყვეტინების გარეშე. ბატონებო, ჩამიგდეთ ჩემს გაცრეცილ ქუდში თქვენი ყურადღების ხურდა! მაპატიე! ნერვებმა მიმტყუნეს. რაღაც ჩვენი ურთიერთობა ძალიან ემსგავსება ოჯახურ კინკლაობას.
ქალი- ოჰო, ეს რაღაც ახალია. (იცინის).
კაცი- ჯობია დროზე დავახვიო, ვიდრე გამაგდებდე.
ქალი- (კეკლუცად) ნუ იჩქარებთ, ჯერ არ ვაპირებ.
კაცი-  იცი, რა გამახსენდა ოკეანეზე. როგორ მინდა, აფრიანი ნავი მქონდეს.
ქალი- მე მგონი, ეს ძალიან ბანალურია.
კაცი- თანაც აუცილებლად დაფლეთილი აფრით.
ქალი- ო, უკვე ორიგინალურია.
კაცი- არ გაინტერესებს, რატომ?
ქალი- მაინტერესებს.
კაცი- მეტი შანსია ქარიშხალმა რომ გამიტაცოს და ერთ მშვენიერ დღეს უკაცრიელ კუნძულზე გამოვირიყო.რა საკაიფო იქნება! სრულიად მარტო, ყველასგან მოსვენებული. ყველა მოვალეობისგან თავისუფალი.
ქალი- და პარასკევა?
კაცი- პარასკევა არა და, ევას კი ნამდვილად ვისურვებდი, ოღონდ ვაშლის გასინჯვამდე. (გამომცდელად) აი, შენ რომ ჩემი არ გეშინოდეს...
ქალი- მერედა, ვინ გითხრა, რომ მეშინია?
კაცი- სულ არ გეშინია?
ქალი თავს აქნევს.
კაცი- სულ, სულ აღარ?
ქალი- (პაუზის შემდეგ ჩუმად) არა, პირიქით!
კაცი- რას ნიშნავს „პირიქით”?
ქალი- არ ვიცი, აი, როცა გინდება ვიღაც ძლიერის ჩრდილში  შეიყუჟო...
სინათლე ქრება. ინტიმური მუსიკის ფონზე ისმის ორი ადამიანის გახშირებული სუნთქვა.

      ფარდა     

      2014, II

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს