ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფუნა
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2017


ჩვენ ვნახავთ საქართველოს

შვეიცარიის ერთ-ერთი სამთო კურორტი ვილდჰაუსი. სოფლის შესასვლელში აბრა კიდია, სადაც წერია, რომ სამთო-სათხილამურო სპორტში შეჯიბრი ტარდება.
თოვლი საკმარისადაა, სითბომ იმატა, სოფელი გადათეთრებულია. მთებზე თოვლი პრიალებს.
როლანდს ეს დღე გადატვირთული აქვს. შეჯიბრებამდე ერთი დღეღა რჩება, ყველაფერი დროულად უნდა მოასწროს, შეჯიბრზე გამოსვლის ბევრი მსურველი აღმოჩნდა. რომელი ქვეყნიდან აღარ იღებს ფაქსით წერილებს, გოგონათა სია ნელ-ნელა იზრდება. _ ,,კიდევ არის?~ _ დანადგარიდან, რომელსაც ფაქსი ჰქვია, ნელ-ნელა ამოდის ფურცელი. ფურცელზე ,,ჯორჯია~ წერია, აღელდა, გაიხარა... ჯორჯიიდან ერთი მონაწილე. საქაღალდეში, ზევიდან საქართველოდან გამოგზავნილი წერილი დადო.

*  *  *

ქუჩიდან ვიწრო შესასვლელი. ძველი სახლი, სახლზე თოვლი. სახურავზე ლოლოებიდან წყალი წვეთავს. სამსაფეხურიანი კიბე, კიბეზე ,,შეურაცხყოფილი~ თოვლი. ხის კარი და კარს მიღმა _ კედლები ნახატებითაა გადატვირთული, ოთახში ხის კიბე, ზევით, ღია მეორე სართული. მაგიდაზე თასი დევს, თასში წყალი ასხია, წყალზე წითელი ვარდი ტივტივებს. როლანდი მაგიდასთან ზის, ქერა თმა თვალებზე აქვს ჩამოფარებული, ორივე ხელი მაგიდაზე უდევს და წერს.
_ ,,თითქმის ყველაფერი მოვასწარი. 140-მდე მონაწილე დაგროვდა. ხვალ ცუდი ამინდია გამოცხადებული და ცოტას ვნერვიულობ. შეჯიბრის ტრასა გამზადებულია. 30-მდე ქვეყანა შეგროვდა, მათ შორის საქართველოცაა.
გამიკვირდა, არ ველოდი. ქართველებს აუცილებლად გავიცნობ. ერთი გოგონაა წარდგენილი.
ჰაიდმა დამირეკა, თურმე კარგ დროს ატარებს. მიხარია... მომენატრა. ხუთ დღეში აქ იქნება. ეს შეჯიბრებაც გადაივლის და ერთად ვიქნებით. მინდა სიურპრიზი მოვუწყო, ღამე ჩამოდის. მე მთაზე ვიქნები. პეტრეს ვთხოვ, რომ ტრასაზე ნათურები აანთოს, მე ჩამოვსრიალდები ყვავილებით ხელში. მაგარია, მოეწონება.~
ტელეფონი რეკავს.
_ გრუს გოთ! _ როლანდი გერმანულად მიესალმა.
_ ინგლისურად ლაპარაკობთ? _ ყურმილიდან კითხულობს გოგონა.
_ დიახ, გისმენთ.
_ მე საქართველოდან ვარ, მაინტერესებს ტარდება თუ არა შეჯიბრი?
_ კი, ტარდება.
_ რომელ საათზეა კრება?
_ ხვალ საღამოს, ცხრა საათზე. უკვე იქირავეთ სახლი? შეგიძლიათ ჩემთან იცხოვროთ.
_ თქვენთან რა ჯდება ცხოვრება? _ კითხულობს გოგონა.
_ ქართველებისთვის უფასო. _ ეღიმება როლანდს.
_ უფასო, რატომ? _ უკვირს გოგონას.
_ მე ბებია ქართველი მყავდა. _ ხმა უკანკალებს როლანდს.
_ რა კარგია?! თქვენი სახელი? მე სოფია მქვია. აუცილებლად გაგიცნობთ. სად იქნებით?
_ მე როლანდი მქვია. შეჯიბრის ორგანიზატორი ვარ. აქ, ვილდჰაუსში ვცხოვრობ, შეგიძლიათ ჩემთან იცხოვროთ.
_ დიდი მადლობა. თქვენი გაცნობა ძალიან გამეხარდა, რომ წამოვალთ დაგირეკავთ.
_ გელოდებით, საღამომდე!
_ გნახავთ საღამოს.
როლანდმა დღიურს თვალი გადაავლო, ადგა, ჩაი დაისხა და ფიქრებში ჩაიძირა.



*  *  *

    საქართველოდან ძალიან შორს, შვეიცარიის ლამაზი კურორტის ერთ მშვენიერ სახლში საქართველოზე საუბრობენ.
_ აი, ეს არის ჩემი სახლი. მე და ჰაიდი აქ ვცხოვრობთ. ძველი სახლია, მაგრამ ჩვენ გვაკმაყოფილებს. შემობრძანდით. _ წინ მიუძღვის როლანდი სტუმრებს.
_ რა ლამაზად გაქვთ მოწყობილ, ძალიან მომწონს. _ ამბობს შავგვრემანი გოგონა ინგლისურად. თავის მწვრთნელს გახედავს და ქართულად ეუბნება. _ მაგარი კაცია, არა? _ ეღიმება.
_ ძალიან კაი კაცი ჩანს. _ პასუხობს ხანშიშესული კაცი.
_ ეს ჩემი მეგობრის ნახატებია, იქ ზევით საძინებელია. არ მიყვარს თანამედროვე სტილი. ძველებური მომწონს ყველაფერი.
_ მეც ძველ სტილს ვაფასებ.
_ თქვენც ქართველი ხართ? _ როლანდი ეკითხება სოფიას ქერა მეგობარს.
_ არა, მე გერმანელი ვარ. _ ეღიმება ივონას. _ ამათი მეგობარი ვარ.
_ სასიამოვნოა. ერთად დადიხართ შეჯიბრებებზე?
_ კი, ხანდახან. _ ივონა გერმანულად პასუხობს როლანდს. _ მე გერმანიაში გავიზარდე, დედა ხორვატი მყავს, ახლა ხორვატიის სახელით გამოვდივარ, ნაკრებში არ ამიყვანეს და მემგონი ახლა ქართველები ამიყვანენ. _ ეცინება ივონას.
_ დასხედით, ყავას მიირთმევთ თუ ჩაის?
როლანდმა ძველი ჩაიდანი პლიტაზე დადგა.
_ თქვენი ბებია იყო ქართველი?
_ დიდი ბებია. მეც ორი წელია რაც გავიგე. თურმე ომის დროს ექთანი ყოფილა და გერმანიაში დარჩენილა. ბაბუაჩემი შეყვარებია. ისინი რომ არა, მეც არ ვიქნებოდი. _ გაეღიმა. _ ასე რომ ცოტა ქართული სისხლი მეც მირევია. პირველად გავიცანი ქართველები და ძალიან მიხარია. რაც გავიგე რომ ქართველი ვარ, მოსვენება დავკარგე. მინდა ბევრი რამ გავიგო საქართველოზე, თუმცა არ დამიჯერებთ და მანამდეც დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალყურს ქართულ ამბებს, სასწაულია. 90-იან წლებში ძალიან გიჭირდათ, არა?
_ კი, ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგებულია. _ უპასუხა მწვრთნელმა.
_ თქვენი წერილი რომ მოვიდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. როდის ბრუნდებით საქართველოში?
_ ჯერ არა, ალბათ ორ თვეში. ჩვენს ნაკრებს სულ აქეთ უწევს ყოფნა. უკვე რვა წელია წლის უმეტეს ნაწილს ავსტრიაში ვატარებთ. _ უთხრა სოფიამ.
_ მერე არ გიჭირთ? თუ მშობლებიც აქ არიან?
_ არა, მხოლოდ ნაკრების წევრები ვართ. მე და კიდევ რამოდენიმე მოთხილამურე. უკვე ხუთი თვეა არ მინახავს მშობლები. მენატრებიან, მაგარმ ვცდილობ სრიალით გადავფარო მონატრება. სრიალი ძალიან მიყვარს და აქაურობასაც შევეჩვიე, ვამბობ ხოლმე, ავსტრია ჩემი მეორე სამშობლოა-მეთქი. _ გაეცინა სოფიას.
_ კი, სრიალი კაი მართლა. საქართველოში კაი სათხილამურო კურორტებია?
_ ძალიან კაი მთები გვაქვს, კურორტი ჯერ-ჯერობით ორი. _ უპასუხა სოფიას მწვრთნელმა. _ ულამაზესი ადგილებია, ბევრი ტურისტი ჩამოდის. გუდაური ,,ჰელი სქითაა~ განთქმული. გაუკვალავ თოვლში ასამდე სასრიალო ტრასაა. ჩამოდით აუცილებლად.
_ ძალიან დამაინტერესეთ, მომინდა საქართველოს ნახვა. არა, ისედაც მინდოდა, მაგრამ თქვენთან შეხვედრამ სურვილი გამიორმაგა. _ ჩაი მოსვა როლანდმა.
_ თან ისეთი კარგი, თბილი ხალხი არიან ქართველები._ ლაპარაკში ივონა ჩაერთო. _ მართლაც რომ განსაკუთრებულები არიან.
_ ვცდილობთ, არა კი არ ვცდილობთ, უბრალოდ ჩვენი ხასიათია ეგეთი. ქართველი გაჭირვებულ ადამიანს ბოლო ლუკმას გაუყოფს. _ ამაყობს სოფია.
_ ე. ი. ვიამოყოთ ქართველები რომ ვართ. _ იღიმის როლანდი.
გარეთ თოვს, ნაფეხურები თოვლით იფარება, ნელ-ნელა ბნელდება. ძველი შვეიცარული სახლის მასპინძელი ბედნიერია, რომ ქართველები ჰყავს სტუმრად.

*  *  *

ჰაიდი დაბრუნდა.
_ რა ლამაზი კალენდარია? _ ჰაიდმა სახლში სიახლე შენიშნა.
_ ეს ქართველებმა მაჩუქეს. _ გახარებული როლანდი პასუხობს მას. _ შეხედე რა ბუნებაა.
_ ძალიან ლამაზია.
_ კიდევ ნახე რა მაჩუქეს. ნიგვზითაა და ძალიან გემბრიელია. _ როლანდი ჰაიდს ჩურჩხელას აწვდის.
მაგიდაზე ორი სანთელი ანთია. ჰაიდი და როლანდი ვახშმობენ. ფანჯრიდან თოვლიანი მთები მოჩანს, ეზოში თოვლზე კატაა მობუზული. ცოლ-ქმარს ხელში ქართული ღვინით სავსე ჭიქები უჭირავს.
_ ჩვენ აუცილებლად ვნახავთ საქართველოს! _ ეუბნება როლანდი ჰაიდს.
2006








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები