მეზობლის გაქირავებული ოთახის ფარდაგადაწეულ ფანჯარაში სინათლე მხოლოდ რამდენიმე საათით ირთვებოდა, ოთახიდან მკრთალად იკვეთებოდა მაგიდასთან მჯდომი ქალის პროფილი. ნაშუადღევს ახალგაზრდები კარებში შეჯარდებოდნენ, საათნახევარში უკანვე გამოეფინებოდნენ და ხმაურით გზას გაუყვებოდნენ. ასე შემოდგომიდან ზაფხულამდე გრძელდებოდა. სინათლე რომ ჩაქრებოდა, ქალი რამდენიმე წუთის მერე გამოდიოდა კარიდან, ტალღისებურ თმებს ბეჭებზე ფრთხილად გადაიყრიდა, ლაბადას მოიხურავდა და სიბნელეში გაუჩინარდებოდა. მიყვარდა საღამოობით მათი ხმამაღალი სიცილი და ინგლისურ ენაზე საუბარი.
ცხოვრებამ თორმეტი წელი საზღვარგარეთ გამატარებინა, სახლში მოულოდნელად დაბრუნებულს, მეზობლის ფანჯარა ზუსტად ისეთივე დამხვდა...ფარდაც კი იგივე ეკიდა. ნაცნობი ხმებიც... იმ ფანჯრიდან , ზუსტად იმავე დროს, თურმე ახალგაზრდების ხმამაღალი საუბარი არცერთი წუთით არ შეწყვეტილა. თითქოს, მხოლოდ ინგლისურის მასწავლებლის პროფილს დატყობია თორმეტი წელი.