ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2023


ჭუპრი-პეპელა

(მეგობრებისთვის)


თუთის ფოთოლი მოილია.
დარჩა ტოტები
და ამ ტოტებზე -
- უამრავი თეთრი კოშკი,
კოშკი უკარო.

შემოვიქოლეთ
ნაპირები და ნაპრალები
ბნელში
საპეპლედ ვეპირებით
ნაჭუპრალები.

რარიგ მყუდროა ჩემი კოშკი!
ვწევარ დაღლილი
და თქვენგან უკვე
ჩამიჩუმი არ მეყურება.

რა დაგვემართა?
მწვანე სარჩო გვერგო ულევი,
მწვანე გზა გვედო
ოთხივ კუთხივ,
ჩელტის კიდემდე.
ვინ -  ფეხი ვეღარ მოიკიდა
და გაისრისა,
ვინ -  აიკენკა
და ვის  - სენმა დარია ხელი.
თითო პერანგიც ვერ დაცვითეს,
ჩვენ კი,
ო, ჩვენ კი
დავშორიშორდით,
დავთითოვდით
და მოგვერია ტკბილი წვენი -
- ძაფადსაქცევი
და თუთის ტოტებს დავეკონეთ
და დავტრიალდით.
ო, ეს ტრიალი,
და ტრიალით თავბრუდახვევა!
პირველწიაღის მონატრებამ
მარტოეულნი
როგორ გვაბრუნა!

შავგულაა თეთრი კოშკი,
ყრუა კედელი.
უკვე მელევა
მოსამრავლებლად გადარჩევის
ბოლო იმედი,
ფრთები კი,
სწორედ ახლა ვიგრძენ,
როგორ მეზრდება
და ჩინდაკარგულს,
სმენადახშულს
ახლა მომეცა
გულის თვალ-ყური,
რომ გამეგო -
- ნება ჩვენია,
საით გავიწევთ,
რომელ ტოტზე დავეკიდებით,
მაგრამ არასდროს მოგვანდობენ
მთავარ არჩევანს.
მოაწევს დრო და
ნაცარტუტით დავიმდუღრებით.
მაინც ვერცერთი ჩვენთაგანი
ვერ გადარჩება.
გავიწირებით
ერთი გაბმა აბრეშუმისთვის.

რაღაცა კვდება
ქვეყნად ყველა გადარჩენილშიც.

ყელში მაწვება მწარე წვენი.
ნუთუ ეს არის?
არა!
ამაო არის უკვე
თავჩაგონება,
რომ ყოველივე ამაოა.
როცა გივლიან
და სათუთად თავს გევლებიან,
ვაი,
თუ მართლა მოდუნდები
და მიენდობი!
ისინი თავის დროს ელიან.
ჯანდაბას კოშკი!
უდროობა ჩემი დრო არის.

ამოვჭერ კარი
და დავიძარ.
ფრთებქვეშ მკვრივდება
ცა,
სხივებით ოქროსირმული.

რა სინათლეა!
რა ჰაერი!
მე მოვირწევი,
მოვირხევი,
ჰეი!
ჰეჰეი!
ჰეჰეჰე-ჰეეეი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები