ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2018


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XVI )

                                                                                                        ***

  როდესაც თავშესაფრიდან წამოვედით, გზად უამრავმა კითხვამ მოიყარა თავი. ვფიქრობ დროული იყო იმის გარკვევა თუ რეალურად რას წარმოადგენდნენ ეს ახალგაზრდები. რატომ ცხოვრობდნენ ოჯახებისა და ხალხისგან განცალკევებით და რა მიზნებს ემსახურებოდა მათი ქველმოქმედება?! უდავოა, რომ სიკეთის კეთება ეს უდიდესი ღვაწლია, თუმცა ასეთ ადრეულ ასაკში ასეთმა დაინტერესებებმა ცოტათი გამაკვირვა. თვალებს არ უჯერებდი რასაც ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში ვხედავდი მათგან. ქველმოქმედება ყოველთვის წარმომედგინა, წარმოსადეგი და სახალხოდ ცნობილი ადამიანის მიერ დაწყებული საქმიანობა, რომელიც ხალხის დახმარებასა და ადამიანებში სიკეთის კეთების სურვილის გაღვივებას გამოიწვევდა. თურმე მხოლოდ ასეთი ცნობადი ადამიანების ხვედრი არ  ყოფილა ქველმოქმედება. ერთი სიტყვით იქიდან წამოსულებმა მახლობელ სკვერში გადავწყვიტეთ ჩამოჯდომა. მეც შესაფერისი დრო შევარჩიე და დავიწყე იმის გარკვევა თუ საიდან იყვნენ ეს ახალგაზრდები და რატომ ასეთი რთული გზა?! პასუხების გაცემას ერთადერთი, ნანკა გაურბოდა. ბიჭებისგან მოსმენილმა ისტორიებმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ესენი მართლაც, რომ წარმოსადეგი ოჯახის შვილები იყვნენ, თუმცა მათი შინაგანი მდგომარეობა ვერ ეგუებოდა მათივე მშობლების განსხვავებულ ცხოვრებას. დიდი ბრძოლებისა და დავიდარაბების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დროებით მშობლებისგან განცალკევებით ეცხოვრათ და ენახათ ის რთული დამოუკიდებელი ცხოვრება, რომელზეც  აქამდე მათ არც კი უფიქრიათ. ეს ერთგვარ ექსპერიმენტს ჰგავდა მათი მხრიდან. მდიდრული სახლებიდან მოულოდნელად, თავისივე სურვილით პირდაპირ ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. გეგა, გუგლიკო და ვატო ბავშვების მეგობრები ყოფილან და ეს იდეაც ერთად განუხორციელებიათ. ჩვენი "ვისნუშკებიანი" ნანკა კი გეგას უნახია ცოტა მოგვიანებით ქუჩაში. ისიც მათსავით სიმღერით შოულობდა ფულს, რათა დღიდან-დღემდე თავი რამენაირად გაეტანა. პასუხი იმაზე თუ რატომ არ ცადეს ცივილიზებულად ემუშავათ სადმე ნორმალურ ადგილას მიპასუხეს, რომ მათ ეს ცხოვრება უფრო ხიბლავდათ, რადგან არასდროს იცოდნენ ხვალ ექნებოდათ თუ არა პურის ფული. უნდოდათ გაეგოთ თუ რას გრძნობდნენ ის ადამიანები, რომლებსაც დღე და ღამ ქუჩაში ეძინათ ცივ ბეტონზე და რომლებისკენაც მათი მშობლები გახედვასაც კი არ კადრულობდნენ. საათები, ძვირფასი ნივთები, ავტომობილი, ეს ყველაფერი მშობლებისთვის დაუტოვებიათ და ცარიელ ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილნი წამოსულან სახლებიდან. ყველანაირი საბანკო ანგარიშები გააუქმებიათ, ხოლო სახელფასო ბარათები მაკრატლით საგულდაგულოდ დაუჭრიათ და დაუწვიათ. შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მათ თავიანთი საქციელით პროტესტი გამოუთქვეს ძალაუფლებისგან დაბრმავებულ მშობლებს, თუმცა გეგა ამას უარყოფდა. საოცარი ემოციებით მიყვებოდნენ, რომ მათ მართლაც აინტერესებდათ თუ, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ქუჩებში და თუ თვითონაც დაემსგავსებოდნენ ბომჟებს, იკადრებდნენ თუ არა მათი მშობლები მათკენ გახედვას?! საბოლოო ჯამში ისინი ეზიარნენ ადამიანური სიყვარულის გამოხატულებას. უამრავი ადამიანი ეხმარებოდა მათ და მათთან ერთად ტკბებოდნენ მუსიკის ჰანგებით. იყო დამამცირებელი სიტუაციებიც, თუმცა ბიჭები ამისთვის მზად იყვნენ. სასაცილო კი ის იყო მათი თქმით, რომ ქუჩის ბომჟებად გარდასახვის შემდგომ არც ერთი მანდილოსანი მათ აღარ აქცევდათ ყურადღებას. მოიკლო მათთმა პოპულარობამ, რის ნაკლებობასაც სკოლის პერიოდში ნამდვილად არ განიცდიდნენ. ნათელი ხდებოდა, რომ ყოველი ღიმილი და დაინტერესებები ადამიანებისგან ყალბი იყო და მათ თვალში ისინი უბრალოდ "ფულიან მამიკოს ბიჭებად" მოიაზრებოდნენ. ახლა კი, როდესაც ცხოვრების სტილი ასე რადიკალურად შეიცვალეს იმაში მაინც დარწმუნდნენ, რომ ჩვენს ქალაქში რეალურად მართლაც არსებობენ კეთილი ადამიანები, რომელებიც არ განასხვავებენ სხვა ადამიანებს მათი სოციალური ნიშნის მიხედვით. ვკითხე, რომ მათ ხომ შეეძლოთ ადამიანების დახმარება ამ გარდასახვების გარეშე, მაგრამ მათ არ აინტერესებთ მშობლების ფული. მათ ასე წვალებით ნაშოვნი ფულით ერჩივნათ დახმარებოდნენ ადამიანებს, რომლებთაც აშკარად აკლიათ ხალხის მხრიდან ყურადღება და სითბო. თვეებია თურმე ასე ცხოვრობენ და ჯერ არც კი უფიქრიათ უკან დაბრუნება. გეგას მამა არა ერთხელ დახვედრია, გეგასა და ბიჭებს მეტროში და უთხოვია, რომ ჩვეულებრივ ცხოვრობას დაბრუნებოდნენ, თუმცა ყოველჯერზე უარით გაუსტუმრებიათ სახლში. გეგა ამბობს, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდებიან უკან და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც მათი მშობლები შვილების ასეთი სიგიჟის რეალურ მიზეზებს მიხვდებიან. "სიგიჟე" ეს რა თქმა უნდა მშობლების თქმით. მოგვიანებით ჩემი ისტორიაც ვუამბე. ქალბატონი ელენეს არსებობის შესახებ, რომ შეიტყვეს მითხრეს, რომ მათთან შედარებით მე ნამდვილად ვუშვებდი შეცდომას, რადგან ჩემი დაავადების სირთულიდან გამომდინარე ვერიდებოდი მასთან დაბრუნებას. ისინი არ ცდებოდნენ მაგრამ მებრალებოდა ეს ადამიანი ასეთი სასტიკი განაჩენის შეტყობინებისთვის. მაშინ, როდესაც სულ რამოდენიმე კვირაღა დამრჩენია, ავდგე და ასე მოულოდნელად ვესტუმრო ეს ნამდვილად არაა მარტივი. თან ვუთხრა, რომ უკვე იმდენად ცუდად ვარ, რომ დღეებს ვითვლი წარმომიდგენია მისი რეაქცია. არა... გამორიცხულია მას ასე ვერ მოვექცევი. ეს ტრაგედია იქნება მისთვის, რადგან მის ხელში გავიზარდე. მან ერთხელ უკვე გამოსტაცა ჩემი თავი სიკვდილს და თუ კიდევ აღმოჩნდება მსგავსი უფსკრულის წინაშე სადაც გამოსავალი აღარაა მგონია ვეღარ გადაიტანს ამხელა დარტყმას. ბიჭები კი სხვა აზრზე იყვნენ. ცდილობდნენ დავერწმუნებინე იმაში, რომ ეს უპასუხისმგებლობა და დაუნახაობა იქნებოდა ჩემი მხრიდან. მარწმუნებდნენ, რომ სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა რამე. მათ სიტყვებზე გამეღიმა და ერთი პირობით დავთანხმდი თუ თვითონაც დაუბრუნდებოდნენ საკუთარ ოჯახებს. გაიხდიდნენ ამ ძველმანებს და თავს მწყობრში მოიყვანდნენ. ვიცი, რომ თუ ამას გააკეთებდნენ ეს არ შეუშლიდა ხელს მათ საქველმოქმედო ამბავს, რადგან სიკეთე გადამდებია და როდესაც შეიგრძნობ მისგან გამოწვეულ ბედნიერებას მიხვდები, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული გზაა. ღრმად ჩაისუნთქეს და შემპირდნენ, რომ ამას აუცილებლად გააკეთებდნენ, თუმცა ეტაპობრივად დაუბრუნდებოდნენ მათ მშობლებს. მე კიდევ უბრალოდ არ მინდოდა ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდგომ ისევ გარეთ დარჩენილიყვნენ. შესაძლოა ჩემს შემდეგ მათ აღარც კი შეხვედროდნენ ადამიანს, რომელიც იგივეს ურჩევდა მათ. ამას ვერ დავუშვებდი. ჩვენს საუბარზე, ნანკა უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ჩვენგან მოშორებით გავიდა. მიზეზი არც მიკითხავს, რადგან თავადაც მივხვდი თუ რას განიცდიდა იმ წუთას. თუ ბიჭები ოჯახებს დაუბრუნდებოდნენ, ნანკა ისევ მარტო დარჩებოდა ქუჩაში ბედის ანაბარად, მაგრამ არც ის ივარგებდა, რომ მათ შეწინააღმდეგებოდა, რადგან ეს უკვე ეგოისტობა იქნებოდა.
  შემოღამებულს ყველა ჩვენ გზას გავუყევით. მხოლოდ, ნანკა არ დარჩა მათთან. სათითაოდ გადაეხვია და მშვიდი ნაბიჯებით ჩემსკენ დაიძრა. სავარაუდოდ უკვე ვხვდებოდი თუ რაზე სურდა დალაპარაკება ჩემთან. დასაწყისისთვის მდუმარედ ამომიდგა გვერდით ხოლო გარკვეული მანძილის გავლის შემდგომ წამით გადმომხედა და მკითხა:
-ფიქრობ, რომ ყველაზე ჭკვიანი ხარ?
-მე ეს არ მითქვამს.
-მომისმინე, ლევან - ხელი მომკიდა და თავისკენ შემომაბრუნა. -თვითონვე მითხარი, რომ რამოდენიმე ხნის უკან ეულად დაეხეტებოდი აქეთ-იქით და მხოლოდ რამოდენიმე ხანია რაც რაღაცეები შეიცვალე შენს ცხოვრებაში. წიგნის პრეზენტაცია, მარიამი, გოგა ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იქამდე არაფერი გქონია.
-მერე?
-საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობ და ცდილობ სხვა ადამიანებს ასწავლო სწორად ცხოვრება?
-არ ვიცი რა გინდა, მაგრამ თუ ამ ბიჭებს გულისხმობ მე არც ერთ სიტყვას არ ვნანობ რაც მათ ვუთხარი.
-მხოლოდ ის მინდა გავიგო თუ რა გინდა ან რის მიღწევას ცდილობ? ბიჭებს რაც უთხარი სიმართლეა და მაგას არც ვეხები. მე ის მაინტერესებს შენ რა გინდა?
-ის მინდა, რომ ბედნიერები იყოთ. -ვუთხარი მას.
-...და შენ?
-მე არაფერი.
-ხომ გიყვარს ის გოგო?-ისე ახლოს მოვიდა, რომ სუნთქვა შემეკვრა.
-მარიამი?
-ხო, მარიამი?
-მიყვარს.
-ცდილობ ბიჭებსა და გოგას დაეხმარო. მათ გადარჩენას ცდილობ ამას ვხედავ, მაგრამ ამ გოგოსგან რა გინდა?
-რადგან ვკვდები სიყვარულის უფლება არ მაქვს?
-კი, მაგრამ ადამიანის გაუბედურების უფლება არა. იძახი, რომ დღეებს ითვლი ამ გოგომ კი სიმართლეც არ იცის შენს შესახებ.
-საკუთარ თავს თვითონ მივხდავ. დახმარებისთვის მადლობელი ვარ.
-ბოლო-ბოლო იტყვი რა ჯანდაბა გინდა? -ნანკას ამ სიტყვებზე საშინელი სიბრაზე ვიგრძენი, რომელიც თითქოს ბეწვის გორგალივით ყელში გემეჩხირა ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
-ახლა შენ მომისმინე!-ხელები ძლიერად მოვკიდე და კიდევ უფრო ახლოს მოვწიე ჩემსკენ. -თავადაც არ ვიცი რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს. მართალი ხარ ეს ყველაფერი არ მქონია, თუმცა ახლა ისეთი ადამიანები მახვევია გარს, რომლებზეც ვერც კი ვიოცნებებდი. ეს ადამიანები მხოლოდ ჩემს ნაწერებში არსებობდნენ და ახლა, ამ უკანასკნელ წყეულ დღეებში მაინც და მაინც ახლა ყველა ერთად გამოჩნდით. შენ ვერც კი წარმოიდგენ თუ, როგორ აღარ მინდა სიკვიდილი.-ხელები გავუშვი მას -აღარ მინდა, გესმის? ეს თქვენი გამოჩენის შემდეგ მოხდა. სხვები ზიან ტელევიზორებთან და იქ ნანახ კეთილ ადამიანებს ზღაპრის გმირებთან ასოცირებენ. მე კიდევ თქვენ მყავხართ აქ და რეალურად. მე თქვენს გადასარჩენად ვიბრძვი, თქვენ კიდევ ჩემს გადასარჩენად. სწორედ ეს მაკლდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებას ვცვლით უკეთესობისკენ. იქ ზევით ღრუბლებში კი ვიღაცა უხილავი თოკით თავისკენ მიმათრევს ყოველდღიურად. იცი რამდენჯერ გაგრიდებივართ უჩუმრად, რადგან ჩემი ცხვირიდან მოულოდნელად წამსკდარი სისხლი არ შეგემჩნიათ? რა აზრი აქვს გელაპარაკო სიკვდილზე შენ... სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას?
-იმიტომ, რომ მე ვიცი ეს რას ნიშნავს.
-არა. შენ ეს არ იცი- გულმოსულმა თავი გავიქნიე და მისგან ზურგით შევბრუნდი. - არც შეიძლება, რომ იცოდე.
-ვიცი.-კვლავ განაგრძობდა რაღაცის მტკიცებას, თუმცა ზურგით შებრუნება არ წყენია. მომიახლოვდა ხელები წელზე შემომხვია. -მე ვიცი, ლევან.
-გაჩუმდი გთხოვ.
    თითის წვერებზე აიწია, ხოლო ზურგიდან მისი გახშირებული სუნთქვის მოახლოება ვიგრძენი. ძლიერად მომეკრო და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა.
-მე ვკვდები, ლევან.
  ხელები გავაშვებინე და მისკენ მივტრიალიდი -რა თქვი?
-ჩვენი დაავადება გვაიძულებს, რომ მოვლენები ხელოვნურად დავაჩქაროთ, რადგან ხვალ არ ვიცით რა გველოდება. ბიჭებთან შეიძლება ეგოისტურად გამომდის, მაგრამ ერთ კვირაში ქიმიო თერაპიას ვიწყებ და საავადმყოფოში უნდა დავბრუნდე. ამიტომ მინდოდა ეს დღეები მათთან ერთად გამეტარებინა. შემდეგ ხომ არ ვიცი რა მოხდება?! მე შენ ათი დღის უკან ჩემი ექიმის კაბინეტიდან დაგინახე თუ, როგორ გამოხვედი, თუმცა იმ დილით გაჩერებაზეც ხომ შევხვდით ერთმანეთს? ვიფიქრე, რომ ეს ნიშანი იყო და აუცილებლად უნდა გამეცანი. ჩემი ნება, რომ იყოს სიკვდილის შემდეგაც შენთან ერთად ვიფრენდი ღრუბლებში, რადგან საოცარი ადამიანი ხარ. ჩვენ ერთი და იგივე ექიმის დანიშნულ კურსს მივყვებით. ახლა კი შენი ნებაა... გინდ ირწმუნე ბედისწერის და გინდ არა.
-ესეიგი ბიჭებმა მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი იცოდნენ?
-ბევრად უფრო ადრეც, ლევან. ზედმეტი კითხვები, რომ არ დაესვათ ამიტომ ვუთხარი თავიდანვე შენ დაავადების შესახებ. მერე თვითონვე ვთხოვე, რომ ჩემზე სიტყვა არ დაეძრათ. საავადმყოფოშიც იმიტომ არ მოგაკითხეთ, რომ ჩვენ ხომ საერთო ექიმი გვყავს?!
შემეშინდა და არ მინდოდა ნაადრევად გაგეგო ყველაფერი ჩემზე, მაგრამ დღეს ვიფიქრე, რომ რატომაც არა?! თუ მოვლენების დაჩქარება უკვე ჩვევაში გადაგვეზარდა მაშინ რა აზრის აქვს ამ ყველაფრის დამალვას?
-მე ბოლო სტადია მაქვს, ნანკა.
-არც მე ვიცი რას მეტყვის ექიმი ერთი კვირის შემდეგ. უბრალოდ, ერთხელ და სამუდამოდ თავიდან ამოიგდე სიკვდილზე ფიქრი და დატკბი იმ ცხოვრებით რაც ახლა გაქვს.
-ახლა ვხვდები ყველაფერს...
-მაინც რას, აბა?
-იმას, რომ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც სიბრალულის თვალებით არასდროს შემოუხედავს ჩემთვის.
-იმიტომ, რომ ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ.


                                                                                                                    (გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები