ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2021


მადლობა შიშებს

ბრავო იმ შიშებს,
სიზმრები რომ შემომინახეს.
ისინი რომ არა,
ტირილით არ გამეღვიძებოდა ბავშვობაში.
არ ჩამიჯდებოდა მეხსიერებაში არც ერთი მათგანი,
დროდადრო ვერ შემახსენებდნენ თავს
და კეთილი სიზმრებივით მივივიწყებდი.
დავიწყებით კი
ვერაფერთან დავაკავშირებდი ახლა,
თავზე ჩამონგრეულ  ტაძარს,
მისი გუმბათისა და ჯვრის სიმძიმეს.
ბრავო იმ შიშს,
საფლავს რომ დამაღწევინა თავი,
ჩემთვის, საკურთხევლის წინ,
აღმოსავლეთ ფრთასთან ამოღებულს.
ბრავო სიზმარისეულ შიშებს.
ცხადის შიშებს,
რაფის ნაპირზე მწკლარტად შერჩენილებს,
წარმოსახვითებს -
საწოლის ქვეშ
ქვეწარმავლებად მოსრიალეებს.
დაძლეულ და დაჯაბნილ შიშებს -
იმედებთან ხელკავგამოდებულებს.
ტყუილ,
ღიმილისმომმგველ,
თუ ნამდვილ-შეგუებულებს.
მხოლოდ მათ შეუძლიათ მაგრძნობინონ,
რომ ცოტათი მაინც მყვარებია თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები