ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რევი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ნოემბერი, 2017


არ წაიკითხოთ.

რას ვიფიქრებდი, რომ იმ რაღაცებს, დღისით და ღამით რომ ვხედავთ და გვსურს, ასეთი ლამაზი სახელი ექნებოდა. ოცნება! წარმოგიდგენიათ? ვერც იმას ვიფიქრებდი რომ ერთ დღეს ამ ოცნებების თუ რაღაცების რეალობად ქცევა შეიძლებოდა. მოკლედ, ყველაფერი ხდება რეალობაში, რომელშიც ახლა ვარ და ადრეც ვიყავი, მხოლოდ ის არ ვიცი სად არის უკეთესი. იქ ყველაფერი ბევრად მარტივი იყო, თითქმის არაფრის კეთება მიწევდა და სწორედ ეს იყო ის, რაც გულს მიკლავდა. ხო, მე რეინკარნაცია განვიცადე და ახლა მოვიტყუე, რადგან გული ალბათ არც მქონია. უამრავი მეგობარი მყავდა, სულ ყველა ჩემი მსგავსი. დიდებიც, პატარებიც და იყო ერთი სეზონი,გაზაფხული ერქვა, როცა ყველანი დავიბადეთ. ჩვენს შორის ლამაზმანებიც იყვნენ, ვარდისფერკაბიანები. არავინ ვიცოდით რა ჰქონდათ მიზეზი, რას გრძნობდნენ მაშინ, როცა ერთ დღესაც ქარს მიჰყვებოდნენ, ან ქვემოთ ეშვებოდნენ. მახსოვს, ვიღაცამ გაკვრით ახსენა, ერთ დღეს ჩვენც იგივე გველისო, მაგრამ ეს სიტყვები ისეთ დროს გავიგე, როცა დავინახე როგორ ბრუნდებოდნენ ბავშვები უზარმაზარი შენობიდან, რომელშიც დილით შეთქმულებივით იკრიბებოდნენ და მერე უკან გამოსულები ისევ იფანტებოდნენ. რომ მოგესმინათ მათი სიცილი, წუთით მაინც რომ მოგეკრათ ყური, ჩემსავით შურით აივსებოდით. მე ეს არ შემეძლო. 
ერთ საღამოს, მახსოვს როგორ ჩაგვიარა წყვილმა, ჩუმად მიდიოდნენ და ერთმანეთს მალულად უყურებდნენ ხოლმე. ვიგრძენი რომ ამ სიჩუმით იმაზე მეტს ამბობდნენ ვიდრე ყველა ახალ და ძველ სიტყვას ერთად შეეძლო გადმოეცა. მივხვდი რომ სამყაროში საოცარი ამბები ხდება და მე ძალიან, ძალიან ცოტა ვიცი. მერე ვიკითხე და იმას, რაც მაშინ დავინახეთ, სიყვარული ერქვა, თურმე. მე ესეც არ შემეძლო. მომისმენია სიმღერა, სიცილი და ტირილიც. ჩხუბი და თამაშიც მინახავს. მინდოდა მხოლოდ ერთი წუთით გამეკეთებინა იგივე. მერე თანასწორობაზე გავიგე. ისეთი რთული იყო ამდენი ახალი რაღაცის დამახსოვრება.. მერე მომბეზრდა ის რომ ადგილიდან ვერ ვიძვროდი, როცა მივხვდი, რომ ეს თანასწორობა სამყაროს დაავიწყდა, მან ის უმაღლეს, მტვრიან თაროზე შემოდო და აღარასდროს გაიხსენა. მომბეზრდა, ვნატრობდი დრო მალე გასულიყო და გავიდა.
იმ დღეებში, არ ვიცი რა საშინელება დაგვატყდა თავს, უამრავი მეგობარი დავკარგე. ფერი ვიცვალეთ, ყველამ ერთად. ისინი იმ ვარდისფერკაბიანი ლამაზმანებივით ქარს მიჰყვებოდნენ და უცნობ ადგილებში იკარგებოდნენ. იმ საღამოს ძალიან შემცივდა, სისუსტე ვიგრძენი და ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს, მაგრამ ფაქტია, ვინანე რომ დრო გავუშვი. ღამით ვერ დავიძინე, მახსენდებოდა ყველაფერი რაც მინახავს და კიდევ უფრო ვგრძნობდი სისუსტეს. ბოლოს, ალბათ უკვე თენდებოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ადგილიდან მოვწყდი. ასე ცოტახანს გაგძელდა და ბოლოს სიცივე და სიმყარე ვიგრძენი. უკვე აღარ შემეძლო თვალები გამეხილა და მენახა რა ხდებოდა ჩემს გარშემო. მხოლოდ ხმები მესმოდა. ეს ხმაური იყო, იმაზე უფრო ძლიერი და აუტანელი ვიდრე ჩვეულებრივ. ბოლო რაც გავიგე გოგონას ხმა იყო, რომელიც აშკარად ხმამაღლა და გაბრაზებული ტონით ეუბნებოდა ვიღაცას: "ბატონო, მაგას თავი დაანებეთ. რა გინდათ? ვერ ხედავთ? ლამაზია. დაანებეთ მეთქი თავი და შეხედეთ რამდენი ნაგავია, მაინც ჩამქრალი აქვთ თვალები და მიდით, გახვეტეთ, მოკალით. გახვეტეთ ამ ფოთლებზე ყფრო უსიცოცხლო ადამიანები.
აცადეთ შემოდგომას, ითოვოს."
გოგონა ჩვენზე საუბრობდა.
მერე გაჩუმდა. მთელი სამყარო.
ახლა აქ ვარ, მათნაირი ვარ და ვცდილობ ძალიან, ძალიან ბევრი ვიცინო. უკვე სიყვარულიც შემიძლია. მას ვიპოვნი, ვივლით ხოლმე ღამით ხეივნებში და შემიძლია დავიფიცო, არასოდეს, არასოდეს ვთხოვ დროს, რომ გავიდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები