ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
7 აგვისტო, 2016


მინდა-არ მინდა-მინდა

მინდა-არ მინდა-მინდა,
მინდა-არ მინდა-მინდა...
_ჭკუასუსტის ბოდვას ჰგავს,
არადა
ახალი ფეხადგმულისთვის შესაძლოა ქლიავს უდრიდეს.

"ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს,
ყველა უბედური კი უბედურია თავისებურად"
თუმცა ვინ განსაზღვრა ზუსტად
რა არის ბედნიერება, ან უბედურება?!

ორი წლის ბავშვისთვის
შეიძლება ქლიავი "მინდა-არ მინდა-მინდა" იყოს,
იმიტომ რომ არ იცის:
_ ქლიავს ქლიავი ჰქვია...
და ჩვენ რა ვიცით?

ბედნიერი ოჯახი საათივითაა:
წამები_წუთს, წუთები საათს აგვირისტებენ,
აგვირისტებენ,
მაგრამ საუკუნეს მაინც ვერ კერენ.
დღეში ორჯერ თორმეტ საათს გადაითვლიან და...
სულ ეს არის.

უბედური ოჯახი ქანქარასავითაა,
ჩარჩოდან "ამოვარდნილი" ისრით,
180*-იანი ამპლიტუდით იწყებს ქანაობას
და ისე ხმაურობს რომ!
_ასე საათს სად შეუძლია?!
მაგრამ საკუთარ "უბედურებას" მაინც ვერსად გაურბის...

კიდევ კარგი, რომ დროში ამპლიტუდა იკლებს,
მოძრაობა ინერციული ხდება,
და ბოლოს ყუჩდება.

რა ქლიავი?
რის ქანქარა?

მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ
მსურს ჩემს სახლს ისევ ჰქონდეს კარი,
შემოდიოდე, გადიოდე
და მე გხედავდე.

ნეტავ  საათს მხოლოდ არ ვგავდეთ,
არამედ ვიყოთ,
თუნდაც საუკუნე ვერ შევკეროთ.
რთულია, როცა თავს უფლებას არ ვაძლევთ
ქანქარასავით ვხმაურობდეთ,
ენას მხარზე ვიგდებდეთ და მზის გულზე ვიდგეთ.

ეს შენ ვერ ხვდები,
რომ მამა ვინილის ფირფიტაა,
ლეპტოპში ჩასადებ დისკად ვერ გადაიქცევა
და ახალ სიმღერას ვერ იმღერებს,
თორემ მე დედა ვარ და ვალდებულიც ვარ,
რომც არ ვიცოდე,
მივხვდე,
"მინდა-არ მინდა-მინდა"_ქლიავია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები