ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პროზა
12 აგვისტო, 2013


ზურიკელა

      ახალი წლის დღეებია, თბილისისთვის ჩვეული უთოვლობით და ზამთრისათვის შესაფერისი სიცივით.
      "ლოტკინის"  დაღმართს ჩქარი ნაბიჯით მიუყვება ახალგაზრდა წყვილი.
_დაგვიღამდა, ცოტა ადრე უნდა წამოვსულიყავით._თქვა გოგონამ და ქურთუკის საყელო წამოწია.
_ისედაც იშვიათად მოვდივართ ბიძაჩემთან. რაღა იშვიათად, მხოლოდ დღესასწაულებზე მოვაკითხავთ ხოლმე.
ხომ არ შეგცივდა?_იკითხა ბიჭმა, მაცხენა ხელი გადახვია გოგონას და გულისკენ უფრო მეტად მიიზიდა.
_ჰო, მართალი ხარ, მაგრამ ახლა ცუდი დროა, ხომ იცი.
_ვიცი! ისიც ვიცი შენ თავს რომ არავის დავაჩაგრინებ, ეს შენც ხომ იცი, ნუ ხარ მშიშარა._უპასუხა ბიჭმა და ყოველი შემთხვევისთვის ხელი მარჯვენა თეძოსკენ გააპარა, მოსინჯა ტაბელური ადგილზე იყო თუ არა.
      ღიმილით გადახედეს ერთმანეთს. ანის ღიმილი ამბობდა: ბედნიერი ვარ, რომ შენი იმედი მაქვსო, ლაშას ღიმილი კი_ამაყი ვარ, რომ ასეაო.
      გადასასვლელ ხიდთან თეთრი სამარშრუტო ტაქსი მგზავრებს აგროვებდა. გაუმართლათ, ბედობა დღეს, ღამის ათ საათზე "ტრანსპორტი" დახვდათ. თანაც ასეთ არეულ დროში.  სექტებბერში ომი დასრულდა, თუმცა დასრულდა რო? მგონი უფრო გადაიდო, როგორც იტყოდა ხოლმე ლაშა.
      ისევ ღიმილით გადახედეს ერთმანეთს. ამ საყოველთაო არგამართლების ჟამს პატარა რამეც უხარიათ ადამიანებს.
      უკანა სავარძელზე გამოწერილივით დახვდათ ორი ადგილი.
      მძღოლი მგზავრებს მოუბრუნდა. თავი ვალდებულად ჩათვალა, რადგან "შეივსო", განმარტება გაეკეთებინა:
-ათ წუთში გავალთ.
      მგზავრები გაგებით მოეკიდნენ ამ ამბავს, მძღოლსაც ხომ ოჯახი ყავს სარჩენი, თუმცა ყველას სახლში ეჩქარებოდა.
_ზურიკო!-თქვა ანიმ.
_ვინ ზურიკო?
_მძღოლი.
_იცნობ?
_ადრე, მეგობარს მოჰყვა რამდენჯერმე მამასთან.
_მამაშენთან? უჰ, ეგ როდის იყო?
_1905 წელში._ამოიოხრა ანიმ.
_1905 წელში კატა მოკვდა რუსეთში.
    ორივეს გაეცინა.
_მამა რომ წავიდა რამდენის იყავი? იკითხა ლაშამ და ანის შუბლზე აკოცა.
_შვიდის.
_სახელი კი დაგიმახსოვრებია!
    არც იყო ათი წუთი გასული, ვიღაც ჩაფსკვნილმა, წვერებიანმა, ტიპიც არ ეთქმის, "ქიშმიშიან ბულკს"(ასე იტყოდა ხოლმე ანი უწყინარ ადამიანზე) უფრო გავდა, კარი გამოაღო, ამოვიდა და თან მეორე, ხმელი, მაღალი ბიჭი ამოიყოლა. მძღოლისაკენ დაიხარა,  სავარძელს ხელი გადახვია და ხმადაბლა უთხრა: წავედითო.
      "მარშრუტკა" დაიძრა და ყველამ მშვიდად ამოისუნთქა, მაგრამ ეს მშვიდი სუნთქვა დიდხანს არ გაგრძელებულა. უფრო სწორად რომ ვთქვა, მომენტალურად გახშირდა, როგორც კი "დადიანის გამზირის" ნაცვლად მძღოლმა "ნაძალადევის" ვიწრო ქუჩებისკენ გადაუხვია.
      ყველამ რაღაც იეჭვა, ლაშა კი წამოდგა და თავისი ეჭვის გასაქარვებლად მძღოლისკენ გაემართა.
_ზურა, ხომ მშვიდობაა?
      ჩაფსკვნილმა და ხმელმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე ლაშას ამოხედეს შემცბარი თვალებით. მძღოლს კიდევ უფრო გაკვირვებული მზერა ჰქონდა, მაგრამ კითხვა უპასუხოდ დატოვა.
      უკანა სავარძელზე ანი აფორიაქდა.
      ლაშამ და პუტკუნამ წუთიერად გადაულაპარაკეს ერთმანეთს, ხმადაბლა, ისე, რომ
არავის გაეგონა. ხმელი ნერვიულად აცეცებდა თვალებს, წარა-მარა მგზავრებისკენ იხედებოდა. მანქანა გაჩერდა. ჩაფსკვნილი და ხმელი ჩავიდნენ, ლაშაც ჩაყვა.
      ანი შიშისგან გაფითრებული იჯდა, ხმას ვერ იღებდა. მძღოლიც უტყვად შემობრუნდა მგზავრებისკენ.
_წადი დროზე, რაღას ელოდები. ეგენი ერთად იქნებოდნენ_თქვა ერთმა.
_გოგონი, ეს ბიჭი თქვენთან ერთად არ იყო?_იკითხა მეორემ.
_დიახ_ამოღერღა ანიმ.
_იყო კი არა არის! ჩემთან არის_თქვა ანიმ ცივი ხმით, თან გამუდმებით გონებაში იმეორებდა: ღმერთო შენ გვიშველე! ღმერთო შენ გვიშველეო.
_რა უნდათ?
_სად წაიყვანეს?
ისმოდა კითხვები აქეთ-იქედან.
_მოიცათ რა! სად უნდა წავიდე. ამოიღო ხმა მძღოლმაც. ხელის სწრაფი მოძრაობით გამოაგდო "მარშრუტკის" ჭერზე, ბუდეში ჩამაგრებული ნათურა, სადენებზე დაკიდებულს შემოახვია ქაღალდი ძაბრისებურად და  ქუჩას მიანათა.
    სახლებიდან სინათლე ბჟუტავდა, მაგრამ ჩაბნელებულ ქუჩებს და ეზოებს რას უშველიდა იმ დროისთვის დამახასიათებელი "დაბალი დენი". ქუჩის განათებაზე ზედმეტია ლაპარაკი, ისიც საკვირველი იყო, რომ მეოთხე დღეა ქალაქში მასიურად არ გამორთულა სინათლე.
_მოდით რომელიმემ ეს დაიჭიროს, მე კი მანქანას დავძრავ და ნელი სვლით ვივლი, ეგებ დავინახოთ საით წავიდნენ_თქვა მძღოლმა.
      ანი მილურსმნულივით იჯდა სავარძელზე. ისეთი შეშინებული იყო, ახლა ვინმეს გარეთ საახალწლო "ხლაპუშკა" რომ გაესროლა, ალბათ გულიც გაუსკდებოდა. თავში ერთიდაიგივე სიტყვები უტრიალებდნენ გამუდმებით: ღმერთო, ყაჩაღები, ლაშა, მაკაროვი, მაკაროვი, მაკაროვი.....ლაშა, ღმერთო.
      ომიდან საღსალამათი დაუბრუნდა, ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად მაინც, თვალებს არ უჯერებდა ანი. ყოველთვის, როცა ტელევიზორში  აცხადებდნენ: გარდაიცვალა ეს, გარდაიცვალა ის, გარდაიცვალა, გარდაიცვალა, გარდაიცვალა... ყურებზე ხელებს იფარებდა და გარბოდა ოთახიდან... გარბოდა, რომ მისი ცრემლი არ დაენახათ, გარბოდა, რომ მოხუცი მამამთილისთვის ცრემლი არ შეემჩნია... ტირილის უფლებას ხომ თავს მხოლოდ ღამ-ღამობით აძლევდა, როცა უძილობას ვერ ერეოდა, როცა გონებიდან საშინელ სურათს ვერ იშორებდა, სურათს, სადაც სასახლეში გულზეხელებდაწყობილს ხედავდა თავის იმედს... ღმერთო, რამდენი გადავიტანეთ და ახლა რომ რამე დაემართოს...
_მთავარია ბენზინი გვეყოს.
      მძღოლის სიტყვებმა ანი ფიქრებიდან გამოიყვანა. ასე თხუთმეტიოდე წუთი დაეძებდნენ ლაშას ახლო-მახლო ჩიხებსა და გასასვლელებში, ანისთვის კი უსაშველოდ გაიწელა ეს დრო. ამასობაში მგზავრებს სამი კაცი გამოაკლდა, ალბათ ფეხით წასვლა თუ გადაწყვიტეს. ცრემლს ძლივსღა იკავებდა ანი, გაიფიქრა თუ არა, ჩავალ და  მოვძებნიო, სწორედ ამ დროს შემოაღო კარი ლაშამ. წავედითო, თქვა და გაიღიმა.
        მძღოლმა ამოისუნთქა, მგზავრები ახმაურდნენ.
_რა უნდოდათ? რა მოხდა?
_რა უნდოდათ და ფულს მთხოვდნენ, ამას წინათაც მთელი დღის ნამუშევარი მივეცი, ოღონდ ესენი სხვები იყვნენ. რა ვქნა ოჯახს ხომ უნა რჩენა, თორე ასეთ დროს არ გამოვიდოდი. დიდი მადლობა ძმაო, მაგრამ ბოდიში და ვერ გიცანი_თამამად ამოთქვა მძღოლმა.
_არაფრის, არც მე გიცნობთ.
_როგორ მოიშორე?-იკითხა ერთ-ერთმა მგზავრმა.
_დამიჯერეს._მოჭრილად უპასუხა ლაშამ და ანისკენ გაემართა.
    აქა-იქ გინება ისმოდა, ქალბატონებთან ბოდიშის მოხდით. ზოგი ყაჩაღებს აგინებდა, ზოგი მთავრობას და ამ ხმაურში მძღოლის კითხვა: აბა ჩემი სახელი საიდან იციო, უპასუხოდ ჩაიკარგა...
    "ახმეტელის" მეტრომდე მიმავალი "მარშრუტკა" მასივს ბოლომდე აუყვა და ახალგაზრდა წყვილი სადარბაზომდე მიიყვანა.
_კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, მაგრამ ჩემი სახელი საიდან იცოდით? თუ შემთხვევით დაემთხვა...
_მეუღლისგან.
  ზურამ ანის გადახედა, ანიმ ძლივს გაიღიმა ამდენი ნერვიულობის შემდეგ.
_თქვენ ბავშვობიდან მახსოვხართ, მამასთან მოყევით რამდენჯერმე საერთო მეგობარს.
პირველ მიკროში სანდრო გახსოვთ? ზურიკელა?
_მაპატიე ვერ ვიხსენებ.
_ეგ არაფერი.
_სანდრო ჰქვია მამას? ბოდიში ვერ ვიხსენებ.
_კი სანდრო.
_ზურიკელა ვინ არის?
_მე.
_თქვენ?
  გაკვირვებულებმა შეხედეს ლაშამ და ზურამ ანის.
_პირველად რომ გნახეთ, ბიჭებთან ერთად სადარბაზოსთან ფეხბურთს ვთამაშობდი, ჩემი ძმა მუდამ კარში მაყენებდა ხოლმე და მერე ბიჭებს დასცინოდა, გოგოს გოლი ვერ გაუტანეთო. რა გქვია ბიჭი შენო, მკითხეთ, მე კი გიპასუხეთ: ანი. მახსოვს თავზე ხელი გადამისვით, გამიღიმეთ და მითხარით: მე ზურიკო მქვია, შენ კი რა ანი რის ანი ნამდვილი ზურიკელა ხარო! იმ ზაფხულს რამდენჯერმე იყავით ჩვენთან, მუდამ ღიმილით მომიკითხავდით: ზურიკელა როგორ ხარო?
_გინდა თქვა დღეს ჩემი ღიმილი დამეხმარა?
....
    მათმა სიცილმა ბნელში ჩაძირული უბნის სიმშვიდე დაარღვია. სადღესასწაულო "დენის ულუფაც" დამთარებულიყო.

     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები