ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2014


სიცარიელე

საღამოს მწუხრზე, უფლის ნებით, გაშალეს სუფრა,
მიწის ჭურჭელში ჩამოასხეს ღვთიური სითხე,
უნაკლოდ თეთრი, მშვენიერი, უზადოდ სუფთა,
სითხე,რომელსაც ნაღებიც კი ჰქონოდა იქნებ,
რომ არ წაეკრა ბედისწერას უხეში ხელი
და თავდაყირა არ დამდგარიყო ცხოვრება ჩემი...

ბედნიერების დაბრუნებას ამაოდ ველი,
უსასრულობას შერევია მტვრიანი გზების.
ზუსტად არ მახსოვს, როგორ, რატომ, არ ღირს კამათი,
გაყინული და ცრემლიანი დამრჩა თვალები,
თითქოს სიცოცხლე სამუდამოდ დავკარგე ცხადში,
შემომრჩა სუნთქვა, ინსტიქტებით მონატანები...

წავედი ძილში, გავეხვიე სიზმრის ჭილოფში,
ვფიქრობდი ამით შემრჩენოდა სუფთა ხელები,
მტვრიან სამოსში გახვეული, მაინც ვცდილობდი
ფრთხილად გამევლო გზები, ცოდვით დანაღმულები.
თითქოს მშვიდობით მოვიარე, გადავრჩი ოღონდ,
გული შემომრჩა ისევ სევდით დამძიმებული...

ვეახლე ტაძარს, მიტოვებულს უღმერთობისას,
კედლებმორღვეულს სწორედ მაშინ მოერღვა ჭერიც,
გუმბათის წვერზე აზიდული ჯვარი უფლისა
მძიმედ დამეცა, სასჯელივით გამოწერილი.
მე კი გადავრჩი, სასწაულით, არ ვიცი როგორ,
რა გზებით მოხდა, მაგრამ ცხადშიც აჩქარდა გული...

მოულოდნელად, ჩემს ჭურჭელში, განგებამ ისევ,
მდუღარე სითხე დაუნდობლად ჩამოაქცია,
მეორე შოკი, (ვერ გავიგე, ნეტა რას მერჩის)
ეს უცაბედი გაღვიძება_ბედის აქცია,
ვეცი სარკეებს, იქ ვეძებე, ვერ ვნახე ბავშვი,
არ ტყუის სარკე, თავს იწონებს სუფთა ჩვენებით;

ვერ მოვიწონე, დავაკვირდი, ნანახით გავშრი,
ქალს რომ ვერ ვცნობდი, მე ვყოფილვარ, (მიხურს ხელებიც);
მოვსინჯე სითხე ჩემს ჭურჭელში,(იქნებ არც ღირდა?)
წყალი ყოფილა, მხოლოდ წყალი, თანაც მდუღარე,
მხოლოდ წყურვილის მოსაკლავად აბა რად მინდა,
ვყოფილიყავი, ჯობდა ალბათ, ისევ მდუმარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები