 | ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: პოეზია 29 ივნისი, 2017 |
როცა მე დავბერდები და როცა, ალბათ საკუთარ ტკივილზეც ვისწავლი ტირილს, ისევ დავდგები ზამთარში ფანჯარასთან, ზაფხულში აივანზე, და გადავხედავ ჩემი სახლის წინ გაზრდილ ნაძვს, რომლიც ბავშვობიდან ჩემზე მაღალი, ჩემზე ტანმსხვილი და ძლიერი იყო. როცა დავბერდები, გავიხსენებ მეგობრებს, რომლებთა სახეებიც,შემოდგომის ფოთლებივით, ჩემს თვალწინ დაკუჭულან. გავიხსენებ აცაბაცად გავსებულ ჩემს დღიურებს, სტრიქონ-სტრიქონ ნაგროვებ ურითმო ლექსებს და უცნაურ ადამიანებს, რომლებსაც თითქმის მიკრისკოპის ლინზით ვაკვირდებოდი. როცა მე დავბერდები, ალბათ მეყვარება ისევ, თუ მამაკაცი არა მზის ჩასვლა მაინც. გავიხსენებ ადგილებს, სადაც,ტუჩის კუთხეებით, ღიმილი დავტოვე, საიდანაც ჩემი, უკვე მხცოვან ტვინის უჯრედებს თითო არშია მაინც შემორჩენიათ. გაივხსენებ ზღვას, ყოველ ტალღას, რომ თითო სურვილს ვატანდი. როცა დავბერდები, ალბათ კიდევ უფრო მეტს ვიფიქრებ, და მეტად მოვეფერები ჩემთან მოახლოებულ სიკვდილს. როცა დავბერდები, ვიცი, რომ შემეშინდება მოძრავი საათის ისრების, და მარტო ყოფნაც გამიჭირდება. ალბათ მეტ ვარსკვლავს დავთვლი და მთვარეს მოვუყვები ჩემს შეცდომებზე. როცა დავბერდები, ალბათ თავიდან გადავიკითხავ ძველ წიგნებს, მოვუსმენ მუსიკას და უფრო ხშირად ტყეს. ნაკლებად მეყვარება სარკე და მეტად ძველი ფოტოსურათები. როცა მე დავბერდები, შემიყვარდება წვიმა, ოღონდ მხოლოდ შორიდან საცქერლად. როცა დავბერდები, ალბათ მეტი აღფრთოვანებით მოვუყვები სხვებს ჩემს მოგონებებს, რამდენი რამე გადამხდენია, რამდენი მინახავს და განმიცდია. გამახსენდება,ზაფხულის დილას, უმცროს დასთან ერთად ფანჯრის რაფაზე ჯდომა, როცა გვეშინოდა ათასეული კილომეტრით წასული დედის ვერდაბრუნების. ცაში ახედვით, თვითმფრინავების გადათვლით რომ ვგრძვობდით,როგორი შორი და მონატრებული იყო ის ჩვენთვის. რა უცნაური იყო, როცა ამხელა სახლში სულ მარტო დავრჩით. რა უცნაური იყო, რომ ასე უცებ, ასე მოულოდნელად მოგვიწია ორივეს გაზრდა. როცა დავბერდები ალბათ, მაშინ შემიყვარდება ყვავილები ოღონდ არა ვარდები, და არც ტიტები, შემიყვარდება გვირილები,მინდვრის ყვავილები. როცა დავბერდები და შევამჩნევ, რომ აგერ უკვე ცხოვრების სამი-მეოთხედი მისეირნია, მერე ხელს ჩამოვართმევ და გავუღიმებ ჩემს ასაკს, იქნებ ხელკავითაც მიმაცილოს სხვა ნაპირამდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მივესალმები ჯენტლმენობის გამოხატულებას ) იქნებ ხელკავითაც მიმაცილოს სხვა ნაპირამდე... მივესალმები ჯენტლმენობის გამოხატულებას ) იქნებ ხელკავითაც მიმაცილოს სხვა ნაპირამდე...
1. ეს ცხოვრება მხოლოდ გზის ნაწილია,არც მისით იწყება და არც მისით მთავრდება,სიბერე უბრალოდ პატარა მონაკვეთია და ის არც ისე ცუდია ) ეს ცხოვრება მხოლოდ გზის ნაწილია,არც მისით იწყება და არც მისით მთავრდება,სიბერე უბრალოდ პატარა მონაკვეთია და ის არც ისე ცუდია )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|