ზაფხულის ცხელი საღამოა. ლონდონის ერთ-ერთ მშვიდ, ლამაზ, ქვაფენილიან ქუჩაზე მივაბიჯებ. მყუდროებას მხოლოდ რამდენიმე გამვლელის ფეხის ხმა მირღვევს. მოწყენილი ვარ. ხასიათი ვერაფერმა გამომიკეთა. ვერც საყვარელმა მუსიკამ, ვერც წარმატებით ჩაბარებულმა გამოცდამ, საიდანაც ეს-ესაა გამოვედი. მეგობრები ბოულინგის სათამაშოდ წავიდნენ, მე კი გასეირნება ვამჯობინე. უკვე ორი წელია, რაც ლონდონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ორი წელია, რაც დავტოვე საქართველო, დედა, მეგობრები და სასწავლებლად ყველასათვის საოცნებო ქალაქში ჩამოვედი. მივაბიჯებ მშვიდად და დედაზე ვფიქრობ. დღეს მისი გარდაცვალების დღეა. ერთი წლის წინ, ივნისის ცხელ და უჰაერო დღეს, როცა ირგვლივ მხოლოდ დამდნარი ასფალტისა და გამომშრალი მიწის სუნი იდგა, დედამ თავისი ლამაზი სხეული სამუდამოდ აჩუქა მიწას და დავრჩი მარტო, მისი რჩევებისა და სითბოს გარეშე. მომბეზრდა სიარულიც და ჩემს სამყოფელს მივადექი. ჟღალთმიანმა დიასახლისმა, მისის ჯეინმა, რომელიც მუდამ ანაბელს მეძახდა ანასტასიას ნაცვლად, კარი ზარის პირველსავე დარეკვისას გამიღო და ღიმილით შემომთავაზა თავისი საფირმო ბლითები, მაგრამ თავაზიანად ვუთხარი უარი და ჩემთვის განკუთვნილ მყუდრო ოთახში შევიკეტე ფიქრებთან ერთად. მოვკალათდი დივანზე და ფილმი ჩავრთე. „The lake house” - ამ ფილმს პირველად დედასთან ერთად ვუყურე. მისი საყვარელი ფილმი იყო. ამბობდა, ერთ ადამიანს მახსენებს, ჩემს მეგობარ X-ს, რომელმაც ცხოვრება შემიცვალაო. ახლა 2044 წლის ზაფხულია და ალბათ მკითხავთ, რაღა დროს კიანუ რივზი, სანდრა ბალოკი და პოლ მაკარტნიაო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფილმებმა რობოტებსა და პარალელურ სამყაროებზე, ტრანსფორმერებსა და სუპერ გმირებზე ერთფეროვანი სახე მიიღო და თითქმის აღარავის აინტერესებს. ძველი, შინაარსიანი ფილმების რეიტინგი კი ერთი-ორად გაიზარდა და მეც მათი მაყურებლების სიაში ვირიცხები დიდი ხანია. „This Never happened Before” - ჩამესმის ფილმის ულამაზესი საუნდტრეკი და თვალი წიგნების კარადისკენ გამირბის, სადაც მოყავისფრო ბლოკნოტს ვხედავ. წამოვხტი! ეს დედას დღიურია. ალბათ ათასჯერ მექნება წაკითხული. მისი გარდაცვალების შემდეგ აქ წამოვიღე და ყოველთვის, როცა მასთან საუბარი მინდება, ამ დღიურს ვკითხულობ ხოლმე. დღეს კი, რატომღაც არ გამხსენებია და ახლა გახარებული მივვარდი კარადას. ფილმი გამოვრთე, ბლოკნოტი ავიღე და ათასმეერთედ დავიწყე წაკითხვა. ვკითხულობდი, ვტიროდი და საშინლად მინდოდა, მოვხვეოდი მთელი წლის უნახავ დედას, მოვხვეოდი მაგრად, რაც არასდროს მიქნია მის სიცოცხლეში, თუ არ ჩავთვლით ჩემს პატარაობას, როცა ყოველ წაბორძიკებაზე მისკენ გავრბოდი და მარწუხებივით ვხვევდი კისერზე ხელებს. აი, რას წერდა დედა:
11.02. 2009. მოვედი ფურცელო. რა ხანია არაფერი დამიწერია. ჰოო, ვიცი, ვიცი, ზურგი გეფხანება. მაგრამ აბა, რა მაქვს სათქმელი? ზუსტად ისე ვარ, ერლომ ახვლედიანმა რომ თქვა: „ვზივარ მაგიდასთან და დავცქერი თეთრ ფურცელს. თავი ხელებში მაქვს ჩარგული. ეს ცარიელი ფურცელი საუკეთესოდ გამოხატავს იმას, რაც უნდა ვთქვა: არაფერი მაქვს სათქმელი“. მე კი, რადგან მოვედი, რამდენიმე სიტყვას მაინც გეტყვი. იქნებ, ცოტა ამოვისუნთქო. რამდენი მეგობარი მყავს, გულს კი ბოლომდე ვერავის ვუხსნი. თავისი გაჭირვებიათ, ცალი ყურით მისმენენ და საუბრის დაწყებისთანავე ვნანობ, რომ ჩემი ყოველდღიურობის ნაფლეთები მათ მეხსიერებას შევატოვე. მეორედ გავხდი სტუდენტი, თბილისში ვარ და სამსახურს ვეძებ. ყველაზე მეტად სხვის იმედად ყოფნა მძულს, სხვისთვის დახმარების თხოვნა. ჯერ ვერ შევეგუე ამ ხმაურიან და მტვრიან ქალაქს, სადაც კომფორტული კლიმატი მხოლოდ ახალაშენებულ სახლებშია, რომლებსაც თურმე, აირბეტონით აშენებენ, რათა ენერგია დაზოგონ და ხარჯები შეამცირონ. ვფიქრობ, ამხელა ქალაქი ერთ ჩამოსულსაც ამიტანს და იმ ძველი ფილმის პერსონაჟივით ვიტყვი: „თბილისი ჩემი სახლია“. 15.03.2015 ჩემს პატარას ახლა მშვიდად სძინავს. მთელი დღე მუცელი სტკიოდა და ტიროდა. ჯერ მხოლოდ ორი კვირისაა. სულ წუწუნებს. გავწვალდი. მარტო ვარ ამ ოცდახუთ კვადრატულ, უბადრუკ სახლში. ჯერ მშრობიარობის დროინდელი ნაკერები არ მომშუშებია. ათი წუთით ფეხზე დგომა არ შემიძლია. არც ჯდომა. საჭმელს ორი-სამი დღის სამყოფს ვამზადებ, რომ მეორე დღეს სამზარეულოში ფეხზე დგომა აღარ დამჭირდეს. ბავშვის საწოლი არ მაქვს, ვიწრო ტახტზე წევს და სულ იმის მეშინია, არ გადმოვარდეს. შუადღით ცოტა ხნით ჩაეძინა და აბაზანაში შევედი ჭრილობების მოსაბანად. ეს ოხერი ბეტადინიც ახლა გამითავდა! თან რა ძვირია! არაფერს ვგრძნობ. თითქოს სული გამიუხეშდა. ვცდილობ, არ ვიფიქრო ჩემს ყოფილ ქმარზე, რომლის გამოისობითაც ვარ ამ დღეში. მხოლოდ მინდა, რომ ტკივილები მალე დამიამდეს. აბაზანაში შესვლისას კარს ღიას ვტოვებ, ბავშვის ხმა რომ გავიგო. ცხელი წყალი მსიამოვნებს და წუთიერად მტოვებს ტკივილი და დაღლილობის განცდა, მაგრამ დიდხანს არ გრძელდება ეს ნეტარება. ბავშვის ტირილი მესმის და ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად ამოვიდე აბაზანიდან. პირსახოცის შემოხვევა მავიწყდება და მთელი სისველე იმ ოთახში გამაქვს, მისაღებიც რომ ჰქვია და საძინებელიც. როგორც იქნა, დამშვიდდა ჩემი პატარა და ისევ ჩაეძინა. ვწევარ, მაგრამ კედლებს ვაწყდები. „მგზავრის წერილები“ მახსენდება - „აბა, ცოტა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე...“ და როგორ მძულს ეს მყრალგუბეობა! ახლა ის პერიოდია, საკუთარ თავს რომ უნდა ვაჯობო. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება, რომ ზედიზედ ორ კვირაზე მეტია, სახლიდან არ გავსულვარ. და ვიცი, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. „ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა“, „ესეც გაივლის“ - მომდის sms ერთ-ერთი მეგობრისგან. ვბრაზდები. არც ქვითკირი ვარ, არც რკინა და არც სალი კლდე. ქალი ვარ და მაქვს უფლება, რომ ხანდახან მაინც ვიყო სუსტი...
08.01.2018 ღამეა. ჩემმა პატარამ გვიან დაიძინა. ცოტა ხნით მეც ჩამთვლიმა, მაგრამ ფეხების ძლიერმა ტკივილმა გამომაღვიძა. მთელი დღის მანძილზე შეუსვენებლად ვარიგებდი პატიმართა წერილებსა და უსამართლოდ გამოწერილ ჯარიმებს. უამრავი სამსახური გამოვიცვალე, ბოლოს კი ფოსტაში ამოვყავი თავი, რომლის გრაფიკიც, ასე თუ ისე, მოერგო ჩემი შვილის საბავშვო ბაღის გრაფიკს და სამსახურის შემდეგ კისრისტეხით გავრბივარ მის გამოსაყვანად. დღეს განსაკუთრებით ციოდა. ქარიანი დღე იყო და სუსხი დაუნდობლად მკბენდა სახეზე. როგორც იქნა, დავასრულე დღის სამუშაო და ბავშვთან გავიქეცი. სიურპიზი დამხვდა - გაცივდაო მითხრეს, ხვალ ნუ მოიყვანთო. სად უნდა წავიყვანო? ვისთან დავტოვო? ისევ სამსახურის გაცდენა მომიწევს... გუშინ რამდენიმე წიგნი გამოაკლდა ჩემს კარადას. გავყიდე. სული და გული გავაყოლე სტუდენტობის დროს მამასისხლად ნაყიდ დოსტოევსკის, ტოლსტოისა და სარტრის. სულ ვამბობდი, როგორც არ უნდა გამიჭირდეს, წიგნს არ გავყიდი-მეთქი. რას არ გაყიდი, როცა შენს შვილს შია...
22. 08.2020 ყოველდღე წერას რა ხანია ვეღარ ვახერხებ. სადაა ამდენი ფუფუნება! ისე კი, დასაწერის მეტი რაა. იმდენად ნაყოფიერი ზაფხული მქონდა, რომ პუნქტებადაც შემიძლია დავყო და ისე ჩამოვთვალო ღირსშესანიშნავი ამბები:
1)გამოიცა კიდევ რამდენიმე წიგნი ჩემი რედაქტორობით (წელიწადია, რაც ერთ-ერთ დიდ გამომცემლობაში ვმუშაობ); 2)სამაგისტრო გამოცდაზე კარგი შეფასება მიიღო ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა სახელწოდებით: „ტექსტური კორპუსის შექმნა და მისი ანალიზი“; 3)მე და ჩემმა მეგობარმა X-მა როგორც იქნა, მოვახერხეთ რამდენიმე დღით ქალაქის დატოვება და მასთან ერთად პირველად ვნახე ზღვა. ნამდვილად აღსანიშნი ამბავია! 4)ჩემმა პატარამ უამრავი ლექსი ისწავლა. საბავშვო ბაღის ზეიმებზე მთავარ როლებს აძლევენ, რადგან მიბაძვისა და გარდასახვის საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა. სხვა რაღა უნდა ვინატრო?
25.12.2029. ახლა სოფელში ვარ. ცივა. ირგვლივ ყველაფერი გადათეთრებულია. აივანზე ვზივარ თბილპლედშემოხვეული და მიდამოს გავცქერი. ეზოში ისევ დგას დიდი ხე, რომელსაც წვრილი ხურმა ასხია და ისევ ისეა შოშიებით დახუნძლული, როგორც ჩემს ბავშვობაში. მაშინ მამა არ ასვენებდა ამ შავტუხა და ცელქ არსებებს, ტირის თოფით სულ კრიჭაში ედგა, მაგრამ ახლა მამა ცოცხალი აღარაა და არც შოშიებს ჰყავთ მისი შემცვლელი დამფრთხობი. აქაურობა ჩემი ბავშობის სახლს აღარ ჰგავს. რამდენიმე წელია, რაც სოფელი ტურისტულ ზონად იქცა და ჩვენი სახლიც საოჯახო სასტუმროდ გადავაკეთეთ. აქ კიდევ ბევრი რამ შეიცვალა: ჩვენი მდინარე გაიწმინდა და მოსახლეობა ნაგავს სპეციალურ თერმოიზოლატორებში ყრის, რომლებიც შემდეგ შესაბამის გადამამუშავებელ საწარმოებში მიაქვთ და ლამაზ ნივთებს ამზადებენ. ორი წლის წინ კი, ჩვენს სოფელში მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურების მშენებლობა დაიწყეს იმ ველზე, რომელსაც ზედაველას ეძახიან და რომელზეც ადრე მამას ნახირი დაუდიოდა. უამრავი უცხოელი სტუმარი გვყავს, ზამთარშიც კი, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ღვინო და კლიმატი იმდენად განსაკუთრებულია, სიამოვნებით დარჩებოდნენ დიდხანს. მეც მინდა, დიდხანს დავრჩე და ვუყურო ჩემს შვილს, თვალსა და ხელს შუა რომ გაიზარდა და ოთახში მშვიდად დაფუსფუსებს, მაგრამ...
09. 09.2033. მძიმე დღე მქონდა. ჩემს ლიტერატურულ კაფეში დაგეგმილი მუსიკალური საღამო ჩაიშალა. მომღერალი, რომელიც ძლივს დავითანხმეთ, რომ ამ საღამოზე ხუთიოდე სიმღერა ემღერა, არ მოვიდა. სირცხვილს როგორმე უნდა გადავრჩენილიყავი. სასწრაფოდ ჩემს ორ მეგობარს დავურეკე. მათთან ერთად წლების წინ ვმღეროდი და არმოსული მომღერალი მოხერხებულად ჩავანაცვლეთ. სოლო სიმღერის ჯერი რომ დადგა, ირგვლივ ყველა შემომეცალა. ეს არ დამიგეგმავს! დაბნეულობის გადასაფარად, აუდიტორიას ზურგი ვაქციე, მიკროფონი მაგრად ჩავბღუჯე და გიტარისტს ნელა მივუახლოვდი. ხმადაბლა ვუთხარი, რაც უნდა დაეკრა და როცა რამდენიმე აკორდი გაჟღერდა, ნელ-ნელა დავმშვიდდი, მოვბრუნდი და ხმადაბლა, გაუბედავად დავიწყე: „I’m very sure, This never happend tu me before…” ვგძნობდი, როგორ იშლებოდნენ მოგონებები ჩემს მეხსიერებაში. მახსენდებოდა ჩემი მეგობარი X, რომელმაც დამარწმუნა, რომ შევძლებდი ყველაფერს, რასაც მოვინდომებდი. მახსენდებოდა, რამდენი ვიშრომე, რომ თუნდაც ერთ კუთხეს დარქმეოდა ჩემი. ამ ლიტ. კაფესაც ხომ სწორედ ასე დავარქვი - „ჩემი სამყარო“. საღამოს დასრულების შემდეგ სასწრაფოდ გავიქეცი სახლში, რადგან არავისთან საუბარი არ მსურდა, ვიჯექი აივანზე, გავყურებდი ენერგოდამზოგავი ნათურებით გაჩახჩახებულ ქალაქს და მათ შემხედვარეს მახსენდებოდა ის მეგობარი X, წლების წინ ამ ნათურების მნიშვნელობას რომ მიხსნიდა. ვფიქრობდი, რად მინდა ეს ყველაფერი, თუკი მარტო ვარ და ჩემს სიხარულსა თუ მარცხს არავინ იზიარებს. ალბათ ღმერთმა შვილი იმიტომ მიწყალობა, რომ სულ მარტო არ მეგრძნო თავი. და ახლა, ისიც არაა შინ, თავის მეგობრებთან ერთად ბოულინგს თამაშობს...
* * * დავხურე დღიური და ისევ გარეთ გამოვედი. აღარაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ მინდოდა, მოვხვეოდი დედას და მასთან ერთად წამემღერა - „This never happened before…”, რადგან ეს მანამდე არასოდეს მომხდარა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მე გვიან მომიწია წაკითხვა და ესეც დამენანა. კარგი გოგო ხარ!
5 მე გვიან მომიწია წაკითხვა და ესეც დამენანა. კარგი გოგო ხარ!
5
6. გმადლობ, ნიკი. ჰო, სინანული გვიანია ხოლმე და არაფერსაც არ ცვლის.
შეფასებისთვის დიდი მადლობა :) გმადლობ, ნიკი. ჰო, სინანული გვიანია ხოლმე და არაფერსაც არ ცვლის.
შეფასებისთვის დიდი მადლობა :)
5. წავიკითხე ეს კონკურსზე და მომეწონა
ყოველთვის ვაკლებთ ადამიანებს ურთიერთობას და მერე, მოგვიანებით ვნანობთ რომ დავაკელით
წმახალისებელი 5 წავიკითხე ეს კონკურსზე და მომეწონა
ყოველთვის ვაკლებთ ადამიანებს ურთიერთობას და მერე, მოგვიანებით ვნანობთ რომ დავაკელით
წმახალისებელი 5
4. მუხა, დიდი მადლობა. მუხა, დიდი მადლობა.
3. ნეფერტარ, გმადლობ! :) ნეფერტარ, გმადლობ! :)
2. მშვენიერი იყო.
მშვენიერი იყო.
1. იქაც წავიკითხე, მომეწონა. იქაც წავიკითხე, მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|