ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2014


პოეზია_ლექსი_პოეტი

"პოეზია ხელოვნების ძველი ფორმაა
__განმარტებით ვიკიპედიის,__
მეტრულ-რიტმული ორგანიზებით,
სტრიქონებად ჩამოწყობილი სიტყვათა კონა,
რისი საწყისიც დამალულია სინკრეტიზმში
და ამიტომაც მელოდიური."

ჰო, ეს"" ლექსია, ჩემი გაგებით,
რომ შეეხება ყოველის მზერა, ვინც მოისურვებს.
ლექსი__ნაყოფი,
მისი ავტორის პოეზიასთან "შეხების" დროს
აფეთქებული გრძნობის ნაჟური,
არაქაოტურ აზრთა დინება
და სიტყვათა შეხმატკბილება ჰარმონიული...
მე გეუბნები:
პოეზიას თვალითაც კი ვერ შეეხები,
ის კი პირიქით,
უსიკვდილოდ შეეხება ყველა მოკვდავს
და არაერთხელ,
ის ხომ გრძნობაა,
უფრო სწორად ყოველი გრძნობის
პიკანტური ნელსაცხებელი,
როცა ის დროში დაიწმინდება
__ცოცხალი და არომატული.
ის ყველგანაა, ყველაფერშია__ჩემი გაგებით.
ქარში__ზამბახის ნაზ ფურცლებად ათრთოლებული,
ზღვაში  ქვიშაა, ტალღასთან ერთად აცეკვებული,
ცაში__ვარსკვლავი, მაგრამ იცი რომელი?
აი ის, შენ თვალში რომ "ვიღაც" იპოვის...
სიყმაწვილე და სილაღეა,
თმაში ჭაღარად ჩამოდნობილი.
თითო ღერი__თითო ჯილდო სიხარულისთვის,
თითო ნაოჭი__დროსთსან ალიანსს რომ მოუხატავს
მილიმეტრობით__სევდის, ნაღველის.
მოგონებები,
მოგონებები...
აი ისინი, ტკბილ ღიმილად რომ დაგეფინება,
მაგრამ ისინიც,
თვალიდან რომ დაგცვივდება ბროლის მძივებად.
პოეზია სიყვარულია დაშაქრებული.
ტკივილიცაა და სინანულიც__მომწიფებული,
ძვლებში რომ გამტვრევს,
სხვათა თვალისთვის უხილავი
და კაპრიზული, როგორც მარტის ამინდი...

მე ძლიერ მიყვარს ყველა პოეტი
და მებრალება ამასთანავე,
ასე თვალნათლივ, ყველა რომ ხედავს,
ყველა რომ ცნობს "ღია მოტეხილობით",
ქვეყნის საჩინოდ  დაუდია თავისი გული
და იარიდან სისხლის ნაცვლად ლექსი დაუდის,
ზოგჯერ რითმით
და ზოგჯერაც რითმარეული,
მაგრამ მართალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები