ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2023


### (არგაგზავნილი წერილებიდან)

არ გჭირდები-მეთქი,
გითხარი და,
ეგ რა თქმააო.
მიყვარხარ-მეთქი,-
მე სხვა მიყვარსო.
მაშ, ჩემთან რა გინდა-მეთქი? -
დამტოვე უპასუხოდ.
ჩემსავით სულელი არ ყოფილხარ რომ გეღიარებინა,
შენც გჭირდებოდი.
მხოლოდ ეს ფიქრი დამიტოვე -
როგორი საბრალო ვარ.

ალბათ არ გაგიძნელდებოდა
ჩემი დათმობა.
თუმცა,
ეს ისევ ჩემი აზრია
და არა შენი,
რომ დასათმობი არ ვიყავი,
რომ რამე დადებითს გაძლევდი.
რომ სიყვარულს შეუძლია სიხარულის
და  სიმსუბუქის მოტანა,
და რომ სისულელეა მასზე უარის თქმა.

გგონია არ ვიცი,
რომ ამ პრაგმატულ სამყაროში
არ ღირს
არც გრძნობების ფრქვევა
და არც კონკრეტულ ადამიანზე ჩამოკონწიალება?
ვიცი.

მაგრამ...
ვაღიარებ რომ სუსტი ვარ და ამიტომ იქნებ სასაცილოც.
სხვის თვალში როგორი ვარ,
ეს არ მანაღვლებს.
მაწუხებს ის,
რომ არც  სიყვარული მტოვებს
და არც სიბრაზე:
-ნუ, როგორ შეიძლება ჩემნაირი უსაყვარლესი ადამიანი არ გიყვარდეს?

ხედავ?
მარტო შენი არა,
საკუთარი თავის შეყვარებაც მოვახერხე ამასობაში.
მაგრამ ბრაზი მაინც არ მტოვებს.
ასე რატომ უნდა ვერჩოდე თავს?
რატომ უნდა გწერდე,
რომ მენატრები?

მინდა რომ კარგად იყო,
ძალიან,
ძალიან კარგად.
თან,
მინდა რომ 
ასევე ძალიან,
ძალიან გწყდებოდეს გული ჩემზე.

არ გწერ - ცუდად ვარ.
მოგწერე - მაინც.
ჩიხში ვარ.
გროსმაისტერად გაღიარე.
ბრავო!
ჰე, მიიწერე კიდევ ერთი გამარჯვება შენს ანგარიშზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები