ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2017


შეგუბება

ვიცი,
რომ არაფერს მომცემს
ეს  შეგუბებული:
ფიქრი,
სიტყვა,
გრძნობა,

კი ბატონო,
ცუდი სიზმარივით,
წყალსაც გავატანდი,
მაგრამ სად წაიღებს?!

თუკი აორთქლდება,
ისევ თავსხმად მოვა
- ღვარცოფს წამაფარებს.
ან ნაზად, ფიფქებით,
ზვავს შემიკოწიწებს
და მხოლოდ მე ჩამიტანს.
ან დიდ წყალსაცავში
კაშხალს მოადგება წკიპზე...
საჭირო კი არა,
უფრო - გარდაუვალ წამებს,
ფრაზებს,
ნაწყვეტ ექოდ,
ცივად ამომიპირქვავებს.

პირველ ტკივილს - ვაი, დედა!
შემდგომს - ღმერთო, შენ მიშველე!
მერე - მაპატიე!
შვილო, შენ მოგიკვდი!
ტკივა უშენობა სახლსაც,
როგორც მთლიან სხეულს,
ამპუტირებული შენი სამყოფელი,
მოდი, გამაცოცხლე.

კაცი - ამტანობით,
ქალი - მოთმინებით,
ვითომ იზომება?!

ცხოვრება კი გზაზე მიჭრიალებს -
ცრემლების დაშრობის მრუმე ეპოპეა.
ტირილით შობილებს ტირილი კი გვინდა,
მაგრამ მაინც ვუკლებთ...
და ვგუბდებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები